რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ 2000 წელს მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზით დაავადების 8,3 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დაავადებას ემსხვერპლა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი. მათგან უმეტესობა ღარიბი ქვეყნებიდან იყო (ავსტრალიის სამედიცინო ჟურნალი).
▪ „დღესდღეობით 10 მილიონი ახალგაზრდა აივ-ით არის დაინფიცირებული. ყოველწლიურად კი მთელ მსოფლიოში 4,9 მილიონი ადამიანი ინფიცირდება, მათ შორის ნახევარი 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდაა“ (გაეროს მოსახლეობის ფონდი).
▪ თანამგზავრის საშუალებით დედამიწის გარშემო ალბატროსების ფრენას აკვირდებოდნენ. ყველაზე სწრაფმა ალბატროსმა 46 დღეში შემოუფრინა დედამიწას (ჟურნალი „საიენსი“, აშშ).
▪ „მსოფლიოში ყოველ საათში 100 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება ჯარისკაცებზე, იარაღსა და საბრძოლო მასალაზე“ („ვაიტალ საინსი“, 2005 წელი, უორლდუოჩის ინსტიტუტი).
ძალადობა სასულიერო პირებზე
„მღვდლად მსახურება [დიდ ბრიტანეთში] ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიაა“, — აღნიშნული იყო 2005 წელს ლონდონში გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. ბრიტანეთის მთავრობის მიერ 2001 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ორი წლის განმავლობაში მღვდლების დაახლოებით 75 პროცენტმა განიცადა თავდასხმა ან ფიზიკური შეურაცხყოფა. 1996 წლიდან დაწყებული, სულ მცირე, 7 მღვდელი იქნა მოკლული. მერზისაიდის საგრაფოში „სადაც 1 400 ეკლესიაა, ყოველდღიურად ერთ ეკლესიას ესხმიან თავს, ქურდავენ ან ცეცხლს უკიდებენ“.
უჩვეულო ბიოლოგიური მრავალფეროვნება
ტენიანი ტროპიკების ტყის განადგურების მიუხედავად, „კუნძული ბორნეო უჩვეულო ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა“, — აღნიშნავს გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმზი“. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი იტყობინება, რომ 1994—2004 წლებში ბიოლოგებმა კუნძულ ბორნეოზე, რომელიც ინდონეზიას, მალაიზიასა და ბრუნეის აქვთ გაყოფილი, მცენარეებისა და ცხოველების 361 ახალი ჯიში აღმოაჩინეს: მწერების 260 სახეობა, მცენარეების — 50, თევზების — 30, ბაყაყის — 7, ხვლიკის — 6, კიბორჩხალის — 5, გველის — 2 და გომბეშოს — 1. ვინაიდან იზრდება მოთხოვნილება ტროპიკულ მერქანზე, კაუჩუკსა და პალმის ზეთზე, ტენიანი ტროპიკების ტყეებს გაჩეხვა ემუქრება.
ცრურწმენა ვრცელდება
გერმანიაში ჩატარებულმა ერთ-ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ტექნიკისა და მეცნიერების განვითარების მიუხედავად, ცრურწმენა კვლავაც გავრცელებულია“ (German opinion poll institute Allensbach). ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე გამოკვლევამ ცხადყო, რომ „ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ცრურწმენა, კარგის მომასწავებელი იქნება თუ ცუდის, ხალხში ჯერ კიდევ არსებობს; სინამდვილეში, ის დღეს უფრო მეტად მოქმედებს ადამიანებზე, ვიდრე 25 წლის წინ“. 70-იან წლებში გერმანელების 22 პროცენტს მიაჩნდა, რომ ჩამოვარდნილი ვარსკვლავი მათ მომავალზე მოახდენდა გავლენას. დღეს ასეთი რწმენა 40 პროცენტს აქვს. ცრურწმენას სამიდან მხოლოდ ერთი ახალგაზრდა უარყოფს. გერმანიაში 1 000 სტუდენტის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ერთი მესამედი მანქანაში ან ბრელოკზე თილისმას ჰკიდებს, რათა წარმატებული იყოს.
ანტარქტიკის მყინვარები პატარავდება
ქალაქ ბუენოს-აირესში გამომავალი გაზეთი „კლარინი“ აღნიშნავს, რომ „გასული 50 წლის განმავლობაში ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე 244 მყინვარის 87 პროცენტი დადნა“. ეს უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე მკვლევარები ვარაუდობდნენ. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე ბოლო 50 წლის მანძილზე ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 2,5 გრადუსით მოიმატა. „გლობალური დნობა ძირითადად კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული“, — აღნიშნავს ბრიტანელი მკვლევარი დევიდ ვონი. „ადამიანები არიან ამაზე პასუხისმგებლები? დარწმუნებით არ შეგვიძლია რამის თქმა, თუმცა ერთი ნაბიჯით უკვე მივუახლოვდით ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მიღებას“, — ამბობს ის.