არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მომხიბვლელი ღიმილი?

როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მომხიბვლელი ღიმილი?

როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მომხიბვლელი ღიმილი?

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის კანადიდან

სარკეში ყურებისას, რას ამოწმებთ ჩვეულებრივ? შესაძლოა, ვარცხნილობას ან გარეგნობის სხვა რომელიმე დეტალს. მაგრამ ღიმილზე რას იტყოდით? შეგიმჩნევიათ რა გავლენას ახდენს ღიმილზე კბილები? თუ გსურთ, რომ მომხიბვლელი ღიმილი გქონდეთ, საჭიროა კბილებს მოუაროთ. მუდმივი კბილები მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მოგემსახუროთ. ამიტომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. საკვების ღეჭვის გარდა, ისინი გეხმარებათ ნორმალურად ლაპარაკში; აგრეთვე კბილები საყრდენია ტუჩებისა და ლოყებისთვის და მეტ სილამაზესა და მომხიბვლელობას სძენს თქვენს ღიმილს. მართლაც, კბილები ძალიან ძვირფასია.

რის გაკეთება შეგიძლიათ კბილების დასაცავად?

კბილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად პირველ რიგში საჭიროა ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ როგორ იკვებებით. კალციუმით და A, C და D ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, ადამიანს დაეხმარება კარგი კბილები განუვითარდეს *. კარგი კვება ხელს უწყობს ჯანსაღი კბილების შენარჩუნებას. მოერიდეთ შაქრებით მდიდარი საკვების მიღებას! იგი ზრდის კარიესის განვითარების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ იმის თაობაზე, თუ რამდენად საშიშია შაქრები კბილებისთვის, არსებული ცნობების თანახმად, ამერიკაში ყოველწლიურად ერთი ადამიანი საშუალოდ 50—60 კილოგრამ შაქრებს ღებულობს. რატომ არის შაქრები კბილებისთვის საზიანო?

კბილის გაფუჭებას იწვევს ორი სახის ბაქტერია — მუტანტური სტრეპტოკოკი და ლაქტობაცილა, რომლებიც საკვების ნარჩენებთან ერთად კბილებზე ბაქტერიულ ნადებს ქმნის. ეს ბაქტერიები იკვებებიან შაქრებით და მათ საზიანო მჟავებად გარდაქმნიან, რის შედეგადაც იწყება კბილის დაზიანება. გარკვეული შაქრები უფრო ადვილად გარდაიქმნება მჟავებად ან უფრო მეტად ეკვრის კბილებს, რაც ბაქტერიებს მეტ დროს აძლევს კბილის გასაფუჭებლად *. თუ ბაქტერიული ნადები არ იქნა მოშორებული, ის მაგრდება და ღრძილის კიდესთან ქვებად იქცევა.

კარიესის თავიდან ასარიდებლად საჭიროა ყურადღება მიექცეს ბაქტერიული ნადების და განსაკუთრებით მუტანტური სტრეპტოკოკის მოშორებას. ამიტომ, თუ გსურთ მომხიბვლელი ღიმილის შენარჩუნება, აუცილებლად დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პირის ღრუს ქირურგიის კათედრა აღნიშნავს, რომ „[ჯაგრისით გახეხვა] კბილის ძაფის გამოყენებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი კბილებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების შესანარჩუნებლად“. კბილების გახეხვისა და ძაფით მათი გაწმენდის ეფექტური მეთოდები ამ და მომდევნო გვერდებზეა მოცემული. შეიძლება თქვენმა სტომატოლოგმა კბილების სათანადოდ გაწმენდასთან დაკავშირებით სხვა საშუალებები და ტექნიკა გირჩიოთ.

მჟავების გამუდმებული ზემოქმედება დემინერალიზაციას ანუ კბილის ემალის დარბილებას იწვევს. მაგრამ ყოველდღიურად ხდება დაზიანებული არეების რემინერალიზაცია. როგორ? დადასტურდა, რომ ფთორიდები ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს და ამგვარად კბილებს კარიესისგან იცავს. ასე რომ, თუმცა კარიესი ინფექციური პროცესია, ის მაინც შექცევადია და გარკვეული ფაქტორები, მაგალითად, ფთორიდების არსებობა ხელს უწყობს ამ პროცესის შექცევადობას. დიახ, კბილებს თვითგანკურნების უნარი აქვთ!

