ობი როგორც სასარგებლო, ისე საზიანო
ობი როგორც სასარგებლო, ისე საზიანო
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის შვედეთიდან
ობის ზოგ სახეობას შეუძლია სიკვდილს გადაგარჩინოთ. ზოგმა კი შეიძლება თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ობს ყველსა და ღვინოში იყენებენ, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება მომწამლავიც იყოს. ზოგი ხის მორზე იზრდება, ზოგიც აბაზანებსა და წიგნებში ბუდობს. ფაქტია, ობს ყველგან შეხვდებით. შესაძლოა ახლა, როცა ამ წინადადებას კითხულობთ, მისი სპორები თქვენს ნესტოებში თავისუფლად გადაადგილდებიან.
თუ არ გჯერათ, რომ ობი შეიძლება ყველგან იყოს, ცდა ჩაატარეთ. თეფშზე ან მაცივარში პურის ნაჭერი დატოვეთ და ნახავთ, ცოტა ხანში როგორ განვითარდება მასზე ფიფქი ანუ ობი.
რა არის ობი?
ობი სოკოს ჯგუფს ეკუთვნის. სოკოს 100 000-ზე მეტი სახეობა არსებობს. სოკოს სახელწოდებით ცნობილია ასევე თეთრი ობი, ქუდიანი სოკო, ჟანგა სოკო და საფუარი. ამათგან მხოლოდ 100 სახეობის სოკო იწვევს ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს. სხვა სახეობის სოკოები კი მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კვების ჯაჭვის პროცესში, შლიან რა მკვდარ ორგანულ ნივთიერებებს და, ამგვარად, გადამუშავებული სახით აწვდიან მცენარეს მისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. ზოგი სოკო სხვა მცენარეს უკავშირდება (სიმბიოზი) და მას ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების ათვისებაში ეხმარება. ზოგი კი პარაზიტი სოკოა.
ობი ცხოვრებას უწვრილესი სპორიდან იწყებს, რომელიც ქარს გადააქვს. თუ სპორა ხელსაყრელ პირობებში მოხვდა, ანუ იქ, სადაც საკმაო ტემპერატურა და ტენიანობაა, იზრდება და ჩახვეულ ძაფისებრ სხეულებს წარმოქმნის, რომელთაც ჰიფები ეწოდება. ამ ჰიფების კოლონიას კი მიცელიუმი ჰქვია. სწორედ ეს არის ობი, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეგვიძლია. გარეგნულად ობი ჭუჭყს და ლაქას მოგვაგონებს, ზუსტად ისეთს, როგორიც აბაზანის ფილებს შორის არსებულ სივრცეებში წარმოიქმნება ხოლმე.
ობი სწრაფად მრავლდება. პურის ობი (Rhizopus stolonifer) შეიცავს პატარა, შავი ფერის მრგვალი სპორის სხეულებს, ანუ სპორანგიუმებს. მხოლოდ ამ ერთ მრგვალ ბურთულაში 50 000-ზე მეტი სპორაა, რომელთაგან თითოეულს ასობით მილიონი ახალი სპორის წარმოქმნა შეუძლია, თანაც სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ასე რომ, ხელსაყრელ პირობებში ობმა შეიძლება თავი იჩინოს წიგნზე, ჩექმაზე, შპალერზე ან ხეზე.
როგორ იკვებება ობის სოკო? ადამიანებისა და ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც საკვებს ჯერ ჭამენ და მერე ინელებენ, სოკოს შემთხვევაში პირიქით ხდება. როცა ორგანული მოლეკულა, რომელიც სოკომ უნდა აითვისოს, ძალიან დიდი ან რთული აგებულებისაა, სოკო გამოყოფს ისეთ საჭმლის მომნელებელ ფერმენტს, რომელიც შლის ამ მოლეკულებს მარტივ ნაწილაკებად, რაც მის ათვისებას აადვილებს. ამას გარდა, რადგან ობის სოკო საკვების მოსაპოვებლად ვერ გადაადგილდება, მას თვით საკვებში უწევს არსებობა.
ობის სოკო ტოქსიკურ ნივთიერებებს — მიკოტოქსინებსაც გამოყოფს, რომელთაც ადამიანისა და ცხოველის საშიში
დაავადებების გამოწვევა შეუძლია. დაავადება ვრცელდება ჰაერით, საკვებითა და კანზე შეხებით. მაგრამ ობის სოკო მხოლოდ საზიანო როდია. ის სასარგებლოც არის.რით არის ობი სასარგებლო?
