ომი, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება
ომი, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება
მოგვითხრო მაიკლ მოლინამ
«მთავარი ზემდეგი მოლინა ვიეტნამის რესპუბლიკამ „სიმამაცის ჯვრით“ დააჯილდოვა, — იუწყებოდა მერილენდის (აშშ) სამხედრო გაზეთი „ტესტერი“. — მოგვიანებით, მძიმე საარტილერიო შეტაკებაში გამოვლენილი მამაცობისა და შეუპოვრობისთვის მოლინამ მეორე ჯილდო — „ოქროს ვარსკვლავი“ დაიმსახურა. 1968 წლის 6 ივნისს მან კიდევ ერთი „ოქროს ვარსკვლავი“ მიიღო იმისათვის, რომ „ვიეტ კონგის“ პარტიზანულ რაზმებს არ მისცა მნიშვნელოვანი ავანპოსტის დაკავების საშუალება».
საერთო ჯამში, ვმონაწილეობდი 284 საბრძოლო ოპერაციაში და მიღებული მაქვს 29 მედალი. ამჟამად კი, როგორც ქრისტიანი მსახური, ვმონაწილეობ სხვა სახის ბრძოლაში, რომელთან დაკავშირებითაც ბიბლია ამბობს: „ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის“ (2 კორინთელები 10:4). მსურს მოგითხროთ, თუ რამ განაპირობა ასეთი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში.
ილინოისის შტატის (აშშ) ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი ჩიკაგო, სადაც თითქმის ყოველთვის მიჩიგანის ტბის მხრიდან ძლიერი ქარები უბერავს. 1947 წლის 1 თებერვალსაც — იმ დღეს, როდესაც დავიბადე, დიდი ქარი იყო და ყინავდა. ვინაიდან მამაჩემი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და ომი ახალი დამთავრებული იყო, ქვეყანას ორი სამხედრო ექიმის დახმარებით მოვევლინე. როდესაც ათი წლის ვიყავი, ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ლოს–ანჯელესში (კალიფორნია), სადაც მშობლებმა მე, ჩემი და და უფროსი ძმა კათოლიკურ სკოლაში შეგვიყვანეს.
ბავშვობაში ეზოში ან მოედანზე ბეისბოლს და ფეხბურთს ვთამაშობდი ხოლმე. ასევე მიყვარდა ომობანას თამაში სახლში გაკეთებული ხის თოფებითა და ავტომატებით. 1960–იანი წლები, როდესაც მაღალ კლასებში ვსწავლობდი, რადიკალური ცვლილებებისა და ახალი შეხედულებების წლები იყო. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეთა მკვლელობები (მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მკვლელობა 1963 წელს), საპროტესტო დემონსტრაციები, ამერიკის დროშის დაწვა და შეიარაღებული გამოსვლები იმ დროს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. მე და ჩემი თანაკლასელების უმეტესობა ვშიშობდით, რომ ჯარში გაგვიწვევდნენ.
1966 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე, გამომიძახეს სამედიცინო კომისიის გასავლელად. ჩემი ფიზიკური მონაცემები დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. თუმცა სახმელეთო არმიის ნაცვლად, სამხედრო–საზღვაო ფლოტში გამიწვიეს. ძალიან მიტაცებდა ვერტმფრენები, რის გამოც ჩემი სურვილით შევუერთდი საზღვაო ფლოტის სადესანტო ვერტმფრენების ახალ ესკადრონს. საბრძოლო მომზადების ძირითადი კურსის გავლის შემდეგ, 1967 წლის ნოემბერში ვიეტნამის მაშინდელ დედაქალაქ საიგონში აღმოვჩნდი.
ომის პირველი თავგადასავლები
მალე გადამიყვანეს პატარა საველე აეროდრომზე, სადაც „ჰიუის“ ტიპის ოთხი ვერტმფრენი იყო. ჩვენი რაზმი 30 მეზღვაურისგან შედგებოდა. ზოგს აეროდრომის ტერიტორიაზე ეძინა, ზოგი კი, ჩემი ჩათვლით, დაახლოებით 10 მილში (დაახლოებით 16 კილომეტრში) მდებარე ორსართულიან შენობაში ვიყავით. პირველივე ღამეს უეცრად სროლის ხმამ გამომაღვიძა — ჩვენს შენობას უტევდნენ. საწოლიდან გადმოვგორდი და რამდენიმე წამით იატაკზე ვიწექი. იმის შემდეგ კი, როცა თავს ზემოთ ტყვიამ ჩამიზუზუნა, კიბემდე გადავცოცდი და სახურავამდე ავაღწიე, სადაც ვიღაცამ შაშხანა მომცა. ფეხშიშველები და ქვედა საცვლის ამარა მთელი ღამე ვიბრძოდით.
სამდღიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილი ვიყავით, გაგვითავდა საკვებისა და წყლის მარაგი. ტყვია–წამალიც თითქმის აღარ დაგვრჩა. მეთაურმა გვიბრძანა: „ინათებს თუ არა, აეროდრომისკენ გავიქცევით“. უნდა გადაგვეკვეთა პატარა ქალაქი, რომელიც ცეცხლში იყო გახვეული. როცა ქალაქზე გავდიოდით, გვესმოდა ქვემეხებისა და ავტომატების ხმა. სადაც კი გავიხედავდით, ყველგან გვამები ეყარა.
როგორც იქნა, მივაღწიეთ აეროდრომამდე. მაგრამ იქ უკეთესი მდგომარეობა არ დაგვხვედრია. ირგვლივ სანგრები ამოვთხარეთ და ვცდილობდით, პოზიცია არ დაგვეთმო. რამდენიმეჯერ ვიეტნამელმა პარტიზანებმა გაარღვიეს ბრძოლის ხაზი და შემოაღწიეს აეროდრომის ტერიტორიაზე. მათ ბევრი ჯარისკაცი მოკლეს, მათ შორის ჩვენი მეთაური. რამდენიმე კვირის განმავლობაში სანგარში ვიყავი, ისე რომ არც ტანსაცმელი გამომიცვლია და არც დამიბანია. შემდეგ ვერტმფრენით სხვა ავანპოსტზე გადაგვიყვანეს.
ბრძოლის ამ პირველი დღეების შემდეგ გადავწყვიტე ვერტმფრენიდან სროლისთვის მომზადება გამევლო. რამდენიმე დღიანი მომზადების შემდეგ ეკიპაჟის წევრი გავხდი. საჰაერო ბრძოლები სისტემატურად მიმდინარეობდა. დღეში ზოგჯერ სამი–ოთხი ფრენა მქონდა.
ომის „შთაბეჭდილებები“
ამდენი მკვლელობის ნახვა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამასთანავე, ჯერ კიდევ შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს ვფიქრობდი ანტისაომარ გამოსვლებზე. ჩვენ ხომ თავისუფლებისთვის ვიბრძოდით?! ჩვენ ხომ იმისთვის ვიგდებდით სიცოცხლეს საფრთხეში, რომ სხვებს უკეთესად ეცხოვრათ?! მაგრამ ომში სამართლიანობა მე ვერ ვნახე. ვისთვის მოჰქონდა ამ ომს სიკეთე? ვიეტნამელებისთვის? ისინი ჯერ კიდევ ჩვენს ჩასვლამდე წლების განმავლობაში ომობდნენ. მაგრამ სიკვდილისა და ტანჯვის გარდა ომს არაფერი მოჰქონდა.
მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და არ მესმოდა, რომ ომის უკან პოლიტიკა იდგა. დროც კი არ მქონდა ამაზე ფიქრისთვის. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ უნდა შემესრულებინა ბრძანებები და დავალებები, რომლებისთვისაც მომზადება გავიარე. მეზღვაურები ამბობდნენ: „ჩვენ ბრძოლისთვის მოგვამზადეს და არა ფიქრისთვის“. მაგრამ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ, თუ ცოცხალი დავბრუნდებოდი, სერიოზულად მოვკიდებდი ხელს იმის გამოკვლევას, თუ რატომ ვიბრძოდით ამ ომში.
