არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მდინარე ტემზა ინგლისელთა სიამაყე

მდინარე ტემზა ინგლისელთა სიამაყე

მდინარე ტემზა ინგლისელთა სიამაყე

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის დიდი ბრიტანეთიდან

ბრიტანელები ამ მდინარეს „ჭაღარა ტემზას“ ეძახიან. ის სათავეს იღებს ცენტრალური ინგლისის სამხრეთ ნაწილში მდებარე კოტსუოლდის მთებიდან. ტემზა აღმოსავლეთისკენ 350 კილომეტრზე იკლაკნება. გზად მას სხვა მდინარეები უერთდება, ბოლოს კი 29-კილომეტრიან დელტას ქმნის და ჩრდილოეთის ზღვაში ჩაედინება. უეჭველად განგაცვიფრებთ იმის გაგება, თუ რა გავლენა იქონია ამ მდინარემ ინგლისის ისტორიაზე.

იულიუს კეისარი პირველად ინგლისში ძვ. წ. 55 წელს შეიჭრა. მომდევნო წელს ის კვლავ დაბრუნდა ინგლისში, მაგრამ მდინარემ დაბრკოლება შეუქმნა. ამ მდინარეს მან „ტამეზისი“ ანუ ტემზა დაარქვა. საბოლოოდ, 90 წლის შემდეგ, რომის იმპერატორმა კლავდიუსმა მოახერხა ქვეყნის დაპყრობა.

იმ დროისთვის ტემზას ორივე მხარეს ჭაობიანი ადგილები იყო. მოგვიანებით მდინარის დელტიდან 50 კილომეტრზე რომაელებმა ხის ხიდი ააგეს. იქვე, მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროზე მათ ააშენეს პორტი, რომელსაც ლონდინიუმი * უწოდეს.

მომდევნო ოთხი საუკუნის განმავლობაში რომაელებმა გააფართოვეს ვაჭრობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან. მათ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებიდან ინგლისში ძვირფასი ნივთები შეჰქონდათ, მათ შორის ხის მასალა ლიბანიდან. ტემზას მეშვეობით ლონდონში საქონელი ინგლისის სხვა ტერიტორიებიდანაც შეჰქონდათ. მთავარი გზების წყალობით მალე ლონდონი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა.

უილიამ დამპყრობლის გავლენა

რომის იმპერიის დაშლას და ახ. წ. 410 წელს დიდი ბრიტანეთიდან რომის ლეგიონების გასვლას ბუნებრივად მოჰყვა ვაჭრობის დაცემა. ანგლოსაქსი მეფეების კორონაცია კინგზტონში (ეს დასახლება ლონდონიდან დასავლეთით 19 კილომეტრით იყო დაშორებული) იმართებოდა იმ დრომდე, სანამ XI საუკუნეში ინგლისში ნორმანდიელი უილიამ დამპყრობელი არ შეიჭრა. 1066 წელს უენსმინსტერში უილიამის კორონაცია შედგა. ამის შემდეგ მან ლონდონის ტაუერის შენება დაიწყო იმ ადგილზე, რომელიც ერთ დროს რომს ეკუთვნოდა. მისი მიზანი იყო, განემტკიცებინა ძალაუფლება, ხელი შეეწყო ვაჭრობის განვითარებისათვის და ეკონტროლებინა პორტის მისადგომი. ვაჭრობა კვლავ აღმავლობის გზას დაადგა და მოსახლეობის რიცხვმა დაახლოებით 30 000–ს მიაღწია.

გარდა ამისა, უილიამ დამპყრობელმა ლონდონის დასავლეთით, 35 კილომეტრის დაშორებით, ციხესიმაგრე ააგო, რომელიც დღეს „უინძორების სასახლის“ სახელით არის ცნობილი. მან შეცვალა საქსონების სამეფო რეზიდენცია. უინძორების სასახლიდან დიდებული ტემზას არაჩვეულებრივი ხედი მოსჩანს. სანამ ჩვენამდე მოაღწევდა, უინძორების სასახლემ უამრავი ცვლილება განიცადა. ის არის ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა დიდ ბრიტანეთში.

