მოზარდებს „უფროსების ყურადღება“ სჭირდებათ
მოზარდებს „უფროსების ყურადღება“ სჭირდებათ
თითოეულმა მზრუნველმა მშობელმა იცის, რომ ბავშვი კარგად ვითარდება, როდესაც ის სიყვარულსა და ყურადღებას გრძნობს და მაშინვე მშობელს ეხუტება, როდესაც მისგან სითბოს მიღება სჭირდება. „მაგრამ, როდესაც ისინი მოზარდები ხდებიან, უფრო მეტად დამოუკიდებლად ცხოვრებისკენ ისწრაფიან“, — ამბობს დოქტორი ბარბარა სტაგერსი, ოკლენდის (კალიფორნია, აშშ) ბავშვთა კლინიკისა და კვლევითი ცენტრის მოზარდთა განყოფილების დირექტორი. მაგრამ მათ ყველაზე მეტად სწორედ მოზარდობის პერიოდში სჭირდებათ მშობლების ყურადღება. რატომ?
როგორც დოქტორი სტაგერსი აღნიშნავს, მოზარდობის წლებში ბავშვები მშობლების მეთვალყურეობის გარეშე ატარებენ დროს და ეს მათ ერთ–ერთ უდიდეს საშიშროებას უქმნის. გაზეთ „ტორონტო სტარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სტაგერსი ამბობს: „მოზარდობა არის პერიოდი, როდესაც ბავშვები ერკვევიან იმაში, თუ ვინ არიან და როგორ შეიძლება მოერგონ გარე სამყაროს. ამასთანავე, ისინი ადვილად მიდიან რისკზე და ადვილად ექცევიან თანატოლების ზეგავლენის ქვეშ, რასაც შესაძლოა დიდი საშიშროებები მოჰყვეს“. მოზარდობის პერიოდი რამდენიმე ეტაპისგან შედგება; ამას ასაკი არ განსაზღვრავს. პირიქით, როგორც სტაგერსი აღნიშნავს, „ეს განისაზღვრება [მოზარდის] ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებითა და იმით, თუ როგორ ამუშავებენ ისინი ინფორმაციასა და მიღებულ გამოცდილებას. მოზარდობის პირველი ეტაპი არის პერიოდი, როცა საკუთარი თავით არიან შთანთქმულნი და ძალიან აღელვებთ ორგანიზმში მიმდინარე ემოციური თუ ფიზიკური ცვლილებები. მოზარდობის მეორე ეტაპი ხასიათდება მეტი „ექსპერიმენტების“ ჩატარებით, მესამე ეტაპი კი — დამოუკიდებელი აზროვნებით.
დიახ, მოზარდობის წლები შეიძლება იყოს სასიამოვნო და, ამავე დროს, რთული როგორც მშობლებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. სტაგერსი, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა მოზარდებს, ამბობს, რომ მოზარდების უმეტესობას „მზრუნველი უფროსების ყურადღება სჭირდება“. რა არის საჭირო ამისათვის?
შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა! მშობლებო, დაარწმუნეთ შვილები, რომ ნამდვილად ზრუნავთ მათზე და მზად ხართ მათ მოსასმენად. კითხვების დასმით დაეხმარებით შვილებს, რომ თავი მოუყარონ თავიანთ აზრებსა და იდეებს; ასევე იმის დანახვაში დაეხმარებით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ მიღებულ არაგონივრულ გადაწყვეტილებებს. შეაქეთ ისინი გონივრულად მიღებული გადაწყვეტილებებისთვის. დაეხმარეთ, გაიგონ, როგორი საქციელია მისაღები.
თუ მშობლები მიჰყვებიან საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ შვილებმა თავად უნდა ისწავლონ პრობლემებთან გამკლავება, ამით ახალგაზრდებს დიდი საფრთხის წინაშე დააყენებენ, რადგან ისინი ადვილად მოექცევიან საზიანო გავლენის ქვეშ (იგავები 13:20). მეორე მხრივ, მშობლები, რომლებიც ცხოვრებაში იყენებენ ბიბლიურ რჩევებს, შვილებს საუკეთესო შესაძლებლობას მისცემენ იმისათვის, რომ წარმატებით განვლონ მოზარდობის პერიოდი და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომაც მშობლებმა უნდა ‘აღზარდონ შვილები მისი გზის მიხედვით’ (იგავები 22:6).
პრაქტიკული რჩევები შვილების აღზრდისა და მათთან ურთიერთობის შესახებ მოცემულია წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ *. ის აგრეთვე გვთავაზობს პრაქტიკულ ბიბლიურ მითითებებს ოჯახის თითოეული წევრისთვის.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.