არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს?

მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს?

ბიბლიის თვალსაზრისი

მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს?

მოლოქი, აშთორეთი, ბაალი, დაგონი, მეროდაქი, ზევსი და ჰერმესი იმ ზოგიერთი ღმერთისა და ქალღმერთის სახელებია, რომლებიც ბიბლიაში გვხვდება (ლევიანები 18:21; მსაჯულთა 2:13; 16:23; იერემია 50:2; საქმეები 14:12; 19:24). მაგრამ წმინდა წერილები ყოვლისშემძლე ღმერთად მხოლოდ იეჰოვას მოიხსენიებს. მოსემ და მისმა ხალხმა გამარჯვების სიმღერაში ასეთი სიტყვები თქვეს: «[„იეჰოვა“, აქ] ვინაა შენი სადარი ღმერთთა შორის?» (გამოსვლა 15:11).

ნათელია, რომ ბიბლია იეჰოვას ყველა სხვა ღმერთზე მაღლა აყენებს. საინტერესოა, რა როლი აკისრიათ დაბალ საფეხურზე მდგომ დანარჩენ ღმერთებს? არიან ისინი — სხვა უთვალავ ღმერთთან ერთად, რომლებსაც საუკუნეებია ეთაყვანებიან — იეჰოვას, ყოვლისშემძლე ღმერთის, დაქვემდებარებაში მყოფი რეალური ღმერთები?

ფანტაზიის ნაყოფი

ბიბლია ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მხოლოდ იეჰოვას მოიხსენიებს (ფსალმუნები 82:19; იოანე 17:3). წინასწარმეტყველმა ესაიამ ბიბლიაში ღვთის სიტყვები ჩაწერა: «ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. მე ვარ უფალი [„იეჰოვა“, აქ] და არ არის ჩემს გარდა მხსნელი» (ესაია 43:10, 11).

სხვა დანარჩენი ღმერთები იეჰოვაზე მხოლოდ დაბლა როდი დგანან. უმეტეს შემთხვევაში, ისინი არ არსებობენ. ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია. ბიბლია მათ უწოდებს „ადამიანის ხელებით გაკეთებულ ღმერთებს . . . რომელნიც ვერ ხედავენ და არ ესმით, ვერ ჭამენ და ვერც იყნოსენ“ (მეორე რჯული 4:28). ბიბლიაში გასაგებად არის ნათქვამი, რომ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი.

გასაკვირი არ არის, რომ საღვთო წერილი მკაცრად გვაფრთხილებს, იეჰოვას გარდა არცერთ სხვა ღმერთს არ ვცეთ თაყვანი. მაგალითად, ათიდან პირველ მცნებაში, რომელიც ღმერთმა მოსეს მისცა, ნათქვამი იყო, რომ ძველ დროში მცხოვრებ ისრაელებს თაყვანი არ ეცათ სხვა ღმერთებისთვის (გამოსვლა 20:3). რატომ?

უპირველესად იმიტომ, რომ შემოქმედისთვის დიდი შეურაცხყოფაა არარსებული ღვთისადმი თაყვანისცემა. ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლებზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ მათ ‘ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე გაცვალეს, პატივს მიაგებენ და წმინდა მსახურებას უსრულებენ ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად’ (რომაელები 1:25). ხშირად ეს არარეალური ღმერთები მეტალის ან ხისგან დამზადებული კერპების სახით არის წარმოდგენილი. ბევრი ღვთაება ბუნებასთან და ბუნებრივ მოვლენებთან არის დაკავშირებული, მაგალითად ჭექა-ქუხილთან, ქართან, ზღვასთან და ასე შემდეგ. უდავოა, რომ ასეთი გამოგონილი ღმერთებისადმი თაყვანისცემა ყოვლისშემძლე ღმერთის აშკარა უპატივცემულობაზე მიუთითებს.

შემოქმედისთვის საძულველია ცრუ ღმერთები და კერპები. ამისდა მიუხედავად, ის თავის უკმაყოფილებას უშუალოდ მათი გამომგონებლების, ადამიანების, მიმართ გამოთქვამს. იეჰოვას გრძნობები კარგად არის გამოხატული შემდეგ სიტყვებში: „[ხალხთა] კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ; ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არცა აქვთ სუნთქვა მათ პირებს. მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი“ (ფსალმუნები 134:15—18).

