უფრთხილდით „თეთრ დრაკონებს“!
უფრთხილდით „თეთრ დრაკონებს“!
„გამოიღვიძეთ!“–ისთვის შვეიცარიიდან
დაფრინავს ფრთების გარეშე, ურტყამს ხელების გარეშე, ხედავს თვალების გარეშე. რა არის? შუა საუკუნეებიდან გავრცელებული გამოცანა „თეთრ დრაკონებზე“.
ზვავებმა, რომლებსაც თეთრ დრაკონებსაც უწოდებენ, შეიძლება თვალის დახამხამებაში შთანთქან როგორც ალპინისტები, ისე მთელი სოფლები. სწორედ ამიტომ ზვავები ხალხში „თეთრი სიკვდილის“ სახელითაც არის ცნობილი. რა იწვევს ამ შიშის მომგვრელ მოვლენას? თუ თოვლით დაფარულ მთებში ცხოვრობთ, ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის ცნობილი იქნება. მაგრამ, თუ ტროპიკულ ზონაში ან დაბლობზე ცხოვრობთ, ეს საკითხი შეიძლება ნაკლებად გაღელვებდეთ, რადგან ზვავი ვერასდროს შეგიქმნით საშიშროებას; გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაბედავთ და „თეთრი დრაკონების ტერიტორიაზე“ იმოგზაურებთ.
ზვავების „დაბადება“ მაღალ მთებში ხდება, სადაც თოვლი ხშირად და დიდი რაოდენობით მოდის. ჩვეულებრივ, ზვავი მოულოდნელად წარმოიქმნება, როდესაც თოვლისგან, ყინულისგან, მიწისგან, ქანებისა და სხვა მასალებისგან, მაგალითად მორებისგან, შემდგარი დიდი მასა ადგილს სწყდება და დიდი სისწრაფით ეშვება მთის ფერდობის მთელ ზედაპირზე. ხშირად ის თავის გზაზე ყველაფერს მიწასთან ასწორებს, თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ ზვავის წონა და ძალა არ არის; მას წინ უძღვის ჰაერის ტალღის წნევა, რის შედეგადაც ნადგურდება კორომები და ზიანდება ხიდები, გზები, რკინიგზა და სხვა ობიექტები.
ბუნებრივი მოვლენა
მრავალტონიანი, უზარმაზარი მასის თეთრი ძალა ძირითადად თოვლის ფიფქებისგან შედგება. როგორ შეიძლება ძირს ჩამოცვენილი ლამაზი თოვლი გამანადგურებელ და ხმაურიან ზვავად გადაიქცეს? მიზეზი თოვლისთვის დამახასიათებელი თავისებურებებია. თოვლის ფიფქს შეიძლება ჰქონდეს კრისტალური, მომრგვალებული ან მარცვლის ფორმა. კრისტალური ფიფქები ყოველთვის ექვსწახნაგიანი ვარსკვლავებია, რომელთაც უსასრულოდ მრავალფეროვანი მოხაზულობა აქვთ. თითოეული ფიფქი უკვე თავისთავად სასწაულია! დაბლა დაცვენისას მათ შეიძლება შეიცვალონ თავიანთი ფორმა. ტემპერატურის სხვაობისა და დადებული თოვლის წნევის გავლენით თოვლის კრისტალები უფრო პატარა ხდება. 30 სანტიმეტრზე დადებული თოვლი მხოლოდ 24 საათში შეიძლება 10 სანტიმეტრამდე დაჯდეს.
დადებული თოვლის მდგრადობა ფიფქების ფორმაზეა დამოკიდებული. ექვსწახნაგიანი კრისტალები ერთმანეთს ერწყმის, განსხვავებით მომრგვალებული და მარცვლის ფორმის ფიფქებისგან, რომლებიც წარმოქმნის არამდგრად ფენას. ასეთი ფენა ადვილად შეიძლება დაცურდეს მის ქვევით არსებულ უფრო მდგრად ფენაზე. ასე რომ, ფიფქების ფორმა, მოსული თოვლის რაოდენობა, ფერდობის დახრილობა, ტემპერატურის სხვაობა, ქარის სიძლიერე, — ყოველივე ეს განსაზღვრავს, მოწყდება თუ არა ზვავი. ზვავი შეიძლება შემთხვევით დაძრას თოვლიან ფერდობზე გავლილი ადამიანის ან ცხოველის სხეულის სიმძიმემაც. არსებობს სხვა სახის ზვავებიც.
