არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩეთ რუმები — როგორ შემიძლია საფრთხის არიდება?

ჩეთ რუმები — როგორ შემიძლია საფრთხის არიდება?

ახალგაზრდების შეკითხვები

ჩეთ რუმები — როგორ შემიძლია საფრთხის არიდება?

„მე რეგულარულად ვიყავი ჩეთ რუმში დღეში სამი ან ოთხი საათის განმავლობაში. ზოგჯერ კი, შეუსვენებლივ, ექვსი ან შვიდი საათი“ (ხოსე). *

ჩეთ რუმებმა — სხვა ნებისმიერი ადგილის მსგავსად, სადაც უცხო ადამიანებს ხვდები — შეიძლება შეგიქმნას საფრთხე, რომლის შესახებაც უნდა იცოდე. მაგალითად, დიდ ქალაქში ჩასვლისას, ცხადია, ეცდები, აირიდო ნებისმიერი საფრთხე; ამიტომ იგებ, თუ რომელი ადგილებია საშიში, შემდეგ კი მოერიდები იქ გავლას.

ასევე ხდება, როცა უნდა ესტუმრო ჩეთ რუმს. გასული თვის „გამოიღვიძეთ!“–ში საუბარი იყო იმ ორი საფრთხის შესახებ, რომლებიც ბევრი ჩეთ რუმისთვის არის დამახასიათებელი. კერძოდ, იქ შეიძლება უზნეო ადამიანებს გადაეყარო; აგრეთვე ჩეთ რუმებმა გიბიძგოს, რომ მატყუარა გახდე. არსებობს სხვა საფრთხეც, რომელიც უნდა გაითვალისწინო. მაგრამ უპირველესად გავიგოთ, თუ როგორ არის ჩეთ რუმები დაყოფილი.

რა მიზნით არის დაყოფილი?

ჩეთ რუმები, ჩვეულებრივ, დაყოფილია თემების მიხედვით, რომლებიც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს იზიდავს. ზოგი სპორტის რომელიმე სახეობის ან რაიმე ჰობის განსახილველად არის განკუთვნილი. სხვები სატელევიზიო პროგრამებს ეხება, ზოგი კი იმ ადამიანებთან სასაუბროდ არის გამიზნული, რომლებიც აცხადებენ, რომ მიეკუთვნებიან ამა თუ იმ რელიგიას.

თუ შენ იეჰოვას მოწმე ხარ, ალბათ, ცნობისმოყვარეობა აღგძრავს, ესტუმრო ჩეთ რუმს, სადაც მთელი მსოფლიოდან მოწმე ახალგაზრდებს შეუძლიათ შეიძინონ მეგობრები. მეგობრების პოვნა ახალგაზრდებს შორის, რომლებიც შენს რწმენას იზიარებენ, სასურველი მიზანია. მაგრამ ასეთი ჩეთ რუმები მზაკვრულ საფრთხეს წარმოადგენს ქრისტიანისთვის. როგორი შეიძლება იყოს ეს საფრთხე?

ზნეობრივად გახრწნის საშიშროება

„ჩეთ რუმში ურთიერთობა მქონდა ადამიანებთან, რომლებზეც ვფიქრობდი, რომ ყველანი იეჰოვას მოწმეები იყვნენ, — ამბობს ახალგაზრდა ტაილერი. — რამდენიმე ხნის შემდეგ, ზოგიერთებმა დაიწყეს ჩვენს რწმენაზე უარყოფითი საუბრები. მალე აშკარა გახდა, რომ ისინი სინამდვილეში განდგომილები იყვნენ“. ეს ადამიანები მიზანდასახულად ცდილობდნენ, გავლენა ექონიათ იმ ახალგაზრდების ზნეობაზე, რომლებიც მათი სიტყვების თანახმად, მათი თანამორწმუნეები იყვნენ.

ღვთის ძე, იესო ქრისტე, აფრთხილებდა თავის მიმდევრებს, რომ მათ შორის იქნებოდნენ ისეთები, რომლებიც თავს დაესხმოდნენ მორწმუნეებს (მათე 24:48—51; საქმეები 20:29, 30). მოციქული პავლე ასეთ ადამიანებს ცრუძმებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი „მალულად შემოიპარნენ“, რათა კრებაში სულიერი ზიანი მიაყენონ ქრისტიანებს (გალატელები 2:4). ბიბლიის ერთ–ერთი წიგნის დამწერი, იუდა ამბობს, რომ ისინი „შემოიპარნენ“, რადგან მათი მიზანია ‘ღვთის წყალობა თავაშვებულობის გასამართლებლად გამოიყენონ’ (იუდა 4). ის აგრეთვე მათ „წყალქვეშა კლდეებს“ უწოდებს (იუდა 12).

