არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ასვლა თუ ჩასვლა?

აქვს თუ არა ჯანმრთელობისთვის რაიმე მნიშვნელობა, ვარჯიშის დროს მაღლა ადიხართ თუ დაბლა ჩადიხართ? მეცნიერები ამბობენ, რომ ამა თუ იმ სახით შეიძლება ჰქონდეს. ალპებში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში 45 მოხალისე 30 გრადუსი დახრილობის მქონე ფერდობზე ფეხით ადიოდა, უკან კი ისინი საბაგირო გზით ჩამოჰყავდათ. შემდეგ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში პირიქით აკეთებდნენ. თუმცა ორივე შემთხვევაში სისხლში ორგანიზმისთვის საზიანო ქოლესტერინის შემცველობა კლებულობდა, მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ „ფერდობზე ასვლა უფრო ეფექტურია ისეთი ცხიმების შემცველობის დასაკლებად, რომლებსაც ტრიგლიცერიდები ეწოდებათ; ხოლო ფერდობზე დაშვება უფრო ამცირებს სისხლში შაქრების შემცველობას და აუმჯობესებს გლუკოზის მეტაბოლიზმს“ (Tufts University Health & Nutrition Letter). ამიტომ ფერდობზე დაშვება კარგია დიაბეტიანებისთვის; აგრეთვე შედარებით იოლია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამგვარად ვარჯიშს იწყებენ. ქალაქელებს ამის გაკეთება შემდეგნაირად შეუძლიათ: მრავალსართულიან სახლში ზევით ავიდნენ ლიფტით, ხოლო დაბლა კიბეებზე ჩავიდნენ; ან ფერდობზე მანქანით ავიდნენ და დაბლა ფეხით ჩავიდნენ (მანქანა კი დაბლა დაახვედრონ). მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვემოთ ჩასვლისას დიდი დატვირთვა ადგება მუხლებს.

ზაზუნები ადამიანთა სიცოცხლის სადარაჯოზე

მეტალის დეტექტორები, რომლებსაც დიდი ხანია ნაღმების აღმოსაჩენად იყენებენ, «ნელი და დამქანცველია, რადგან ისინი რეაგირებენ ნებისმიერი მეტალის ნატეხზე, რომელიც შემდეგ გამოკვლეულ უნდა იქნეს, — აღნიშნულია სამხრეთ აფრიკის გაზეთ „სიტიზენში“. — დღეს ნაღმებთან ბრძოლის უახლესი საშუალებაა გამბიური გიგანტური ზაზუნას გამოყენება. ამ მღრღნელის დახმარებით დაახლოებით 60 ქვეყანაში 100 მილიონზე მეტი ნაღმი იქნა აღმოჩენილი, რასაც გამოთვლების თანახმად, ყოველდღიურად დაახლოებით 50 ადამიანის დასახიჩრება ან მოკვლა შეეძლო». მეტალის დეტექტორსა და ძაღლებთან ერთად ამ დიდ მღრღნელს იყენებენ იმისათვის, რომ იპოვონ მიწაში ჩამარხული ნაღმები, რომლებიც მოზამბიკში 1992 წელს დამთავრებული სამოქალაქო ომის შემდეგ დღემდეა შემორჩენილი. აღნიშნული ცნობის თანახმად, ეს ნაღმები „იქაურებს კვლავაც შეახსენებს ყოფილი კონფლიქტის შესახებ იმით, რომ დღემდე ასახიჩრებს და კლავს მოზამბიკელებს, მათ შორის სოფლის ბავშვებსაც, რომლებიც მას შემდეგ დაიბადნენ, რაც ომი დამთავრდა“. გამბიური გიგანტური ზაზუნა, რომელსაც სახელი საკვების დასაგროვებლად ლოყების შიგნით არსებული პარკების გამო დაარქვეს, დიდი რაოდენობით ბინადრობს აფრიკაში. მისი მოშინაურება ადვილად შეიძლება და იგი ბევრისთვის საყვარელი შინაური ცხოველია.

მოზარდი მძღოლები

მშობლებს, რომლებსაც არ სურთ, რომ მათი მოზარდი შვილები მანქანას მართავდნენ, ახლა შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების მეცნიერ-მუშაკებიც უჭერენ მხარს. გამოკვლევის შედეგად მათ დაადგინეს, რომ „ტვინის ის უბანი, რომელიც სახიფათო ნაბიჯის გადადგმისგან იცავს ადამიანს, 25 წლამდე არ არის ბოლომდე განვითარებული“, — აღნიშნავს „მაიამი ჰერალდის“ საერთაშორისო გამოცემა. ადრე ფიქრობდნენ, რომ ტვინი მოწიფულობას, სულ მცირე, 18 წლის ასაკში აღწევს, როდესაც გრძნობათა ორგანოები და რეფლექსები ბოლომდეა ფორმირებული. მაგრამ უსაფრთხო საგზაო მოძრაობის სადაზღვევო საზოგადოების სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ „მოზარდებს უფროსებთან შედარებით ოთხჯერ მეტად მოსდით ავარია და მათ შემთხვევაში სამჯერ მეტია სიკვდილის შემთხვევები“. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოზარდებს ადვილად ეფანტებათ ყურადღება და მეტად არიან მიდრეკილნი, მართვის დროს რისკზე წავიდნენ.

ყველაზე სამარცხვინო ფაქტი საკვებთან დაკავშირებით

გაზეთი „კორიერე დელა სერა“ იუწყება, რომ გაეროს სასურსათო და სასოფლო–სამეურნეო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად შიმშილობის შედეგად დაახლოებით ხუთი მილიონი ბავშვი კვდება. ამ მონაცემებში აღნიშნული იყო, რომ მსოფლიოში 852 მილიონ ადამიანს არა აქვს საკმარისი საკვები. აქედან 815 მილიონი ადამიანი სუსტად განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს, 28 მილიონი — განვითარებადში, ხოლო 9 მილიონი — განვითარებულში. ცნობაში მოყვანილი იყო დეკლარაცია, რომელსაც 2004 წელს ნიუ–იორკში გაეროს მთავარ სამმართველოში შიმშილობასთან დაკავშირებულ მსოფლიო ლიდერთა სამიტზე დამსწრე 110 ქვეყნის წარმომადგენელი აწერდა ხელს. მასში აღნიშნული იყო: „ყველაზე სამარცხვინო ფაქტი ის კი არ არის, რომ შიმშილობა არსებობს, არამედ ის, რომ ხალხი დღემდე შიმშილობს, მაშინ როდესაც შეგვიძლია მისი აღმოფხვრა“.