ზღუდავს ბიბლია ქალის უფლებებს?
ბიბლიის თვალსაზრისი
ზღუდავს ბიბლია ქალის უფლებებს?
ტერტულიანემ, მესამე საუკუნის თეოლოგმა, ერთ-ერთ ნაშრომში ქალი აღწერა, როგორც „ეშმაკის კარიბჭე“. ზოგი ბიბლიას იმის საჩვენებლად იყენებს, თითქოს ქალი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კაცი. შედეგად, ბევრი მიიჩნევს, რომ ბიბლია ზღუდავს ქალის უფლებებს.
მე-19 საუკუნეში ამერიკაში ქალთა უფლებების დაცვის ინიციატორის ელისაბედ კედი სტენტონის აზრით, „ბიბლია და ეკლესია ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ქალთა თავისუფლების საკითხში“. ერთხელ სტენტონმა ბიბლიის პირველ ხუთ წიგნთან დაკავშირებით თქვა: „ასე ზედმიწევნით სხვა არც ერთი წიგნი არ ასწავლის ქალთა მორჩილებისა და დამცირების შესახებ“.
მართალია დღეს მხოლოდ ზოგს აქვს ასეთი რადიკალური შეხედულება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ფიქრობს, რომ ბიბლიის ზოგი ადგილის თანახმად, მამაკაცთან შედარებით ქალის უფლებები შეზღუდულია. სწორია ასეთი დასკვნის გაკეთება?
რა არის ნათქვამი ებრაულ წერილებში ქალის შესახებ?
„შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე“ (დაბადება 3:16). კრიტიკოსების აზრით, ეს იყო ღვთის მიერ ევასთვის გამოტანილი განაჩენი, და ღმერთი იწონებს კაცის ბატონობას ქალზე. მაგრამ ეს სიტყვები სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ეს ღვთის განზრახვაა. სინამდვილეში ისინი ზუსტად აღწერს ღვთის უზენაესობის უარყოფისა და ცოდვის სამწუხარო შედეგებს. ქალის შეურაცხყოფა ადამიანის არასრულყოფილების შედეგია და არა ღვთის ნება. მართლაც, ბევრ ქვეყანაში ქმარი ბატონობს ცოლზე და ხშირად უხეშადაც კი. თუმცა ეს არ ყოფილა ღვთის განზრახვა.
ღმერთმა ადამი და ევა თავის მსგავსად შექმნა. უფრო მეტიც, მათ ღვთისგან მითითებები მიიღეს, რომ ენაყოფიერათ, აევსოთ დედამიწა და დაუფლებოდნენ მას. მათ მხარდამხარ უნდა ეშრომათ (დაბადება 1:27, 28). ცხადია, ისინი უხეშად არ ბატონობდნენ ერთმანეთზე. დაბადების 1:31–ში ნათქვამია: „იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო“.
ზოგჯერ ბიბლიურ მაგალითებში კონკრეტულად არ ჩანს ღვთის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე. მასში შესაძლოა მხოლოდ ისტორიული ამბავი იყოს გადმოცემული. მონათხრობში, რომ ლოტმა სოდომელებს თავისი ქალიშვილები შესთავაზა, არ ჩანს, მორალურად რამდენად სწორი იყო ეს ან ის, რომ ღმერთმა დაგმო მისი საქციელი * (დაბადება 19:6—8).
სინამდვილეში ღმერთს სძულს ჩაგვრის ყველანაირი ფორმა (გამოსვლა 22:22; მეორე რჯული 27:19; ესაია 10:1, 2). მოსეს რჯული მსჯავრს სდებდა გაუპატიურებასა და მეძაობას (ლევიანები 19:29; მეორე რჯული 22:23—29). მრუშობა იკრძალებოდა და როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის სასჯელი სიკვდილი იყო (ლევიანები 20:10). მოსეს კანონი კი არ ზღუდავდა ქალის უფლებებს, არამედ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და იცავდა მათ ექსპლუატაციისგან, რაც ფართოდ იყო გავრცელებული გარშემო მცხოვრებ ერებში. ებრაელი მარჯვე ცოლი დიდი პატივისცემით სარგებლობდა, მას აფასებდნენ (იგავები 31:10, 28, 30). ისრაელების მიერ ღვთის კანონის, კერძოდ, ქალისადმი პატივისცემის გამოხატვის უგულებელყოფა, მათი შეცდომა იყო და არა ღვთის ნება (მეორე რჯული 32:5). საბოლოოდ, ღმერთმა განაჩენი გამოუტანა და დასაჯა მთელი ერი აღმაშფოთებელი დაუმორჩილებლობის გამო.
გულისხმობს მორჩილება უფლებების შეზღუდვას?
ნებისმიერი ორგანიზაცია, სათანადოდ მხოლოდ მაშინ შეძლებს ფუნქციონირებას, თუ იქ ყველაფერი ორგანიზებულად ხდება. ამისათვის კი საჭიროა, ის უფლებამოსილმა პირებმა მართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიშობა ქაოსი. „ღმერთი უწესრიგობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა“ (1 კორინთელები 14:33).
მოციქული პავლე ოჯახში მეთაურობის პრინციპს ასე აღწერს: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3). ღვთის გარდა თითოეული პიროვნება ვინმეს ემორჩილება. იესო რომ ღმერთს ემორჩილება, ნიშნავს ეს იმას, რომ ამით მისი უფლებები ილახება? რა თქმა უნდა, არა! მამაკაცს, წმინდა წერილების თანახმად, კრებისა და ოჯახისთვის ხელმძღვანელობის გაწევა რომ ევალება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალს უფლებები შეზღუდული აქვს. ოჯახსა და კრებაში წარმატების მიღწევისთვის, ქალებმა და მამაკაცებმა თავიანთი მოვალეობები ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით უნდა შეასრულონ (ეფესოელები 5:21—25, 28, 29, 33).
იესო ქალებს ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა. ის არ მიჰყვებოდა უფლებების შემზღუდველ ტრადიციებსა და წესებს, რომლებსაც ფარისევლები ასწავლიდნენ. იესო საუბრობდა არაებრაელ ქალებთან (მათე 15:22—28; იოანე 4:7—9). ის ასწავლიდა ქალებს (ლუკა 10:38—42). ის ყურადღებას ამახვილებდა პრინციპებზე, რომლებიც ქალს მიტოვებისგან იცავდა (მარკოზი 10:11, 12). ყველაზე გარდამტეხი სიახლე, ალბათ, ის იყო, რომ ქრისტეს ახლო მეგობრებს შორის ქალებიც იყვნენ (ლუკა 8:1—3). როგორც ღვთის ყველა თვისების სრულყოფილმა განსახიერებამ, იესომ აჩვენა, რომ ორივე სქესის წარმომადგენელი თანაბარია ღვთის თვალში. სინამდვილეში, პირველ საუკუნეში ღვთის წმინდა სულით როგორც მამაკაცები, ასევე ქალები აღივსნენ (საქმეები 2:1—4, 17, 18). ცხებულებს შორის, რომლებსაც ქრისტესთან ერთად მეფეებად და მღვდლებად მსახურების იმედი აქვთ, ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენის შემდეგ აღარ იქნება სქესობრივი განსხვავება (გალატელები 3:28). ბიბლიის ავტორი, იეჰოვა, არ ზღუდავს ქალის უფლებებს.
[სქოლიო]
^ აბზ. 9 იხილეთ 2005 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 25, 26.
[სურათი 24 გვერდზე]
იესო მრავალი თავისი თანამედროვისგან განსხვავებით ქალებს პატივისცემით ეპყრობოდა.