არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დიდი არჩევანი, ნაკლები კმაყოფილება?

დიდი არჩევანი, ნაკლები კმაყოფილება?

დიდი არჩევანი, ნაკლები კმაყოფილება?

დღეს შეერთებულ შტატებში ხალხს „ცხოვრების მრავალ სფეროში არჩევნის გაკეთების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ოდესმე“, — აღნიშნავს ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“ გამოქვეყნებული ერთი სტატია. ეს მართლაც ასეა, როცა საქმე ეხება საქონლის, მომსახურების, სამუშაოსა და თვით მეგობრების არჩევას. გონივრულია ვიფიქროთ, რომ დიდ არჩევანს მეტი კმაყოფილება მოაქვს. მაგრამ საოცარია, რომ ხშირად პირიქით ხდება. როგორ?

სტატიაში ნათქვამი იყო, რომ არჩევანთან დაკავშირებული ჩვენი თვალსაზრისი გავლენას ახდენს ბედნიერებაზე. მაგალითად, ზოგი ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავს საქონლის შერჩევაზე; ისინი ყურადღებით კითხულობენ იარლიყებს და ამოწმებენ ახალ ნაწარმს, შემდეგ თავიანთ შერჩეულ საქონელს იმასთან ადარებენ, რასაც სხვები ყიდულობენ. სხვები კი კარგი საქონლით კმაყოფილდებიან მაშინაც კი, როცა უკეთესი არჩევანი არსებობს. ისინი წყვეტენ ძებნას, როცა მიაგნებენ იმას, რაც აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებას.

ნათელია, რომ მათ, რომლებსაც სურთ, ყოველთვის საუკეთესო შეიძინონ, სულ უფრო უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, რადგან არჩევნის საშუალება დღითი დღე იზრდება. მერე კი, როცა რაღაცას შეარჩევენ, „იმაზე წუხან, რომ დრო არ დარჩათ სხვა საქონლის შესამოწმებლად“, — აღნიშნავს „საიენტიფიკ ამერიკენი“. საბოლოოდ, ასეთები „ნაკლებად არიან კმაყოფილები და ბედნიერები; არა აქვთ ოპტიმისტური თვალსაზრისი და ხშირად ვარდებიან დეპრესიაში“. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან? „საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, ვიფიქროთ, — ნათქვამია სტატიაში, — რომ უსაზღვროდ დიდი არჩევანი ხელს უწყობს თანამედროვე საზოგადოებაში, სულ მცირე, სტრესის ეპიდემიასავით გამრავლებას“.

მიუხედავად ამისა, მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ შესაძლებელია ფართო არჩევნით გამოწვეული სტრესის შემცირება. როგორ?

● შეამცირეთ არჩევანი, თუ საქმე ძალიან მნიშვნელოვანს არ ეხება. მაგალითად, საყიდლებზე წასვლისას გადაწყვიტეთ, არ ეწვიოთ ორ მაღაზიაზე მეტს.

● ნაცვლად იმისა, რომ განაგრძოთ „საუკეთესოს“ ძებნა, იყიდეთ ის, რაც აკმაყოფილებს თქვენს ძირითად მოთხოვნილებას. შემდეგ შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი, რომ შეგეძლოთ უკეთესი არჩევანი გაგეკეთებინათ.

● რამდენიმე ვარიანტიდან, როცა ერთ-ერთს შეარჩევთ, ყურადღება ნაყიდი ნივთის კარგ მხარეებზე გადაიტანეთ და შეგნებულად აღარ იფიქროთ სხვაზე.

● „ძალიან ბევრს ნუ ელი და გულიც არ დაგწყდება“. შეიძლება ეს რჩევა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ის გონივრულია, თუ გსურთ, ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება და კმაყოფილება მიიღოთ.

[საავტორო უფლება 31 გვერდზე]

წყარო: „საიენტიფიკ ამერიკენი“