ვიეტნამის ომმა დამაყენა კიდევ ერთი საფრთხის წინაშე, რომლისთვისაც მზად არ ვიყავი. ეს იყო ნარკოტიკები.
მოზარდობის წლებში ვეწეოდი, შაბათ–კვირას ლუდსა და ვისკიზეც არ ვამბობდი უარს და მეგობრებთან ერთად გასართობადაც დავდიოდი. მაგრამ ნარკოტიკებთან არასდროს მქონია საქმე. ვიეტნამში ბევრი რამ შეიცვალა. ზოგი თანამებრძოლი მეუბნებოდა: „რას უყურებ, მაიკლ? ხვალ თუ ზეგ მტრის ტყვია მაინც არ აგცდება.“ ბოლოს და ბოლოს, მაინც დამიყოლიეს და დროდადრო ვიღებდი ნარკოტიკებს.მაგრამ ბრძოლის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ნამდვილად არ იყო გონივრული და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ დავალების შესრულების წინ ნარკოტიკებს არასდროს მივიღებდი. თუმცა, შინ როცა ვბრუნდებოდი, თავს ვეღარ ვიკავებდი. ასე მივეძალე ნარკოტიკებს.
ომიდან ვბრუნდები
როდესაც 1970 წლის ოქტომბერში ვიეტნამიდან სახლში, კალიფორნიაში, დავბრუნდი, ცხოვრებას უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებდი. ჯარში წასვლისას ჩემი სურვილი თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო, მაგრამ ახლა ისეთი გრძნობა მქონდა, რომ გამომიყენეს. უკან იმედგაცრუებული და გაბოროტებული დავბრუნდი. მიჭირდა სხვებთან საერთო ენის გამონახვა და პატრიოტიზმის გრძნობაც დაკარგული მქონდა.
ჩემი ცხოვრება მარიხუანას წევაში და სხვა ნარკოტიკების მიღებაში გადიოდა. თან მშობლების გარაჟში ჩემს მოტოციკლზე ვმუშაობდი. ჩემს მდგომარეობაზე და ვიეტნამში გადატანილზე ფიქრი უფრო და უფრო მთრგუნავდა. თანდათან სინდისმაც დამიწყო ქენჯნა. მიძლიერდებოდა სურვილი, გამერკვია, რა იდგა ვიეტნამის ომის უკან.
მთავრობა ომის ვეტერანებს დამატებითი განათლების მისაღებად ფინანსურ დახმარებას უწევდა. ამგვარად, შევედი ადგილობრივ უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ლოს–ანჯელესში კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა. აქ შევიძინე მეგობრები: მათგან ზოგი ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეობდა, ზოგი კი ნამყოფი იყო ამ ომში. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი საუბრები ომთან და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხები არავის გაგვაჩნდა. ყველანი დაბნეულნი ვიყავით.
სხვების დახმარებას ვცდილობ და მე მეხმარებიან
მე და ჩემს ბევრ მეგობარს ემოციური და ფსიქიკური პრობლემები გვქონდა. მსურდა რამე მეღონა სხვებისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ამიტომ უნივერსიტეტში ფსიქოპათოლოგიის განხრა ავირჩიე. გადავწყვიტე, ომში და ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილეობა ჩემი საქმიანობით გამომესყიდა. ასე რომ, დავიწყე მუშაობა საავადმყოფოებში, სადაც მკურნალობდნენ მათ, ვისაც ფსიქიკური მოშლილობა ჰქონდა.
უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში ნარკოტიკებს ბევრი სტუდენტი იყენებდა და დავინახე, რომ ეს იყო არაერთი პრობლემის სათავე. მსურდა, რაც შეიძლება უკეთესად დავუფლებოდი ჩემს სპეციალობას, რათა დავხმარებოდი მათ, ვისაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამიტომ საერთოდ უარი ვთქვი ნარკოტიკებზე და მთელ დროსა და ენერგიას სწავლას და სამუშაოს ვუძღვნიდი. მაგრამ, ვხედავდი, რომ პაციენტებისთვის დახმარების აღმოსაჩენად ჩემი, როგორც ფსიქოთერაპევტის, შესაძლებლობები შეზღუდული იყო.
ვცდილობდი, თავი დამეღწია სრული იმედგაცრუებისა და სინდისის ქენჯნისგან. შვების ძიებაში ლოცვა და ეკლესიაში სიარული დავიწყე. კათოლიკური ეკლესიის წირვები ჩემთვის დიდი შინაარსით არ გამოირჩეოდა, ამიტომ ეკლესიაში ღამ–ღამობით დავდიოდი. ვანთებდი სანთელს და ვლოცულობდი ხატების წინ, მათ შორის ჯვარზე გაკრული იესოს, გულში ხანჯალჩაცემული მარიამისა და ეგრეთ წოდებული წმინდანების ხატების წინაშე.
მაგრამ თან ვფიქრობდი: „რა ცივი და უსიამოვნო ადგილია ეს ეკლესია! განა შეიძლება, რომ ღვთის სული ნამდვილად აქ იყოს?“ ვეძებდი პასუხებს და მხარდაჭერას. ცხოვრებაში უკვე ბევრი ტანჯვა მქონდა გამოვლილი. ერთ საღამოს ეკლესიიდან გამოვედი და პარკში ლოცვა დავიწყე. ზევით ვარსკვლავებს ვუყურებდი და — ალბათ, ცხოვრებაში პირველად — შევეცადე, მთელი სერიოზულობით მიმემართა ჩემი შემოქმედისთვის.
ვეცნობი ბიბლიურ ჭეშმარიტებას
საავადმყოფოში საკმაოდ სტრესული სამუშაო მქონდა და განტვირთვის მიზნით ერთ შაბათ–კვირას ძველ მეგობარს, გარის, ვესტუმრე. მომდევნო დღეს ერთად მისაღებ ოთახში ვუყურებდით ტელევიზორს. ახალ ამბებში აშუქებდნენ, თუ როგორ ცდილობდნენ პრეზიდენტ ნიქსონის გადაყენებას. მე და გარი ყველგან არსებულ კორუფციაზე ვლაპარაკობდით და აღვნიშნე, რომ ვიეტნამის ომთან დაკავშირებით თავს მოტყუებულად ვგრძნობდი.
ჩემი მეგობრის მეუღლემ, ალვამ, ყური მოჰკრა საუბარს და სამზარეულოდან გამოვიდა. მან თქვა, დანიელი 2:44; გამოცხადება 21:3, 4). ალვა შეეხო ლოცვას „მამაო ჩვენო“, რომელშიც ღმერთს ვთხოვთ, რომ მოვიდეს მისი სამეფო და იყოს მისი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე (მათე 6:9, 10).
