მიკაელ აგრიკოლა „ახალი ეპოქის სულისჩამდგმელი“
მიკაელ აგრიკოლა „ახალი ეპოქის სულისჩამდგმელი“
„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ფინეთიდან
„არც ერთ სხვა წიგნს ისეთი დიდი გავლენა არ მოუხდენია ფინელთა კულტურაზე, ფასეულობებსა და აზროვნებაზე, როგორიც ბიბლიას“ („ბიბლია 350 — ფინური ბიბლია და კულტურა“).
ხელმისაწვდომია ბიბლია თქვენს მშობლიურ ენაზე? ალბათ. ბიბლია ხომ მთლიანად ან ნაწილობრივ 2 000–ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ეს კი შემთხვევით არ მომხდარა. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალმა ადამიანმა, წინააღმდეგობების მიუხედავადაც კი, ძალ–ღონე არ დაიშურა ბიბლიის მშობლიურ ენაზე გადასათარგმნად. მიკაელ აგრიკოლა ერთ–ერთი მათგანი იყო.
სწავლულმა აგრიკოლამ საკუთარ თავზე აიღო ფინურ ენაზე ბიბლიის თარგმნა. მისმა ნაშრომებმა დასაბამი მისცა ფინური კულტურის შექმნას. გასაკვირი არ არის, რომ მას „ახალი ეპოქის სულისჩამდგმელი“ უწოდეს!
ვარაუდობენ, რომ მიკაელ აგრიკოლა 1510 წელს დაიბადა სამხრეთ ფინეთში მდებარე სოფელ ტორსბში. მამამისი ფერმის მეპატრონე იყო. სწორედ აქედან წარმოდგება მათი გვარი, აგრიკოლა, რაც ლათინურად „ფერმერს“ ნიშნავს. იმის გამო, რომ მიკაელ აგრიკოლა ორენოვან რეგიონში დაიბადა, ის ფინურ ენაზეც ლაპარაკობდა და შვედურზეც. ამას გარდა, ქალაქ ვიბორგის ლათინურ სკოლაში მან ლათინურიც შეისწავლა. მოგვიანებით ის ფინეთის იმდროინდელ ადმინისტრაციულ ცენტრში, ტურკუში, გადავიდა, სადაც ფინეთის კათოლიკე ეპისკოპოსის, მარტტი სკიტტეს, მდივნად დაიწყო მუშაობა.
იმდროინდელი რელიგიური და პოლიტიკური მდგომარეობა
იმ პერიოდში სკანდინავიაში პოლიტიკური ქაოსი იყო. შვედეთი კალმარის უნიიდან გამოსვლისთვის იბრძოდა, რომელშიც სკანდინავიის ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული. 1523 წელს გუსტავ I ვაზა შვედეთის მეფე გახდა. ამან უდიდესი გავლენა მოახდინა ფინეთის პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რომელიც იმ დროს შვედეთის პროვინციად ითვლებოდა.
ახალმა მეფემ პოზიციების გამაგრება განიზრახა. ამ მიზნის მისაღწევად მან იმ რეფორმაციის გატარება დაიწყო, რომელიც მთელ ჩრდილოეთ ევროპაში მიმდინარეობდა. მეფემ თავის სამეფოში კათოლიციზმი ლუთერანიზმით შეცვალა და ვატიკანთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა; კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი ძირს დასცა და ეკლესიის ქონება ხელში ჩაიგდო. იმ დღიდან მოყოლებული შვედეთისა და ფინეთის მოსახლეობა ძირითადად ლუთერანები არიან.
პროტესტანტების ერთ–ერთი ძირითადი მიზანი ის იყო, რომ საეკლესიო მსახურება ლათინურის ნაცვლად
მათ მშობლიურ ენაზე ჩატარებულიყო. ამ მიზნით, 1526 წელს შვედურ ენაზე გამოიცა ქრისტიანულ–ბერძნული წერილები, რომელსაც „ახალ აღთქმას“ უწოდებენ. ფინეთში კი პროტესტანტული მოძრაობის ქარი ბევრად უფრო ნელა უბერავდა. იმ დროისთვის ხალხი ნაკლებად იყო დაინტერესებული ფინურ ენაზე ბიბლიის თარგმნით. რატომ?„რთული და შრომატევადი“ სამუშაო
ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ იმ დროისთვის ფინურ ენაზე ლიტერატურა, ფაქტობრივად, არ მოიპოვებოდა. XV საუკუნის მეორე ნახევრამდე წერილობითი სახით მხოლოდ რამდენიმე კათოლიკური ლოცვა არსებობდა. ამიტომ წმინდა წერილების ფინურად გადასათარგმნად საჭირო იყო ბევრი სიტყვის წერილობითი ფორმის შექმნა და სრულიად ახალი სიტყვებისა და ფრაზების გამოგონება. ესეც თავის მხრივ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან არ არსებობდა ენაში დამხმარე სახელმძღვანელოები. ამ ყველაფრის მიუხედავად, მიკაელ აგრიკოლა ბიბლიის თარგმნას შეუდგა!