რა გელით სტომატოლოგთან

ერთი გამოკითხვის დროს ხალხს სთხოვეს, ჩამოეთვალათ, თუ რის ეშინოდათ და ამ ჩამონათვალში სტომატოლოგთან მისვლის წინ მხოლოდ აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა იდგა. საფუძვლიანია ასეთი შიში? განვითარებულ ქვეყნებში სტომატოლოგები იყენებენ დიდი სისწრაფით მბრუნავ ბურღს და ადგილობრივ ანესთეზიას, რაც ექიმს საშუალებას აძლევს პროცედურათა უმეტესობა ისე ჩაატაროს, რომ პაციენტი მხოლოდ უმნიშვნელო ტკივილსა თუ დისკომფორტს იგრძნობს. აგრეთვე შიშის გაქარწყლებაში შეიძლება დაგეხმაროთ იმის წინასწარ ცოდნა, თუ რას გაგიკეთებენ.

სტომატოლოგთან ვიზიტის დროს შეიძლება კბილები ქვებისგან გაგისუფთაონ; ამას, ჩვეულებრივ, ჰიგიენისტი აკეთებს. ამ პროცესის დროს ქვებისა და ბაქტრიული ნადების მოშორება ხდება იმ ადგილებიდან, რომლებიდანაც კბილის ჯაგრისითა და ძაფით ამის გაკეთება შეუძლებელია. შემდეგ კბილებს აპრიალებენ, რაც ხელს უშლის მათზე ბაქტერიული ნადების დალექვას; აგრეთვე ამ დროს ხდება კბილებიდან ლაქების მოშორება, რომლებიც თქვენი ღიმილის მომხიბვლელობას ჩრდილს მიაყენებდა.

ფთორიდები ხელს უშლის კბილის კარიესის განვითარებას, ამიტომ მას ხშირად იყენებენ ბავშვების კბილებისთვის გელებისა და ხსნარების სახით ან სტომატოლოგიურ კაბინეტებში კბილების გასაპრიალებლად. მრავალ ქვეყანაში სასმელ წყალს ფთორიდებს უმატებენ; ასევე იგი ხშირად შედის კბილის პასტების შემადგენლობაში, რაც კბილებისთვის დამატებითი დამცავი საშუალებაა.

რის გაკეთება შეუძლია სტომატოლოგს?

სტომატოლოგები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პროფილაქტიკას, რათა თავიდან იქნას არიდებული დემინერალიზაციით გამოწვეული დაზიანებები. ძალიან ხშირად პატარა დაზიანების მკურნალობით შესაძლებელია კბილის სრული განკურნება. ამგვარად, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში სტომატოლოგთან მისვლა თქვენთვის სტრესთან დაკავშირებული არ იქნება.

მაგრამ, თუ კბილებიდან ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოქმნილ მჟავებს არ მოვიცილებთ, შედეგად კარიესი განვითარდება. თუ კარიესის განვითარებას ხელი არ შეეშლება, გაჩნდება ღრუ. მაშინ კბილებს მკურნალობა სჭირდება. თუ კარიესი პულპამდე ანუ იმ ადგილამდე არ არის მიღწეული, სადაც კბილის ნერვები მდებარეობს, ჩვეულებრივ, შესაძლებელია კბილის აღდგენა.

სტომატოლოგი ღრუს გასასუფთავებლად, შემდეგ კი მის დასამუშავებლად ბურღს იყენებს. შემდეგ ღრუში იდება ბჟენი („პლომბი“). ამალგამისგან გაკეთებული ბჟენი ძალიან მალე მაგრდება და ეძლევა გარკვეული ფორმა მაშინ, როდესაც კომპოზიტის გამოყენებისას საჭიროა მისი ოპტიკური დასხივებით გამაგრება. კბილის ღრუს მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში კარიესი პულპამდე მიაღწევს და საჭირო გახდება ფესვის არხების მკურნალობა ან კბილის ამოღებაც კი. ფესვის არხის მკურნალობამ შეიძლება პაციენტი კბილის დაკარგვისგან დაიცვას, რადგან ამ დროს ხდება დაზიანებულ არხის დაბჟენა, რათა არიდებულ იქნას კარიესის გავრცელება და შემდეგ ხდება ღრუს დახურვა. სერიოზულად დაზიანებულ კბილს გვირგვინით („კარონკა“) ფარავენ ან ამ კბილების ადგილას ხიდისებრ პროთეზებს იყენებენ *.

რატომ ღირს ძალისხმევა?