1209 წელს ლონდონელები ღირშესანიშნავი მოვლენის მომსწრენი გახდნენ. დასრულდა 30–წლიანი პროექტი — მდინარე ტემზაზე ააგეს ქვის ხიდი. ეს იყო ერთ–ერთი პირველი ქვის ხიდი ევროპაში. ამ უჩვეულო კონსტრუქციას ჰქონდა ორი გასახსნელი ხიდი და სამხრეთით მდებარე დამცავი კოშკი საუთუორკზე. ამას გარდა, ხიდზე მაღაზიები, სახლები და სამლოცველოც კი იყო განთავსებული.

მეფე ჯონმა (1167—1216 წწ.) 1215 წელს ტემზას სანაპიროზე, უინძორების სასახლესთან ახლოს მდებარე რენიმიდზე ხელი მოაწერა ცნობილ დოკუმენტს, რომელიც „თავისუფლების დიდი ქარტიის“ სახელით არის ცნობილი. ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით მას აიძულეს არა მარტო ინგლისელთა უფლებების დაცვა, არამედ პორტის საშუალებით თავისუფალი ვაჭრობის წარმართვაც.

ტემზას როლი ლონდონის ეკონომიკურ აღმავლობაში

მომდევნო საუკუნეებში ტემზაზე ვაჭრობა ყვაოდა. თუმცა დროთა განმავლობაში სავაჭრო საქმეების წარმოება შეიზღუდა. ორასი წლის წინათ ნავსადგური მხოლოდ 600 გემს იტევდა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა 1 775 გემს დიდხანს მოუწია ლოდინი ტვირთის დასაცლელად. ამის გამო გახშირდა ქურდობის შემთხვევები. ღამით ტემზაზე ქურდები ღუზას უშვებდნენ, რის შედეგადაც გემი დინებას მიჰყავდა. შემდეგ მათ საქონელი პატარა ნავებზე გადაჰქონდათ. ეს იყო ქურდების საარსებო წყარო. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით ლონდონში შეიქმნა მსოფლიოში პირველი სამდინარო პოლიცია, რომელიც დღემდე მუშაობს.

მაგრამ პორტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო იყო კიდევ უფრო სერიოზული ზომების მიღება. ამიტომ XIX საუკუნეში ინგლისის პარლამენტის ნებართვით უდიდესი იზოლირებული ნავსადგური ააგეს, რომელიც მდინარის ორივე მხარეზე იყო. სურეის კომერციული ნავსადგური, ლონდონის ნავსადგური და დასავლეთ ინდოეთის და აღმოსავლეთ ინდოეთის ნავსადგურების მშენებლობა დასრულდა XIX საუკუნის დასაწყისში. 1855 წელს მას მოჰყვა „როიალ ვიქტორიის ნავსადგურის“ მშენებლობა, ხოლო 1880 წელს ააგეს „როიალ ალბერტის ნავსადგური“.

ორმა ცნობილმა ინჟინერმა, მამა–შვილმა მარკ და ისამბარდ ბრუნელებმა 1840 წელს შეძლეს მსოფლიოში პირველი წყალქვეშა გვირაბის მეშვეობით ტემზას სანაპიროების ერთმანეთთან დაკავშირება. ეს გვირაბი 459 მეტრი სიგრძისაა და დღემდე ფუნქციონირებს როგორც დიდი ლონდონის მეტროპოლიტენის ხაზის ერთ–ერთი მონაკვეთი. 1894 წელს დასრულდა ტაუერის ხიდის მშენებლობა, რომელიც დღეს განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს. ეს ხიდი 76 მეტრის სიმაღლეზე იხსნება, რაც დიდ გემებს ორ ტყუპ კოშკს შორის გავლის საშუალებას აძლევს. თუ 300 საფეხურიან კიბეზე ახვალთ, ქვეითად მოსიარულეთა ვიწრო გადასასვლელზე აღმოჩნდებით და საშუალება მოგეცემათ, დატკბეთ მდინარის საუცხოო ხედებით.

