უსახლკარობა რა არის გამოსავალი?
უსახლკარობა რა არის გამოსავალი?
„თევზის მიცემით კაცს ერთი დღით დააპურებ. თუ მას თევზაობას ასწავლი, მთელი ცხოვრება დაპურებული იქნება“. ამ ანდაზიდან კარგად ჩანს ერთი უბრალო ჭეშმარიტება: მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეიძლება საკმარისი არ იყოს. ხალხს სჭირდება იმის სწავლება, თუ როგორ გადაჭრან პრობლემები და როგორ იზრუნონ თავიანთ მოთხოვნილებებზე. ზოგი უნდა დაეუფლოს რაიმე ხელობას ან პროფესიას, სხვებმა სულ სხვა თვალით უნდა შეხედონ ცხოვრებას და შეიცვალონ ცხოვრების წესი.
იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა მათთვის ცხოვრების საუკეთესო გზის დანახვება. საუკეთესო გზაში ვგულისხმობთ იმ შეუდარებელი რჩევების გამოყენებას, რომლებსაც შემოქმედი გვთავაზობს. ამაზე უკეთესი რჩევები ვინ უნდა მოგვცეს?! შემოქმედის რჩევების დახმარებით ჩვენ გვერდს ვუვლით მრავალ პრობლემას, რომლებიც შეიძლება უსახლკარობის მიზეზი გახდეს. მათი საშუალებით უსახლკარო ადამიანებიც ახერხებენ ამ პრობლემიდან გამოსავლის მოძებნას. ცხადია, ბიბლიის
კითხვა თავისთავად ყველა პრობლემას ვერ მოგვიგვარებს. მაგრამ ბიბლია ეხმარება ადამიანებს, დაძლიონ მავნე ჩვევები, დაიბრუნონ საკუთარი ღირსების გრძნობა და ცხოვრებაში უფრო წარმატებულნი იყვნენ.მრავალმა საკუთარი ჭერი ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების, დამნაშავეობრივი ცხოვრების, ფინანსური პრობლემების ან ოჯახის დანგრევის გამო დაკარგა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს. ამ რჩევების დახმარებით უკვე მილიონობით ადამიანი სხვაგვარად უყურებს ცხოვრებას და ისინი უკეთესობისკენ შეიცვალნენ. მაგრამ მხოლოდ ბიბლიური რჩევების გამოყენება, რა თქმა უნდა, ვერ გადაჭრის უსახლკარობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას. სტიქიური უბედურებები, ცუდი ჯანმრთელობა, ფართოდ გავრცელებული სიღარიბე, მავნე ჩვევები და მსგავსი სირთულეები იმ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სხვა გზით გადაჭრას მოითხოვს. ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად იეჰოვას მოწმეები, რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ. მაგრამ მათ ისიც ესმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ კაცობრიობის შემოქმედს შეუძლია. გადაჭრის ღმერთი ამ პრობლემებს?
რას აპირებს ღმერთი?
იმედის საფუძველი არსებობს. უსახლკარობა მალე აღარ იარსებებს. დაფიქრდით: იეჰოვა ღმერთმა პირველ ადამიანებს საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილი მისცა. ისინი სამოთხეში ცხოვრობდნენ და, რაც სჭირდებოდათ, ყველაფერი ჰქონდათ. შემოქმედის მითითებებს რომ მიჰყოლოდნენ, სამოთხე მთელ დედამიწაზე გავრცელდებოდა. კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ადგილების პრობლემა მათ შთამომავლებს არ ექნებოდათ. სიყვარული და თანამშრომლობა ურთიერთნდობის საფუძველი იქნებოდა. აი ასეთი განზრახვა ჰქონდა ღმერთს თავდაპირველად. მაგრამ მას აზრი არ შეუცვლია (ფსალმუნები 36:9—11, 29).
თუ ღმერთი რამეს ჩაიფიქრებს, აუცილებლად შეასრულებს კიდეც (ესაია 55:10, 11). ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ მოვა დრო, როცა ყველას ექნება თავისი საცხოვრებელი ადგილი და მატერიალური კეთილდღეობა. ბუნებრივია, რომ ამის მოხდენამდე, პირველ რიგში, მთელი საზოგადოება უნდა გარდაიქმნას. ასეთი ძირეული გარდატეხა ღვთის ჩარევის საშუალებით მოხდება. სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში იესოს, როდესაც მოწაფეებს ლოცვას ასწავლიდა და თქვა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10).
ღვთის სამეფოს მმართველობისას ადამიანები, რომლებიც ღმერთს ემორჩილებიან, საკუთარი თვალით იხილავენ შემდეგი გამამხნევებელი წინასწარმეტყველების შესრულებას: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ . . . არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად . . . თავიანთი ხელის ნაკეთებს გაცვეთენ ჩემი რჩეულნი.“ (ესაია 65:21, 22). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღარავინ იქნება უსახლკარო.
