არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შევხვდებით ჭასთან“

„შევხვდებით ჭასთან“

„შევხვდებით ჭასთან“

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მოლდავეთიდან

პატარძალი აღელვებული ადევნებს თვალს, როგორ იღებენ ჭიდან წყალს და გზაზე ასხამენ. ის სიხარულისგან კისკისებს, როცა ნეფე ხელში იყვანს მას და დასველებული გზის იქით გადაჰყავს. მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა თავი მოიყარეს, რათა თვალი ადევნონ და შეძახილებით გაამხნევონ ახალდაქორწინებულები ამ უძველესი რიტუალის შესრულების დროს. ეს უჩვეულო საქორწინო რიტუალი ცხადყოფს, რომ მოლდავეთში ჭა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ წყლის ორმოს.

მოლდავეთი ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით უკრაინა ესაზღვრება, დასავლეთით კი — რუმინეთი. ქვეყნის მთელი ტერიტორია დაახლოებით 34 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მოლდავეთში დაახლოებით 3 100 მდინარეა, ხშირი გვალვების გამო ისინი საკმარისად ვერ ამარაგებს მოლდავეთის 4 300 000 მოსახლეს. მდინარეებისა და ტბების გარდა ქვეყანაში მოხმარებული წყლის 20 პროცენტზე მეტი ჭებზე მოდის. ვარაუდობენ, რომ მოლდავეთში პრუტის წყალსაცავის მიდამოებში 100 000-დან 200 000-მდე ჭა არსებობს.

მოლდავეთის გზებსა და ორღობეებში მოხერხებულად განლაგებული ჭები, რომელთაც დეკორატიული სახურავები აქვთ, მზად არიან, წყურვილი მოუკლან დაღლილ-დაქანცულ მგზავრებს. მოლდავეთის ბევრ სოფელში ადგილობრივ ჭებთან მეგობრებიც იყრიან თავს და მთელი დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე მსჯელობენ.

წყლისადმი ტრადიციული პატივისცემა

მოლდავეთში ჭის წყლისადმი პატივისცემას სხვადასხვანაირად ავლენენ. მაგალითად, საპირფარეშოებს ოჯახის ჭისგან საკმაოდ მოშორებულ ადგილას აგებენ და ჭის წყლის სისუფთავეს იმით იცავენ, რომ კრძალავენ ამოღებული წყლის უკან ჩასხმას. თუ ჭიდან იმაზე მეტ წყალს იღებენ, ვიდრე საჭიროა, წყალს მიწაზე ღვრიან ან ჭასთან ახლოს მდგარ ჭურჭელში ასხამენ. გარდა ამისა, უზრდელობად ითვლება ჭის გარშემო მიწაზე გადაფურთხება. წარმოიდგინეთ, რომ ტრადიციის თანახმად, ჭასთან ახლოს კამათიც კი აკრძალულია!

ჭები მოლდაველებს შორის ურთიერთობის განვითარებას უწყობს ხელს. ახალი ჭის ამოთხრა საზოგადოებრივი საქმეა და მიიჩნევენ, რომ ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ახალი სახლის აშენება. ეს ადგილობრივი გამონათქვამიდანაც ჩანს: „ფუჭია იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც სახლი არ აუშენებია, ვაჟი არ გაუზრდია, ჭა არ ამოუთხრია და ხე არ დაურგავს“. როცა ჭის კეთება სრულდება, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მის გაკეთებაში, დიდ ნადიმზე იწვევენ.

გარემოს დაცვა

მოლდავეთის ჭების უმეტესობა სათავეს 5-დან 12 მეტრის სიღრმეზე არსებული მიწისქვეშა წყლებიდან იღებს. წყლის სხვა მარაგი მიწისქვეშ 150-დან 250 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. უსაფრთხოების ტრადიციული ზომების მიუხედავად, მოლდავეთის მიწისქვეშა წყლების უმეტესი ნაწილი ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით ბინძურდება. 1996 წელს გაეროს მიერ გამოცემულ პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ სასუქებში შემავალი ნიტრატებითა და პათოგენური ბაქტერიებით დაბინძურებულია „მოლდავეთში არსებული ჭების დაახლოებით 60 პროცენტი“ (Republic of Moldova Human Development). მიუხედავად ამისა, გასულ წლებში მიწისქვეშა წყლებში ინდუსტრიული ნარჩენებისა და ქიმიკატების რაოდენობის შემცირების, აგრეთვე ნავთობის გაჟონვის შეჩერების ხარჯზე წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

თუ მოლდავეთს ესტუმრებით, არ იფიქროთ, რომ მეგობრული საუბრის წამოსაწყებად გზაზე წყლის გადასხმა დაგჭირდებათ. იმ დღის მოვლენების შესახებ რომ გაიგოთ, საკმარისია, ერთი ჭიქა ცივი წყალი დალიოთ. მთავარია, სტუმართმოყვარე მოლდაველებმა ჭასთან შეხვედრა შემოგთავაზონ.

[ჩარჩო⁄სურათები 14, 15 გვერდებზე]

ტრადიციული ხელობა

ოლეგი ადგილობრივი მოსახლეა, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ ლითონის ფირფიტებზე მუშაობს და ჭის დეკორატიულ სახურავებს ამზადებს. ის ამბობს: „ვფიქრობ, ლითონის ფირფიტებზე მუშაობა სისხლში გვაქვს გამჯდარი. გასული საუკუნის დასაწყისში ბაბუაჩემმა ლითონზე მუშაობა იმ ებრაელებთან ისწავლა, რომლებიც მისი სოფლის, ლიპკანის, განაპირას ებრაულ დასახლებაში ცხოვრობდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, მხოლოდ ცოტა ხელოსანი თუ დარჩა, ისიც არაებრაელები. ასე რომ, როცა მამაჩემი დაეუფლა ამ ხელობას, შემდეგ მეც მასწავლა“.

რთული ფორმის დეკორატიული ჭის სახურავის გასაკეთებლად ოლეგი იყენებს უბრალო იარაღებს, რამდენიმე ტრადიციულ შაბლონსა და საკუთარ ფანტაზიას. ადგილობრივ მცხოვრებთათვის მისი ნამუშევარი ძვირადღირებულია. „სხვა ხელოსნებთან კონსულტაციის შემდეგ ჩემი დამკვეთი ცდილობს, ფასი დამაკლებინოს, მაგრამ ჩემი ნახელავის ნახვის შემდეგ, ჩვეულებრივ, სიხარულით მიხდის იმ საფასურს, რაც მოვითხოვე“, — გვეუბნება ოლეგი.

[რუკები 14, 15 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

უკრაინა

მოლდავეთი

რუმინეთი

შავი ზღვა