არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსახლკარობა რა იწვევს ამ პრობლემას?

უსახლკარობა რა იწვევს ამ პრობლემას?

უსახლკარობა რა იწვევს ამ პრობლემას?

„მთელ მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი უსახლკარო ადამიანია“, — იუწყება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. თუ ეს რიცხვი ზუსტია, გამოდის რომ დაახლოებით ყოველი მე-60 ადამიანი სათანადო თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი! თუმცა ამ პრობლემის ზუსტი მასშტაბების განსაზღვრა საკმაოდ რთულია. რატომ?

მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში უსახლკარობას სხვადასხვანაირად განმარტავენ. ის, თუ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ იქნება განმარტებული უსახლკარობა, დამოკიდებულია ამ პრობლემის შემსწავლელთა მეთოდებსა და მიზნებზე. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებზე. აქედან გამომდინარე, რთულია — თუ საერთოდ შეუძლებელი არაა — სრული წარმოდგენა შევიქმნათ ამ პრობლემაზე.

გაეროს დასახლების ცენტრის მიერ გამოცემულ პუბლიკაციაში „უსახლკარობასთან ბრძოლის მეთოდები“ უსახლკარობა შემდეგნაირად არის განმარტებული: „ნორმალური საცხოვრებელი პირობების უქონლობა. ამაში შედის ისეთი პირობები, რომლებიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს“ საზოგადოებისთვის, სადაც უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს. უსახლკაროთაგან ერთნი შეიძლება ქუჩაში ან დანგრეულ თუ მიტოვებულ შენობებში ცხოვრობდნენ, მაშინ როდესაც მეორენი თავშესაფარს საერთო საცხოვრებლებში ნახულობენ. ზოგი დროებით თავშესაფარს მეგობრებთან პოულობს. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ზემოხსენებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, „უსახლკაროთა რიცხვში ადამიანის მოხვედრა იმის მაჩვენებელია, რომ მის მდგომარეობაში რაღაც უნდა გაკეთდეს“.

გამოთვლების თანახმად, პოლონეთში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 40 მილიონია, 300 000-მდე უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს. თუმცა ზუსტი რიცხვი არავინ იცის, რადგან ერთ კონკრეტულ ადგილზე მათი რეგისტრაცია არ ხდება და ისინი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან. ზოგი ფიქრობს, რომ რეალური რიცხვი ნახევარ მილიონს უნდა აღწევდეს!

ვინაიდან უსახლკარობა ასე ფართოდაა გავრცელებული, ამ პრობლემის წინაშე შეიძლება რომელიმე თქვენი ნაცნობიც კი იდგეს. უსახლკაროთა სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა წამოიჭრება. რა არის იმის მიზეზი, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ სათანადო საცხოვრებელი პირობები? როგორ გააქვთ მათ თავი? ვინ ეხმარება მათ? რა მომავალი ელის თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს?

მუდამ თავშესაფრის ძიებაში

საბრინა * მარტოხელა დედაა და ცხოვრობს ნიუ–იორკის ერთ–ერთ ღარიბ რაიონში, ჰარლემში. მეათე კლასის დამთავრების შემდეგ იგი სკოლიდან გამოვიდა. ამჟამად საბრინა სამ პატარა ბავშვთან — ათი თვის, სამი წლის და ათი წლის ვაჟებთან — ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. ქალაქის მერიის მიერ უსახლკარო ადამიანებისთვის გამოყოფილ ამ თავშესაფარში მას ერთოთახიანი ბინა აქვს. მერია ასეთი საცხოვრებლით იმ ადამიანებს უზრუნველყოფს, რომლებსაც სხვაგან არსად არ აქვთ წასასვლელი.

