მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
დედები. გმადლობთ ლამაზად დაწერილი სტატიათა სერიისთვის „დედების როლი შვილების აღზრდა-განათლებაში“ (8 მარტი, 2005). ის იმდენად შეეხო ჩემს გულს, რომ დავამთავრე თუ არა კითხვა, მაშინვე დედას დავურეკე. დედამ მე და ჩემი ძმა მარტომ აღგვზარდა. მან სახსრები არ დაიშურა განათლების მისაღებად, რათა შემდგომ ჩვენ დაგვხმარებოდა. დედა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არ გაგვეცდინა ქრისტიანული შეხვედრები და მსახურება. მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. გმადლობთ, რომ გამახსენეთ, რა შესანიშნავად ზრუნავდა დედაჩემი ჩვენზე.
მ. ს. (შეერთებული შტატები).
სტატიებმა გამახსენა, როგორ თავდაუზოგავად ცდილობდა დედაჩემი, ჩემთვის სულიერი განათლება მოეცა და ზნეობრივი ნორმები ესწავლებინა. მიუხედავად იმისა, რომ მამა არც ემოციურად გვეხმარებოდა და არც მატერიალურად, დედამ იეჰოვას სიყვარული მასწავლა. მან წამახალისა, სრული დროით მსახური გავმხდარიყავი. მაშინ დედაჩემს ნაკლებად ვაფასებდი, მაგრამ როგორც სტატიებში გვირჩევენ, ის შექებას ნამდვილად იმსახურებს. დედას, რომელიც საკმაოდ შორს ცხოვრობს, მაშინვე დავურეკე მადლობის სათქმელად!
ჩ. ხ. კ. (კორეა).
მამა ჩვენს ქრისტიანულ შეხედულებებს არ იზიარებს. „იეჰოვას მოსაწონად“ დედამ აღმზარდა (ეფესოელები 6:4). მისთვის ეს არ იყო იოლი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგჯერ არასწორ დამოკიდებულებას ვავლენდი. ახლა 24 წლის ვარ და დიდად მადლიერი ვარ, რომ დედამ ხელი არ ჩაიქნია და სიძნელეების მიუხედავად განაგრძობდა ჩემს გულში ბიბლიური ჭეშმარიტების ჩანერგვას.
დ. მ. (იტალია).
დნმ. მომეწონა სტატია «„უსარგებლოა“ დნმ?» (8 მარტი, 2005). რამდენიმე წლის წინ მოლეკულურ ბიოლოგიას ვსწავლობდი. აღმაშფოთა სახელმძღვანელომ, რომლის სათაურიც იყო „დნმ-ს 95 პროცენტი უსარგებლოა“. წიგნის ავტორი შესანიშნავი ილუსტრაციების მეშვეობით აღწერდა დნმ-ს მუშაობის პრინციპს, მერე კი მისი არსებობისთვის ევოლუციას ემადლიერებოდა. ალბათ, ხვდებით, რა ბედნიერი ვიყავი, როცა „გამოიღვიძეთ!“-ში ვითომდა უსარგებლო დნმ-ს შესახებ წავიკითხე.
ჯ. ჩ. (შეერთებული შტატები).
ახალგაზრდების შეკითხვები. სტატია, „როგორ შემიძლია საკუთარი ემოციების მართვა?“ (8 მარტი, 2005) ჩემს გულს შეეხო. 31 წლის ვარ და ქრისტიანული პრინციპები ბავშვობიდან ჩამინერგეს, მაგრამ მოწიფული ქრისტიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს ვერ ვავლენ. ამას წინათ ისეთ ისტერიკაში ჩავვარდი, რომ თავადვე გავოცდი. დედის და ერთი ქრისტიანი დის რჩევები დამეხმარა. შემდეგ ეს სტატიაც მოვიდა; მართლაც რომ დროულად. სტატია ორჯერ წავიკითხე. ახლა მას გამოსაჩენ ადგილას ვინახავ, რომ საჭიროების შემთხვევაში გადავიკითხო და ვისწავლო საკუთარი ემოციების მართვა.
ე. ბ. (გერმანია).
ჟესტების ენა. გაოცებული ვარ იმით, რომ ძალიან ხშირად წერთ სტატიებს ყრუ-მუნჯებზე. ახლახან რუბრიკაში „რა ხდება მსოფლიოში“ დაიბეჭდა მოკლე ინფორმაცია „ჟესტების ენა ინტერნეტში“ (8 თებერვალი, 2005 [რუს.]). მე იეჰოვას მოწმე ვარ და უკვე მრავალი წელია, რაც აქტიურ მონაწილეობას ვღებულობ ქრისტიანულ მსახურებაში. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ქადაგების დროს ყრუ-მუნჯებს არასოდეს შევხვედრივარ! ნუთუ მართლა ამდენი ყრუ-მუნჯია?
სახელი მითითებული არ არის (შეერთებული შტატები).
„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ერთი გამოკვლევის თანახმად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს, რომელთა ასაკი 5 წლიდან იწყება, სმენასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აწუხებს. მათ სასმენი აპარატის გამოყენებითაც კი ცუდად ესმით. აქედან თითქმის 1 მილიონი მხოლოდ ჟესტების ენაზე ლაპარაკობს. მეორე გამოკვლევის შედეგად ფიქრობენ, რომ ამავე ქვეყანაში დაახლოებით 28 მილიონ ადამიანს აქვს სმენა დაქვეითებული, რომლებიც არ იყენებენ სასმენ აპარატებს. შესაძლებელია შეხვდეთ ყრუ-მუნჯს და ვერ მიხვდეთ, რადგან ისინი მიდრეკილნი არიან, ხალხს გვერდი შეუმჩნევლად აუარონ. გარდა ამისა, თუ ყრუ სხვებთან ერთად ცხოვრობს, ხშირად კარებს სწორედ ისინი აღებენ, ვისაც კარგი სმენა აქვს.