როგორც დავინახეთ, პავლეც და იუდაც იმ ფარული მეთოდების შესახებ ლაპარაკობენ, რომლებსაც ხშირად განდგომილები იყენებენ. ბიბლიის ეს დამწერები აღნიშნავენ, რომ განდგომილები ‘მალულად შემოიპარებოდნენ’, რათა მორალურად გაეხრწნათ კრებაში ქრისტიანები. დღეს ჩეთ რუმები უზნეო ადამიანებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ნიღაბამოფარებულებმა მზაკვრულად იმოქმედონ. წყალქვეშა კლდეების მსგავსად, ეს ცრუ ქრისტიანები თავიანთ რეალურ სახეს მალავენ და საკუთარ თავს მოწმე ახალგაზრდებზე მზრუნველებად წარმოადგენენ. მაგრამ მათი მიზანი წინდაუხედავთა რწმენის ხომალდის დამსხვრევაა (1 ტიმოთე 1:19, 20).

ეს ჟურნალი, ისევე როგორც იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული სხვა პუბლიკაციები, არაერთხელ აფრთხილებს ყველას ამ კონკრეტული საშიშროების შესახებ *. ის, ვისაც ჩეთ რუმში ხვდები და იეჰოვას მოწმედ აცხადებს თავს, თუნდაც განდგომილი არ იყოს, არის პიროვნება, რომელიც უგულებელყოფს ბიბლიურ რჩევებს. ნუთუ გსურს ისეთი მეგობრის ყოლა, რომელიც ყურად არ იღებს ბიბლიურ გაფრთხილებებს? (იგავები 3:5, 6; 15:5).

განმარტოების საშიშროება

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უნდა დაფიქრდე არის ის, თუ რამდენ დროს გართმევს ჩეთ რუმი. ხოსე, რომელიც სტატიის დასაწყისშია მოხსენიებული, ამბობს: „ზოგჯერ ისე მიტაცებს ჩეთ რუმი, რომ ჭამაც კი მავიწყდება“.

შესაძლოა, შენ ისე არ გაგიტაცოს ჩეთ რუმებმა, როგორც ხოსე. მაგრამ დრო, რომელიც ჩეთ რუმებში სალაპარაკოდ გჭირდება, სხვა საქმიდან უნდა გამოისყიდო. ასეთ შემთხვევებში შეიძლება ხელი შეგეშალოს არა საშინაო დავალებების შესრულებაში თუ საოჯახო საქმეებში, არამედ პირველ რიგში, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობაში. ესპანეთში მცხოვრები ადრიანა ამბობს: „როგორც კი მაგიდიდან ვდგებოდი, მაშინვე ჩეთ რუმში შევდიოდი სალაპარაკოდ. ისე ვიყავი ჩეთ რუმით გატაცებული, რომ თითქმის საერთოდ აღარ ვლაპარაკობდი ოჯახის წევრებთან“.

თუ ჩეთ რუმში ბევრ დროს კარგავ, ამით შენთვის ნამდვილად ძვირფასი ადამიანებისგან განმარტოვდები და საკუთარ თავს მათთთან ურთიერთობის საშუალებას წაართმევ. ბიბლია იძლევა მნიშვნელოვან გაფრთხილებას: „განმარტოებული კაცი თავისი ეგოისტური სურვილის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1აქ). უცხო ადამიანებმა, რომლებსაც ჩეთ რუმში ხვდები, საეჭვოა, გიბიძგონ იმისკენ, რომ ბიბლიაში მოცემული პრაქტიკული სიბრძნის მიხედვით იცხოვრო. ისინი, ალბათ, უფრო იმისკენ გიბიძგებენ, რომ საკუთარი ინტერესები პირველ ადგილზე დააყენო. აგრეთვე ისინი ეცდებიან, დაგარღვევინონ ქრისტიანული პრინციპები.

ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ჩეთ რუმმა შეიძლება მიგიზიდოს, არის ის, რომ ინტერნეტში უფრო ადვილად საუბრობ, ვიდრე ოჯახის წევრებთან. შეიძლება ფიქრობ, რომ ვისთანაც ლაპარაკობ ჩეთ რუმში, ისინი უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი სხვადასხვა საკითხზე შენი აზრის მოსმენით და, შესაძლოა, უფრო გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს. მეორე მხრივ, შეიძლება ფიქრობ, რომ შენი ოჯახის წევრები ძალიან დაკავებულები არიან, რათა გესაუბრონ იმ საკითხებზე, რაც გაინტერესებს ან კიდევ შეიძლება მათ უძნელდებათ თავიანთი გრძნობების თავისუფლად გამოხატვა.

და მაინც, ჰკითხე საკუთარ თავს: „იციან მათ, ვისთანაც ჩეთ რუმში ვლაპარაკობ, სინამდვილეში ვინ ვარ? ნამდვილად არიან ისინი დაინტერესებულნი ჩემი კეთილდღეობით?“ ოჯახის წევრებს ცხადია სურთ, იზრუნონ შენს ემოციურ თუ სულიერ ჯანმრთელობაზე. თუ შენი მშობლები ცდილობენ ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრებას, ისინი დაინტერესებულნი იქნებიან შენთან ახლო ურთიერთობით (ეფესოელები 6:4). თუ გულწრფელად გამოხატავ მათთან შენს აზრებსა და გრძნობებს, შეიძლება გაგაკვირვოს კიდევაც იმან, რომ ისინი ბევრად უკეთესად გამოგეხმაურებიან, ვიდრე მოელი (ლუკა 11:11—13).

საფრთხის არიდება

შენ შეიძლება საფუძვლიანი მიზეზი გაქვს, რომ ჩეთ რუმში შეხვიდე, მაგალითად, იმ მასალების მოსაძებნად, რომელთა ნახვაც სკოლაში დაგავალეს *. თუ ასეა, დარწმუნებული იყავი იმაში, რომ ჩეთ რუმი მახედ არ გექცევა, თუ სიფრთხილისთვის შემდეგ ზომებს მიმართავ.

პირველი: მოერიდე შენს ოთახში განმარტოებით ინტერნეტით სარგებლობას. თუ ასე არ გააკეთებ, შეიძლება ითქვას, რომ იხეტიალებ უცხო ქალაქის ბნელ ქუჩაში მარტო და თავს საფრთხეში ჩაიგდებ. უმჯობესია, კომპიუტერი გამოსაჩენ ადგილას დადგა, სადაც სხვებს ადვილად შეეძლებათ, დაინახონ, თუ რას აკეთებ.

მეორე: შეეცადე უკეთესი ურთიერთობა გქონდეს მშობლებთან. აჩვენე მათ, თუ რომელ საიტებზე შედიხარ და აუხსენი, რატომ გჭირდება განსაზღვრულ ჩეთ რუმში შესვლა. აგრეთვე, წინასწარ განსაზღვრე, თუ რამდენ ხანს იჯდები კომპიუტერთან და შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოიქეცი.

მესამე: დააყენე ისეთი კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც შემოსული ინფორმაციის „გაფილტვრის“ საშუალებით დაგიცავს იმ უზნეო ხასიათის მასალის საზიანო გავლენისგან, რომელიც შეიძლება ელექტრონული ფოსტით მიიღო. თუკი მიიღებ უზნეო ხასიათის მასალას, მაშინვე უთხარი შენს მშობლებს ან მასწავლებელს ამის შესახებ. ზოგიერთი ქვეყნის კანონის თანახმად, უფროსები, რომლებმაც იციან, რომ შენ არასრულწლოვანი ხარ და მაინც გიგზავნიან სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებულ შეტყობინებებს ან პორნოგრაფიულ მასალას, დანაშაულს ჩადიან. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მათ შესახებ პოლიციას ეცნობოს.

გარდა ამისა, არასდროს უთხრა შენი სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი ან ის, თუ რომელ სკოლაში დადიხარ, მას, ვისაც ჩეთ რუმში ხვდები. არასდროს დათანხმდე მათ პირისპირ შეხვედრაზე!

ათასობით წლის წინ ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვები მნიშვნელოვანია იმ საშიშროებებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩეთ რუმებში იქმნება: „გონიერმა დაინახა ბოროტი და გაერიდა, ბრიყვებმა კი გადაიარეს და დაისაჯნენ“ (იგავები 22:3).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 13 იხილეთ 2004 წლის 8 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 24—27.

^ აბზ. 21 იხილეთ 2000 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 20.

[სურათი 17 გვერდზე]

გონივრულია, აჩვენო მშობლებს, თუ რას ნახულობ ინტერნეტში.