საბრინა დედის ბინიდან ათი წლის წინ წამოვიდა. მას შემდეგ თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად ხან ნათესავებთან და ხან მეგობრებთან ცხოვრობდა. ხოლო როცა სხვა გზა აღარ ჰქონდა, მერიის მიერ გამოყოფილ საერთო საცხოვრებელს აფარებდა თავს. საბრინა ამბობს: „დროდადრო ვმუშაობდი, უმეტესწილად თმების დაწვნით ვშოულობდი ფულს. მაგრამ ძირითადად სახელმწიფოს ფულადი დახმარებით გამქონდა თავი“.

პარადოქსია, მაგრამ — როგორც ჟურნალ „მშობლებშია“ მოთხრობილი — საბრინას პრობლემები მაშინ დაეწყო, როცა მან კარგი სამსახური იშოვა. მან სასტუმროში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა და იმდენ ფულს იღებდა, რომ სახელმწიფომ დახმარება შეუწყვიტა. მაგრამ ეს თანხა მას მაინც არ ყოფნიდა ყველაფერზე — ბინაზე, საჭმელზე, ჩაცმაზე, ტრანსპორტზე და ბავშვის მოვლაზე. შედეგად, მას უჭირდა ქირის გადახდა და პატრონმა ბინა დაატოვებინა. ბოლოს საბრინა სამსახურიდანაც წამოვიდა და მიმართა უკიდურესი შემთხვევებისთვის გათვალისწინებულ დროებით თავშესაფარს, სადაც დღემდე ცხოვრობს.

„ამ ყოველივემ ბავშვებზეც გადაიარა, — ამბობს საბრინა. — უფროსმა ვაჟმა უკვე სამი სკოლა გამოიცვალა. ის ახლა მეხუთე კლასში უნდა იყოს, მაგრამ ერთი წლით ჩამორჩა . . . სულ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა გვიწევდა“. ახლა საბრინა სახელმწიფო დახმარების ფარგლებში ბინის მისაღებად თავის რიგს ელოდება.

მათ, ვისაც საერთოდ არსად არა აქვს წასასვლელი, საბრინა შეიძლება იღბლიან ადამიანად ჩათვალონ. მაგრამ ასეთ თავშესაფარში ცხოვრება ყველა უსახლკაროსთვის იოლი გამოსავალი არ არის. პოლონეთის სოციალური დახმარების კომიტეტის მონაცემებით, ზოგს „აშინებს თავშესაფრებში არსებული დისციპლინა და წესები“ და არ სურს ასეთი დახმარების მიღება. მაგალითად, უსახლკაროთა თავშესაფარში მცხოვრებთაგან მოითხოვება მუშაობა და თავის შეკავება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან. ამისთვის კი ყველა არ არის მზად. ამიტომ მძინარე უსახლკარო ადამიანების ნახვა შეიძლება მატარებლის სადგურებში, მიწისქვეშა ნაგებობებში, სარდაფებში, პარკებში დადგმულ სკამებზე, ხიდების ქვეშ ან სამრეწველო რაიონებში — გააჩნია, წელიწადის რა დროა. ასეთი სურათის დანახვა მსოფლიოში ყველგან შეიძლება.

ერთ წიგნში, რომელიც ამ საკითხს ეძღვნება, ჩამოთვლილია მრავალი ფაქტორი, რომლებიც იწვევს პოლონეთში უსახლკარო ადამიანთა რიცხვის ზრდას. ამ ფაქტორებს შორისაა სამუშაოს დაკარგვა, ვალები და ოჯახური პრობლემები. ხშირად საცხოვრებელი ადგილის გარეშე არიან დარჩენილი ხანდაზმულები, შრომისუუნარო და აივ–ით ინფიცირებული ადამიანები. ბევრ უსახლკარო ადამიანს გონებრივი ან ფსიქიკური პრობლემები აქვს. ზოგს მავნე ჩვევები აქვს, მაგალითად ალკოჰოლსაა მიძალებული. რაც შეეხება უსახლკარო ქალების უმეტესობას, ზოგმა ქმარი მიატოვა, ზოგიც ქმარს გამოექცა, სხვები სახლიდან გამოაგდეს. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი სხეულით ვაჭრობენ. როგორც ჩანს, თითოეული შემთხვევის უკან მწარე წარსული დგას.