1928 წელს ცნობილმა მეცნიერმა, ალექსანდრე ფლემინგმა, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა მწვანე ობის ბაქტერიოციდული თვისება. მოგვიანებით ის Penicillium notatum–ის სახელით გახდა ცნობილი და აღიარებულ იქნა, როგორც ბაქტერიასთან ბრძოლის საშუალება, თანაც დადგინდა, რომ ის სრულიად უვნებელია ადამიანისა და ცხოველისთვის. ამის გამო პენიცილინზე მოთხოვნა გაიზარდა. მას თანამედროვე მედიცინის ყველაზე ეფექტური წამალი უწოდეს. ამ აღმოჩენისთვის 1945 წელს ფლემინგი და მისი თანამოაზრეები, ჰაუარდ ფლორი და ერნსტ ჩეინი, მედიცინაში მიღწეული წარმატებებისთვის ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. მას შემდეგ ობის სოკოს მრავალი სამედიცინო პრეპარატის დასამზადებლად იყენებენ. მაგალითად, ამზადებენ თრომბის, შაკიკისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატებს.
ობის სოკო კულინარიაში ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს. იცოდით თუ არა, რომ ყველის ისეთ სახეობებს, როგორიცაა „ბრი“, „კამამბერი“, „დანიური ლურჯი ყველი“, „გორგონზოლა“, „როკფორი“ და „სტილტონი“, განაკუთრებული გემო ობის, Penicillium–ის, წყალობით აქვთ? მსგავსად ამისა, ობს შებოლილი ძეხვის, სოიის სოუსის და ლუდის წარმოებაშიც იყენებენ.
იმავეს თქმა შეიძლება ღვინოზეც. სასიამოვნო არომატით გამორჩეული სადესერტო ღვინოების დასამზადებლად ყურძენს მაშინ კრეფენ, როდესაც მტევანს ობი საკმარისად აქვს მოდებული. ობი სახელწოდებით რუხი ბოტრიტისი (Botrytis cinerea), მეტად ატკბობს ყურძენს და სასიამოვნო გემოსა და არომატს სძენს. ხოლო ღვინის მარანში ობის კიდევ ერთი სახეობის, Cladosporium cellare–ის მეშვეობით მისი გემო საბოლოოდ იხვეწება.
როდის არის ობის სოკო საშიში?
ოდითგანვე ცნობილია ობის ზოგი სახეობის მავნე თვისებების შესახებ. ძვ. წ. მეექვსე საუკუნეში ასურელები ისეთ ობს, როგორიცაა Claviceps purpurea, მტრის ჭების მოსაწამლად იყენებდნენ. ეს იყო ძველი დროის ბიოლოგიური იარაღი. იგივე ობი, რომელიც ზოგჯერ ჭვავს უჩნდება, შუა საუკუნეებში ეპილეფსიურ შეტევებს, ტკივილის მწველ შეგრძნებას, განგრენასა და ჰალუცინაციებს იწვევდა. ახლა ამ სიმპტომებით გამოვლენილ დაავადებას ერგოტიზმი ჰქვია. ეს დაავადება ადრე „წმინდა ანტონის ცეცხლის“ სახელწოდებით იყო ცნობილი, რადგან დაავადებულებს სასწაულებრივად განკურნების იმედი ჰქონდათ და ამის გამო წმინდა ანტონის ტაძარში (საფრანგეთი) სალოცავად შორ მანძილს გადიოდნენ.
ყველაზე ძლიერი კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ნივთიერება, ცნობილია როგორც აფლატოქსინი, რომელსაც ობის სოკო გამოყოფს. მხოლოდ ერთ
აზიურ ქვეყანაში იგი წელიწადში 20 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. ეს მომაკვდინებელი, რთული შემადგენლობის ნაერთი თანამედროვე ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად გამოიყენეს.დღეს ჩვეულებრივი ობის სოკოთი გამოწვეული დაავადებები ნაკლებად უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს. მისი სიმპტომები უფრო არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ერთ–ერთ სამედიცინო სახელმძღვანელოში ნათქვამია: „ობის სოკოს უმეტესობა, მაშინაც კი, თუ სპორებს შეისუნთქავთ, არ გავნებთ“ (UC Berkeley Wellness Letter). ჩვეულებრივ, იგი საზიანოდ მოქმედებს მათზე, ვისაც ფილტვები აქვს დაავადებული, მაგალითად ასთმიურებზე; აგრეთვე ალერგიულებზე; მათზე, ვისაც ქიმიკატებისადმი მგრძნობელობა აქვს, ან დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი; ფერმერებზე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ობის დიდი რაოდენობა შეხვდათ. ჩვილი ბავშვები და ხანდაზმულები ნაკლებად არიან დაცულნი მისი მავნე ზემოქმედებისგან.
კალიფორნიის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ობის სოკო ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა: ხიხინით სუნთქვა, მძიმედ სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, თვალის გაღიზიანება (წვა, გაწყლიანება, გაწითლება), მშრალი ხველება, ცხვირისა და ყელის გაღიზიანება, კანზე გამონაყარი.
ობი, რომელიც შენობებს უჩნდება
ზოგ ქვეყანაში ობის მოშორების მიზნით ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს სკოლების დროებით დახურვა, ოფისებისა და სახლების დაცლა. 2002 წლის დასაწყისში ახლად გახსნილი სტოკჰოლმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დახურვის მიზეზი იქ გაჩენილი ობის სოკო იყო. ეს შენობა ობისგან რომ გასუფთავდეს, დაახლოებით ხუთი მილიონი დოლარია საჭირო. რატომ არის ხშირი ამ ბოლო დროს ასეთი შემთხვევები?