არსებობს მეორე მიზეზი, რის გამოც ბიბლია მკაცრად გვაფრთხილებს, რომ იეჰოვას გარდა არავის და არაფერს ვცეთ თაყვანი. ასეთი თაყვანისმცემლობა უსაზღვროდ დიდი დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა. წინასწარმეტყველმა ესაიამ მართებულად თქვა: „ვინ გამოსახა ღმერთი და ჩამოასხა კერპი, სარგებლობა რომ არა აქვს?“ (ესაია 44:10). ბიბლია აგრეთვე ამბობს: „ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია“ (ფსალმუნები 96:5, აქ [95:5]). ცრუ ღმერთები არარსებულნი არიან, ამიტომ ის, ვინც არარსებულს ეთაყვანება, ვერაფერს მიიღებს.

იესო, ანგელოზები და ეშმაკი

საღვთო წერილი რეალურ პიროვნებებს ზოგჯერ ღმერთებად მოიხსენიებს. მაგრამ ბიბლიის გულმოდგინე გამოკვლევისას ნათლად ჩანს, რომ ამ შემთხვევებში ტიტული „ღმერთი“ არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თაყვანისცემას იმსახურებენ. ებრაულ და ბერძნულ ენებში, რომლებზეც ბიბლია დაიწერა, ტიტული „ღმერთი“ აგრეთვე გამოიყენებოდა ძლევამოსილი ან ღვთიური ბუნების მქონე პიროვნების აღსაწერად, ან მის მიმართ, ვისაც ყოვლისშემძლე ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

მაგალითად, ზოგი ბიბლიური მუხლი იესო ქრისტეს ღმერთად მოიხსენიებს (ესაია 9:6, 7; იოანე 1:1, 18). ნიშნავს ეს იმას, რომ იესოს თაყვანი უნდა ვცეთ? იესომ თავად თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (ლუკა 4:8). აშკარაა, რომ, თუმცა იესო უდიდესი ძალისა და ღვთიური ბუნების მქონე პიროვნებაა, ბიბლია არ წარმოგვიდგენს მას ღმერთად, ვისაც თაყვანი უნდა ვცეთ.

ბიბლია ანგელოზებსაც „ღვთის მსგავსებად“ მოიხსენიებს (ფსალმუნები 8:5, აქ [8:6]; ებრაელები 2:7). მიუხედავად ამისა, ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ადამიანებმა ანგელოზებს უნდა სცენ თაყვანი. ერთხელ ანგელოზის ხილვისას მოციქულ იოანეს იმდენად დაეუფლა მოწიწების გრძნობა, რომ მიწაზე დაემხო, რათა თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ ანგელოზმა უთხრა: „იცოდე, ამას ნუ იზამ! . .  . ღმერთს ეცი თაყვანი“ (გამოცხადება 19:10).

მოციქულმა პავლემ ეშმაკს „ამ სისტემის ღმერთი“ უწოდა (2 კორინთელები 4:4). ეშმაკი, რომელიც „ქვეყნიერების მმართველია“, ადამიანებს უთვალავი ცრუ ღმერთების თაყვანისცემისკენ უბიძგებს (იოანე 12:31). აქედან გამომდინარე, ადამიანის ხელით გაკეთებული ნებისმიერი ღვთაებისადმი თაყვანისცემა, სინამდვილეში, სატანისადმი თაყვანისცემას ნიშნავს. სატანა კი ღმერთი არ არის, ჩვენს თაყვანისცემას რომ იმსახურებდეს. ის არის თვითმარქვია მმართველი, უზურპატორი. მალე სატანა განადგურდება და ცრუ თაყვანისმცემლობის ყველა ფორმა აღმოიფხვრება. როცა ეს მოხდება, ღვთის ყველა ქმნილება იეჰოვას სამუდამოდ აღიარებს ერთადერთ ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთად (იერემია 10:10).

გიფიქრიათ?

▪ რას გვასწავლის ბიბლია კერპების თაყვანისცემის შესახებ? (ფსალმუნები 134:15—18).

▪ უნდა ვცეთ თაყვანი იესოს და ანგელოზებს? (ლუკა 4:8).

▪ ვინ არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი? (იოანე 17:3).

[სურათები 28, 29 გვერდებზე]

გამოსახულებები მარცხნიდან მარჯვნივ: მარიამი (იტალია); მაია — სიმინდის ღვთაება (მექსიკა და ცენტრალური ამერიკა); აშთორეთი (ქანაანი); ფეტიში (სიერა–ლეონე); ბუდა (იაპონია); ჩიკომეკოატელი (აცტეკი, მექსიკა); ჰორი–შევარდენი (ეგვიპტე); ზევსი (საბერძნეთი).

[საავტორო უფლებები დაცულია]

Maize god, Horus falcon, and Zeus: Photograph taken by courtesy of the British Museum