არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამარხები ძველ რელიგიურ წარმოდგენებთან გაცნობის საშუალება

სამარხები ძველ რელიგიურ წარმოდგენებთან გაცნობის საშუალება

სამარხები ძველ რელიგიურ წარმოდგენებთან გაცნობის საშუალება

წარმოიდგინეთ, რომ ათასწლეულების წინათ ცხოვრობთ და შუმერის აყვავებულ სატახტო ქალაქ ურში ხართ. ხედავთ მრავალრიცხოვან შუმერთა სამგლოვიარო სვლას. ისინი ქალაქიდან გამოვიდნენ, სამაროვანში შევიდნენ და ახლახან გარდაცვლილი მმართველის სამარხში ჩადიან. სამარხის კედლები და იატაკი ჭილობებითაა მოფენილი, ირგვლივ კი შუმერული ხელოვნების საუცხოო ნიმუშებია. მეომრები, მსახურები და ქალები სამარხში დამკვრელებთან ერთად ჩადიან. ყველას საუკეთესო მორთულობა და სამოსი ამშვენებს. სამეფო კარის წარმომადგენლები ამაყად ატარებენ თავიანთი წოდების მაჩვენებელ ნიშნებს. ისინი ხარებსა და ვირებში შებმულ ეტლებზე სხედან. ცხოველებს გვერდით მსახურები მიუყვებიან. ყველა თავის ადგილს იკავებს და მუსიკის თანხლებით რელიგიური მსახურება ტარდება.

რიტუალის დასასრულს ყველა, მსახურებისა და დამკვრელების ჩათვლით, იღებს თიხის, ქვის ან ლითონის პატარა თასს, რომელიც თან აქვთ წამოღებული. თავ-თავიანთი თასებით სპილენძის ჭურჭლიდან იღებენ სპეციალურად მომზადებულ საწამლავს და სვამენ. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ძირს წვებიან. ისინი ჭილობზე მშვიდად და მოხერხებულად თავსდებიან, იძინებენ და კვდებიან. ვიღაცა სწრაფად ხოცავს საქონელს. მუშები სამარხში ჩადიან და ლუქავენ მას. შუმერებს სწამთ, რომ მათი მეფე-ღმერთი ჩამარხულ ეტლთან, სამეფო კარის მსახურებთან და მეომრებთან ერთად განდიდებული გადავა საიქიოში.

სამხრეთ ერაყში წარმოებული გათხრებისას არქეოლოგმა ლენარდ ვულმა ძველი ურის სამაროვანში აღმოაჩინა 16 „მეფეთა აკლდამა“, — სწორედ ისეთი, როგორიც ზემოთ იყო აღწერილი. მართალია სამარხები საზარელი სანახავი იყო, მაგრამ ისინი მნიშვნელოვან აღმოჩენად ითვლება. პოლ ბანი თავის წიგნში „სამარხები, საფლავები და მუმიები“ ამბობს: „ამ სამარხებში აღმოჩენილი სიმდიდრე დღემდე მესოპოტამიის უდიდეს არქეოლოგიურ მონაპოვრად ითვლება. მასში შედის შუმერული ხელოვნების ყველაზე ცნობილი ნიმუშები. ისინი ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმსა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმში ინახება“.

ძველი ურის სამარხები გამონაკლისი არაა და მხოლოდ აქ არ გვხვდება ადამიანებისა და ცხოველების შეწირვის შემაძრწუნებელი სურათი. უძველეს ცივილიზაციებში სამეფო კარის მსახურები და მეფის ოჯახის წევრები არაფერს იშურებდნენ და ზოგჯერ უმოწყალოდაც კი მოქმედებდნენ, როცა საქმე სიკვდილს და საიქიო ცხოვრებას ეხებოდა. სიმდიდრეში ჩაძირული და განძეულობით სავსე მათი სამარხები ხშირად სასახლეებსაც არ ჩამორჩებოდა. დღეს ეს სამარხები, უფრო მოკრძალებულ სხვა სამარხებთან ერთად, წარსულს გვაცნობს — წარმოდგენას გვიქმნის ძველი ცივილიზაციებისა და ხალხების რელიგიურ წარმოდგენებზე, კულტურაზე, ხელოვნებასა და ტექნიკურ მიღწევებზე.

