არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ესპანეთის მთავრობის დადგენილებით, გადასახადის გადამხდელებმა გადასახადების 0,5 პროცენტი საქველმოქმედო ან კათოლიკურ ორგანიზაციებს უნდა გადაურიცხონ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელების 80 პროცენტი კათოლიკეა, მხოლოდ 20 პროცენტი არჩევს, ეს თანხა ეკლესიას შესწიროს („ელ-პაისი“, ესპანეთი).

სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ინსტიტუტის მიერ შედგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, „თუ მამაკაცი 30 წლის ასაკისთვის ეწევა, ეს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას, საშუალოდ, ხუთ-ნახევარი წლით ამოკლებს, ხოლო, თუ ქალი ეწევა — ექვს-ნახევარზე მეტით“. მაგრამ დაახლოებით 30 წლის ასაკში სიგარეტისთვის თავის დანებება ბევრად ამცირებს თამბაქოს წევით გამოწვეული დაავადებების შედეგად სიკვდილის საფრთხეს („ტაიმზი“, ინგლისი).

2004 წელს მსოფლიოში ნავთობის მოხმარება 3,4 პროცენტით გაიზარდა და დღეში 82,4 მილიონი ბარელი შეადგინა. აქედან თითქმის ნახევარი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში ნავთობის მოხმარების ზრდით არის განპირობებული; დღეს შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად იხარჯება 20,5 მილიონი, ხოლო ჩინეთში 6,6 მილიონი ბარელი ნავთობი („ვაიტალ საინსი“, 2005 წელი, უორლდუოჩის ინსტიტუტი).

„დააფასეთ დედა“

გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ, თუ კანადელ დიასახლისს, რომელსაც ორი სასკოლო ასაკის შვილი ჰყავს, აუნაზღაურდებოდა ოჯახში შესრულებული მთელი სამუშაო, წლიური შემოსავალი დაახლოებით 130 000 დოლარი ექნებოდა. ეს ციფრი გამოთვლილია საშუალო გამომუშავების მიხედვით და ამ რაოდენობის თანხას წლის განმავლობაში გამოიმუშავებდა ადამიანი, თუ „კვირაში 100 საათს იმუშავებდა — ექნებოდა ექვსი 15-საათიანი და ერთი 10-საათიანი სამუშაო დღე“, — ნათქვამია გაზეთ „ვანკუვერ სანში“. დიასახლისი დედა არის მომვლელი, მასწავლებელი, მძღოლი, დამლაგებელი, მზარეული, ძიძა და, გარკვეულწილად, შემკეთებელი. გაზეთი შემდეგ რჩევას იძლევა: „დააფასეთ დედა; ის იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე, ალბათ, იღებს“.

ურთიერთგამომრიცხავი ღირებულებები ახალგაზრდებში

ახალგაზრდა ფინელები თანდათანობით უფრო მეტად „იდგენენ საკუთარ ზნეობრივ ნორმებს“, — ნათქვამია იუვიასკიულიას უნივერსიტეტის ბიულეტენში. დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რომ „ხალხს სათანადოდ მიაჩნია, სხვადასხვა წყაროდან აიღოს ზნეობრივი ნორმების ელემენტები და ამას ისე აკეთებენ, თითქოს ნივთებს ყიდულობენ“, — ნათქვამია ამ ბიულეტენში. შედეგები კი ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, ახალგაზრდებს სჯერათ, რომ მნიშვნელოვანია სიმდიდრის სამართლიანად გადანაწილება, მაგრამ, ამავე დროს, მათი აზრით, მისაღებია „დაუნდობელი და აგრესიული კონკურენცია“.

პრიონის გადასხმის საშიშროება

როგორც საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო პროდუქციის უსაფრთხოების განყოფილების პრეს-რელიზში აღინიშნა, სისხლის გადასხმის დროს პრიონების ორგანიზმში შეყვანის საფრთხე ადრე თუ დასაშვები იყო, ახლა უკვე მოსალოდნელია. პრიონები არის ცილის მოლეკულები, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ადამიანის კრეიტცეფელდ-იაკობის ავადმყოფობით დაავადებას იწვევს. დღესდღეობით არ იკურნება ადამიანში განვითარებული მისი ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ნეირონების დეგენერაციას იწვევს და რომელსაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებრი ენცეფალოპათია ეწოდება; იგი უფრო მეტად „ძროხის ცოფის“ სახელწოდებით არის ცნობილი. რისკის გაზრდის შესახებ განაცხადს საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში ორ ადამიანს, როგორც ჩანს, სისხლის გადასხმის შემდეგ განუვითარდა კრეიტცეფელდ-იაკობის დაავადება. ამ დაავადების დიაგნოზის დასმა შეუძლებელია მანამ, სანამ მისი კლინიკური სიმპტომები არ გამოვლინდება.

გოგონები ოცნებობენ სიგამხდრეზე

ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, „ხუთი წლის გოგონები უკმაყოფილონი არიან თავიანთი სხეულით და სურთ, უფრო გამხდრები იყვნენ“, — ნათქვამია „სიდნეი მორნინგ ჰერალდში“. აქვე მოყვანილია ერთი გამოკვლევის შედეგი, რომელშიც ხუთიდან რვა წლამდე ავსტრალიელი გოგონები იღებდნენ მონაწილეობას. გოგონების დაახლოებით ნახევარს სურდა, უფრო გამხდარი ყოფილიყო, ხოლო მათგან ნახევარმა აღნიშნა, რომ „თუ წონაში მოიმატებდნენ, მაშინვე დიეტაზე დასხდებოდნენ“. ერთ-ერთმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ იდეალური სხეულის შესახებ არაჯანსაღმა შეხედულებამ „უფროს ასაკში შეიძლება პირადი ღირსების გრძნობის დაკარგვა, დეპრესია და კვებითი მოშლილობები გამოიწვიოს“.