XX საუკუნისთვის ლონდონის ნავსადგურთა კომპლექსი კარგად იყო აღჭურვილი იმისათვის, რომ დატეულიყო დიდი გემები, რომელთა რაოდენობაც უფრო და უფრო იზრდებოდა და რომლებიც ქალაქს საჭირო საქონლით ამარაგებდნენ. იმ დროისთვის, როცა 1921 წელს უკანასკნელი ნავსადგური აშენდა (რომელიც მეფე ჯორჯ V–ის სახელს ატარებს), ლონდონს „მსოფლიოში ყველაზე დიდი და მდიდარი პორტი“ ჰქონდა.

მდინარე მასპინძლობს სამეფო კარს

ადრე ლონდონში გზები ცუდ მდგომარეობაში იყო, ზოგან კი საერთოდ არ იყო დაგებული. ეს ზამთარში თითქმის შეუძლებელს ხდიდა გადაადგილებას. სწორედ ამიტომ იყო ტემზა ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გადაადგილების საშუალება და, წლების მანძილზე, გადატვირთული სამდინარო მაგისტრალი. ჩვეულებრივი რამ იყო სანაპიროზე შეკრებილ მენავეთა შეძახილების გაგონება, რომლებიც მგზავრებს უხმობდნენ და სთავაზობდნენ მეორე ნაპირზე გადასვლას ან ტემზაზე გასეირნებას. მათი მომსახურების მარშრუტში ტემზას შენაკადები, მაგალითად ფლიტი და უოლბრუკიც, შედიოდა. ეს შენაკადები დღეს აღარ არსებობს და მათი სახელი მხოლოდ ლონდონის ქუჩებმა შემოგვინახეს.

დროთა განმავლობაში ლონდონი ვენეციას დაემსგავსა თავისი ლამაზი სასახლეებით, რომლებიც მდინარის ჩაყოლებაზე იყო განლაგებული. ტემზას სანაპიროზე აშენებულ სასახლეებში ცხოვრება იზიდავდა სამეფო ოჯახის წევრებს, რაზეც მოწმობს გრინვიჩის, უაიტჰოლისა და უესტმინსტერის სასახლეები. ჰემპტონ–კორტის სასახლეშიც ინგლისის მეფეები და დედოფლები ცხოვრობდნენ. უინძორების სასახლე კი დღესაც სამეფო რეზიდენციას წარმოადგენს.

1717 წელს გეორგ ფრიდრიხ ჰენდელმა დაწერა მუსიკალური ნაწარმოები „მუსიკა წყალზე“. ეს ნაწარმოები მდინარეზე მეფე ჯორჯ I–ის გასეირნებისას აჟღერდა. მეფის ნავს „იმდენი ნავი მიჰყვებოდა, რომ მდინარე აღარც კი ჩანდა“, — იუწყებოდა ერთი იმდროინდელი გაზეთი. ერთ–ერთ თანმხლებ ნავზე 50 მუსიკოსი იმყოფებოდა. სანამ 8 კილომეტრს გაივლიდნენ უენსმისტერიდან ჩელსამდე, მათ ჰენდელის ნაწარმოები სამჯერ შეასრულეს.

