რატომ ვაყენებ საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს?
ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ ვაყენებ საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს?
„იმდენად ღრმად გადავისერე მაჯები, რომ ნაკერების დადება დამჭირდა. მაშინ ექიმს ვუთხარი, რომ ხელები ნათურის ნამსხვრევით გამეჭრა, რაც სიმართლე იყო — იმაზე კი სიტყვაც არ დამცდენია, რომ ეს შეგნებულად გავაკეთე“ (საშა, 23 წლის).
„მშობლები ხედავენ ჩემს ჭრილობებს, მაგრამ ისეთებს, რომლებიც არცთუ ისე სერიოზულად გამოიყურება და ნაკაწრებს ჰგავს . . . ზოგჯერ ისეთ ჭრილობებსაც ამჩნევენ, რომლებიც მათთვის უცნაურია და ამ დროს რაღაც მიზეზების მოძებნა მიწევს . . . არ მინდა, მათ ნამდვილი მიზეზი იცოდნენ“ (არიელი, 13 წლის).
„საკუთარი სხეულის დასახიჩრება 11 წლიდან დავიწყე. ვიცი, რომ ღმერთი ძალიან აფასებს ადამიანის სხეულს, მაგრამ ამის ცოდნაც კი ვერ მაკავებს“ (ჯენიფერი, 20 წლის).
შეიძლება იცნობ, საშას, არიელისა და ჯენიფერის მსგავს პიროვნებას *. ის შეიძლება შენი კლასელი იყოს ან ოჯახის წევრიც კი. ეს პიროვნება შეიძლება შენ თვითონ იყო. ამბობენ, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონობით ადამიანი — მათგან უმეტესობა ახალგაზრდა — შეგნებულად აყენებს ზიანს საკუთარ თავს სხვადასხვა სახით, მაგალითად ჭრილობებით, დამწვრობით, დაბეჟვით ან კანის დაკაწვრით *.
საკუთარ თავისთვის შეგნებულად ზიანის მიყენება?! წარსულში ბევრი ამას უცნაურ ახირებას ან კულტს უკავშირებდა. მაგრამ გასულ წლებში ცნობილი გახდა თვითგვემის შესახებ, რომელშიც შედიოდა გაჭრა ან სხეულის დასახიჩრება. როგორც ჩანს, მათი რიცხვი, ვინც აღიარებს, რომ ეს პრობლემა აქვს, სწრაფად მატულობს. „ყოველი მკურნალი ექიმი ამბობს, რომ პრობლემა ფართო მასშტაბებს იღებს“, — განაცხადა მაიკლ ჰოლენდერმა, აშშ-ის სამკურნალო ცენტრის დირექტორმა.
თვითდასახიჩრება იშვიათად მთავრდება სიკვდილით, მაგრამ მაინც საშიშია. მაგალითად, დავფიქრდეთ ბეთის შემთხვევაზე. ის ამბობს: „საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად სამართებელს ვიყენებ. ამის გამო საავადმყოფოში ორჯერ მოვხვდი. ერთხელ გადაუდებელი დახმარების კაბინეტშიც კი მომიწია წასვლა, რადგან ძალიან ღრმა ჭრილობა მქონდა“. მრავალთა მსგავსად, ვისაც ასეთი
მოშლილობა აქვს, ბეთი სრულწლოვანების ასაკშიც განაგრძობს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას. „ეს 15 წლიდან დავიწყე, ახლა კი 30 წლის ვარ“, — ამბობს ის.შენც ხომ არ აყენებ საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს? იქნებ შენს ნაცნობთაგან ვინმეა ამის მსხვერპლი? თუ ასეა, სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები. დახმარება შესაძლებელია. „გამოიღვიძეთ!“-ის შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მათთვის დახმარების აღმოჩენა, ვინც საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს აყენებს *. მანამდე კი კარგი იქნება, ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს მოშლილობა აქვთ და გავიგოთ, რატომ აკეთებენ ისინი ამას.
თვითდასახიჩრების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი
ძალიან რთულია იმ ადამიანების ერთ კატეგორიაში გაერთიანება, რომლებიც საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს აყენებენ. ზოგი ოჯახური პრობლემებით არის დამძიმებული; სხვები სტაბილური, ბედნიერი ოჯახებიდან არიან. ზოგი მათგანი სკოლაში დამაკმაყოფილებლად სწავლობს, მაგრამ მრავალი ძალიან კარგი მოსწავლეა. ხშირად, მათ, ვინც თავის თავს ზიანს აყენებს, ოდნავ ან საერთოდ არ ეტყობათ, რომ პრობლემა აქვთ, რადგან ისინი, ვინც რაიმე უბედურებით იტანჯება, ყოველთვის გარეგნულად არ ავლენენ ამას. ბიბლიაში ნათქვამია: „სიცილის დროსაც სტკივა გულს“ (იგავები 14:13).
გარდა ამისა, სხვადასხვა ადამიანი საკუთარი თავისადმი სისასტიკეს სხვადასხვაგვარად ავლენს. მაგალითად, ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ზოგი პიროვნება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ისერავს სხეულს, მაშინ როცა სხვები დღეში, საშუალოდ, ორჯერ აკეთებენ ამას. საინტერესოა, რომ ახლა უფრო მეტი მამაკაცი ისახიჩრებს თავს, ვიდრე ადრე ეგონათ, მაგრამ ეს პრობლემა დღეს უმეტესწილად მაინც მოზარდ გოგონებში შეინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები განსხვავებული მიზეზების გამო ისახიჩრებენ სხეულს, მათ მაინც აქვთ საერთო მახასიათებლები. ერთი ენციკლოპედია მათ შესახებ აღნიშნავს: „ახალგაზრდები, რომლებიც თავს ისახიჩრებენ, ხშირად უმწეოდ გრძნობენ თავს, უჭირთ სხვებისთვის თავიანთი გრძნობების გაზიარება, გარიყულები არიან, ეშინიათ და საკუთარ თავს პატივს არ სცემენ“.
ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ამგვარი აღწერილობა თითქმის ნებისმიერ ახალგაზრდას მიესადაგება, რომლებიც ზრდის პროცესში შიშსა და დაუცველობას გრძნობენ. მაგრამ ის ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს აყენებენ, ასეთ გრძნობებს განსაკუთრებული ინტენსივობით ებრძვიან. მას, ვისაც არ შეუძლია მტანჯველი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა და სანდო ადამიანისთვის გაზიარება, შეიძლება დაუძლეველ ტვირთად ექცეს ზეწოლა სკოლაში, სამსახურის მოთხოვნები ან ოჯახური კონფლიქტები. ის გამოსავალს ვერ ხედავს და ჰგონია, რომ ვერც ვერავის დაელაპარაკება ამის შესახებ. დაძაბულობა აუტანელი ხდება. საბოლოოდ, ის აღმოაჩენს, რომ საკუთარი თავისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებით, გარკვეულწილად, ჩაიხშობს ემოციურ ტკივილს და ჰგონია, რომ კვლავ შეუძლია სიცოცხლის გაგრძელება; ყოველ შემთხვევაში მას იმ მომენტში ასე ეჩვენება.
რატომ მიმართავენ ეს ადამიანები ემოციური ტკივილის შესამსუბუქებლად ფიზიკურ ტკივილს? მაგალითისთვის, დაფიქრდით, რა ხდება, როცა ნემსის გასაკეთებლად ექიმთან იმყოფებით. ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ პროცესის დაწყებისთანავე საკუთარ თავს ბწკენთ ან კანს ფრჩხილებით აწვებით, რათა ნემსის ჩხვლეტა არ იგრძნოთ? მსგავსად იქცევიან ისინიც, ვინც საკუთარ თავს ტკივილს აყენებს, თუმცა ამ დროს უფრო მტკივნეულ მეთოდებს მიმართავენ. მათ მთელი ყურადღება ჭრილობებზე გადააქვთ, რაც ემოციური ტანჯვით გამოწვეულ ტკივილს უყუჩებთ. ემოციური ტკივილი კი ფიზიკურთან შედარებით იმდენად ძლიერია, რომ ფიზიკურ ტკივილს ამჯობინებენ. შესაძლოა, სწორედ ამიტომ
უწოდა თვითდასახიჩრებას ერთმა გოგონამ „თავისი შიშის წამალი“.„სტრესის დაძლევის მეთოდი“
მათ, ვისაც არაფერი სმენია ამ მოშლილობის შესახებ, შეიძლება თვითდასახიჩრება თვითმკვლელობის მცდელობა ეგონოთ. მაგრამ ეს ასე არ არის. მოზარდთა ერთი ჟურნალის მთავარი რედაქტორი საბრინა სოლინ ვილი წერს, რომ „ამ ადამიანებს, ძირითადად, ემოციური ტკივილის მოსპობა სურთ და არა საკუთარი სიცოცხლის“. ამიტომაც ერთი წიგნი თვითდასახიჩრების შესახებ აღნიშნავს, რომ ის «„მაშველი რგოლი“ უფროა, ვიდრე სიცოცხლესთან გამოსალმების მცდელობა». მას აგრეთვე „სტრესის დაძლევის მეთოდსაც“ უწოდებენ. როგორი სტრესის?
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ბევრს, ვინც საკუთარ სხეულს ისახიჩრებს, რაიმე ტრავმა აქვს გადატანილი, მაგალითად, ბავშვობაში ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ან ყურადღებას არ აქცევდნენ. სხვებს ამისკენ ოჯახში არსებულმა უთანხმოებებმა ან ალკოჰოლიკმა მშობლებმა უბიძგეს. ზოგს ეს პრობლემა ფსიქიკური მოშლილობის გამო განუვითარდა.
შესაძლოა თვითდასახიჩრების მიზეზი სხვა პრობლემებიც იყოს. მაგალითად, სარა, როგორც თვითონ ამბობს, მაქსიმალიზმით იყო შეპყრობილი და გამუდმებით საკუთარ თავს ადანაშაულებდა. მაშინაც კი, როცა სერიოზული შეცდომების დაშვების შემდეგ დახმარება მიიღო ქრისტიანი უხუცესებისგან, ყოველდღიურ საქმეებში არასრულყოფილების გამოვლენის გამო თავს საშინელ დამნაშავედ გრძნობდა. «ვფიქრობდი, რომ საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრი უნდა ვყოფილიყავი, — ამბობს სარა. — ჩემთვის თვითდასახიჩრება მხოლოდ და მხოლოდ თვითდისციპლინა იყო. ჩემს „თვითდისციპლინაში“ შედიოდა საკუთარი თავისთვის თმების დაგლეჯვა, მაჯებისა და მკლავების დასერვა, მუშტების ჩარტყმა და ღრმა დაჟეჟილობის გამოწვევა, და ისეთი სასჯელის გამოტანა, როგორიცაა ძალიან ცხელი წყლის ქვეშ ხელის დაჭერა, სუსხიან ამინდში უპალტოოდ გარეთ ჯდომა ან მთელი დღის განმავლობაში უჭმელად ყოფნა».
სარასთვის თვითდასახიჩრება საკუთარი თავისადმი დიდი სიძულვილის გამოხატვის საშუალება იყო. „დროდადრო ვხვდებოდი, რომ იეჰოვა მპატიობდა შეცდომებს, — ამბობს სარა, — მაგრამ მე არ მსურდა ეს. მინდოდა დავტანჯულიყავი, რადგან საშინლად მძულდა საკუთარი თავი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, იეჰოვას ფიქრადაც არ ჰქონია ჯოჯოხეთის მსგავსი საწამებელი ადგილის შექმნა, მე მინდოდა, ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის შემექმნა“.
„ძნელად ასატანი დრო“
ზოგი შეიძლება გააოცოს იმან, თუ რატომ იჩინა თავი ასეთმა აღმაშფოთებელმა მოქმედებამ მხოლოდ გასულ ათწლეულებში. მაგრამ ბიბლიის შემსწავლელებმა იციან, რომ „ძნელად ასატანი დრო“ დგას (2 ტიმოთე 3:1). ამიტომ, მათ არ უკვირთ, როცა იგებენ, რომ ადამიანების, მათ შორის ახალგაზრდების, ქცევა იმდენად შეიცვალა, რომ ასეთი საქციელის ახსნა რთულია.
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ჩაგვრისგან ბრძენიც შეიძლება გიჟივით მოიქცეს“ (ეკლესიასტე 7:7, აქ). მოზარდობასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა — ზოგჯერ ცხოვრებისეულ მწარე გამოცდილებასთან ერთად — შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს საზიანო ქცევის, მათ შორის თვითდასახიჩრების, განვითარებას. ახალგაზრდამ, რომელიც გარიყულად გრძნობს თავს და დარწმუნებულია, რომ ვერავის გაუზიარებს გულისნადებს, შვების საპოვნელად შეიძლება სხეულის დასახიჩრებას მიმართოს. მაგრამ, რაც უნდა შვების მომგვრელი ჩანდეს თვითდასახიჩრება, ეს შვება დიდხანს არ გრძელდება. ადრე თუ მალე პრობლემა კვლავ იჩენს თავს და შედეგიც არ დააყოვნებს.
ჩვეულებრივ, მათ, ვინც თვითდასახიჩრებას ეწევა, სურთ მისგან გათავისუფლება, მაგრამ ხედავენ, რომ ეს ძალიან რთულია. როგორ შეუძლიათ მათ შეწყვიტონ საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება? ამის შესახებ ვისაუბრებთ რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვების“ შემდგომ სტატიაში „როგორ შევწყვიტო საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება?“, რომელიც „გამოიღვიძეთ!“-ის 2006 წლის თებერვლის ნომერში დაიბეჭდება.
დაფიქრდი:
▪ რატომ ისახიჩრებს ზოგი ახალგაზრდა საკუთარ თავს?
▪ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, შეგიძლია მოძებნო უარყოფით გრძნობებთან გამკლავების უფრო უკეთესი გზები?
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 6 თვითდასახიჩრება არ უნდა აგვერიოს პირსინგში ან ტატუირებაში. ჩვეულებრივ, ეს ფსიქიკური მოშლილობა უფროა, ვიდრე არაგონივრული მოქმედების გადაულახავი სურვილი. იხილეთ 2000 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 10, 11.
^ აბზ. 9 ლევიანების 19:28-ში ნათქვამია: „არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული“. ეს წარმართული წეს-ჩვეულება, რომელიც განკუთვნილი იყო, როგორც ჩანს, იმ ღმერთების დასამშვიდებლად, რომლებიც მკვდრების ზედამხედველებად მიაჩნდათ, განსხვავდება სხეულის დაზიანების იმ ჩვევისგან, რასაც აქ განვიხილავთ.
[ჩანართი 11 გვერდზე]
„სიცილის დროსაც კი სტკივა გულს“ (იგავები 14:13).
[ჩანართი 11 გვერდზე]
„ამ ადამიანებს, ძირითადად, ემოციური ტკივილის მოსპობა სურთ და არა საკუთარი სიცოცხლის“.
[ჩანართი 12 გვერდზე]
ჩვენ „ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1).