უნდა გადავიხადოთ ტრადიციული ქორწილი?
ახალგაზრდების შეკითხვები
უნდა გადავიხადოთ ტრადიციული ქორწილი?
„ჩემმა საცოლემ, სინდიმ, მითხრა, რომ ყველა მეგობრისა და ახლობლისთვის არ გვეთქვა და ჩვენი შეუღლება ძალიან ვიწრო წრეში აღგვენიშნა. ერთად მსჯელობის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ნაკლებ დროსა და ენერგიას წაგვართმევდა და ზედმეტ სტრესს თავიდან აგვაცილებდა“ (ალენი) *.
თუ საქორწილო ასაკი გაქვს და ვინმე გიყვარს კიდეც, შესაძლოა, მოგეწონოს ის აზრი, რომ სხვებს არ გააგებინო და ისე დაქორწინდე. ზოგ შემთხვევაში შეყვარებულებმა შეიძლება მშობლებსაც კი არ უთხრან და დაქორწინების მიზნით სახლიდან გაიპარონ. რა დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში?
აუცილებელია ტრადიციის მიყოლა?
მართალია ქორწინება უმეტეს კულტურაში მიღებულია, მაგრამ ქორწილის გადახდასთან დაკავშირებული ღონისძიებები ყველგან განსხვავებულია. ქრისტიანი წყვილის მთავარი საზრუნავი ის არ არის, რომ ზუსტად მიჰყვეს ქორწილის გადახდის ადგილობრივ ტრადიციებს (რომაელები 12:2). პირიქით, ახალგაზრდებს სურთ, რომ დაქორწინების მიზნით ურთიერთობისას თუ უშუალოდ ქორწილის გადახდისას ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ იეჰოვა ღმერთი განადიდონ (1 კორინთელები 10:31).
რადგან ქორწინება მნიშვნელოვანი მოვლენაა, უმეტესობას არ სურს მალულად იქორწინოს. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები საქორწილო ცერემონიალს, ჩვეულებრივ, ადგილობრივ სამეფო დარბაზში აწყობენ *. ამის შემდეგ, მათ შესაძლოა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად წვეულება გამართონ. წვეულება აუცილებელი არ არის, რომ დიდი და გადატვირთული იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ ქორწილის გადახდა და სტუმრების გამასპინძლება სტრესთან და, შესაძლოა დიდ თანხებთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ქორწილი ხშირად ათასობით დოლარი ჯდება.
სტრესისა და ხარჯების შესამცირებლად ზოგი წყვილი უბრალო ქორწილის გადახდას ამჯობინებს. „მშობლებს ვუთხარით, რომ არ გვინდოდა ტრადიციული ქორწილის გადახდა, — ამბობს სინდი. —
გვინდოდა, ჩვენი ქორწილი რაც შეიძლება უბრალო და ნაკლებ ხარჯებთან ყოფილიყო დაკავშირებული. ჩემმა მშობლებმა დაგვარწმუნეს, რომ ესმოდათ ჩვენი და დაგვთანხმდნენ ასეთი ქორწილის გადახდაზე. ისინი ძალიან გვიჭერდნენ მხარს“. მეორე მხრივ, როდესაც სინდის საქმრომ, ზემოთ მოხსენიებულმა ალენმა, თავის მშობლებს ქორწილთან დაკავშირებული გეგმა გააცნო, მათ არ მოეწონათ მისი გადაწყვეტილება. „ისინი თავს იდანაშაულებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ასეთ გადაწყვეტილებამდე იმიტომ მივედით, რომ მათ რაღაც კარგად ვერ გააკეთეს, — ამბობს ალენი. — მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასე არ იყო“.შესაძლოა შენს მშობლებსაც დასწყდეთ გული, თუ უბრალო ქორწილის გადახდას დააპირებ. მათ შეიძლება ამ განსაკუთრებულ დღეს ბევრი სტუმრის მოწვევა სურთ, რათა თქვენი სიხარული გაიზიარონ. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცე იმ შემთხვევაში, თუ დაქორწინებას მშობლების ჩუმად აპირებ, რადგან იცი, რომ ისინი დაქორწინების წინააღმდეგნი არიან?