მდგომარეობის მსხვერპლნი

სოცეკონომისტი სტანისლავა გოლინოვსკა ამბობს: „აქ [პოლონეთში] უსახლკარობა არავის აურჩევია . . . ეს არის ცხოვრებაში ამა თუ იმ წარუმატებლობის შედეგი, რომელმაც ადამიანი ფსიქოლოგიურად გატეხა და სიცოცხლის სურვილის დაუკარგა“. როგორც ჩანს, უსახლკარობა იმ ადამიანთა ხვედრი ხდება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო პრობლემების წინაშე თავს უსუსურად გრძნობენ. მაგალითად, ზოგს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სახლი გაპარტახებული ხვდება. სხვებს იძულებით ატოვებინებენ სახლებს. ბევრი საკუთარ ჭერს სტიქიური უბედურების შედეგად კარგავს *.

პოლონეთში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, უსახლკარო ადამიანთაგან თითქმის ნახევარს ერთ დროს ოჯახი ჰქონდა და მეუღლეებთან ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ხშირად ოჯახში მათ პრობლემები ჰქონდათ. მათგან უმრავლესობა ან გამოაგდეს, ან აუტანელი პირობების გამო იძულებული გახდა, წამოსულიყო სახლიდან. მხოლოდ 14–მა პროცენტმა დატოვა საკუთარი ჭერი ნებაყოფლობით.

თავშესაფარში გარკვეული დროით ცხოვრების შემდეგ ზოგი კვლავ ახერხებს ფეხზე დადგომას და საკუთარი საცხოვრებლის შოვნას. მაგრამ სხვებისთვის ამ პრობლემის გადაჭრა გაცილებით რთულია. მათთვის უსახლკარობა მუდმივ პრობლემად რჩება და ნაწილობრივ ამის მიზეზია ფსიქიკური ან ფიზიკური ავადმყოფობა, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და მუშაობის სურვილის, მუშაობისთვის საჭირო ჩვევების, ან სათანადო განათლების არქონა. შეერთებულ შტატებში უსახლკარო ადამიანთა დაახლოებით 30 პროცენტი „მოგზაურობს“ — ერთ–ერთი არაკომერციული ორგანიზაციის სიტყვებით თუ ვიტყვით — „უსახლკარობის სისტემაში“, რომელიც მოიცავს თავშესაფრებს, სამკურნალო დაწესებულებებს და, სამწუხაროდ, ციხეებსაც კი. როგორც ამბობენ, ამ პრობლემისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების დაახლოებით 90 პროცენტი სწორედ ასეთი უსახლკარო ადამიანების შენახვას ხმარდება.

უსახლკარო ადამიანთა დახმარება?

ზოგ თავშესაფარში არსებობს მომსახურებები, რომელთა დახმარებითაც უსახლკარო ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობიდან თავის დაღწევა. თავშესაფარში მცხოვრებთ შეიძლება დაეხმარონ სახელმწიფო დახმარების, სხვა წყაროებიდან ფულადი დახმარების, უფასო იურიდიული მომსახურების ან ელემენტარული განათლების მიღებაში და ოჯახთან ურთიერთობის აღდგენაში. ლონდონში ახალგაზრდების დასახმარებლად შექმნილი დაწესებულებები მათ სთავაზობენ რჩევებს კვების რეჟიმთან, საჭმლის მომზადებასთან, ცხოვრების უფრო ჯანსაღ წესთან და სამუშაოს მოძებნასთან დაკავშირებით. ყოველივე ამის მიზანია ასეთ ადამიანებს ღირსების გრძნობა დაუბრუნონ და სტიმული მისცენ, რომ მათ კვლავ შეძლონ დამოუკიდებლად საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრება. ასეთი ძალისხმევა ნამდვილად საქებარია.

