„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იეჰოვას ორგანიზაციაში!“
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იეჰოვას ორგანიზაციაში!“
ფინეთში ერთ ოჯახს იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა ურთიერთობა, რასაც მრავალი ადამიანის წინააღმდეგობა მოჰყვა. ამ ოჯახს ხშირად აფრთხილებდნენ: „მათ (იეჰოვას მოწმეებს) თქვენი ფული უნდათ“. „იცოდეთ, სახლს დაკარგავთ!“ ერთ ღამეს, სრულიად შემთხვევით, მათ შენობას, სადაც სახლის გათბობის სისტემა იყო, ხანძარი გაუჩნდა და საგრძნობლად დაზიანდა. ეს სერიოზული ზარალი იყო მათთვის, თუ ჩრდილოეთის მკაცრ კლიმატს გავითვალისწინებთ.
სადაზღვევო კომპანიამ ნაწილობრივ დაფარა აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯი. გაჩენილმა ხანძარმა თითქოს გაამართლა მოწინააღმდეგეების ავის მომასწავებელი სიტყვები. ოჯახის თავი მწუხარებით იხსენებს, რომ სასოწარკვეთილნი იყვნენ. ყველაფრის მიუხედავად, ცოლ-ქმარმა არ გადადო ნათლობა, რომელიც სამი კვირის შემდეგ იყო დაგეგმილი.
ადგილობრივ კრების წევრებს შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, რომ ბიბლიური რჩევა პრაქტიკაში გამოეყენებინათ: „შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:18). თანამორწმუნეებმა სარემონტო სამუშაოების გეგმა შეადგინეს. ფინეთში იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა ამ სამუშაოების შესასრულებლად პრაქტიკული მითითებები მისცა მათ. გაკეთდა შენობის ნახაზი, აღებულ იქნა ნებართვა მშენებლობაზე, უკვე ადგილზე იყო საშენი მასალა და მოხალისეებიც მოიწვიეს.
ხანძრის გაჩენიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ სამუშაო გაჩაღდა. ოთხშაბათს ადგილობრივმა მოწმეებმა შენობა დამწვარი ნარჩენებისგან გაასუფთავეს და პარასკევს სხვა კრების წევრების დახმარებით შენობის კარკასიც გამოჩნდა. ქალაქისკენ მიმავალ გზაზე სახლის პატრონს შემთხვევით შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც აინტერესებდა, გადააფარა თუ არა მან წყალგაუმტარი ბრეზენტი დაზიანებულ შენობას. „არა, ბრეზენტი საჭირო აღარ არის, — ამაყად უპასუხა სახლის პატრონმა. — ახლა სახურავზე ოცდაათი კაცი მუშაობს“.
შაბათს მშენებლობაზე დაახლოებით 50-მა სულიერმა და-ძმამ მოიყარა თავი. ისინი გახარებულნი იყვნენ, რომ სხვების დახმარების შესაძლებლობა მიეცათ. ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელმაც ასევე დახმარების ხელი გაუწოდა დაზარალებულებს, თქვა: „სწორედ გუშინ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი განსაკუთრებული ხალხი ხართ! თქვენ მართლაც ეხმარებით ერთმანეთს და ზრუნავთ ერთიმეორეზე“.
აღდგენითი სამუშაოები შაბათ საღამოს დასრულდა. ახალი შენობა ახლა უკვე იდგა იმ გაფრთხილებების პასუხად, რომლებიც მათი მისამართით ისმოდა. ერთი კრების უხუცესი იმ წუთებს იხსენებს, როცა სახლის პატრონთან ერთად თავიანთი შრომის ნაყოფს უყურებდნენ: «საოცარი გრძნობა დამეუფლა, როცა ახალმონათლულ ძმას მხარზე ხელი დავადე და ვუთხარი: „კეთილი იყოს შენი მობრძანება იეჰოვას ორგანიზაციაში!“»
[სურათი 31 გვერდზე]
ხანძრის შემდეგ.
[სურათი 31 გვერდზე]
აღდგენითი სამუშაოები.