მარტტი სკიტტემ, ფინეთის კათოლიკე ეპისკოპოსმა, 1536 წელს აგრიკოლა თეოლოგიასა და ლინგვისტიკაში ცოდნის გაღრმავების მიზნით გერმანიის ქალაქ ვიტენბერგში გაგზავნა. ეს სწორედ ის ქალაქი იყო, სადაც, ზოგიერთი წყაროს თანახმად, 20 წლით ადრე მარტინ ლუთერმა ეკლესიის კარზე 95 თეზისი გააკრა.
ვიტენბერგში ყოფნისას აგრიკოლამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ევალებოდა. ის შრომატევად სამუშაოს — ბიბლიის ფინურ ენაზე თარგმნას შეუდგა. 1537 წელს შვედეთის მეფეს მან ასეთი წერილი მისწერა: „სანამ ღმერთი ჩემს განათლებას ხელმძღვანელობს, ვეცდები, განვაგრძო ჩემ მიერ წამოწყებული საქმე — ფინელი ხალხისთვის ახალი აღთქმა ვთარგმნო“. ფინეთში დაბრუნების შემდეგ ის მთარგმნელობით საქმიანობას განაგრძობდა და პარალელურად სკოლის დირექტორად მუშაობდა.
ბიბლიის სხვა მთარგმნელების მსგავსად, აგრიკოლასთვისაც რთული იყო წმინდა წერილების თარგმნა. ლუთერმა ასეთი რამ თქვა: „ძალიან რთულია, რომ ებრაელი მწერლები გერმანულად აამეტყველო!“ ცხადია, აგრიკოლას დიდ სამსახურს გაუწევდა მანამდე არსებული თარგმანები, მაგრამ მას ყველაზე დიდ დაბრკოლებას ფინური ენა ანუ ფინურ ენაზე წერა უქმნიდა.
ეს ისე იყო, თითქოს აგრიკოლას პროექტის გარეშე უნდა აეშენებინა სახლი არასაკმარისი და აქეთ–იქით მიმობნეული მასალის გამოყენებით. როგორ გაართვა თავი ამ პრობლემას? აგრიკოლამ ფინური დიალექტებიდან სიტყვები ამოკრიბა და ისე დაწერა, როგორც გამოითქმებოდა. სავარაუდოა, რომ ფინურად პირველად აგრიკოლამ შექმნა სიტყვები „მთავრობა“, „ფარისეველი“, „მანუსკრიპტი“, „ჯარი“, „მაგალითი“ და „მწიგნობარი“. მან აგრეთვე შეადგინა რთული და ნაწარმოები სიტყვები; ამასთან, ზოგი მათგანი სხვა ენებიდან, ძირითადად, შვედურიდან ისესხა. ასეთი სიტყვებია: ენკელი (ანგელოზი), ჰისტორია (ისტორია), ლამპპუ (ლამპა), მარტტური (წამებული) და პალმუ (პალმის ხე).
ღვთის სიტყვა მშობლიურ ენაზე
1548 წელს გამოიცა აგრიკოლას პირველი თარგმანი, რომელსაც „სე უსი ტესტამენტი“ (ახალი აღთქმა) ეწოდა. ზოგის აზრით, ეს თარგმანი ხუთი წლით ადრე იყო დასაბეჭდად გამზადებული, მაგრამ უსახსრობის
გამო მისი გამოცემა ვერ ხერხდებოდა. ვარაუდობენ, რომ გამომცემლობის ხარჯების დიდი ნაწილი თავად აგრიკოლამ გაიღო.სამი წლის შემდეგ გამოიცა „დავიდინ პსალტარი“ (ფსალმუნები). ფიქრობენ, რომ ამ საქმეში აგრიკოლას სხვა მთარგმნელებიც დაეხმარნენ. ის აგრეთვე ხელმძღვანელობდა მოსეს რამდენიმე წიგნისა და ზოგი ებრაული წერილის თარგმნას.