ხრწნა დიდებაში, თუმცა სხვებთან ერთად

1974 წელს, როცა ქალაქ სიანთან ახლოს (ჩინეთი) ჭას თხრიდნენ, წყლის ნაცვლად თიხის ფიგურები და ბრინჯაოს მშვილდ-ისრების ნაწილები იპოვეს. ამგვარად, სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ იქნა 2 100 წლის წინანდელი „ცინის ტერაკოტის ჯარი“. ეს იყო ტერაკოტისგან (გამომწვარი ფერადი თიხისგან) დამზადებული მეომრებისა და ცხენების 7 000-ზე მეტი უზარმაზარი ფიგურა. ისინი სამხედრო წოდებების მიხედვით თანმიმდევრულად იყო ჩამარხული. „ცინის ტერაკოტის ჯარი“ ჩინეთის იმპერატორის სამარხის ნაწილია და მისი სახელწოდება უკავშირდება იმპერატორ ცინ შიხუანდის, რომელმაც ძვ. წ. 221 წელს ურთიერთმოქიშპე სამეფოებად დაყოფილი ჩინეთი გააერთიანა.

ცინის მავზოლეუმს შეიძლება მიწისქვეშა სასახლეც ვუწოდოთ. საინტერესოა, რატომ დამარხეს ის ტერაკოტის ჯართან ერთად? ჟან ვენლი თავის წიგნში „ცინის ტერაკოტის ჯარი“ განმარტავს, რომ ცინის „მავზოლეუმი წარმოდგენას გვიქმნის ცინის იმპერიაზე. მავზოლეუმი იმ მიზნით ააგეს, რომ ცინ შიხუანდი სიკვდილის შემდეგაც უზრუნველეყოთ დიდებითა და ძლიერებით, რომელიც სიცოცხლეში ჰქონდა“. დღეს ეს სამარხი დიდი მუზეუმის ნაწილია, რომელიც ერთმანეთთან ახლოს მდებარე 400 სამარხს აერთიანებს.

ჟან ველის თქმით, „ამ სამარხის ასაგებად ცინის იმპერიის ყველა კუთხიდან 700 000-ზე მეტი ადამიანი იყო მობილიზებული. სამუშაოები ძვ. წ. 210 წელს ცინის სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა და, მთლიანობაში, 38 წელი გასტანა. მაგრამ ცინს მხოლოდ გამომწვარი ფერადი თიხისგან დამზადებული ფიგურები როდი ჩააყოლეს. ცინის მემკვიდრემ ბრძანება გასცა, რომ ცინთან ერთად მისი უშვილო ხარჭებიც დაემარხათ. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ამას შედეგად უამრავი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ასეთი შემთხვევები კი გამონაკლისი სულაც არ იყო.

მეხიკოს ჩრდილოეთით ქალაქ ტეოტიუაკანის ნანგრევებია. ამ ძველი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას „გარდაცვლილთა ქუჩა“ ეწოდებოდა. ზემოთ მოხსენიებული პოლ ბანი წერს: „ქუჩის გაყოლებაზე გვხვდება მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რამდენიმე არქიტექტურული მონუმენტი“. მათ შორისაა „მზის პირამიდა“ და „მთვარის პირამიდა“, რომლებიც ახ. წ. პირველ საუკუნეშია აგებული, და ასევე „კეცალკოატლის ტაძრის“ ნანგრევები.

„მზის პირამიდის“ შიდა ნაწილი, როგორც ჩანს, განკუთვნილი იყო უმაღლესი წოდების პირთა, მათ შორის შესაძლოა ქურუმთა, დასაკრძალად. აქვე არსებულ მასობრივ სამარხებში აღმოჩენილი გვამების ნაშთები იმაზე მეტყველებს, რომ დაკრძალული მმართველების „დასაცავად“ მეომრების მსხვერპლშეწირვა ხდებოდა. დაკრძალვის ზოგიერთ ჩვეულებას არქეოლოგები იმ აზრამდე მიჰყავს, რომ ამ ადგილას დაახლოებით 200 ადამიანის — მათ შორის ბავშვების — ნაშთია. ბავშვების შეწირვა, როგორც ჩანს, მონუმენტების მიძღვნის ნაწილი იყო.