რომ ისეთი მოვლენებით, როგორზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ბიბლიის წინასწარმეტყველებები სრულდებოდა. „კი მაგრამ, რა საერთო უნდა ჰქონდეს პრეზიდენტის პრობლემებს ბიბლიის წინასწარმეტყველებასთან?“ — ვკითხე მას. ალვამ ამიხსნა, რომ ღვთის სამეფო იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით მალე ყველა კორუმპირებული მთავრობის ადგილს დაიკავებდა და ადამიანები მშვიდობიან პირობებში მარადიულად იცხოვრებდნენ დედამიწაზე, რომელიც სამოთხედ გადაიქცეოდა (მისმა საუბარმა დამანახვა, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ღვთის ხელმძღვანელობა, რათა დედამიწაზე უკეთესი მმართველობა და ნამდვილი მშვიდობა იყოს (ეკლესიასტე 8:9; იერემია 10:23). მარადიულ სიცოცხლეზე საუბრისას გამახსენდა, როგორ გვასწავლიდნენ, რომ ჩვენი ფიზიკური სხეულის შედგენილობაში შემავალი ატომები შედარებით მოკლე დროში იცვლებოდა ახლით. მიუხედავად იმისა, რომ ალვას ნათქვამიდან ზოგი რამ დაუჯერებელი მომეჩვენა, ცნობისმოყვარეობა მაინც აღმეძრა. მსურდა, დავხმარებოდი ადამიანებს ტანჯვის შემსუბუქებაში და გამომესყიდა ის, რომ წარსულში სხვებს ბევრი ტკივილი მივაყენე. ალვამ მირჩია, სამეფო დარბაზში მივსულიყავი, სადაც მეტის გაგების შესაძლებლობა მექნებოდა.
კრებაში გავიცანი ბილ აკინა, რომელიც სრული დროით მქადაგებელი იყო. მეორე მსოფლიო ომში ის სამხედრო–საზღვაო ფლოტში მსახურობდა და მას შეეძლო გაეგო ჩემთვის. რაც მთავარია, მან იცოდა ბიბლია და მეუღლესთან ერთად ბიბლიიდან მპასუხობდა კითხვებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრი მქონდა. ბიბლიის შესწავლის შედეგად თანდათანობით დავინახე, რომ, თუმცა საავადმყოფოში სხვების დახმარების მცდელობისას კარგი სურვილები მამოძრავებდა, მე მხოლოდ დროებით შემეძლო მათი მდგომარეობის შემსუბუქება. მეორე მხრივ, ხალხს ბიბლიის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში თუ დავეხმარებოდი, ისინი შეძლებდნენ მარადიული სიცოცხლის მიღებას, თუ რწმენას გამოავლენდნენ და ამ ცოდნის შესაბამისად იცხოვრებდნენ (იოანე 17:3).
ბილი ბიბლიას მასწავლიდა დამხმარე წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. 1974 წლის ივლისში ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. ექვსი თვის შემდეგ გავხდი პიონერი (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები სრული დროით მქადაგებლებს). ამასობაში, უნივერსიტეტში სწავლა შევწყვიტე და ვამჯობინე, საავადმყოფოში მუშაობაზეც უარი მეთქვა. თავი რომ მერჩინა და თან მემსახურა, ბანკებში ღამით ტექმომსახურედ ვმუშაობდი (1 თესალონიკელები 4:11). ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ ჭკუიდან გადავედი.
კალიფორნიაში დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში პიონერად მსახურების შემდეგ, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემეძლო უფრო მეტის გაკეთება იეჰოვას მსახურებაში. მიზნად დავისახე, მისიონერად მემსახურა საზღვარგარეთ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელი პიონერად ვიმსახურე, მივიღე მოწვევა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადიდან“, რომლის ადგილსამყოფელიც მაშინ ბრუკლინი (ნიუ–იორკი) იყო. ეს სკოლა დავამთავრე 1979 წლის 11 მარტს. ჩვენი, 66–ე კლასის, გამოსაშვები საღამო ლონგ–აილენდ სიტიში (ნიუ–იორკი) ჩატარდა.
ახალი დავალებები
დამნიშნეს გვატემალაში (ცენტრალური ამერიკა), სადაც მისიონერად დაახლოებით ერთი წელი ვმსახურობდი. შემდეგ გვატემალას დედაქალაქში მდებარე იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მიმიწვიეს, სადაც პატარა ტიპოგრაფიაში ვმუშაობდი. 1981 წელს დავქორწინდი. ჩემი მეუღლე, ლუპიტა, რომელიც მანამდე ადგილობრივ კრებაში პიონერად მსახურობდა, ფილიალში მოიწვიეს. მოგვიანებით, 1996 წელს, ჩვენმა ტიპოგრაფიამ შეწყვიტა მუშაობა. მას შემდეგ ჩვენს ყველა პუბლიკაციას მექსიკის ფილიალიდან ვიღებთ.