მდინარე გთავაზობთ სასიამოვნო გართობასა და დასვენებას

XVIII საუკუნის 40–იან წლებამდე, სანამ უესთმინსტერის ხიდს ააგებდნენ, ტემზას გადასალახავად ერთადერთი საშუალება ლონდონის ხიდი იყო. იგი მოგვიანებით გადაკეთდა და საბოლოო სახე XIX საუკუნის 20–იან წლებში მიიღო. საძირკველი, რომელსაც ლონდონის ხიდის 19 ბურჯი ეჭირა, საკმაოდ ანელებდა მდინარის დინებას. შედეგად, ხიდის არსებობის 600 წლის მანძილზე ტემზა, სულ ცოტა, 8–ჯერ გაიყინა. ასეთ შემთხვევებში გაყინულ მდინარეზე ვაჭრობა იმართებოდა. ამასთანავე, მრავალი სპორტული ღონისძიებაც ტარდებოდა. იქ ხარის ხორცს წვავდნენ და ხალხს სამეფო ოჯახის წევრების ნახვის საშუალება ჰქონდა. წიგნები და სათამაშოები, რომლებზეც ეწერა „ნაყიდია ტემზაზე“, სწრაფად იყიდებოდა. გაყინულ მდინარეზე საბეჭდი დაზგებიც კი იდგა, რომლებზეც გაზეთები და ლოცვები, „მამაო ჩვენო“, იბეჭდებოდა.

ტემზაზე ყოველ გაზაფხულზე იმართება ტრადიციული შეჯიბრება ნიჩბოსნობაში ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს შორის. გულშემატკივრები ჩამწკრივებულები დგანან ტემზას სანაპიროებთან, რათა თავიანთი შეძახილებით გაამხნევონ შეჯიბრების მონაწილენი. ნიჩბოსანთა გუნდი რვა კაცისგან შედგება და ისინი 7–კილომეტრიან დისტანციას 20 წუთზე ნაკლებ დროში ფარავენ. პირველი შეჯიბრება ჩატარდა 1829 წელს ქალაქ ჰენლიში, რომელიც მდინარის აყოლებაზე მდებარეობს. მას შემდეგ, რაც ეს შეჯიბრება ლონდონში გადმოიტანეს, ქალაქ ჰენლიში დაიწყეს სამეფო რეგატას ჩატარება, რომელიც ევროპაში უძველეს და ყველაზე ცნობილ შეჯიბრებად ითვლება ნიჩბოსნობაში. ამ შეჯიბრებაში, რომელშიც 1600–მეტრიანი დისტანცია შედის, მსოფლიოს საუკეთესო ნიჩბოსნები მონაწილეობენ. ეს საზაფხულო რეგატა ახლაც პოპულარულ შეჯიბრებად ითვლება.

დიდი ბრიტანეთის ერთ–ერთ მეგზურში ნათქვამია, რომ ტემზა „რომელიც მთაგორიან ადგილებს, ტყეებს, მდელოებს, აგარაკებს, მშვენიერ სოფლებსა თუ პატარა ქალაქებს ჩაუყვება, მრავალ და სხვადასხვა სასიამოვნო გასართობს გვთავაზობს . . . ქალაქგარეთ სამანქანო გზა, ჩვეულებრივ, ტემზასგან დაშორებულია, თუმცა მის გასწვრივ არის პატარა გზა ფეხით მოსიარულეთათვის. სწორედ ამიტომ არის, რომ მათ, ვინც მანქანით მგზავრობს, ქალაქის ქუჩებიდან შეუძლიათ ტემზით ტკბობა, მისი მშვენიერების სრული აღქმა კი მხოლოდ ნავში მჯდომთათვის და ფეხით მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი“.

ხომ არ გეგმავთ ინგლისში გამგზავრებას? თუ ასეა, დრო გამოყავით იმისთვის, რომ მეტი გაიგოთ ტემზას შესახებ და მისი წარსული თვალწინ წარმოგიდგეთ. დაწყებული კოტსუოლდიდან, ანუ მდინარის სათავიდან, დამთავრებული დელტამდე, ძალიან ბევრის ნახვა, გაგება და სწავლა შეგიძლიათ. „ჭაღარა ტემზა“ ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედს!

