არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჰყავს ღმერთს გამორჩეული ერი?

ჰყავს ღმერთს გამორჩეული ერი?

ბიბლიის თვალსაზრისი

ჰყავს ღმერთს გამორჩეული ერი?

ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთს გამორჩეული ერი ჰყავს. მაგრამ, რა არგუმენტი მოჰყავთ მათ ამის დასამტკიცებლად? ზოგმა შეიძლება არგუმენტად მოიყვანოს ეროვნული მიღწევები — ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვება ან ეკონომიკის ზრდა. ასევე შესაძლოა მოიხსენიონ წარმატებით განხორციელებული პროგრამები, რომელთა მიზანია შიმშილობის პრობლემის დაძლევა, უმწეოთა დაცვა ან სამართლისა და პატიოსნების დამკვიდრება. სხვებმა კი შეიძლება დაასკვნან, რომ ღმერთი მათ სამშობლოს ბუნების თვალწარმტაცი ადგილების გამო გამოარჩევს.

ეროვნული სიამაყე ყველა ერისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ, რამდენად უჭერს ბიბლია მხარს იმ მოსაზრებას, რომ ღმერთს გამორჩეული ერი ჰყავს?

ღვთის განუყოფელი თვისება

ამ კითხვაზე ნათელ პასუხს მივიღებთ, თუ გავეცნობით ყოვლისშემძლე ღვთის ერთ–ერთ თვისებას, რომელსაც ბიბლია განსაკუთრებით უსვამს ხაზს. ღმერთი მიუკერძოებელია. მაგალითად, საქმეების 10:34–ში პირდაპირ არის ნათქვამი: „ღმერთი მიკერძოებული არ არის“. ბიბლია აგრეთვე ამბობს, რომ ღმერთი „მიკერძოებას არ იჩენს“ და „იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან არ არის უსამართლობა, მიკერძოება“ (მეორე რჯული 10:17; 2 ნეშტთა 19:7, აქ). ღმერთს სძულს მიკერძოება და მას უსამართლობასთან აიგივებს.

მაგრამ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „განა ძველი ისრაელი გამორჩეული არ ჰყავდა ღმერთს სხვა ერებისგან? ეს მიკერძოების მაჩვენებელი არ არის?“ ბიბლიურ დროში ღმერთმა მართლაც ამოარჩია ისრაელი და, ზოგჯერ, სხვა ერებთან ომის დროს იცავდა მას. გარდა ამისა, ღვთის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი — ისრაელს. არ უქნია ეს არც ერთი სხვა ერისათვის“ (ფსალმუნები 147:8, 9). მაგრამ აჩვენებს ისრაელის მიმართ იეჰოვას დამოკიდებულება, რომ ის მიკერძოებულია? სრულებითაც არა. დავფიქრდეთ სამ მიზეზზე.

პირველი მიზეზი: ღმერთმა ისრაელი იმ მიზნით ამოირჩია, რომ ყველა ერი ეკურთხებინა. მან შეთანხმება დადო ისრაელი ერის წინაპართან, აბრაამთან, რომელსაც უთხრა: „იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი“ (დაბადება 22:17, 18). დიახ, ღვთის განზრახვა იყო, ისრაელს წარმოეშვა „შთამომავალი“, რომლის მეშვეობითაც იკურთხებოდა არა მხოლოდ ერთი ერი, არამედ „დედამიწის ყოველი ხალხი“.

მეორე მიზეზი: მხოლოდ ისრაელი ერი არ იღებდა ღვთისგან კურთხევებს. იეჰოვა მიუკერძოებლად აძლევდა შესაძლებლობას სხვა ერის ადამიანებს, თავის რჩეულ ხალხთან ერთად ეცათ მისთვის თაყვანი (2 ნეშტთა 6:32, 33). ბევრი ეხმაურებოდა ღვთის მოწვევას და შედეგად კურთხევებს იღებდა. ამის ერთ–ერთი კარგად ცნობილი მაგალითია მოაბელი რუთი (რუთი 1:3, 16).

