უნდა დამალონ ქალებმა თავიანთი სილამაზე?
ბიბლიის თვალსაზრისი
უნდა დამალონ ქალებმა თავიანთი სილამაზე?
„ქალებს უყვართ მოდურად ჩაცმა“, — თქვა გამოცდილმა მოდელიერმა და ნიუ-იორკის მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტის პროფესორმა ჯორჯ სიმენტენმა. ის ამბობს: „ქალებს უყვართ, საკუთარ ინდივიდუალურობას გაუსვან ხაზი, ელეგანტურად გამოიყურებოდნენ, უფრო მიმზიდველები გახდნენ . . . ვფიქრობ, ამით ისინი საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა მიმართ პატივისცემას ავლენენ“. დიახ, მორთულ-მოკაზმულობა დიდი ხანია, რაც აღიარებულია ქალური სინაზის გამოხატვის, მომხიბვლელობისა და თავდაჯერებულობის ერთ-ერთ გამოვლინებად.
მაგრამ რელიგიური სწავლებებიდან გამომდინარე, მრავალი არასწორი წარმოდგენა აქვთ ქალების მორთულობაზე. „თუ წმინდა ქალები . . . ბუნებრივად ლამაზები არიან . . . თავი კი არ უნდა გაიკოხტაონ, არამედ დასჯერდნენ თავიანთ გარეგნობას“, — წერდა ტერტულიანე ახ. წ. მესამე საუკუნეში. კოსმეტიკასთან დაკავშირებით ის ამბობდა: „ღვთის წინაშე ცოდვას სჩადიან ისეთი ქალები, რომლებიც სახეზე საცხს და ლოყებზე ფერ-უმარილს ისვამენ, წარბებს კი იგრძელებენ“. მან ოქროსა და ვერცხლის „სამკაულებს“ „მაცდუნებელი ნივთები“ უწოდა.
დღეს ქალების მორთულობას მრავალი ჯერ კიდევ კრიტიკულად უყურებს. ზოგი რელიგია უკრძალავს კიდეც თავის წევრებს ორნამენტული სამკაულების ტარებას, კოსმეტიკის გამოყენებას ან ფერადი ტანსაცმლის ჩაცმას. უნდა დამალოს ქრისტიანმა ქალმა თავისი სილამაზე? თუ უნდა შეეცადოს, რომ მომხიბვლელად გამოიყურებოდეს?
ღვთის თვალსაზრისი
ბიბლიაში ძვირფასი სამკაულების ტარებასა და კოსმეტიკის გამოყენებაზე დაწვრილებით არ არის საუბარი. მაგრამ
მასში ჩაწერილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ღმერთი არ კრძალავს არც ზემოხსენებულ და არც სხვა სახის მორთულობებს.მაგალითად, როდესაც ღმერთი იერუსალიმის კურთხევებზე საუბრობდა, ეს ქალაქი მან ქალს შეადარა. მან თქვა: „შეგამკე სამკაულებით . . . და დიდად, დიდად გალამაზდი“ (ეზეკიელი 16:11—13). მართალია, ეს სამკაულები — სამაჯურები, ყელსაბამი და საყურეები — სიმბოლურია, მაგრამ საღვთო წერილში ისინი შედარებულია „ბრძენ მამხილებელს“ მომსმენი ყურისთვის (იგავები 25:1, 12, აქ). გონივრულია დავასკვნათ, რომ თუ საღვთო წერილში ასეთი შედარებაა მოყვანილი, მაშინ ღმერთს არაფერი ექნება იმის საწინააღმდეგო, რომ ქალებმა ლამაზი ნივთები ატარონ, რათა მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ.
ქრისტიანი ქალები თავს იმკობენ
ბიბლიის ზოგ ნაწილში ქალების მორთულობის შესახებ პირდაპირ არის საუბარი. პავლე მოციქული წერდა: „მსურს, რომ ქალების მშვენება იყოს . . . მოხდენილ ტანსაცმელში“. ქალები როცა „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით“ იმოსებიან, ღვთისადმი პატივისცემას ავლენენ (1 ტიმოთე 2:9, 10). როცა ქრისტიანი ქალები ასეთი მოკრძალებით იმკობენ თავს, ამან შეიძლება ღვთის სწავლებები და კრება დადებით შუქში წარმოაჩინოს.