მშრალი ზვავები წარმოიქმნება მაშინ, როცა მარცვლის ან კრისტალის ფორმის ფიფქებისგან შემდგარ ახალჩამოცვენილ თოვლის მასას — სწორედ ისეთს, როგორიც მოთხილამურეებს უყვართ — ქარის ძლიერი ნაკადი იტაცებს. მსუბუქი თოვლი ჰაერში ადის და შეიძლება 300 კმ/სთ სიჩქარით დაეშვას დაბლა. ასეთ შემთხვევაში, თოვლის მასის ქვევით წარმოქმნილი ჰაერის წნევა საკმაოდ იზრდება და ჰაერში არსებულ ზვავს შეუძლია წამებში მოგლიჯოს სახურავები ან, უფრო მეტიც, გაანადგუროს სახლები.
ყველაზე გამანადგურებლად ითვლება მკვრივი მასისგან შემდგარი ზვავები. ისინი წარმოიქმნება ძველი დაგროვილი თოვლისგან, რომელიც დროთა განმავლობაში ჯდება და მკვრივდება. როცა თოვლის ზედა ფენა იშლება, ყინულის დიდი ნატეხები შეიძლება დასრიალდეს მთის ფერდობზე და მათმა სიჩქარემ 50—80 კმ/სთ–ს მიაღწიოს. ასეთი მკვრივი მასა აგრეთვე შეიძლება კლდის ნაპირზე დაეკიდოს. ეს კი საფრთხეს უქმნის მოთხილამურეებს, რადგან ერთი მოთხილამურის წონა საკმარისია ამ მკვრივი მასის ჩასატეხად და ზვავის მოსაწყვეტად, რომელსაც წამებში შეუძლია მისი ცოცხლად დამარხვა.
ზვავების ჩამოწოლის საშიშროება იზრდება გაზაფხულობით. წვიმა ან მზის სხივები აფხვიერებს თოვლს, რასაც ხშირად თან სდევს ეგრეთ წოდებული სველი ზვავები. ასეთი ზვავი შედარებით ნელა მოძრაობს, მაგრამ შეიძლება მთელ ფერდობზე არსებული თოვლი წამოიღოს. თოვლის მასას თან მოაქვს ქანების ნამტვრევები, ხეები და მიწა, რის შედეგადაც ზვავის გაჩერების წერტილზე რელიეფის მოზრდილი ნაყარი ფორმები იქმნება.
ზვავის მსგავსი ბუნებრივი მოვლენაა გლეტჩერი ანუ ყინულის მასებისგან წარმოქმნილი ზვავი. გლეტჩერი წარმოიქმნება ცივ რეგიონებში, ხეობებში ან მთის დაჩრდილულ კალთებზე, სადაც თოვლი არასოდეს დნება. მაგრამ დროთა განმავლობაში ის მკვრივ ყინულად იქცევა. გლეტჩერი ძალიან ნელა ეშვება ქვევით. მყინვარები იშვიათად ხდება სერიოზული ზიანის მიზეზი, რადგანაც წინასწარ შესაძლებელია მათი მოძრაობის განსაზღვრა.
სად იცის ზვავები?
