არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გავეცნოთ მექსიკურ კაქტუსს

გავეცნოთ მექსიკურ კაქტუსს

გავეცნოთ მექსიკურ კაქტუსს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან

ერთი შეხედვით ულამაზო მექსიკური კაქტუსი საუკუნეების განმავლობაში მექსიკელი ხალხის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ეს მცენარე იზრდება როგორც ამერიკის კონტინენტზე მდებარე სხვა ქვეყნებში, ისე მსოფლიოს მრავალ ხრიოკ ადგილას, მაგრამ რთულია მისი პრაქტიკული ღირებულების დანახვა იმის გამო, რომ ის ეკლებით არის დაფარული. მექსიკურმა კაქტუსმა შეიძლება სიმაღლეში 5 მეტრს მიაღწიოს. მას ეკლებით დაფარული ბრტყელი, ოვალური ღეროები აქვს. მისი ნაყოფი კი ტკბილია.

მექსიკური კაქტუსების მოსაყვანად იდეალური გარემოა მილპა ალტაში, მეხიკოსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში, და ადგილობრივ ფერმერებს დიდი ხანია, რაც ეს მცენარე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გააქვთ. მილპა ალტაში ყოველწლიურად ეწყობა გამოფენა, სადაც ხალხს ეძლევა იმის საშუალება, რომ გასინჯონ სხვადასხვა კერძი, რომლებიც მექსიკური კაქტუსით არის დამზადებული.

მეხიკოში მექსიკური კაქტუსების ღეროების ყიდვა შეიძლება როგორც პატარა ბაზრებში, ისე დიდ სუპერმარკეტებში. იქ მექსიკური კაქტუსები გასუფთავებული და მოხმარებისთვის უკვე გამზადებული იყიდება.

საერთოდ, მექსიკური კაქტუსები, რომლებსაც კერძისთვის ვიყენებთ, უნდა იყოს ახალი და რბილი. მექსიკელები მათ სხვადასხვანაირად ამზადებენ და სხვადასხვა ხორცთან ერთად მიირთმევენ. ყველაზე ფართოდ გავრცელებული კერძია შემწვარი კაქტუსი ბიფშტექსთან ერთად, ხოლო წვრილად დაჭრილი მექსიკური კაქტუსი ერბოკვერცხთან ერთად ძალიან გემრიელი საუზმეა.

გარდა ამისა, გემრიელი სალათა შეიძლება მომზადდეს პატარა ნაჭრებად დაჭრილი მექსიკური კაქტუსის ღეროებისგან, რომელიც სუფრაზე გააქვთ პომიდორთან, ხახვთან და ქინძთან ერთად; მას უმატებენ ზეითუნის ზეთს, ძმარს და მარილს. პირველად შეიძლება მექსიკური კაქტუსის ღერო უგემური მოგეჩვენოთ და არც მიგიზიდოთ, რადგან მისი შიგთავსი ჟელატინისებრია, მაგრამ მექსიკური სანელებლებით შეკაზმული ეს კაქტუსი გემრიელი და საკმაოდ სასიმოვნოა.

გამოცდილ ფერმერებს შეუძლიათ სწრაფად და დახელოვნებულად მოჭრან და გაასუფთაონ კაქტუსების ღეროები. თუკი მისი მოჭრა და გასუფთავება გნებავთ, გირჩევთ, რომ ხელთათმანები გაიკეთოთ.

მექსიკური კაქტუსი ჯანმრთელობისთვისაც არის სასარგებლო. მექსიკის კვების ნაციონალური ინსტიტუტი აღნიშნავს, თუ რით არის ის სასარგებლო და მოიხსენიებს, რომ ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის საერთო რაოდენობას და სისხლის პლაზმაში შემავალი ქოლესტერინით მდიდარი და პროტეინით ღარიბი ლიპოპროტეიდის შემცველობას. ზოგი მის გამოყენებას ურჩევს დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. მეცნიერები განაგრძობენ ამ უბრალო მცენარის კვლევას, რადგან შესაძლებელია ის ჯანმრთელობისთვის სხვა მხრივაც იყოს სასარგებლო.

ხომ არ გასინჯავდით მექსიკურ კაქტუსისგან დამზადებულ ტრადიციულ კერძს? თქვენ დაინახავთ, რომ მექსიკური კაქტუსი ბევრად უფრო მიმზიდველი მცენარეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.