ამას ორი ფაქტორი განაპირობებს. პირველი, საშენი მასალა და მეორე, შენობის სტრუქტურა. ბოლო ათწლეულების მანძილზე ისეთ საშენ მასალას იყენებენ, რომლებიც ობის გაჩენას უწყობს ხელს. მაგალითისთვის ავიღოთ პანელები, რომლებიც თაბაშირისა და მუყაოს რამდენიმე შრისგან შედგება. თაბაშირი დიდხანს ინარჩუნებს ნესტს. სველი მასალა კი ობის სპორების გაჩენას და გამრავლებას უწყობს ხელს, რადგან ობის სოკოსთვის მუყაო საკვებს წარმოადგენს.
ახლა რაც შეეხება შენობის სტრუქტურას. შეერთებულ შტატებსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში 70–იან წლებამდე აგებული შენობები ნაკლებად ჰერმეტული იყო და უფრო კარგად ნიავდებოდა, ვიდრე ისინი, რომლებიც მოგვიანებით ააგეს. ასეთი ცვლილება განპირობებული იყო იმით, რომ დაეზოგათ ელექტროენერგია და დაერეგულირებინათ ტემპერატურა. ამდენად ახლა, თუ შენობაში წყალმა შეაღწია, ნესტს დიდხანს ინარჩუნებს, ეს კი თავის მხრივ ობის გავრცელებას უწყობს ხელს. არსებობს ამ პრობლემიდან რაიმე გამოსავალი?
ობთან ბრძოლის ან მისი მინიმუმამდე დაყვანის ყველაზე ეფექტური საშუალება ყველაფრის სუფთად და მშრალად დაცვაა, ამასთანავე დაბალი ტენიანობის შენარჩუნება. თუ სადმე ნესტი დაგროვდა, ის ადგილი მაშინვე ამოაშრეთ; თუ რამე არის შესაკეთებელი, შეაკეთეთ, რათა წყალი არ დაგროვდეს. მაგალითად სახურავი და ჟოლობი სუფთად დაიცავით, ასევე მათ კარგ მდგომარეობაზეც იზრუნეთ. გარდა ამისა, შენობასთან მიწის ზედაპირი ისე არ უნდა იყოს დაქანებული, რომ საძირკვლის გარშემო წყალი წარმოიქმნას. თუ კონდიციონერი გაქვთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ კარგ მდგომარეობაში იყოს წყალსადინარი და ის თავისუფლად იცლებოდეს.
როგორც ერთი თანამდებობის პირი ამბობს, თუ ნესტის არსებობას არ დაუშვებთ, ობი არ წარმოიქმნება. ასეთი მარტივი ზომების მიღებით, თქვენ და თქვენი ოჯახი თავიდან აირიდებთ ობით გამოწვეულ ზიანს. ობი ცეცხლს ჰგავს. მას ზიანის მიყენება შეუძლია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან სასარგებლოც არის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ და რა რაოდენობით ვიყენებთ მას. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ობის შესახებ. ღვთის საოცარ ქმნილებებთან გაცნობას დიდი სარგებლობა მოაქვს.
[ჩარჩო/სურათი 14, 15 გვერდებზე]
მოიხსენიებს ბიბლია ობს?
ბიბლიაში მოხსენიებულია ‘კეთრით დაწყლულებული’ სახლი (ლევიანები 14:34—48). გამოთქმული იყო აზრი, რომ ეს დაავადება, რომელიც ასევე „გესლოვანი წყლულის“ სახელით არის ცნობილი, ობის ერთ-ერთ სახეობას უნდა გამოეწვია. თუმცა ამის დაბეჯითებით თქმა შეუძლებელია. რაც უნდა ყოფილიყო, ღვთის კანონი მითითებას აძლევდა სახლის მეპატრონეს, მოეშორებინა დაინფიცირებული ქვები, სახლი შიგნიდან მთლიანად გადაეფხიკა და საეჭვო საგნები ქალაქგარეთ, „უწმინდურ ადგილზე“, გადაეყარა. თუ წყლული კვლავ იჩენდა თავს, მაშინ მთელი სახლი უწმინდურად უნდა გამოცხადებულიყო. ასეთ შემთხვევაში სახლი უნდა დაენგრიათ. იეჰოვას მიერ თავისი ხალხისთვის მიცემულ დაწვრილებით მითითებებში მისი უსაზღვრო სიყვარული და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ვლინდებოდა.
[სურათი 13 გვერდზე]
ობის სოკოსგან დამზადებულ წამლებს არაერთი ადამიანი გადაურჩენია.
[სურათი 15 გვერდზე]
თაბაშირის პანელებისა და ვინილის შპალერების დანესტიანება ხელს უწყობს ობის წარმოქმნას.