ზვავების ჩამოწოლა ყველა თოვლიან რეგიონში არ ხდება. ისინი წარმოიქმნება განსაზღვრული სიმაღლის მთებზე, სადაც კლიმატი ხელს უწყობს თოვლის დაგროვებას და ყინულის წარმოქმნას. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად მსოფლიოში ზვავის ჩამოწოლის დაახლოებით ერთი მილიონი შემთხვევა ფიქსირდება. საშიში ზონებია ანდებში (სამხრეთ ამერიკა), ჩრდილოეთ ამერიკის კლდოვან მთებში და, რაღა თქმა უნდა, ევროპის ალპებში, რომელიც საფრანგეთიდან
ჩრდილო–აღმოსავლეთის მიმართულებითაა გადაჭიმული და შვეიცარიის, გერმანიისა და ავსტრიის ტერიტორიაზეა მოქცეული. ამ რეგიონების დასახლებულ ნაწილებში ყოველწლიურად ზვავების გამო საშუალოდ 200 ადამიანი იღუპება; მათ შორის საშუალოდ 26 — შვეიცარიაში.ზვავის ჩამოწოლის ორი განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა მოხდა პერუს ანდებში. 1962 წელს ყინულის მასა, რომელიც სიგრძეში ერთ კილომეტრს აღწევდა და სიმაღლეში 50 მეტრს, მოსწყდა 6 768 მეტრზე აზიდულ მთა ჰუასკარანს. ყინულის 4 000 000–ტონიანი მასა მოცულობით ნიუ–იორკის „ემპაიერ სტეიტ ბილდინგზე“ ოთხჯერ დიდი იყო! ის 15 წუთში 18 კილომეტრზე ჩავიდა. შვიდი სოფელი თოვლის ქვეშ აღმოჩნდა. დაიღუპა 3 000—4 000 ადამიანი. ისინი აღმოჩნდნენ თოვლის უზარმაზარ ნაყარში, რომელიც სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა და 2 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. 1970 წელს ამავე მთაზე ანალოგიური შემთხვევა მოხდა. თუმცა ამჯერად თოვლით დაფარული ჩრდილოეთი მწვერვალი მიწისძვრამ შეაზანზარა. შედეგად თვითონ მთა ჩამოიქცა. თოვლის, ქანებისა და ყინულის მასა, რომლის წონაც ათასობით ტონა იყო, 300 კმ/სთ სიჩქარით დაეშვა ვიწრო ხეობაში და თავის გზაზე ლოდები და სახლებიც გაიყოლა. როგორც ვარაუდობენ, 25 000 ადამიანი დაიღუპა. რისი გაკეთება შეიძლება ასეთ მთიან რეგიონებში მცხოვრები ხალხის დასაცავად, სადაც მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ხდება?
შესაძლებელია ზვავების თავიდან აცილება?
ზოგ შემთხვევაში ზვავის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუმცა ყოველთვის არა. ამინდით გამოწვეული ზვავების შეჩერება შეუძლებელია. ეს ისევე ჩვეულებრივია, როგორც სახურავიდან წვიმის ჩამოსვლა, და სეზონური ციკლის ბუნებრივი შედეგია. ზვავსაშიშ ზონებში მთავრობები კრძალავენ სახლების მშენებლობას და საგზაო არტერიებზე დამცავ გვირაბებსა და რკინა–ბეტონის დერეფნებს აგებენ. და მაინც, შესაძლებელია იმ ზვავების თავიდან აცილება, რომლებიც ადამიანთა წინდაუხედავ მოქმედებებს, მაგალითად მოთხილამურეთა მიერ გაფრთხილებებისა და აკრძალვების უგულებელყოფას, მოჰყვება.
წარსულის გამოცდილებამ შვეიცარიის მთავრობას უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ უბიძგა. 1931 წელს ჩამოყალიბდა შვეიცარიის კვლევითი კომისია. 1936 წელს გაბედულ მეცნიერთა ჯგუფი 2 690 მეტრის სიმაღლეზე, ვეისფლუჰიოკის რაიონში ქალაქ დავოსის თავზე მეცნიერული კვლევების ჩატარებას შეუდგა. მოგვიანებით, 1942 წელს ჩამოყალიბდა თოვლისა და ზვავის კვლევის შვეიცარიის ფედერალური ინსტიტუტი. მთებში სხვადასხვა ადგილზე გაიხსნა მეცნიერული დაკვირვებებისთვის განკუთვნილი რამდენიმე თანამედროვე სადგური. შედეგად, შესაძლებელია ამინდის ცვლილების წინასწარ განსაზღვრა და ამა თუ იმ ფერდობზე ზვავსაშიშროების შესახებ გამაფრთხილებელი განცხადებების გაკეთება.
