ჩეთ რუმები — რა უნდა ვიცოდე მათ შესახებ?
ახალგაზრდების შეკითხვები
ჩეთ რუმები — რა უნდა ვიცოდე მათ შესახებ?
„მიუხედავად იმისა, რომ მორცხვი ვარ, შემიძლია ინტერნეტის ჩეთ რუმებში ვესაუბრო ადამიანებს, რომლებსაც პირისპირ, ჩვეულებრივ, ვერ დაველაპარაკებოდი. მათ არ იციან, თუ ვინ ვარ“ (პიტერი) *. „ჩეთ რუმში თავისუფლად შეგიძლია თქვა ის, რაც გინდა“ (აბიგაილი).
ჩეთ რუმები ინტერნეტში არსებული „ტერიტორიაა“, რომელიც მომხმარებლებს ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. ჩეთ რუმები იძლევა საშუალებას, რომ ერთდროულად საკმაოდ ბევრმა ადამიანმა ისაუბროს — წაიკითხონ ერთმანეთის წერილები და უპასუხონ მათზე.
ინტერნეტის ზოგი ჩეთ რუმი განსაკუთრებით ახალგაზრდებს იზიდავს. მილიონობით ახალგაზრდა განსხვავებული კულტურის ადამიანებთან ყოველდღიურად თითქმის ნებისმიერი საკითხის შესახებ საუბრობს. ზოგი სკოლაც იყენებს ამ ფართოდ გავრცელებულ საშუალებას. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსწავლეებს თავიანთი მასწავლებლების მეთვალყურეობით შეუძლიათ იმსჯელონ სოციალურ პრობლემებზე ესპანეთში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მოსწავლეებთან. ასევე მათ შეუძლიათ სასკოლო დავალებებთან დაკავშირებით ისაუბრონ გამოცდილ ინჟინრებთან, ქიმიკოსებთან ან სხვა პროფესიის ადამიანებთან.
ბევრი, ვინც ჩეთ რუმებს ეწვევა, სულაც არ საუბრობს საგანმანათლებლო საკითხებზე. თუ ინტერნეტით სარგებლობ, რა საშიშროებების შესახებ უნდა იცოდე?
უზნეო ადამიანთა „ნადირობის ადგილი“
„როდესაც ჩეთ რუმებში ვსაუბრობდი, — ამბობს აბიგაილი, — ერთმა მამაკაცმა მკითხა, თუ ვიცნობდი 14 წლის ახალგაზრდებს. ამ მამაკაცს მათთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება სურდა და მზად იყო, მათთვის ფული გადაეხადა“.
აბიგაილის შემთხვევა გამონაკლისი არ არის. უზნეო ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემა ისე ფართოდ არის გავრცელებული, რომ ზოგმა მთავრობამ გამოსცა სახელმძღვანელოები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იყვნენ დაცულნი ახალგაზრდები. მაგალითად, შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფ-ბი-აი) მიერ გამოცემული პუბლიკაცია იძლევა გაფრთხილებას მათ შესახებ, რომლებიც მაშინვე დაუფარავად იწყებენ საუბარს სექსუალურ თემებზე. ის მათთან დაკავშირებითაც აფრთხილებს ხალხს, რომლებიც ცდილობენ „თავიანთი სამიზნეების შეცდომაში შეყვანას მათდამი ინტერესის, სიყვარულის და სიკეთის გამოვლენით და საჩუქრების მიცემითაც კი“.
განსაზღვრული მეთოდების შესახებ, რომლებსაც უზნეო ადამიანები იყენებენ, ეფ-ბი-აი-ს პუბლიკაციაში ნათქვამია: „ისინი უსმენენ და თანაუგრძნობენ ბავშვებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ. მათ კარგად იციან, თუ რა აინტერესებთ ბავშვებს, როგორი მუსიკა მოსწონთ და რა იტაცებთ. ეს ადამიანები სარგებლობენ
ბავშვების გამოუცდელობით და ნელ-ნელა მათ საუბარში სექსთან დაკავშირებული სიტყვები და თემები ჩნდება.“მხოლოდ გარყვნილი უფროსი ასაკის ადამიანები როდი უქმნიან ახალგაზრდებს საშიშროებას. შენ ასევე უნდა მოერიდო ახალგაზრდებს, რომლებიც უარყოფენ ან არ აფასებენ ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს. განვიხილოთ ახალგაზრდა მამაკაცის, კოუდის, შემთხვევა. ის ინტერნეტში საუბრობდა ახალგაზრდებთან. ერთმა გოგონამ ის პრაივეტ ვებ-ჩეთში დაპატიჟა. შემდეგ ამ გოგონამ გადაკვრით სექსთან დაკავშირებული კითხვა დაუსვა. კოუდიმ თავშეკავება გამოავლინა და დაუყოვნებლივ შეწყვიტა მასთან საუბარი.