გაითვალისწინე ოჯახის წევრების თვალსაზრისი
მშობლები შესაძლოა თვლიან, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან ახალგაზრდა ხარ და ამიტომ არიან შენი დაქორწინების წინააღმდეგნი. ისინი შესაძლოა შიშობენ, რომ ასაკის მომატებასთან ერთად გემოვნება შეგეცვლება და მალე ინანებ, რომ ასეთი არჩევანი გააკეთე. ან შეიძლება საქორწილო ასაკი კი გაქვს, მაგრამ მშობლები უარყოფით თვისებებს ამჩნევენ შენს შეყვარებულში. ანდა მშობლები შეიძლება ქორწინების სასტიკი წინააღმდეგნი იმიტომ არიან, რომ შენი შეყვარებული არ იზიარებს შენს რელიგიურ შეხედულებებს.
თუ შენი მშობლები ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, ალბათ, ნამდვილად აქვთ ბიბლიური მიზეზი, რომ შენ გამო წუხდნენ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს ქორწინება არ გაგაბედნიერებს, მართებულია, ნამდვილად ხმამაღლა გამოხატონ თავიანთი შეხედულება. სინამდვილეში, თუ ასე არ მოიქცევიან, იეჰოვა ამას უყურადღებობად და ნაკლები სიყვარულის გამოვლინებად მიიჩნევს. მათი თვალსაზრისის მოსმენა შენს კეთილდღეობას მოემსახურება (იგავები 13:1, 24).
მაგალითად, როდესაც ტანსაცმელს ყიდულობ, ალბათ, სხვისი აზრის გაგება გაინტერესებს, გიხდება თუ არა. შესაძლოა, ახლო მეგობრების აზრი ყოველთვის არ გაითვალისწინო, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ისინი გულწრფელად გეტყვიან, როგორ გადგას ტანზე ტანსაცმელი ან არის თუ არა შენი სტილი. შენ აფასებ მათ აზრს, რადგან მათი დახმარებით შეიძლება ფული არ გადაყარო. მაშ, რამდენად მეტად უნდა აფასებდე მშობლების თვალსაზრისს მომავალი მეუღლის არჩევასთან დაკავშირებით?! ტანსაცმელი შეგიძლია შეაცვლევინო ან გადააგდო, მაგრამ, როგორც ქრისტიანი, ვალდებული ხარ, მთელი სიცოცხლე მეუღლესთან გაატარო (მათე 19:5, 6). თუ ისეთ მეორე ნახევარს აირჩევ, ვინც ხასიათით ვერ გეწყობა და სულიერს ნაკლებად არის მოწყურებული, მაშინ უფრო ცუდად იგრძნობ თავს, ვიდრე დაწუნებული ტანსაცმლის ტარებისას (დაბადება 2:18; იგავები 21:9). ამასთანავე, ნამდვილი ბედნიერება შესაძლოა ვერ იპოვო (იგავები 5:18; 18:22).
ზოგ მშობელს შეიძლება ეგოისტური მიზნების გამო არ სურდეს შვილის დაქორწინება, რადგან შიშობს, რომ მასზე გავლენას დაკარგავს. თუმცა, სანამ დაასკვნი, რომ მშობლებს ეგოისტური მიზნები ამოძრავებთ, გაარკვიე, რატომ არიან შენი დაქორწინების წინააღმდეგნი?
სიფრთხილის მიზეზები
ფაქტია, რომ წლების მომატებასთან ერთად შენი გემოვნება იცვლება. „როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბავშვური მოვიშორე“ (1 კორინთელები 13:11). ის თვისებები, რითაც ახლა ესა თუ ის პიროვნება გიზიდავს, ასაკის მომატებასთან ერთად შესაძლოა აღარ მოგეწონოს. ამიტომ ბიბლია მოგიწოდებს, მოიცადო, სანამ ‘ახალგაზრდული ვნებები არ დაგიცხრება’, ანუ სანამ არ ჩაივლის წლები, როცა სქესობრივი სურვილები მოზღვავებულია, და მერე აირჩიო ცხოვრების თანამგზავრი (1 კორინთელები 7:36).
როგორ უნდა მოიქცე, თუ მშობლებს არ მოსწონთ შენი შეყვარებული? ცხოვრებისეული გამოცდილების გამო, მშობლების აღქმის უნარი შესაძლოა უკეთ იყოს გაწაფული იმისათვის, რომ დაინახონ, რა არის სწორი და რა — არასწორი (ებრაელები 5:14). ასე რომ, ისინი შეიძლება ისეთ თვისებებს ამჩნევენ მასში, რასაც შენ ვერ ხედავ. დაფიქრდი ბრძენი მეფის, სოლომონის, სიტყვებზე: „სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალია, სანამ არ მოვა მისი მოძმე და ამხილებს მას“ (იგავები 18:17, აქ). მსგავსადვე, ახლობლებმა შეიძლება დაგარწმუნონ, რომ ის, ვინც მომავალ მეუღლედ ამოირჩიე, ზუსტად შენი შესაფერისია. თუმცა, მას შემდეგ, რაც შენი მშობლები ‘ამხელენ მას’, შესაძლოა ხაზი გაუსვან იმ უარყოფით მხარეებს, რაზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება.