მან თავმდაბლურად აღიარა თავისი არაკომპეტენტურობა და გულწრფელად დაწერა: „ამ წმინდა წიგნის კითხვისას არავინ გაღიზიანდეს, — იქნება ეს ქრისტიანი, ღვთისმოსავი პიროვნება თუ უბრალო მკითხველი, — თუ გამოუცდელი მთარგმნელის მიერ ნათარგმნ ამ წიგნში რაიმე შეცდომას, თავისებურებას და ულამაზო ან ახლებურად ნათქვამ ფრაზას შეხვდება“. როგორი ხარვეზიანიც უნდა ყოფილიყო აგრიკოლას თარგმანები, მისი შეუპოვრობა — თავისი ერისთვის ბიბლია ეთარგმნა — ნამდვილად საქებარია!
აგრიკოლას მემკვიდრეობა
1557 წლის დასაწყისში აგრიკოლა, რომელიც იმ დროს ტურკუს ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსად მსახურობდა, იმ დელეგატთა შორის იყო, რომლებიც პოლიტიკური მისიით მოსკოვში გაგზავნეს რუსეთსა და შვედეთს შორის არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. მისიამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა, უკან დაბრუნებისას რთულმა და დამქანცველმა მგზავრობამ, როგორც ჩანს, იმდენად იმოქმედა აგრიკოლაზე, რომ ის მოულოდნელად ავად გახდა. მიკაელ აგრიკოლა გზაში, 47 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში აგრიკოლამ 10 პუბლიკაცია გამოსცა ფინურ ენაზე, რომელიც მთლიანობაში 2 400 გვერდს შეადგენდა. ბევრს სწამს, რომ „ახალი ეპოქის სულისჩამდგმელმა“ დასაბამი მისცა ფინური კულტურის განვითარებას. იმ დროიდან ფინურმა ენამ, ხელოვნებამ და მეცნიერებამ განვითარება დაიწყო.
უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მიკაელ აგრიკოლამ ფინურ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის ღვთის სიტყვა გასაგები გახადა. ეს კარგად გამოჩნდა მისი სიკვდილის შემდეგ ერთი პოეტის მიერ ლათინურად დაწერილ სიტყვებში: „მას ჩვეულებრივი მემკვიდრეობა არ დაუტოვებია. მან მემკვიდრეობად ფინელ ხალხს თავისი ნაშრომი — წმინდა წერილები — დაუტოვა, რაც უდიდეს საგანძურს წარმოადგენს“.
[ჩარჩო/სურათი 23 გვერდზე]
ბიბლია ფინურ ენაზე
ფინურ ენაზე სრული ბიბლია, რომლის გამოცემაშიც უდიდესი წვლილი მიკაელ აგრიკოლას მიუძღვის, პირველად 1642 წელს გამოვიდა. დროთა განმავლობაში ფინეთის ლუთერანული ეკლესია ძირითადად ამ ბიბლიით სარგებლობდა. წლების შემდეგ თარგმანში მცირე შესწორებები შევიდა, თუმცა 1938 წლამდე ის პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. საბოლოო შესწორებული ვარიანტი 1992 წელს გამოიცა.
ამას გარდა, ფინურ ენაზე არსებობს კიდევ ერთი სრული თარგმანი — „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერ არის გამოცემული. ის 1995 წელს გამოიცა. ამ თარგმანის ნაწილი, ქრისტიანულ–ბერძნული წერილები, მოწმეებმა 20 წლით ადრე, 1975 წელს, გამოსცეს. „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ძალიან ახლოს არის ორიგინალთან. დღეისათვის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 130 მილიონი ეგზემპლარია დაბეჭდილი სხვადასხვა ენაზე.
[სურათი 22 გვერდზე]
მიკაელ აგრიკოლა და ფინურ ენაზე დაბეჭდილი პირველი ბიბლია. 1910 წელს გამოშვებული საფოსტო ბარათი.
[საავტორო უფლებები დაცულია]
National Board of Antiquities/Ritva Bäckman
[სურათი 23 გვერდზე]
აგრიკოლას მიერ ნათარგმნი „ახალი აღთქმა“.
[საავტორო უფლებები დაცულია 21 გვერდზე]
National Board of Antiquities