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ლონდონი ლათინური სიტყვიდან ლონდინიუმიდან მომდინარეობს. თუმცა შესაძლოა ის ორი კელტური სიტყვიდან, „ლინიდან“ და „დინიდან“, წარმოდგება, რაც ნიშნავს „ქალაქი (ან ციხესიმაგრე) ტბაზე“.

[ჩარჩო 27 გვერდზე]

ტემზა ინგლისურ ლიტერატურაში

ჯერომ კლაპკა ჯერომიმ კარგად წარმოგვიდგინა ტემზას დამატყვევებელი და მშვიდი გარემო თავის ნაწარმოებში „სამნი ერთ ნავში“. მასში აღწერილია, თუ ნიჩბიანი ნავით როგორ მოგზაურობს სამი მეგობარი ძაღლთან ერთად ტემზაზე კინგზტონიდან ოქსფორდამდე. ეს ნაწარმოები, რომელიც 1889 წელს დაიწერა და მრავალ ენაზე ითარგმნა, კვლავ სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც „ინგლისური იუმორის კლასიკური ნიმუში“.

„ქარისგან შერხეული ტირიფები“ ასევე ცნობილი მოთხრობაა, რომელსაც დიდი სიამოვნებით კითხულობენ როგორც ბავშვები, ისე უფროსი ასაკის ადამიანები. მისი წერა 1908 წელს დაასრულა კენეტ გრემმა, რომელიც ტემზასთან ახლოს პენგბორნში ცხოვრობდა. ეს არის მოთხრობა ცხოველების შესახებ, რომლებიც მდინარის სანაპიროსთან ბინადრობენ.

[ჩარჩო/სურათი 27 გვერდზე]

მეფე ვერაფერს უხერხებს ტემზას

მეფე ჯეიმზ I-მა, რომელიც ინგლისს XVII საუკუნის დასაწყისში მართავდა, ერთხელ მუნიციპალიტეტს 20 000 ფუნტი მოსთხოვა. როდესაც ლონდონის მერმა მის მოთხოვნაზე უარი თქვა, მეფემ მუქარა შეუთვალა: „მე დაგარბევთ თქვენ და სამუდამოდ დავანგრევ თქვენს ქალაქს. ჩემს სასამართლოებსა და სამეფო რეზიდენციას უინჩესტერში ან ოქსფორდში გადავიტან. უესტმინსტერში აღარაფერი დარჩება და მერე ნახავთ, რაც მოგივათ!“. ამაზე მერმა ასეთი პასუხი გასცა: „მაშინ ლონდონის ვაჭრებს ერთი ნუგეშიღა დარჩენიათ: თქვენი უდიდებულესობა თან ვერ გაიყოლებს ტემზას“.

[საავტორო უფლებები დაცულია]

From the book Ridpath’s History of the World (Vol. VI)

[რუკა 24 გვერდზე]

(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ინგლისი

ლონდონი

მდინარე ტემზა

[საავტორო უფლებები დაცულია]

Map: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

„ბიგ-ბენი“ და პარლამენტის შენობა უესტმინსტერში, ლონდონი.

[სურათი 25 გვერდზე]

1756 წელს აგებული ლონდონის ხიდი.

[საავტორო უფლებები დაცულია]

From the book Old and New London: A Narrative of Its History, Its People, and Its Places (Vol. II)

[სურათი 26 გვერდზე]

მდინარე ტემზა და პორტისკენ მიმავალი ასობით იალქნიანი გემი (1803 წლის გრავიურა).

[საავტორო უფლებები დაცულია]

Corporation of London, London Metropolitan Archive

[სურათი 26, 27 გვერდებზე]

გაყინული ტემზა, რომელზეც ვაჭრობაა გამართული (1683 წლის გრავიურა).

[საავტორო უფლებები დაცულია]

From the book Old and New London: A Narrative of Its History, Its People, and Its Places (Vol. III)