მიუხედავად ამისა, ამინდის მოულოდნელი ცვლილება მაინც შესაძლებელია და საფრთხე ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს. ამიტომ ყველამ, ვინც საშიშ ზონაში ცხოვრობს ან ზამთარში დასასვენებლად მიდის მთიან რაიონში, უნდა იცოდეს, თუ რა მოითხოვება მისგან, ზვავის დაძვრა რომ არ გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ, როგორც საფრანგეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, არც თვითმფრინავის და არც ადამიანის ხმის მიერ გამოცემული ბგერითი ტალღები არ იწვევს ზვავების წარმოქმნას, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ.
უსაფრთხოების ზომები, რომლებსაც მთავრობა მიმართავს
მთიან რეგიონებში დასახლების შემდეგ, ხალხმა მალევე დაინახა ზვავების მიერ შექმნილი საფრთხე. სახლები თოვლში ჩამარხვისგან რომ დაეცვათ, ისინი თავიანთი დასახლების ზემოთ ფერდობთა გატყევებას მიმართავდნენ. დასახლებების ზევით გაშენებული ასეთი „ზვავსაცავი ზოლები“ ხშირად ეფექტური იყო. ამიტომ ასეთი ტყეების შენარჩუნებაზე მთავრობა დღემდე ზრუნავს. ეს ზვავებთან ბრძოლის საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა. გამოცდილება
აჩვენებს, რომ ასეთი ტყეები უნდა იყოს საკმაოდ ხშირი, რომელშიც ყოველ 1 ჰექტარზე სხვადასხვა ჯიშის, ახალგაზრდა თუ დიდი ხნის, რამდენიმე ასეული ხე იქნება.ბოლო დროს ინჟინრებმა შეიმუშავეს რკინა–ბეტონის დამცველი კონსტრუქციები. მათ აგებენ საშიშ ზონებში „ზვავსაცავი ტყის“ პირველი ზოლის თავზე. ეს ნაგებობები სიმაღლეში შეიძლება აღწევდეს 4 მეტრს. თუმცა ყველა ფერდობზე შეუძლებელია ასეთი კონსტრუქციების აგება, რამდენადაც ეს ძალიან ძვირი ჯდება. შენობების დასაცავად ფერდობების ძირში აგრეთვე ქვებისა და მიწის ყრილებს აკეთებენ. ამ ხელოვნურ შემაღლებებს შეუძლია მიმართულება შეუცვალოს ზვავს და, ამგვარად, დაბლობებზე გაშენებული სოფლები და სახლები განადგურებისგან დაიცვას. „V“–ის ფორმის მიწის შვერილების აგება ზვავებისგან დაცვის კიდევ ერთი საინჟინრო ხერხია. მათი სისქე 2 მეტრია, ხოლო სიმაღლე — 5 მეტრი. შვერილების წვერი ზევითაა აშვერილი, რის გამოც ზვავი ორ ნაწილად იყოფა და თოვლის ძალა სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდება. შვერილები სიგრძეში 90—120 მეტრია და მათი მეშვეობით მთელი ქალაქის დაცვაა შესაძლებელი. მაგრამ მაშინ, როცა საქმე ეხება მთავარი გზების ან რკინიგზის ხაზების დაცვას, საუკეთესო — თუმცა ყველაზე ძვირი — საშუალება ხისგან, ფოლადისგან და ბეტონისგან დამზადებული გალერეები ანუ მიწისქვეშა გასასვლელებია.
ზვავებთან ბრძოლის კიდევ ერთი საშუალებაა თოვლის დიდი მასის დაშლა. მაგალითად, კანადის ჯარი ყოველ ზამთარს აკონტროლებს ქალაქებს შორის არსებულ მონაკვეთებს და სროლა–აფეთქებით შლის თოვლის მასას, სანამ ის ზვავად გადაიქცევა და გზას დაფარავს. ასეთი სახით ისინი იცავენ „ტრანს–კანადის“ ავტომაგისტრალს. ამ მეთოდს გარკვეულწილად შვეიცარიაშიც იყენებენ, სადაც ფერდობებზე თოვლის მასის შესამცირებლად ასაფეთქებელ ნივთიერებებს ვერტმფრენებიდან ყრიან.