ბუნებრივია, რომ ადამიანს აინტერესებდეს სექსთან დაკავშირებული საკითხები, ამიტომ შესაძლოა შენთვის საკმაოდ რთული იყოს კოუდის მსგავსად მოქმედება. დასაწყისში მოხსენიებული პიტერი ამბობს: „ვფიქრობდი, რომ თავშეკავება მეყოფოდა, შემეწყვიტა საუბარი მაშინ, როცა სექსზე ლაპარაკს დაიწყებდნენ. მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებდი ამას. შემდეგ კი თავს დამნაშავედ ვგრძნობდი“. შეიძლება გაინტერესებდეს: „ჩეთ რუმში კი ვმალავ ჩემს ვინაობას, მაგრამ არის ზიანის მომტანი ინტერნეტში სექსზე საუბარი?“
საზიანოა ინტერნეტით სექსზე საუბარი?
ბიბლია დაუფარავად საუბრობს სექსუალური საკითხების შესახებ (იგავები 5:18, 19). აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს ძალიან აინტერესებთ სექსთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ შენ უნდა ილაპარაკო ამის შესახებ. საჭიროა, გაიგო პასუხები ისეთ კითხვებზე, რომლებიც ამ მნიშვნელოვან საკითხს ეხება *. მაგრამ ის, თუ რომელი წყაროდან იღებ ამ კითხვებზე პასუხს, დიდ გავლენას იქონიებს შენს ბედნიერებაზე როგორც ახლა, ისე მომავალში.
თუ გადაწყვეტ ინტერნეტში სექსუალურ საკითხებზე საუბარს, თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, რომ შენი მეგობრები არიან, შეიძლება შენც ის შეგემთხვეს, რაც ბიბლიაში აღწერილ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს დაემართა. ცნობისმოყვარეობის გამო ის მეძავის სახლთან ახლოს დახეტიალობდა. ქალი ჯერ დაელაპარაკა. რადგანაც ახალგაზრდა მამაკაცს ინტერესი აღეძრა, ქალთან მხოლოდ საუბრით არ დაკმაყოფილდა. „მაშინვე გაჰყვა უკან, როგორც ხარი დასაკლავად რომ მიდის . . . ფრინველივით იჩქარის მახისაკენ“ (იგავები 7:22, 23).
მსგავსად ამისა, ინტერნეტით სექსზე საუბარმა შეიძლება ადვილად მიგიყვანოს იქამდე, რომ უფრო მეტი გააკეთო. „ინტერნეტში ვსაუბრობდი პიროვნებასთან, — იხსენებს ახალგაზრდა ფილიპი, — და უცებ ეკრანზე უხამსობის ამსახველი სურათი გაჩნდა. ის გამოგზავნა მან, ვისთანაც ვსაუბრობდი“. მას შემდეგ, რაც უკვე გაგიჩნდა აშკარა სექსუალური მასალის ნახვის სურვილი, შეიძლება დადგე ცდუნების წინაშე, კიდევ უფრო დაიკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა იმით, რომ მოზრდილთა ჩეთ რუმში შეხვიდე *. ბევრმა, რომლებიც პორნოგრაფიამ გაიტაცა, უზნეობა ჩაიდინა და სავალალო შედეგები მოიმკა (გალატელები 6:7, 8).
ადამიანები, რომლებსაც სურთ შენთან სექსზე საუბარი, სულაც არ არიან შენი კეთილდღეობით დაინტერესებულნი. ამ უცხო ადამიანებს უნდათ, რომ მოტყუებით ამორალურ საუბრებში — და, *. გახრწნილი ადამიანებისგან დაცვის მიზნით მეფე სოლომონმა შვილს უთხრა: „მოაშორე მას [გარყვნილ ქალს] შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები, რათა არ მისცე სხვას შენი მშვენება . . . რათა არ გაძღნენ სხვანი შენი ძალით“ (იგავები 5:8—10). ამ რჩევაში ჩადებული პრინციპი შეიძლება გავიგოთ ასე: არ მიხვიდე ახლოს ისეთ ჩეთ რუმთან, სადაც სექსუალურ თემებზე საუბრობენ, რათა ღირსება უცხო ადამიანებმა არ შეგილახონ; მათ სურთ, თავიანთი სურვილების დასაკმაყოფილებლად გამოგიყენონ.
შესაძლოა, მოქმედებებშიც, — ჩაგითრიონ, რათა მათ თავიანთი სურვილები დაიკმაყოფილონ„მზაკვრებთან არ მივალ“
შეიძლება თქვა, რომ არ გსურს ინტერნეტში სექსუალურ თემებზე საუბარი. როგორც პიტერმა და აბიგაილმა აღნიშნეს, შეიძლება შენც ფიქრობ, რომ ჩეთ რუმი არის ადგილი, სადაც შენი ვინაობა უცნობია და უხერხულადაც არ გრძნობ თავს *. მაგრამ არსებობს სხვა საშიშროებაც, რის შესახებაც უნდა იცოდე.