საიქიოში გამგზავრება ნავით ან ცხენით

სიცოცხლეში დაგროვილ ფუფუნების საგნებს საიქიოში რომ გაიყოლებდნენ, ამის სჯეროდათ ვიკინგებსაც, სკანდინავიელ მეომარ მეზღვაურებს, რომლებიც დაახლოებით 1 000 წლის წინათ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ. მათ სწამდათ, რომ მიცვალებულები იმ ქვეყნად ცხენებით ან ნავებით გადადიოდნენ. ამიტომ ვიკინგების სამარხებში უამრავი რამის ნახვა შეიძლება — ცხენების ჩონჩხებით დაწყებული, ნავების ნაშთებით დამთავრებული. წიგნში „ვიკინგების ისტორია“ გვინ ჯონსი წერს: „მიცვალებულ მამაკაცს ან ქალს თან ატანდნენ ყველაფერს, რაც სიკვდილის შემდეგ მას ისეთივე ფუფუნებითა და დიდებით უზრუნველყოფდა, როგორიც სიცოცხლეში ჰქონდა . . . ლედბაისთან (დანია) [მდებარე სამარხში აღმოჩენილ] ნავს . . . ბორტზე ჰქონდა ღუზა, რომელიც ნავის პატრონს საზღვაო მოგზაურობის დასრულებისას უნდა ჩაეშვა“.

ვიკინგებს, როგორც მებრძოლ ტომს, სჯეროდათ, რომ ბრძოლაში თუ დაეცემოდნენ, ასგარდში — ღვთაებების სავანეში — მოხვდებოდნენ. „აქ მათ შეეძლოთ დღის განმავლობაში ებრძოლათ, ღამით კი ენადიმათ“, — ნათქვამია «ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“». ვიკინგთა დაკრძალვის ჩვეულებებში ადამიანთა მსხვერპლშეწირვაც შედიოდა. წიგნში „ვიკინგები“ ვკითხულობთ: „როდესაც ბელადი მოკვდებოდა, მონებსა და მსახურებს ეკითხებოდნენ, ვინ იყო მზად მასთან ერთად სიკვდილისთვის“.

ძველ კელტებს, რომლებიც ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრობდნენ, სწამდათ, რომ საიქიოში ვალის გადახდაც შეიძლებოდა. ალბათ, ეს კარგი მიზეზი იქნებოდა გასამრჯელოს გადახდის გადასავადებლად! მესოპოტამიაში ბავშვებს სათამაშოებთან ერთად მარხავდნენ. ძველად ბრიტანეთის ზოგ ნაწილში ჯარისკაცებს „საგზალს“ აყოლებდნენ, მაგალითად ბატკნის ბარკლებს, რათა იმ ქვეყნად მიმავალ გზაზე მშივრები არ ყოფილიყვნენ. ცენტრალურ ამერიკაში მაიას ტომში სამეფო ოჯახის წევრებს ნეფრიტისგან, მწვანე ფერის ძვირფასი ქვებისგან დამზადებულ ნივთებს აყოლებდნენ, რასაც სინესტის კონდენსირებასა და სუნთქვას უკავშირებდნენ. ამას შეიძლება იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა.

ძვ. წ. მეათე საუკუნის შემდეგ, დღევანდელი ბულგარეთის, ჩრდილოეთ საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ თრაკიელები — საშიში ტომები, რომლებიც ცნობილნი იყვნენ ოქრომჭედლობით. თრაკიელთა სამარხები იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავიანთ ბელადებს დიდი პატივით მარხავდნენ და თან ატანდნენ ეტლებს, ცხენებს, საუკეთესო იარაღს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოლებსაც კი. თრაკიელი ცოლები პატივად თვლიდნენ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას და ქმრებთან ერთად დამარხვას.

მოგვიანებით შავი ზღვის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ სკვითები. ეს მებრძოლი ტომები თავიანთ მსხვერპლთა თავის ქალებისგან გაკეთებულ სასმისებს იყენებდნენ და მათი სკალპისგან (თავის კანი თმებიანად) დამზადებულ მოსასხამებს იცვამდნენ. ერთ სკვითურ სამარხში აღმოაჩინეს ქალის ჩონჩხი, რომელსაც თან კანაფი (ბოჭკოვანი მცენარე) ჰქონდა ჩაყოლებული. მას თავის ქალაზე სამი პატარა ხვრელი ჰქონდა, შესაძლოა, სიმსივნისგან გამოწვეული ტკივილის შემსუბუქების მიზნით. კანაფი კი მას, ალბათ, იმიტომ ჩააყოლეს, რომ იმ ქვეყნად თავის ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალება ჰქონოდა.