1984 წელს ჩვენი გოგონა, სტეფანი, დაიბადა. მიუხედავად ამისა, მე მაინც მომეცა ფილიალში მსახურების გაგრძელების შესაძლებლობა. ეს ასე იყო მას შემდეგაც, რაც 1987 წელს მიჩელი შეგვეძინა. წლების
განმავლობაში ფილიალის გარეთ ცხოვრება და ყოველდღიურად ფილიალამდე დაახლოებით 10 კილომეტრის გავლა ადვილი არ არის. მაგრამ ჩემთვის დიდი პატივია, რომ შემიძლია ამ ზომით მსახურება. ოჯახიც ძალიან მიწყობს ხელს.ლუპიტა და სტეფანი ამჟამად პიონერებად მსახურობენ. მიჩელიც მონათლულია და იეჰოვას ემსახურება. ის წელს დაამთავრებს პროფტექნიკურ სასწავლებელს, რის შემდეგაც სრული დროით აპირებს მსახურებას. მე მესმის, რომ ასეთი პატივი იეჰოვას სიკეთის — და არა ჩვენი უნარის — წყალობით გვაქვს. იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია და გამოიყენებს ნებისმიერს, ვისაც აქვს მზადყოფნის სული და ეძებს მის ხელმძღვანელობას.
ზოგჯერ გვეკითხებიან, თუ როგორ ვახერხებთ ერთდროულად სრული დროით მსახურებას და თავის შენახვას. შვებულებების დროს ვმუშაობთ ქვეყნიურ სამუშაოზე. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ‘სუფთა თვალი’ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით, გვქონოდა იეჰოვას დახმარების იმედი, მივნდობოდით მას და მუდამ გვეძებნა მისი ხელმძღვანელობა (მათე 6:25—34; იგავები 3:5).
იარაღის ტარებამ ძალაუფლების გრძნობა განმივითარა. ამიტომ ვხედავ, რომ განუწყვეტლივ მჭირდება მუშაობა თავმდაბლობის განსავითარებლად. სატანის სისტემამ სიძულვილი, მკვლელობა, ეჭვიანობა, აგრესიულობა და თავის დასაცავად ბრძოლა მასწავლა. მაგრამ იეჰოვამ ჩემდამი გულმოწყალება და სიკეთე გამოავლინა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, აღარასოდეს ვისწავლო ომი და ყველას მიმართ სიყვარული და თანაგრძნობა გამოვავლინო (მათე 5:43—45; ესაია 2:4).
ასეთი ცვლილებების მოხდენა ადვილი არ იყო. მიუხედავად ამისა, უფრო მშვიდობიანად ცხოვრება ვისწავლე. ღვთის დახმარებით ასევე აღარ ვხედავ კოშმარებს, რომლებიც ომში განცდილის შედეგად ადრე მოსვენებას არ მაძლევდა. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ომები აღარ იქნება (ფსალმუნები 45:10). ამ დრომდე კი, დიდად მადლიერი ვარ იმისათვის, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ხალხის სიცოცხლის მხსნელ საქმიანობაში და ადამიანებს ჩვენი დიდებული სიცოცხლის მომცემის, იეჰოვა ღმერთის, გაცნობაში დავეხმარო.
[სურათი 20 გვერდზე]
ომში ვერტმფრენიდან მსროლელი ვიყავი.
[სურათი 22 გვერდზე]
ბილ აკინასთან და მის მეუღლე ელოიზთან ერთად 1978 წელს.
[სურათი 23 გვერდზე]
ვმუშაობ საბეჭდ დაზგაზე გვატემალას ფილიალში, 1982 წელი.
[სურათი 23 გვერდზე]
ვქადაგებ მეუღლესთან ერთად.
[სურათი 23 გვერდზე]
მე, ლუპიტა, მიჩელი და სტეფანი დღეს.