ჩეთ რუმში ანონიმურობამ შეიძლება იმისკენ გიბიძგოს, რომ მატყუარა გახდე. აბიგაილი ამბობს: „როცა ხალხთან საუბარს ვიწყებ, ვცდილობ, მათ თავი თავიანთი წრის ადამიანად მოვაჩვენო“. აბიგაილის მსგავსად, შენც შეიძლება ცდილობდე, მოირგო სხვადასხვა ადამიანის ნიღაბი, რათა ჩეთ რუმში მოსაუბრე გარკვეული ადამიანების მსგავსი იყო. შეიძლება მათ საუბრის სტილს მიჰბაძო ან გაიზიარო მათი ინტერესები, რათა შეიძინო ახალი მეგობრები. ამასთანავე, ჩეთ რუმი შესაძლოა მიიჩნიო ისეთ ადგილად, სადაც თავისუფლად გამოხატავ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს, რადგან ფიქრობ, რომ შენი მშობლები და მეგობრები არ იწონებენ მათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ან ერთ მხარეს ატყუებ, ან — მეორეს. საკუთარი თავის ისეთ პიროვნებად წარდგენით, როგორიც სინამდვილეში არა ხარ, ჩეთ რუმში შენთან მოსაუბრეს ატყუებ. მეორე მხრივ, თუ გულწრფელად არ გამოხატავ საკუთარ გრძნობებსა და აზრებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, შენ მათ ატყუებ.
ჩეთ რუმები დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს, მაგრამ ადამიანების მიდრეკილება, მოიტყუონ და სხვებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ, ისეთივე ძველია, როგორც თვით კაცობრიობის ისტორია. ბიბლია გვიმჟღავნებს, რომ პირველმა მატყუარამ, სატანა ეშმაკმა, გამოიყენა თავდაპირველად ის ტაქტიკა, რომელსაც ჩეთ რუმში მოსაუბრე ზოგიერთი ადამიანი მიმართავს. სატანამ დამალა საკუთარი ვინაობა, როდესაც პირველი ტყუილი თქვა (დაბადება 3:1—5; გამოცხადება 12:9, 10). შენ შეგიძლია, თავი არ მოატყუებინო უპატიოსნო ადამიანებს, თუკი მიჰყვები მეფე დავითის მაგალითს. მან დაწერა: „არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ“ (ფსალმუნები 25:4).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგი ჩეთ რუმი შეიძლება სასარგებლო მიზნისთვის იყოს გამოყენებული. ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ, ღმერთს ასიამოვნონ, ამ საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებისას დიდი სიფრთხილე მართებთ. თუ ჩეთ რუმის გამოყენება გჭირდება, მაგალითად, სკოლის დავალების განსახილველად, სთხოვე მშობლებს ან, შესაძლოა, სხვა უფროს ადამიანს, რომ შენ გვერდით იყვნენ. მომავალ სტატიაში განხილული იქნება კიდევ ორი მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყო ფრთხილად ჩეთ რუმებში საუბრის დროს. ასევე დაინახავ, როგორ შეიძლება გაუმკლავდე ისეთ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა წამოიჭრას მაშინაც კი, როდესაც ჩეთ რუმების გამოყენებისას სიფრთხილეს ავლენ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 14 წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ შეიცავს ბიბლიაზე დაფუძნებულ სათანადო რჩევებს ქორწინებამდე სექსის, მასტურბაციის და სხვა მსგავსი თემების შესახებ.
^ აბზ. 16 ზოგი სახის ჩეთ რუმი თეორიულად განკუთვნილია მხოლოდ გარკვეულ ასაკს გადაცილებული უფროსი ადამიანებისთვის, რადგან იქ საუბრის თემა და სურათები, რომლებსაც ერთმანეთს უგზავნიან, პორნოგრაფიულ ხასიათს ატარებს. მაგრამ გამოკითხვამ ცხადყო, ასეთ ჩეთ რუმებში 9 წლის ბავშვებიც კი მალავენ თავიანთ წლოვანებას.
^ აბზ. 17 რადგანაც არ შეგიძლია გაიგო ის, თუ ვის ესაუბრები ჩეთ რუმში, მან შეიძლება საკუთარი სქესი დამალოს და თავი გაგაცნოს საპირისპირო სქესის წარმომადგენლად.
^ აბზ. 19 ერთ–ერთი წიგნი ინტერნეტის მომხმარებლებს ურჩევს, რომ არასოდეს თქვან თავიანთი სახელი, მისამართი ან ტელეფონის ნომერი უცხო ადამიანებთან, რომლებთანაც ჩეთ რუმში საუბრობენ (A Parent’s Guide to Internet Safety).
[სურათი 27 გვერდზე]
ინტერნეტით საუბრები შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს.