რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
მეგობრობა გულზე დადებითად მოქმედებს
„მეგობრების ყოლა და ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადების ან ინფარქტის რისკს“, — აღნიშნავს ერთი ესპანური გაზეთი (Diario Médico). ექიმები დიდი ხანია თვლიან, რომ გულზე ძირითადად ქოლესტერინის მომატება, სისხლის მაღალი წნევა და სიმსუქნე მოქმედებს. მაგრამ ბოლო დროს 500 ქალის გამოკვლევის შედეგად, რომლებიც გულმკერდის არეში ტკივილებს უჩიოდნენ, ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ „ისინი, რომლებიც ასეთი ურთიერთობის ნაკლებობას განიცდიდნენ, ორჯერ უფრო მეტად იყვნენ ნაადრევი სიკვდილის საფრთხის წინაშე, ვიდრე ურთიერთობის მოყვარული ქალები“. გამოკვლევის თანაავტორი კარლ პეპენი ამატებს, რომ „ერთი ან ორი ახლო მეგობრის ყოლაც კი ამცირებს ინფარქტის რისკს“.
ომში მონაწილე ცხოველებს მონუმენტი დაუდგეს
„ლონდონში მონუმენტი დაუდგეს ცხოველებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ბრიტანეთისა და მოკავშირეთა ძალების დასახმარებლად ომებსა და კონფლიქტებში მონაწილეობდნენ“, — აღნიშნავს გაზეთი „ტაიმზი“. ეს არის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელზეც გამოსახულია ცხენი, ძაღლი და ორი დატვირთული ჯორი. ქანდაკებას გარშემო შემოვლებული აქვს ქვის კედელი, რომელზეც ამოკვეთილია სხვადასხვა ომში მონაწილე სხვა ცხოველები. მაგალითად, პირველ მსოფლიო ომში დაახლოებით რვა მილიონი ცხენი, უამრავი ჯორი და ვირი დაიხოცა. გაზეთი „გარდიანი“ იტყობინება, რომ პირველ მსოფლიო ომში რუკის წასაკითხად ღამით ციცინათელებს იყენებდნენ. ერთი საოცარი ძაღლი, რომელსაც რობს ანუ „პარა-ძაღლს“ ეძახდნენ, ჩრდილო აფრიკასა და იტალიაში 20-ჯერ გადახტა პარაშუტით. გარდა ამისა, პირველ მსოფლიო ომში შერ-ემის სახელით ცნობილმა მტრედმა, „სულ მცირე, 12 წერილი მიიტანა ადრესატამდე და პატრონისთვის არასოდეს გაუცრუებია იმედი“, — ნათქვამია „ტაიმზში“. ერთი წყაროს თანახმად, ამ ომში დაახლოებით 20 000 მტრედი მოკვდა.
თარგმანზე ფასები იზრდება
ევროკავშირში გაერთიანებულ 15 სახელმწიფოს 2004 წლის მაისში კიდევ ათი ქვეყანა დაემატა. ამან ლინგვისტური პრობლემები წარმოშვა, რასაც შედეგად თარგმანზე ფასების ზრდა მოჰყვა. 20 ენა, რომელსაც 25 ქვეყანა იყენებს, ოფიციალურ ენად არის მიჩნეული, ამიტომ დოკუმენტები ყველა ენაზე უნდა ითარგმნოს. «„გაფართოებამდე“ ევროკომისიისთვის 2003 წელს 1 416 817 გვერდი ითარგმნა», — შენიშნავს საფრანგეთის ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი (Valeurs Actuelles). მაგრამ, ახლა ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. ცხრა ახალი ენის შედეგად წარმოქმნილი შესაძლო კომბინაციები (მაგალითად, მალტურ-ფინური ან ესტონურ-ბერძნული) 110-დან 380-მდე გაიზარდა. კვალიფიცირებული მთარგმნელებისა და თარჯიმნების პოვნა რთულია. მთარგმნელებისთვის წლიურად გამოყოფილი თანხა, რომელიც დღეისათვის 550 მილიონ ევროს შეადგენს, დრამატულად იზრდება და „შესაძლოა 808 მილიონ ევრომდე გაიზარდოს“, — ამბობს ევროკომისიის მთარგმნელობითი განყოფილების თანამშრომელი რობერტ როუ.
„უწმინდური“ სურნელი
სანთლებისა და საკმევლის წვის შედეგად გამოყოფილმა მავნე ნივთიერებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მღვდლებისა და მრევლის ჯანმრთელობას, თუ ისინი დღის განმავლობაში დიდხანს იქნებიან იმ ეკლესიებში, სადაც ცუდი ვენტილაციაა, ნათქვამია ავსტრალიაში გამომავალ ერთ გაზეთში (The Sydney Morning Herald). შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ორ ეკლესიაში მავნე ნივთიერებების „დონემ 20-ჯერ გადააჭარბა იმას, რაც ევროპის გარემოს დაბინძურების სტანდარტებით უსაფრთხოდ არის მიჩნეული“, — აღნიშნულია გაზეთში. სპეციალისტების აზრით, ეკლესიებში ისეთივე დაბინძურებული ჰაერია, როგორიც „გზის პირას, სადაც დღეში 45 000 ავტომანქანა გადის“. ასეთი ჰაერის რეგულარულად ჩასუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის კიბო ან ფილტვების დაავადება, ამბობს გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი.