არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა მივმართოთ ბიბლიას ხელმძღვანელობისთვის?

რატომ უნდა მივმართოთ ბიბლიას ხელმძღვანელობისთვის?

ბიბლიის თვალსაზრისი

რატომ უნდა მივმართოთ ბიბლიას ხელმძღვანელობისთვის?

„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16).

თქვენ რას მიმართავთ ხელმძღვანელობისთვის? დღეს ნებისმიერ საკითხზე უამრავი რჩევის მიღებაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, მრავალი ხელმძღვანელობისთვის უძველეს წიგნს, ბიბლიას, მიმართავს.

ბევრი არ აფასებს ბიბლიას, რადგან დღეს თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით უსაზღვროდ დიდი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ზოგიერთი პედაგოგის თუ მეცნიერის აზრით, ბიბლია მოძველებული წიგნია. სწორია მათი შეხედულება? რატომ უნდა მივმართოთ ბიბლიას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელმძღვანელობისთვის უამრავი საშუალება არსებობს?

წიგნი ჭეშმარიტების შესახებ

ერთხელ, როდესაც იესო ჭასთან ისვენებდა, ის სამარიელ ქალს გაესაუბრა. მან უთხრა ქალს: „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4:24). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ არსებობს ღვთისთვის მისაღები თაყვანისცემა. ჭეშმარიტებით თაყვანისცემისთვის აუცილებელია, რომ ღვთისადმი ჩვენი მსახურება ბიბლიაში ჩაწერილს შეესაბამებოდეს. ჭეშმარიტება კი ღვთის სიტყვაშია მოცემული (იოანე 17:17).

ბევრი რელიგია აცხადებს, რომ მათ სწამთ ბიბლიის, თუმცა ბიბლიისგან განსხვავებული სწავლებები აქვთ. შედეგად, დიდ დაბნეულობას იწვევს ის, თუ სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია: არის იესო ღმერთი, თუ ის ღვთის ძეა? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ნამდვილად არსებობს ჯოჯოხეთი, სადაც ბოროტი ადამიანები იტანჯებიან სიკვდილის შემდეგ? რეალური პიროვნებაა სატანა? რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი? ნამდვილად აქვს მნიშვნელობა ღვთისთვის ჩვენს ფიქრებსა და მოქმედებებს? ამართლებს ნამდვილი სიყვარული ქორწინებამდელ სექსს? არასწორია ალკოჰოლური სასმელების მიღება? * მრავალი რელიგია აცხადებს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჭეშმარიტებას ასწავლის. მაგრამ მათ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები აქვთ. შეუძლებელია, რომ ყველა ჭეშმარიტი იყოს (მათე 7:21—23).

მაშ, როგორ შეგიძლიათ გაიგოთ ჭეშმარიტება ღვთისა და მისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლობის შესახებ? წარმოიდგინეთ, რომ სერიოზული დაავადება გაქვთ და ოპერაცია გჭირდებათ. რას გააკეთებთ? შეძლებისდაგვარად გამოცდილ ქირურგს მოძებნით; დაუკავშირდებით მას. საბოლოოდ, როცა დარწმუნდებით, რომ ის მართლაც საუკეთესო ქირურგია და შეგიძლიათ ენდოთ, ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტთ. ამ ქირურგთან დაკავშირებით სხვებს შესაძლოა თქვენგან განსხვავებული აზრი აქვთ, მაგრამ თქვენ გჯერათ მისი.

მსგავსად, ხელმისაწვდომი ფაქტების საფუძვლიანი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, ღვთისა და ბიბლიისადმი რწმენა განგივითარდებათ (იგავები 2:1—4). იმ კითხვებზე პასუხების ძიებისას, თუ რომელი თაყვანისცემაა ღვთისთვის მისაღები, თქვენ არჩევნის წინაშე დგახართ — ბიბლიის თვალსაზრისს გაითვალისწინებთ თუ ადამიანთა ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლებებსა და შეხედულებებს.

ზუსტი და პრაქტიკული

ბიბლიის გულმოდგინე გამოკვლევა დაგეხმარებათ, დარწმუნდეთ, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ * (2 ტიმოთე 3:16, 17). მაგალითად, ბიბლიაში მოცემული მრავალი წინასწარმეტყველება დაწვრილებითაა აღწერილი. ისტორია ცხადყოფს, თუ როგორ შესრულდა ისინი (ესაია 13:19, 20; დანიელი 8:3—8, 20—22; მიქა 5:2). თუმცა ბიბლია არ არის მეცნიერული სახელმძღვანელო, ის მეცნიერულად ზუსტია. ვიდრე მეცნიერები გარკვეულ დასკვნებს გააკეთებდნენ ბუნებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე ბიბლიაში ჯერ კიდევ ათასობით წლის წინათ დაიწერა (ლევიანები 11:27, 28, 32, 33; ესაია 40:22).

გარდა ამისა, ბიბლია გვეხმარება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. მასში მოცემულია პრაქტიკული რჩევები ოჯახურ ცხოვრებასთან, ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობასთან და სხვა ყოველდღიურ საქმეებთან დაკავშირებით. იგავების 2:6, 7–ში ნათქვამია: „რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისგანაა ცოდნა და გონიერება. შეუნახავს მოსაზრებულობას პატიოსანთ“. როდესაც ბიბლიას მიმართავთ ხელმძღვანელობისთვის, აღქმის უნარს გაიწაფავთ „კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14).

ღვთის სიტყვა აგრეთვე გვეხმარება სიცოცხლის აზრის გაგებაში (იოანე 17:3; საქმეები 17:26, 27). ის გვიხსნის, თუ რატომ არის მსოფლიოში ასეთი მდგომარეობა (მათე 24:3, 7, 8, 14; 2 ტიმოთე 3:1—5). ბიბლიაში ნაჩვენებია, თუ როგორ მოსპობს ღმერთი ბოროტებას დედამიწაზე და როგორ გაიხარებს კაცობრიობა სრულყოფილი ჯანმრთელობითა და მარადიული სიცოცხლით (ესაია 33:24; დანიელი 2:44; გამოცხადება 21:3, 4).

მილიონებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ ბიბლია მართლაც სანდოა; ის სიბრძნის წყაროა. „გამოიღვიძეთ!“–ის გამომცემლები გიწვევენ, გამოიკვლიოთ სტატიათა სერია „ბიბლიის თვალსაზრისი“, რომელიც ამ ჟურნალის ყველა ნომერში იბეჭდება. თქვენ დარწმუნდებით, რომ ბიბლია ხელმძღვანელობისთვის საუკეთესო წყაროა.

გიფიქრიათ?

▪ როგორი თაყვანისცემაა ღვთისთვის მისაღები? (იოანე 4:24).

▪ რა უნდა გააკეთოთ, რომ ღვთის სიბრძნით ისარგებლოთ? (იგავები 2:1—4).

▪ რა მხრივ არის ბიბლია პრაქტიკული სახელმძღვანელო? (ებრაელები 5:14).

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 ეს და სხვა საკითხები განხილულ იქნება „გამოიღვიძეთ!“–ის მომდევნო ნომრებში რუბრიკით „ბიბლიის თვალსაზრისი“.

^ აბზ. 12 იმის დასადასტურებლად, რომ ბიბლია ღვთის მიერ არის შთაგონებული, იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა, თუ ადამიანის? (რუს.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.