იეჰოვას მოწმეები ყოველმხრივ ცდილობენ, ხალხი სულიერი დახმარებით უზრუნველყონ — იმით, რაც მათ დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ისინი ითვალისწინებენ იესოს რჩევას და ხალხის მიმართ ყურადღებასა და სიყვარულს ავლენენ (მათე 22:36—39). ასეთი დამოკიდებულება იეჰოვას მოწმეებს იმისკენაც აღძრავს, რომ მხარში ამოუდგნენ მათ, ვინც სტიქიური უბედურებების დროს კარგავს სახლ-კარს *.
იეჰოვას მოწმეები რეალურად უყურებენ სიტუაციას და ესმით, რომ შეუძლებელია ყველა ადამიანის დახმარება. იაცეკი, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთ თავშესაფარში ცხოვრობს, უსახლკარო ადამიანების შესახებ ამბობს: „ზოგი აგრესიულია ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ
იმყოფება. სხვებს რელიგიურ თემებზე საუბრის არანაირი სურვილი არა აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ღმერთს არ აღელვებს მათი მდგომარეობა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დადებითაც ეხმაურებიან ღვთის სიტყვას“. იაცეკი, მაგალითად, სწორედ ასე მოიქცა. მან დაიწყო იმის გამოკვლევა, თუ რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში.დადებითი გამოხმაურების კიდევ ერთი მაგალითია რომანის შემთხვევა. რომანს შიდს-ი აქვს და ბოლო დრომდე ქუჩაში ცხოვრობდა. იგი იხსენებს: „ერთხელ სოცუზრუნველყოფის ერთ-ერთ განყოფილებაში მივედი. თურმე იქვე ახლოს იეჰოვას მოწმეები შეხვედრებს ატარებდნენ. ისინი ქუჩაში გამესაუბრნენ და მითხრეს, რომ ღმერთი უყურადღებოდ არ ტოვებს უსახლკარო ადამიანებს, რომლებიც შველას ითხოვენ. მათ ერთ-ერთ შეხვედრაზეც მიმიწვიეს“ (ფსალმუნები 71:12, 13).
როგორ იმოქმედა მასზე ამ საუბარმა? „გავიგე, რომ ღმერთს ვყვარებივარ და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მქონია. ახალი, მზრუნველი მეგობრების გარემოცვა დამეხმარა, რომ ჩემი რთული მდგომარეობით აღარ ვყოფილიყავი შთანთქმული და თანდათანობით ხასიათი შემეცვალა. ღვთის სიყვარულით სიგარეტი გადავაგდე და ლოცვაში აღვუთქვი მას, რომ სიმართლის გზით ვივლიდი“.
რომანი სულიერად წინ წაიწია და მალე იეჰოვას მოწმედ მოინათლა. თანამორწმუნეებისა და ხელისუფლების ხელშეწყობით ის საცხოვრებლად შესაფერის ადგილზე გადავიდა. რომანი სიხარულით ამბობს: „საოცრად ბედნიერი ვარ. დავუახლოვდი მოსიყვარულე ღმერთს და ახლა ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს. მან მომცა და-ძმების საუცხოო ოჯახი და, ამასთან ერთად, სახლიც!“
უსახლკარო ადამიანთა მომავალი
იეჰოვას მოწმეები თანაგრძნობით ეკიდებიან ყველას, ვინც მათ გარშემო ცხოვრობს, მათ შორის უსახლკარო ადამიანებს. იეჰოვას მოწმეებს ძალიან სურთ, რომ მათაც გაუზიარონ ბიბლიური ჭეშმარიტება უკეთესი მომავლის შესახებ; ჭეშმარიტება, რომლის დახმარებითაც დღესვე შეიძლება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა (იოანე 8:32).
„გამრუდებულს ვეღარ გამართავ“, — ნათქვამია ბიბლიაში (ეკლესიასტე 1:15). დიახ, მოხალისეთა და ხელისუფლების წარმომადგენელთა კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, საკმაოდ რთულია ისეთი სოციალური პრობლემების გადაჭრა, როგორიც უსახლკარობა და სიღარიბეა. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ მალე, ღვთის სამეფოს მმართველობის პერიოდში, ყველა მორჩილ ადამიანს იდეალური საცხოვრებელი პირობები ექნება.
[სქოლიო]
^ აბზ. 9 მაგალითად, იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის შემდეგი ნომრები: 1993 წლის 8 თებერვალი (გვერდები 14—21); 2001 წლის 22 ოქტომბერი [რუს.] (გვერდები 23—27) და 2003 წლის 8 აგვისტო (გვერდები 10—15).
[სურათი 8 გვერდზე]
ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები დედა პროდუქტების მისაღები ტალონით ხელში (სომალი).
[საავტორო უფლება]
© Trygve Bolstad/Panos Pictures
[სურათი 9 გვერდზე]
უსახლკარო ადამიანებს ყველაზე მეტად მომავლის იმედი სჭირდებათ.
[სურათები 10 გვერდზე]
ღვთის სამეფოს მმართველობის პერიოდში არავინ იქნება უსახლკარო.