ეგვიპტელთა წარმოდგენები საიქიოზე

კაიროს მახლობლად მდებარე პირამიდები და ქალაქ ლუქსორთან ახლოს, მეფეთა ველზე არსებული სამარხები ყველაზე ცნობილ უძველეს სამარხთა რიცხვს მიეკუთვნება. ძველი ეგვიპტელები „სამარხისა“ და „სახლის“ აღსანიშნავად ერთი და იმავე სიტყვას, „პერს“ იყენებდნენ. „ეს იყო სახლი სიცოცხლეში და სახლი სიკვდილის შემდეგ“, — ამბობს კრისტინ ელ მაჰდი თავის წიგნში „მუმიები, მითები და მაგია ძველ ეგვიპტეში“. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ეგვიპტელთა «რწმენით, სხეულის გადარჩენა აუცილებელი იყო ადამიანის სუბსტანციების — „კას“, „ბას“ და „ახის“ — გადასარჩენად».

„კა“ იყო ფიზიკური სხეულის სულიერი ორეული, რომელსაც ხორციელი ადამიანის მსგავსად ჰქონდა იმედები, სურვილები და მოთხოვნილებები. ადამიანის სიკვდილის შემდეგ „კა“ ტოვებდა სხეულს და სამარხში სახლდებოდა. „კას“ ისევე სჭირდებოდა ყველაფერი, როგორც ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ «ყველაფერი, რაც სამარხში იყო, ძირითადად, „კას“ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა», — წერს ელ მაჰდი. „ბას“, რომელსაც თვისებებთან და ხასიათთან აიგივებდნენ, ადამიანისთავიან ფრინველად წარმოსახავდნენ. „ბა“ სხეულში სახლდებოდა დაბადების დროს და მას სიკვდილისას ტოვებდა. რაც შეეხება „ახს“, „ის მუმიაში იყო და მაგიური სიტყვების წარმოთქმისას ცოცხლდებოდა *. „ახი“ ღვთაებების სავანეში ცხოვრობდა.

ადამიანის სამ სუბსტანციად დაყოფით ეგვიპტელები წინ უსწრებდნენ ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, რომლებიც ადამიანს ყოფდნენ ორ სუბსტანციად — სხეულად და ცნობიერების მქონე სულად. მართალია, ეს იდეა დღემდე საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ბიბლია საპირისპიროს გვასწავლის. მასში ნათქვამია: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, ხოლო მკვდრებმა არაფერი არ იციან“ (ეკლესიასტე 9:5).

სიკვდილის შიში

წიგნში „პრეისტორიული ხანის რელიგიური წარმოდგენები“ ი. ჯეიმზი წერს: „ადამიანისთვის ოდითგანვე სიკვდილი ყველაზე საშინელი და შემაძრწუნებელი მოვლენა იყო . . . ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მიცვალებულის კულტი ასე იყო გავრცელებული და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ადამიანთა საზოგადოებაში მისი არსებობის პირველი დღიდან“.

ჭეშმარიტი სიბრძნის უძველესი წიგნი, ბიბლია, სიკვდილს უკანასკნელ მტერს უწოდებს (1 კორინთელები 15:26). და ეს ნამდვილად ასეა. ვერც ერთი ტომი თუ ცივილიზაცია ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. მეორე მხრივ, დაბადების 3:19–ში ბიბლია ზუსტად აღწერს გარდაცვლილებთან დაკავშირებულ რეალობას: „მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები“. მრავალ გარდაცვლილთან დაკავშირებით ბიბლიაში ასევე გვხვდება ფრაზა „სამახსოვრო სამარხები“. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ მრავალი, ვინც სამარხშია (ისინიც კი, რომელთა სხეულიც სრულად გახრწნილია) ღვთის მეხსიერებაშია. მათ წინ ელით ბედნიერი დრო, როდესაც ღმერთი აღადგენს და დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს (ლუკა 23:43; იოანე 5:28, 29, სქოლიო).