შესაძლოა, თქვენ მაინც გეშინიათ. თუ ასეა, დაელაპარაკეთ ამის შესახებ თქვენს სტომატოლოგს. მკურნალობის დაწყებამდე, მოელაპარაკეთ, თუ როგორ ანიშნებთ ექიმს (მაგალითად, ხელის აწევით) რომ გეტკინათ. სთხოვეთ ექიმს, აგიხსნათ, როდის, რას გაგიკეთებთ. თქვენ შეგიძლიათ შვილების პირის ღრუს ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებას შეუწყოთ ხელი იმით, რომ დადებითად ილაპარაკებთ კბილების მოვლაზე და კბილის ექიმთან მიყვანით არ დააშინებთ მათ.

დ–რ დენიელ კანდელმანი, მონრეალის უნივერსიტეტის პირის ღრუს ჯანმრთელობის კათედრის პროფესორი, აღნიშნავს: „დღეს შესაძლებელია კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მიღწეულ იქნას მნიშვნელოვანი მიზანი — შეინარჩუნოთ ჯანმრთელი, ბუნებრივი კბილები და შედეგად მთელი ცხოვრების განმავლობაში გქონდეთ მომხიბვლელი ღიმილი“. ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად!

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 დედის კვება ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების დროს ანუ მაშინ, როდესაც, კბილები ჯერ კიდევ არ არის ამოჭრილი, გავლენას მოახდენს იმაზე, როგორი კბილები ექნება შვილს. კბილების ზრდის პროცესი დაახლოებით 20 წლის ასაკისთვის მთავრდება.

^ აბზ. 6 სტომატოლოგებმა შენიშნეს, რომ ქსილიტი, შაქრის ბუნებრივი შემცვლელი, ხელს უშლის კბილების კარიესის გამომწვევი ბაქტერიული ნადების წარმოშობას. ქსილიტი შედის ზოგიერთი საღეჭი რეზინის შემადგენლობაში.

^ აბზ. 16 მეტი ინფორმაცია პროთეზების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ 1993 წლის 22 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“–ის მე–18—20 გვერდებზე სტატიაში: „გჭირდებათ პროთეზი?“ (ინგლ.).

[ჩარჩო/სურათები 12 გვერდზე]

კბილების გახეხვა

არსებობს კბილების გახეხვის რამდენიმე მეთოდი, მაგრამ გვსურს, გაგაფრთხილოთ — მცირე რაოდენობით გამოიყენეთ კბილის პასტა, რადგან ის აბრაზიული მასალაა და შეიძლება „კბილის ბუნებრივ სტრუქტურებზე ასჯერ უფრო მეტი სიმტკიცის იყოს“.

1 ღრძილების მიმართ ჯაგრისის დახრილობა უნდა იყოს 45 გრადუსი. რბილად გაიხეხეთ კბილი; გახეხვა დაიწყეთ ღრძილიდან კბილის მიმართულებით, მოკლე ამპლიტუდებით. აუცილებლად გაიხეხეთ კბილის როგორც შიგნითა, ისე გარე ზედაპირები.

2 ჯაგრისი რბილად ამოძრავეთ კბილის საღეჭ ზედაპირზე.

3 წინა კბილების შიდა ზედაპირის გასახეხად ჯაგრისი თითქმის ვერტიკალურად გეჭიროთ. კბილი გაიხეხეთ ღრძილიდან კბილის საღეჭი ზედაპირისკენ.

4 ენა და სასა ისე გამოიხეხეთ, თითქოს გვით.

[საავტორო უფლება]

Steps 1-4: Courtesy www.OralB.com

[ჩარჩო/სურათები 13 გვერდზე]

კბილების გაწმენდა ძაფით

სტომატოლოგების რჩევის თანახმად, საჭიროა კბილების ყოველდღე გაწმენდა ძაფით და ყოველი ჭამის შემდეგ ჯაგრისით გახეხვა.

1 შემოიხვიეთ კბილის ძაფი ორივე ხელის შუა თითზე ისე, რომ მათ შორის ძაფის პატარა მონაკვეთი მოექცეს.

2 ერთი ხელის ცერა და მეორე ხელის საჩვენებელი თითით დაიჭირეთ ძაფი. წინ და უკან მოძრაობით მოაქციეთ იგი კბილებს შორის.

3 ძაფი კბილის ორივე მხარეს აატარ–ჩაატარეთ. ფრთხილად ჩაიყვანეთ ძაფი ღრძილების ხაზს ქვემოთ, მაგრამ ამ დროს ძალიან ნუ დააწვებით ძაფს ან ღრძილის ქვეშ აქეთ-იქით ნუ ამოძრავებთ მას.

[საავტორო უფლებები]

წყარო: The Columbia University School of Dental and Oral Surgery’s Guide to Family Dental Care

Steps 1-3: Courtesy www.OralB.com