გადარჩენა ზვავის ჩამოწოლის დროს
მოთხილამურეებმა და ტურისტებმა უნდა მოიცადონ, როცა უსაფრთხოების მიზნით ფერდობებზე საკონტროლო სამუშაოები მიმდინარეობს. ნურასოდეს უგულებელყოფთ გამაფრთხილებელ ნიშნებს! გახსოვდეთ, რომ ყველაზე გამოცდილი პროფესიონალი მოთხილამურეც კი შეიძლება აღმოჩნდეს თოვლის ქვეშ. თუ მოულოდნელად ზვავმა მოგიყოლათ, პანიკას ნუ მიეცემით! ისე გადაადგილდით, თითქოს ოკეანეში დაცურავთ. სპეციალისტების თქმით, ეს დაგეხმარებათ, რომ უფრო ახლოს იყოთ თოვლის ნაკადის ზედაპირთან. ან აწიეთ ცალი ხელი რაც შეიძლება მაღლა. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მაშველებს თქვენი ადგილმდებარეობის განსაზღვრაში. მეორე ხელი პირზე და ცხვირზე მიიფარეთ. მაშველთა სტატისტიკიდან ჩანს, რომ ზვავში მოყოლილ ადამიანთა მხოლოდ ნახევარი რჩება ცოცხალი 30 წუთზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ. დღეს ზოგი მოთხილამურე თან სასიგნალო მოწყობილობებს, მაგალითად ელემენტებზე მომუშავე რადიოგადამცემს, ატარებს. მაღალმთიან რაიონებში ყოველთვის არის „თეთრი სიკვდილის“ გამოჩენის საშიშროება და ზვავში მოყოლილთა გადარჩენა დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს.
საუკუნეების განმავლობაში, შვეიცარიის ალპებში ავგუსტინელი ბერ–მონაზვნები განთქმული სენბერნარის ჯიშის ძაღლებს ზრდიდნენ. გამორჩეული სიძლიერისა და ამტანობის წყალობით ამ ძაღლებს შეეძლოთ დიდ თოვლში გადაადგილება და უძლებდნენ სუსხიან ქარებსა და ცივ ამინდს. მათ ჰქონდათ ორიენტაციის კარგი უნარი და შესანიშნავად გრძნობდნენ ადამიანისთვის შეუმჩნეველ მოძრაობებსა და ხმებს. სენ-ბერნარის ჯიშის ძაღლებს ასობით ადამიანი ჰყავთ გადარჩენილი. დღეს ყველაზე გავრცელებული მაშველი ძაღლების ჯიშად ითვლება გერმანული ნაგაზი, თუმცა სხვა ჯიშის ძაღლებსაც წვრთნიან ამ მიზნისთვის. გარდა ამისა, ადამიანთა გადასარჩენად ეფექტურია ელექტრონული საშუალებები, როდესაც მაშველები ზუსტად იყენებენ მათი ზონდირებისას. მაგრამ გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება ამ საშუალებებზე უფრო ეფექტურია.
როგორც დავინახეთ ის, რაც „დაფრინავს ფრთების გარეშე, ურტყამს ხელების გარეშე და ხედავს თვალების გარეშე“, არის მოვლენა, რომლითაც ბუნების უდიდესი ძალა ვლინდება. „თეთრ დრაკონებთან“ ხუმრობა არ შეიძლება!
[ჩანართი 19 გვერდზე]
თუ ზვავში მოყევით, ისე გადაადგილდით, თითქოს ოკეანეში დაცურავთ.
[სურათი 18 გვერდზე]
საუკუნეებია, რაც სენ-ბერნარის ჯიშის ძაღლებს ხშირად ყელზე შებმული ბრენდის პატარა კასრით წარმოსახავენ, მაგრამ სინამდვილეში მათ იგი არ უკეთიათ, როდესაც მაშველებად მიდიან.
[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]
AP Photo/Matt Hage