რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
გერმანელები წყალს მეტისმეტად ზოგავენ
როგორც გერმანიაში გამომავალი ერთი გაზეთი იუწყება, გერმანიის წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემა კრიზისს განიცდის. მიზეზად კი მომხმარებლის მიერ წყლის მეტისმეტად დაზოგვა სახელდება. რამდენადაც წარსულში წყლის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი იყო ნავარაუდები, წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემა ამის გათვალისწინებით შეიქმნა. წყლის დაზოგვით მოსახლეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა გარემოს რესურსების დაცვაში და, ამავდროულად, წყლის მოხმარებას შეამცირებდა. როგორც გერმანიის წყლისა და ბუნებრივი აირის ასოციაციის ხელმძღვანელი ულრიხ ემიხენი ამბობს, პრობლემას ახლა ის წარმოადგენს, რომ „სასმელი წყალი დიდხანს დგას მილებში, რაც ამ მილების დაჟანგვას იწვევს; შედეგად წყალი ლითონის ელემენტებს ითვისებს. ამას გარდა, საკანალიზაციო მილში არასაკმარისი წყლის გამო მყარი ნივთიერებები გროვდება და ლპობას იწყებს. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან ისაა, რომ საკანალიზაციო მილები სწორედ იმ წყლით გაიწმინდოს, რომელსაც ასე ძალიან უფრთხილდებიან (Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung).
საბერძნეთის ეკლესია ცდილობს თანამედროვე ბერძნული ენის გამოყენებას
საბერძნეთის ეკლესიის მრევლის უმეტესობისთვის გაუგებარია საეკლესიო მსახურებისას ძველ ბერძნულ ენაზე წაკითხული ბიბლიის მონაკვეთები. ამით შეშფოთებული საბერძნეთის არქიეპისკოპოსი აცხადებს, რომ ათენის ეკლესიები თანამედროვე ბერძნულსაც გამოიყენებენ. როგორც ერთი ბერძნული გაზეთი (Kathimerini) განმარტავს, „ახალი აღთქმა იკითხებოდა კოინეს ენაზე, ანუ იმ სალაპარაკო ენაზე, რომელიც, ჩვეულებრივ, გავრცელებული იყო ძვ. წ. IV საუკუნის დასასრულიდან ახ. წ. V საუკუნემდე“. არქიეპისკოპოსი „წუხს იმაზე, რომ კოინეს ენა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის გაუგებარი, რის გამოც ვერ იგებენ საეკლესიო მსახურებისას წაკითხულს“, — დასძენს გაზეთი. საექსპერიმენტო პროგრამის წარდგენისას, ზემოხსენებულმა გაზეთმა „ამ ცვლილებას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა იმ ეკლესიის მისამართით, რომელიც საგულდაგულოდ იცავს თავის ტრადიციებს“. ამ პროგრამის მიხედვით, ბიბლიის მონაკვეთები ჯერ ბერძნულ კოინეზე უნდა წაკითხულიყო, შემდეგ კი თანამედროვე ბერძნულზე. მაგრამ, როგორც გაზეთი იუწყება, ერთი წლის შემდეგ ეკლესია „აღარ ახმარდა ძალისხმევას ახალი აღთქმის გასაგებ ენაზე წაკითხვას“.
უკიდურესობებით სავსე ამინდის წელი
საინფორმაციო სააგენტოს, „ასოშიეიტიდ პრესს“-ის მონაცემებით, „გასულმა 2004 წელმა მეოთხე ადგილი დაიკავა იმ 10 ყველაზე ცხელი წლების სიაში, რომლებიც 1990 წლიდან მოყოლებული ფიქსირდება. ამავე წელს ქარიშხალმა ოთხჯერ გადაუარა კარიბის კუნძულებს, გამანადგურებელმა ტაიფუნმა კი ძლიერი დარტყმა მიაყენა აზიას“. სწორედ ამიტომ, წინა წელმა არნახული მასშტაბის ზარალი განიცადა. მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და კარიბის კუნძულებზე ქარიშხლით მიყენებული ზარალი 43 მილიარდ დოლარს შეადგენდა. გარდა ამისა, თუკი ერთგან ძლიერი ქარები და სიცხეები იყო, სხვაგან მკაცრი ზამთრის ამინდი ბობოქრობდა. მაგალითად ივნისისა და ივლისის თვეებში სამხრეთ არგენტინაში, ჩილესა და პერუში გაუსაძლის სიცივეებს თან ახლდა თოვლიც. ზემოხსენებული წყაროს თანახმად, „მეცნიერები ამბობენ, რომ ტემპერატურის მატება ალბათ კვლავაც უარყოფითად იმოქმედებს მსოფლიო კლიმატურ პირობებზე“.
რელიგია რუსეთში
დღემდე რუსეთში მორწმუნეებად ითვლებოდნენ უმეტესწილად ქალები, ხანდაზმულები და საშუალო განათლების მქონე ადამიანები. თუმცა, როგორც რუსეთში გამომავალი გაზეთი „როსსიისკაია გაზეტა“ იუწყება, ამჟამინდელი მონაცემების თანახმად, რელიგიურ ადამიანთა რიგები იზრდება ახალგაზრდებით, მამაკაცებითა და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებით. 1989—1991 წლებში მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტი თვლიდა თავს მართლმადიდებლად, მაგრამ 1999 წლიდან მოყოლებული ამ რიცხვმა 50 პროცენტს გადააჭარბა. რუსი სოციოლოგების მიერ ახლახან ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ რუსების 30 პროცენტს სულის უკვდავების სწამს, 24 პროცენტს — ჯოჯოხეთის, ხოლო 28 პროცენტს სასწაულების სჯერა. ცნობაში ნათქვამია, რომ გამოკითხულთა თითქმის მესამედს ეჭვი არ ეპარება ღვთის არსებობაში. ამას გარდა, რუსების 30 პროცენტს სჯერა ასტროლოგიის, 50—55 პროცენტს — წინასწარმეტყველური სიზმრების და ავის თუ კარგის მომასწავებელი ნიშნების.