მესამე მიზეზი: ღვთის განსაკუთრებული ურთიერთობა ხორციელ ისრაელთან დროებითი იყო. ახ. წ. 29 წელს ისრაელ ერში წარმოიშვა ნაწინასწარმეტყველები „შთამომავალი“ — მესია, იესო ქრისტე (გალატელები 3:16). მაგრამ თანამემამულეებმა არ ცნეს ის მესიად. იესომ უთხრა მათ: „აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად“ (მათე 23:38). მას შემდეგ იეჰოვა აღარ ერევა ერების საქმეებში და მათ შორის არსებულ კონფლიქტებში. პირიქით, ის მიუკერძოებლობას ავლენს და ყველას აძლევს კურთხევების მიღების შესაძლებლობას. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ღვთის ძღვენი ყველა ეროვნების ადამიანისთვის

იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი ადამიანებისთვის გაღებული ღვთის უდიდესი ძღვენია (რომაელები 6:23). ის თითოეულ ჩვენგანს ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლების და მარადიული ცხოვრების მიღების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს ძღვენი ‘ყოველი ტომის, ენის, ხალხისა და ერის’ ადამიანისთვის არის განკუთვნილი (გამოცხადება 5:9). დიახ, ღმერთს სურს, რომ ‘ვისაც სწამს იესო, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს’ (იოანე 3:16).

ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უამრავი კურთხევა მოაქვს მათთვის, ვინც ისმენს მას (გამოცხადება 14:6, 7). ის მომავლის იმედს გვისახავს და ბრძნული რჩევებით დღესვე ბედნიერს გვხდის. იეჰოვა მიუკერძოებლად ზრუნავს იმაზე, რომ ‘სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ექადაგოს ყველა ხალხს’ (მათე 24:14; 28:19, 20; საქმეები 16:10). სასიხარულო ცნობა ჩაწერილია ბიბლიაში, წიგნში, რომელიც დღეს — ნაწილობრივ თუ მთლიანად — 2 300–ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. იეჰოვა, მოსიყვარულე მამა, ყველა ადამიანს აძლევს „მარადიული სიცოცხლის სიტყვების“ მოსმენის შესაძლებლობას (იოანე 6:68; იესო ნავეს ძე 1:8).

იეჰოვა ამ და სხვა ძღვენს ყველასთვის — ყველა ერის, ენისა და რასის ადამიანისთვის — ხდის ხელმისაწვდომს. ამიტომ, ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და მისი კურთხევების მისაღებად მნიშვნელობა არა აქვს, სად დავიბადეთ ან ვინ ვართ წარმომავლობით.

ვის მიმართ ავლენს ღმერთი კეთილგანწყობას?

რა მოგვეთხოვება იმისათვის, რომ ღვთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ? ამ კითხვაზე პეტრე მოციქული გვპასუხობს: „ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). აქედან გამომდინარე, ღვთის მიმართ ზედაპირული ინტერესის გამოვლენა საკმარისი არ არის. ჩვენ მის მიმართ უნდა განვივითაროთ ნამდვილი სიყვარული და ჯანსაღი შიში, ანუ შიში იმისა, რომ არ ვაწყენინოთ მას. ჩვენ აგრეთვე ‘სიმართლის მქმნელები’ უნდა ვიყოთ, ანუ მთელი გულით ვეცადოთ, ვაკეთოთ ის, რაც სწორია ღვთის თვალში.

მაგალითად, ბევრ ქვეყანაში სკოლაში სიარული ყველას შეუძლია, მაგრამ მხოლოდ ისინი ღებულობენ ცოდნას, რომლებიც გაკვეთილებს ესწრებიან და სწავლობენ. მსგავსადვე, ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება ყველას შეუძლია, მაგრამ მის მისაღებად ძალისხმევაა საჭირო. ეს გულისხმობს ბიბლიის რეგულარულად კითხვას, ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენას და ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრებას. თუ ნამდვილად ‘ვეძებთ უფალს’, მის მოწონებას დავიმსახურებთ (ფსალმუნები 104:3, 4; იგავები 2:2—9).

[სურათი 15 გვერდზე]

„მარადიული სიცოცხლის სიტყვების“ მოსმენის შესაძლებლობას ღმერთი ყველა ეროვნების ადამიანს აძლევს.