ზოგის მტკიცებით, ეს მუხლები პირდაპირ ამბობს, რომ ქალების მშვენება არ უნდა იყოს „თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში“. ნიშნავს ეს იმას, რომ ქალებმა ვარცხნილობა არ უნდა გაიკეთონ და არც სამკაულები უნდა ატარონ?
რა თქმა უნდა, არა. ბიბლიაში მორთვა–მოკაზმვასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო აზრი არ არის გამოთქმული. მორთულობის აკრძალვის ნაცვლად, პავლე მოუწოდებდა ქალებს, რომ ძირითადი ყურადღება ქრისტიანული თვისებების შეძენასა და კარგი საქმეების კეთებაზე გაემახვილებინათ.
მოტივები მნიშვნელოვანია
პავლე მოციქული წერდა: „ნუღარ გავასამართლებთ ერთმანეთს, არამედ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ქვა ან ფეხწამოსაკრავი“ (რომაელები 14:13). როგორ ეხება ეს ჩვენს არჩევანს მორთულობასთან დაკავშირებით?
პავლე ამბობს, რომ აღარ ‘გავასამართლოთ ერთმანეთი’. სიფრთხილე გვმართებს, რომ „ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ქვა“. ნორმები, რომლებიც ერთ ქვეყანასა და კულტურაშია მიღებული, მეორეში შეიძლება სრულიად მიუღებელი იყოს. ის, რაც გარკვეულ პერიოდში და ადგილას ჩვეულებრივად ითვლება, შეიძლება სხვა დროსა და ადგილას მართებული არ იყოს. ჩვენ არ უნდა დავაბრკოლოთ ან გავაღიზიანოთ სხვები ისეთი მორთულობით, რაც ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის ამსახველი იქნებოდა. ღვთისმოშიშმა ქალებმა საკუთარ თავს შემდეგი კითხვები უნდა დაუსვან: „როგორ უყურებს საზოგადოება ჩემს ჩაცმულობას? ხომ არ ვაგდებ კრების წევრებს ჩემი ჩაცმულობით უხერხულ მდგომარეობაში ან საგონებელში? მაშინაც კი, თუ ქრისტიან ქალს აქვს იმის უფლება, რომ თავად აირჩიოს, რა ჩაიცვას და როგორ გამოიყურებოდეს, ის დაკარგავს ამ უფლებას, თუ მის მიერ არჩეული სტილი დამაბრკოლებელი იქნება (1 კორინთელები 10:23, 24).
ასევე სხვის გარეგნობაზე ძალიან დიდი ყურადღების გამახვილებამ შეიძლება არასწორი შეხედულება ჩამოგვიყალიბოს. დღეს მრავალ ქვეყანაში ზოგი ქალი იმიტომ ირთვება, რომ გამომწვევი ჩაცმულობით ყურადღება მიიპყროს. მაგრამ ქრისტიანი ქალები ერიდებიან ასეთი სახის მორთულობას და ცდილობენ, საღი აზროვნებითა და სიწმინდით მოიქცნენ, რათა „არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“ (ტიტე 2:4, 5).
ღვთისმოშიშ ქალებს ესმით, რომ რაც უნდა მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ, მათი ნამდვილი სილამაზე „შინაგან ადამიანში“ იმალება და მათ დამოკიდებულებასა და საქციელში აისახება (1 პეტრე 3:3, 4). ქალები, რომლებიც ჩაცმულობის სტილთან, კოსმეტიკისა და სამკაულების გამოყენებასთან დაკავშირებით გონივრულ არჩევანს აკეთებენ, იმსახურებენ როგორც სხვების, ისე შემოქმედის პატივისცემას.