ჯერ, სანამ ეს დრო დამდგარა, გარდაცვლილები ვერაფერს გრძნობენ. იესომ მათი მდგომარეობა ძილს შეადარა (იოანე 11:11—14). ასეთ მდგომარეობაში ადამიანს არც ინვენტარი სჭირდება და არც თანმხლები ამალა. სინამდვილეში, ჩამარხულ საუნჯეს ხშირად გარდაცვლილები კი არა, ცოცხლები — სამარხის ქურდები — ეპატრონებოდნენ! გარდაცვლილების მდგომარეობასთან დაკავშირებულ სწავლებას ბიბლია შემდეგი სიტყვებით განამტკიცებს: „ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ“ (1 ტიმოთე 6:7). ქრისტიანები ძალიან მადლიერნი არიან, რომ იციან ეს ჭეშმარიტება, რომელიც ‘ათავისუფლებს’ მათ სიკვდილის კულტთან დაკავშირებული ძველი თუ თანამედროვე უმოწყალო და ბარბაროსული წეს–ჩვეულებებისგან (იოანე 8:32).

და მაინც, ძველ გრანდიოზულ სამარხებს ჩვენთვის მხოლოდ მტვერი არ შემოუნახავთ. სამარხებში აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობისა და ცხედრების ნაშთების გარეშე, გაცილებით მწირი ცოდნა გვექნებოდა შორეული წარსულისა და უძველესი ცივილიზაციების შესახებ.

[სქოლიო]

^ აბზ. 20 „მუმია“ არაბული სიტყვაა და ნიშნავს „ბიტუმს“, „ფისს“. ამ სიტყვას თავდაპირველად ფისით მუმიფიცირებული გვამების აღსანიშნავად იყენებდნენ, რადგან ასეთი გვამები შავი ფერის იყო. დღეს ამ სიტყვაში გულისხმობენ ადამიანის გვამს ან ცხოველის ლეშს, რომელიც გახრწნისგან ბალზამირებით ან ბუნებრივად არის დაცული.

[ჩარჩო/სურათები 24 გვერდზე]

როგორი ჯანმრთელობა ჰქონდა ძველად ხალხს?

შორეულ წარსულში მცხოვრები ხალხის ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერებმა ბევრი რამ გაიგეს სამარხებში აღმოჩენილი მუმიფიცირებული გვამებისა და ტორფიან ჭაობებში, ცხელ ქვიშიან უდაბნოებში, ყინულსა და თოვლში ნაპოვნი ბუნებრივად დაცული გვამების შესწავლით. გენეტიკის წინსვლა დღეს მეცნიერებს ბევრი რამის განსაზღვრის საშუალებას აძლევს — ფარაონებისა და მათი დედოფლების ოჯახური ურთიერთობით დაწყებული, ქალწული ინკების სისხლის ჯგუფით დამთავრებული. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ადრეც იყო გავრცელებული სახსრების ანთება, ხორცმეტები და მრავალი ისეთი დაავადება, რომლებიც დღეს არსებობს.

როგორც ჩანს, დაავადებები განსაკუთრებით ჭარბობდა ძველ ეგვიპტეში. უმთავრესად, ამის მიზეზი მდინარე ნილოსიდან და სარწყავი არხებიდან გავრცელებული პარაზიტები იყო, მაგალითად, სისხლისმწოველი ტერმიტები, რიშტები და სოლიტერები. გვახსენდება სიტყვები, რომლებითაც ღმერთმა ისრაელებს მიმართა ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტიდან მათი გათავისუფლების შემდეგ: „არც ერთ სნეულებას, რომლებიც ეგვიპტიდან იცით, არ დაგატეხთ [იეჰოვა] თავს“ (მეორე რჯული 7:15, აქ).

[საავტორო უფლება]

© R Sheridan/ANCIENT ART & ARCHITECTURE COLLECTION LTD

[სურათი 20 გვერდზე]

ურთან ახლოს „მეფეთა აკლდამაში“ დამარხული მსახური ქალის შუმერული თავსაბურავი და ძვირფასეულობა.

[საავტორო უფლება]

© The British Museum

[სურათები 21 გვერდზე]

„ცინის ტერაკოტის ჯარი“ — თითოეულ ჯარისკაცს სახე განსხვავებულად ჰქონდა გამოქანდაკებული.

[საავტორო უფლება]

Inset: Erich Lessing/Art Resource, NY; © Joe Carini/Index Stock Imagery

[სურათი 23 გვერდზე]

„მზის პირამიდა“ და „გარდაცვლილთა ქუჩა“ ტეოტიუაკანში (მექსიკა).

[საავტორო უფლება]

Top: © Philip Baird www.anthroarcheart.org; painting: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

[სურათები 23 გვერდზე]

მარცხნივ: ფარაონ ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი; ქვევით: სამარხის კედელზე გამოსახულია „ბა“ ადამიანისთავიანი ფრინველის სახით.