მაგრამ თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებს ყოველთვის ვერ სთავაზობს იმას, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. იაცეკი, რომელიც ვარშავის ერთ–ერთ თავშესაფარში ცხოვრობს, ამბობს, რომ თავშესაფრები უსახლკარო ადამიანებს ვერ ამზადებს გარეთ არსებული ცხოვრებისთვის. მისი აზრით, თავშესაფარში მყოფთ ხშირად „ერთნაირი დამახინჯებული აზროვნება“ უყალიბდებათ, რადგან, ძირითადად, მარტო ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა და საუბრები. იაცეკი ამბობს: „თავშესაფარი, სადაც მოწყვეტილი ვართ გარე სამყაროს, სრულწლოვანთათვის განკუთვნილ ინტერნატს ჰგავს“. მისი თქმით, აქ ბევრს „არასრულფასოვანი აზროვნება“ აქვს.

პოლონეთში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, უსახლკარო ადამიანებისთვის ყველაზე მტკივნეული მარტოობის განცდაა. ფინანსური სირთულეებისა და დაბალი სოციალური მდგომარეობის გამო ისინი ხშირად საკუთარ თავს გამოუსადეგარ ადამიანებად მიიჩნევენ. შედეგად, ზოგი შვებას ალკოჰოლში ეძებს. იაცეკი ამბობს: „მდგომარეობის გამოსწორების იმედი არ ჩანს და ბევრი ჩვენგანი ნელ–ნელა ვკარგავთ იმის რწმენას, რომ რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი მწარე ხვედრის გასაუმჯობესებლად“. მათ რცხვენიათ, როცა თვალს უსწორებენ თავიანთ ცხოვრებას, სიღარიბეს, უმწეობას და, უბრალოდ, იმ ფაქტს, რომ უსახლკაროები არიან.

დემოგრაფი ფრანსის ჯეგიდი ამბობს: „ვიზეც უნდა გვქონდეს საუბარი — ბრაზილიის უპატრონო ბავშვები იქნებიან თუ ის ადამიანები, რომელთაც ბომბეის, კალკუტის ან ლონდონის ქუჩებში სძინავთ — უსახლკარო ადამიანთა მდგომარეობა წარმოსადგენადაც კი უკიდურესად სავალალო და გულისამაჩუყებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მდგომარეობაში ცხოვრებაზე“. ის დასძენს: „რაც უნდა იყოს უსახლკარობის მიზეზი, კაცს თავში ერთი კითხვა გიტრიალებს: რატომ არის, რომ მსოფლიო, რომელსაც ამდენი სიმდიდრე, ცოდნა და ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, უძლურია ამ პრობლემის გადასაჭრელად?“

ნათელია, რომ უსახლკარო ადამიანებს დახმარება სჭირდებათ — არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ისეთი, რომელიც ანუგეშებს და საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნებს მათ. ასეთი დახმარება ადამიანებს იმის ძალას აძლევს, რომ გაუმკლავდნენ მრავალ პრობლემას, რომლებიც ხელს უწყობს უსახლკარობას. სად შეუძლიათ უსახლკაროებს ასეთი დახმარების მიღება? უნდა გვქონდეს იმედი, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა როდისმე გამოსწორდება?

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 15 გარდა ამისა, პოლიტიკური არასტაბილურობის ან ომების გამო მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლ–კარი. მათი მძიმე ხვედრის შესახებ მასალა შეგიძლიათ ნახოთ 2002 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“–ში, სტატიათა სერიაში „ლტოლვილები — დაუბრუნდებიან ისინი ოდესმე საკუთარ კერას?“

