ჩვენს მკითხველს
ჩვენს მკითხველს
ამ ნომრით დაწყებული ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ განახლებული ფორმატით გამოვა. იქნება ზოგიერთი ცვლილება შინაარსსა და გაფორმებაში, თუმცა ბევრი რამ სახეუცვლელი დარჩება.
ჩვენი ჟურნალი კვლავაც უერთგულებს მიზანს, რომელსაც ათწლეულების მანძილზე ემსახურებოდა. როგორც მე-4 გვერდზეა განმარტებული, ის „გამოიცემა მთელი ოჯახისთვის“. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ გააგრძელებს მასალების გამოქვეყნებას მსოფლიოში განვითარებული მოვლენების, სხვადასხვა კულტურის თავისებურებების, ბუნების საოცრებებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ამ ჟურნალის ფურცლებზე მომავალშიც დაიბეჭდება მარტივი ენით დაწერილი სამეცნიერო სტატიები. ამგვარად, ჩვენს მკითხველს კვლავ ხელთ ექნება მსოფლიოში არსებული უახლესი ინფორმაცია.
1946 წლის 22 აგვისტოს ნომერში ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ წერდა: „ჟურნალის უმთავრესი მიზანი ჭეშმარიტების ურყევად დაცვა იქნება“. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გამოქვეყნებით ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ყოველთვის ცდილობდა ამ პირობის შესრულებას. უზუსტობის თავიდან ასაცილებლად დასაბეჭდი მასალების საფუძვლიანად გამოკვლევა და გულდასმით გადამოწმება ხდებოდა. თუმცა „ჭეშმარიტების ურყევად დაცვა“ მხოლოდ ამით არ გამოიხატებოდა.
„გამოიღვიძეთ!“ მკითხველის ყურადღებას ყოველთვის ბიბლიისკენ მიმართავდა. თუმცა, ამიერიდან უფრო მეტი სტატია იქნება დაფუძნებული ბიბლიაზე (იოანე 17:17). ჟურნალში კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტატიებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ბიბლიის პრაქტიკული რჩევების დახმარებით ცხოვრებაში ბედნიერების მიღწევა. მაგალითად, ბიბლიური რჩევები ძირითადად გვხვდებოდა რუბრიკებში „ახალგაზრდების შეკითხვები“ და „ბიბლიის თვალსაზრისი“. მომავალში ეს რუბრიკები ყველა ნომერში იქნება. ჟურნალი კვლავ გაამახვილებს მკითხველის ყურადღებას ბიბლიის დანაპირებზე, რომლის თანახმადაც მალე თანამედროვე უსამართლო სისტემის ადგილს ახალი მშვიდობიანი ქვეყნიერება დაიკავებს (გამოცხადება 21:3, 4).
კიდევ რა შეიცვლება? ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ თვეში ერთხელ გამოვა თითქმის ყველა იმ 82 ენაზე, რომლებზეც ახლა გამოიცემა (აქამდე ის მრავალ ენაზე თვეში ორჯერ გამოიცემოდა) *. რუბრიკა „რა ხდება მსოფლიოში?“, რომელიც 1946 წლიდან მოყოლებული რეგულარულად იბეჭდებოდა, მომავალშიც ყველა ნომერში იქნება, თუმცა მას ორის ნაცვლად ერთი გვერდი დაეთმობა. გარდა ამისა, ყოველი ნომრის 31-ე გვერდზე შემოგთავაზებთ ახალ საინტერესო რუბრიკას, „როგორ უპასუხებთ?“. რა იქნება ამ რუბრიკაში და რით იქნება ის საინტერესო?
ერთი წუთით თვალი შეავლეთ ამ ნომრის 31-ე გვერდს. ზოგიერთი ნაწილი პატარა მკითხველებს დააინტერესებს. ზოგი კი მათ დააფიქრებს, ვინც კარგად იცის ბიბლია. მაგალითად, რუბრიკაში „როდის მოხდა ეს?“ ხაზით უნდა დააკავშიროთ ესა თუ ის თარიღი და ბიბლიური პერსონაჟი ან მოვლენა. ბევრ კითხვაზე პასუხი იმავე ნომრის რომელიმე გვერდზე დაიბეჭდება. რაც შეეხება ნაწილს „ამ ნომრიდან“, იქ დასმულ კითხვებზე პასუხების მოძებნა თვითონ ჟურნალში იქნება შესაძლებელი. კარგი იქნებოდა, თუ პასუხების წაკითხვამდე ამა თუ იმ მასალას გამოიკვლევდით და საინტერესო აზრებს სხვებსაც გაუზიარებდით. ამ რუბრიკის გამოყენება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს შორისაც შეიძლება.
დაახლოებით 60 წლის წინ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ წერდა: „ეს ჟურნალი ყოველმხრივ შეეცდება, ობიექტური ინფორმაცია მოგაწოდოთ. ის დაიწერება ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ყველა გულწრფელი ადამიანისთვის . . . ჟურნალის შინაარსი და სტატიები . . . შემეცნებითი, საგანმანათლებლო და საინტერესო იქნება უამრავი ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა“. „გამოიღვიძეთ!“-ის მკითხველები მსოფლიოს ყველა კუთხეში დაადასტურებენ, რომ ამ ჟურნალს დღემდე არ დაურღვევია ეს პირობა. გარწმუნებთ, რომ პირობას ის მომავალშიც უერთგულებს.
გამომცემლები
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 ზოგ ენაზე ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ კვარტალურად გამოდის და ამ სტატიაში მოხსენიებული რუბრიკები შეიძლება არ იყოს ყველა ასეთ გამოცემაში.
[სურათები 3 გვერდზე]
ეს ჟურნალი პირველად 1919 წელს „ოქროს ხანის“ სახელწოდებით გამოვიდა. 1937 წელს მას „ნუგეში“ ეწოდა, 1946 წელს კი — „გამოიღვიძეთ!“
[სურათები 4 გვერდზე]
წლების მანძილზე ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მკითხველის ყურადღებას ბიბლიისკენ მიმართავს.
[საავტორო უფლებები დაცულია]
Guns: U.S. National Archives photo; starving child: WHO photo by W. Cutting