მაგალითად, მშობლები შეიძლება შეგახსენებენ ბიბლიურ მოწოდებას, რომ ქრისტიანები მხოლოდ „უფალში“ უნდა დაქორწინდნენ (1 კორინთელები 7:39). შენ შესაძლოა ყურად არ იღებ ამ შეხსენებას, რადგან იცნობ ისეთებს, რომლებიც თანამორწმუნეზე არ დაქორწინდნენ, მაგრამ დღეს იეჰოვას ემსახურებიან. ზოგჯერ ეს ასეც ხდება. მაგრამ, ასეთი შემთხვევები ძალიან ცოტაა. თუ ისეთ ადამიანზე ქორწინდები, ვინც შენს რწმენას არ იზიარებს, არა მარტო იეჰოვას ნორმებს უგულებელყოფ, არამედ საკუთარ თავს სერიოზული სულიერი საფრთხის წინაშე აყენებ (2 კორინთელები 6:14) *.
არაგონივრული მიზეზი ქორწინებისთვის
ზოგჯერ ახალგაზრდები სახლიდან იმიტომ იპარებიან და ქორწინდებიან, რომ უზნეობა ჩაიდინეს და ფიქრობენ, თუ დაქორწინდებიან, სინდისი ნაკლებად შეაწუხებთ. ან შესაძლოა იმედოვნებენ, რომ დაფარავენ ცოდვის შედეგებს — არასასურველ ორსულობას.
თუ ცოდვის დაფარვის მიზნით დაქორწინდები, ერთ ცოდვას მეორეს დაუმატებ. „თავის დანაშაულთა დამფარველს წარმატება არ ექნება, — გვაფრთხილებს სოლომონი. — ხოლო მათი მაღიარებელი და დამტოვებელი შეწყნარებული იქნება“ (იგავები 28:13). სოლომონის მშობლები, დავითი და ბათშებაყი, მიხვდნენ, რომ უგუნურად იქცეოდნენ, ცოდვის დამალვას რომ ცდილობდნენ (2 მეფეთა 11:2—12:25). ცოდვის დაფარვის ნაცვლად, მშობლებსა და კრების უხუცესებს დაელაპარაკე. ეს შენი მხრიდან გამბედაობას მოითხოვს, მაგრამ დარწმუნებული იყავი, თუ ნამდვილად ინანიებ, იეჰოვა გაპატიებს (ესაია 1:18). სუფთა სინდისით უკეთ შეძლებ გაწონასწორებული გადაწყვეტილების მიღებას დაქორწინებასთან დაკავშირებით.
გულისტკივილის თავიდან არიდება
ალენი, რომელიც თავის ქორწილს იხსენებს, ამბობს: „ჩვენმა გადაწყვეტილებამ, უბრალო ქორწილი გადაგვეხადა, სტრესი შეგვიმცირა. მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ მშობლებს უკეთ ვერ ავუხსენი ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ“.
სინამდვილეში, პირადი გადასაწყვეტია წყვილი ტრადიციულ ქორწილს გადაიხდის თუ არა. მაგრამ ქორწინებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდები; ჰკითხე რჩევა ოჯახის წევრებს და დაუკვირდი საკუთარ ნაბიჯებს. ასე მოქცევით გულისტკივილს თავიდან აირიდებ (იგავები 14:15).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.
^ აბზ. 7 იეჰოვას მოწმეებისთვის სამეფო დარბაზი შესანიშნავი ადგილია საქორწილო ცერემონიალის მოსაწყობად. ეს არის უბრალო ცერემონიალი, რაშიც შედის ბიბლიური პრინციპების განხილვა, რაც კარგი საფუძველია ბედნიერი ქორწინებისთვის. რასაკვირველია, სამეფო დარბაზის გამოყენება უფასოა.
^ აბზ. 18 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2004 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30, 31 და 1990 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 16—20 (რუს.).
[სურათი 18 გვერდზე]
ქორწინებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას რჩევა ოჯახის წევრებს ჰკითხე.