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

უკიდურესი სიღარიბის შედეგები

ინდოეთის დიდ ქალაქებში ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში. ჯერ კიდევ ძველი მონაცემებით, მარტო მუმბაიში (ბომბეიში) დაახლოებით 250 000 კაცი ცხოვრობდა ქუჩაში. მათი ერთადერთი თავშესაფარი შეიძლება ბოძებსა და მიმდებარე ნაგებობებს შორის გადაჭიმული ბრეზენტი იყოს. რატომ არიან ისინი აქ, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქგარეთ შედარებით ხელმისაწვდომ ბინებში იცხოვრონ? იმიტომ რომ ისინი ქალაქის ცენტრთან ახლოს მუშაობენ — წვრილ მოვაჭრეებად, გარე მოვაჭრეებად და რიქშებად, ან გადაყრილ ნივთებს აგროვებენ. «მათ სხვა გზა არა აქვთ, — ნათქვამია პუბლიკაციაში „უსახლკარობასთან ბრძოლის მეთოდები“. — მათ, უბრალოდ, სიღარიბე აიძულებთ, ბინის ქირაში გადასახდელი ფულით ლუკმაპური იყიდონ».

იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) დაახლოებით 2 300 მამაკაცის, ქალისა და ბავშვის თავშესაფარი რკინიგზის სადგურია. მათ ბაქნებზე ღია ცის ქვეშ ან კარტონებისგან აწყობილ „ოთახებში“ სძინავთ, ქვეშაგებად კი დაძონძილი საბნები აქვთ. უმრავლესობა არსად მუშაობს და სამუშაოს შოვნის იმედიც გადაწურული აქვს. მთელ ქალაქში მსგავს პირობებში ათასობით ადამიანი ცხოვრობს. წყალი, ტუალეტი და ელექტრობა მათთვის ფუფუნებაა. ასეთი პირობები კი ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას.

ზემოხსენებული და სხვა მრავალი უსახლკარო ადამიანის მდგომარეობის მარტივი მიზეზი უკიდურესი სიღარიბეა.

[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

თანამედროვე საზოგადოების სუსტი წერტილები

ყველა ადამიანის საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაეროს დასახლების ცენტრის მიერ გამოცემულ პუბლიკაციაში „უსახლკარობასთან ბრძოლის მეთოდები“ მოყვანილია ამჟამინდელი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის რამდენიმე ნაკლი. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი ნაწყვეტი:

● „დღემდე მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ მთავრობები არ გამოყოფენ საკმარის სახსრებს, რათა დაიცვან ადამიანთა უფლება, ჰქონდეთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები“.

● „მიზანშეუწონელი დადგენილებებისა და დაგეგმარების არაეფექტური სისტემების არსებობამ შეიძლება . . . საბოლოოდ დაასამაროს საცხოვრებელი ადგილებით ღარიბ ადამიანთა უმრავლესობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა“.

● „უსახლკარობა იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოებაში უსამართლოდ ნაწილდება საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული დახმარებები და შეღავათები“.

● „უსახლკარობა იმ პოლიტიკური კურსის ლოგიკური შედეგია, რომელიც უგულებელყოფს ან სათანადოდ ვერ აფასებს იმას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკურ ცვლილებებს, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილების სიმცირეს, ნარკომანიის ან ფიზიკური თუ გონებრივი პრობლემების ზრდას იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან . . . საზოგადოებაში“.

● „აუცილებელია იმ სპეციალისტთა მომზადების მოდიფიცირება, რომელთაც ურთიერთობა აქვთ დაუცველ ადამიანებთან. უსახლკარო ადამიანები, განსაკუთრებით კი უპატრონო ბავშვები, პოტენციურ რესურსად უნდა ითვლებოდნენ და არა საზოგადოების ტვირთად“.

[სურათი]

დედა თავის ორ გოგონასთან ერთად მათხოვრობს (მექსიკა).

[საავტორო უფლება]

© Mark Henley/ Panos Pictures

[სურათი 6 გვერდზე]

ყოფილი რკინიგზის სადგური დღეს უსახლკარო ადამიანთა თავშესაფარია (პრეტორია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

[საავტორო უფლება]

© Dieter Telemans/Panos Pictures

[სურათის საავტორო უფლებები 4 გვერდზე]

Left: © Gerd Ludwig/Visum/Panos Pictures; inset: © Mikkel Ostergaard/Panos Pictures; right: © Mark Henley/Panos Pictures