საოცარი სისხლის წითელი უჯრედები
საოცარი სისხლის წითელი უჯრედები
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან
სისხლის ნაკადში ყველაზე მეტი რაოდენობით არსებული უჯრედები სისხლს წითელ ფერს აძლევს. სწორედ ამიტომ ეწოდება მათ სისხლის წითელი უჯრედები ანუ ერითროციტები. ერთ წვეთ სისხლში ასობით მილიონი ასეთი უჯრედია. მიკროსკოპით დათვალიერებისას შეამჩნევთ, რომ მათ ჩაზნექილი დისკოს ფორმა აქვთ. თითოეულ ასეთ უჯრედში ასობით მილიონი ჰემოგლობინის მოლეკულაა. თავის მხრივ, ჰემოგლობინის მოლეკულა ძალიან ლამაზია და მას სფეროს ფორმა აქვს. ის შედგება წყალბადის, ნახშირბადის, აზოტის, ჟანგბადისა და გოგირდის დაახლოებით 10 000 ატომისგან. ამას გარდა, მასში რკინის მძიმე ატომებიცაა, რომლებიც სისხლს ჟანგბადის გადატანაში ეხმარება. სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ჰემოგლობინი ეხმარება უჯრედებს ქსოვილებიდან ნახშირორჟანგის გამოთავისუფლებაში.
სისხლის წითელი უჯრედების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მისი გარსი ანუ მემბრანა წარმოადგენს. ამ საოცარი გარსის მეშვეობით უჯრედს ადვილად შეუძლია ფორმა შეიცვალოს, რათა გაიაროს ყველაზე წვრილ სისხლძარღვებში (კაპილარებში) და მთელი სხეული ჟანგბადით მოამარაგოს.
სისხლის წითელი უჯრედები ძვლის ტვინში წარმოიქმნება. მას შემდეგ, რაც ახლად წარმოქმნილი უჯრედი სისხლის ნაკადში გადავა, მან შეიძლება მთელ სხეულში გულის გავლით 100 000-ზე მეტი წრე გააკეთოს. სხვა უჯრედებისგან განსხვავებით, სისხლის წითელ უჯრედებს ბირთვი არ გააჩნია. შედეგად მას მეტი თავისუფალი ადგილი აქვს ჟანგბადის გადასატანად. გარდა ამისა, უჯრედი უფრო მსუბუქი ხდება, რაც უადვილებს გულს ტრილიონობით სისხლის წითელი უჯრედის გადატუმბვას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბირთვის არქონის გამო სისხლის წითელ უჯრედებს არ შეუძლიათ განახლება. ამიტომ, დაახლოებით 120 დღის შემდეგ სისხლის წითელი უჯრედები იწყებს დაშლას და კარგავს ელასტიურობას. სისხლის დიდი თეთრი უჯრედები ანუ ფაგოციტები შთანთქავს ამ დაზიანებულ (მკვდარ) უჯრედებს და რკინის ატომებს წარმოშობს. რკინის ატომები უერთდებიან ტრანსპორტირებად მოლეკულებს და გადადიან ძვლის ტვინში, სადაც მონაწილეობას იღებენ ახალი სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში. ყოველ წამში ძვლის ტვინი 2-დან 3 მილიონამდე ახალ სისხლის წითელ უჯრედს წარმოქმნის, რომელიც მზად არის სისხლის ნაკადში გადასასვლელად.
ჩვენმა ტრილიონობით სისხლის წითელმა უჯრედმა მოულოდნელად მოქმედება რომ შეწყვიტოს, რამდენიმე წუთში დავიღუპებით. მართლაც, რა მადლიერნი უნდა ვიყოთ იეჰოვა ღმერთის ამ საოცარი უჯრედების შექმნისთვის, რაც სიცოცხლით ტკბობის საშუალებას გვაძლევს! უდავოა, თქვენც ეთანხმებით ფსალმუნმომღერლის ნათქვამს: „იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ. ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმეები და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა (ფსალმუნები 139:1, 14, აქ [138:1, 14]).
[დიაგრამა 24 გვერდზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სისხლის წითელი უჯრედი
მემბრანა
ჰემოგლობინი (გადიდებულია)
ჟანგბადი