არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შევწყვიტო საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება?

როგორ შევწყვიტო საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ შევწყვიტო საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება?

„სულიერ ტკივილთან ბრძოლაში უძლური ვიყავი. შემდეგ მივაგენი ისეთ ტკივილს, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ ვმართავდი — ეს იყო ფიზიკური ტკივილი“ (ჯენიფერი, 20 წლის) *.

«როგორც კი ნაღველი შემომაწვებოდა, საკუთარ სხეულს ვისერავდი. ასე „ვტიროდი“, შემდეგ კი შვებას ვგრძნობდი» (ჯესიკა, 17 წლის).

„უკვე დაახლოებით ორი კვირაა, რაც საკუთარი სხეული არ დამისერავს. ეს ჩემთვის დიდი დროა. არა მგონია, ოდესმე შევძლო ამის საბოლოოდ შეწყვეტა“ (ჯემა, 16 წლის).

ჯენიფერი, ჯესიკა და ჯემა ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ. სამივე სულიერ ტკივილს განიცდის და სამივე ერთნაირი მეთოდით ებრძვის ამ ტკივილს. ჯენიფერი, ჯესიკა და ჯემა საკუთარი სხეულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებით დროებით შვებას პოულობენ *.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება, რაშიც სხეულის დასერვა ან დასახიჩრება შედის, მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. „ნეშნლ პოსტი“ (გაზეთი, რომელიც კანადაში გამოიცემა) აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების ამგვარი მოქმედება „აშინებს მშობლებს, საგონებელში აგდებს [სკოლის] კონსულტანტებს და გამოცდის წინაშე აყენებს ექიმებს“. გაზეთში აგრეთვე ნათქვამია, რომ საკუთარი სხეულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება «შეიძლება მედიცინაში ცნობილ დაუოკებელ სურვილთა შორის უძლიერესი გახდეს». გახასიათებს შენ ასეთი რამ? იქნებ შენს რომელიმე ახლობელს აქვს მსგავსი პრობლემა? თუ დიახ, რის გაკეთება შეიძლება ამ ჩვევის დასაძლევად?

უპირველესად, ჩაუკვირდი საკუთარ თავს და გაიგე, რა გაიძულებს, რომ ასე მოიქცე. გახსოვდეს, რომ სხეულის დასერვა მხოლოდ ნერვული ქმედება არ არის. ჩვეულებრივ, ეს არის ამა თუ იმ სტრესთან გამკლავების ერთ–ერთი ფორმა. ამ დროს ადამიანი ემოციური ტკივილის გასაყუჩებლად ფიზიკურ ტკივილს იყენებს. ასე რომ, საკუთარ თავს დაუსვი კითხვა: რატომ ვაყენებ საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს? რას ვფიქრობ იმ დროს, როდესაც სურვილი მიჩნდება, რომ სხეული დავისერო? ემოციურ ტკივილს რაიმე კონკრეტული სიტუაცია — ვთქვათ ოჯახური მდგომარეობა ან მეგობრებთან დამოკიდებულება — ხომ არ იწვევს?

ცხადია, საკუთარი თავის გამოსაკვლევად გაბედულებაა საჭირო. მაგრამ შედეგები ძალიან კარგი იქნება. ხშირად ასეთი ანალიზი არის ამ ჩვევის შეწყვეტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. მაგრამ საჭიროა იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე მხოლოდ შენი ჩვევის უხილავი მიზეზის გაგებაა.

გაუზიარე სხვას შენი სატკივარი

თუ ჩვევად გაქვს საკუთარი სხეულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება, კარგი იქნება შენი სატკივარი სანდო, მოწიფულ მეგობარს გაუზიარო. ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს“ (იგავები 12:25, სსგ). თუ გულს ვინმეს გადაუშლი, საკუთარ თავს არ წაართმევ იმის საშუალებას, რომ სხვებისგან დამამშვიდებელი, კეთილი სიტყვები მოისმინო, რომლებიც ასე გჭირდება (იგავები 25:11).

ვის უნდა მიმართო დახმარებისთვის? კარგი იქნებოდა, შენზე უფროსი ადამიანი აგერჩია, რომელიც გონიერებით, მოწიფულობითა და თანაგრძნობით გამოირჩევა. ქრისტიანებს შეუძლიათ მიმართონ უხუცესებს, რომლებიც არიან „როგორც საფარავი ქარში და თავშესაფარი თავსხმაში; როგორც წყლის ნაკადულები გვალვიანში, როგორც ჩრდილი კლდისა გამოფიტულ მიწაზე“ (ესაია 32:2).

შეიძლება ის აზრი გაშინებს, რომ შენი საიდუმლო სხვას უნდა გაუმხილო. შესაძლოა, თავს სარასავით გრძნობ. „თავიდან ძალიან მიჭირდა ვინმესთვის ჩემი სატკივრის განდობა, — გულახდილად ამბობს ის. — ვფიქრობდი, რომ როგორც კი ხალხი ისეთს გამიცნობდა, როგორიც სინამდვილეში ვარ, მაშინვე ზიზღით ზურგს შემაქცევდნენ“. მაგრამ მას შემდეგ, რაც თავისი საიდუმლო სანდო ადამიანს გაუმხილა, სარა დარწმუნდა იგავების 18:24–ში (სსგ) ჩაწერილი ბიბლიური სიტყვების ჭეშმარიტებაში: „ზოგი მეგობარი . . . ძმაზე მოყვარულია“. ის ამბობს: „მოწიფულ ქრისტიანებს, რომლებსაც საიდუმლო გავანდე, არასოდეს უსაყვედურიათ ჩემთვის იმისდა მიუხედავად, თუ რა ვუთხარი მათ საკუთარი სხეულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების შესახებ. პირიქით, მათ პრაქტიკული რჩევები მომცეს. ისინი წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობდნენ ჩემთან და მოთმინებით მამხნევებდნენ, როდესაც თავს უმწეოდ და სრულიად უვარგისად ვგრძნობდი“.

ესაუბრე ვინმეს შენს პრობლემაზე. თუ ამის გაკეთება პირისპირ საუბარში არ შეგიძლია, ეცადე, წერილი მისწერო ან ტელეფონით დაელაპარაკო სანდო პიროვნებას. სატკივრის სხვისთვის გაზიარება შეიძლება გამოჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს. ჯენიფერი ამბობს: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ვხედავდი, ვიღაც ნამდვილად ზრუნავდა ჩემზე; რომ გვერდით მყავდა ადამიანი, რომელთანაც საუბარი შემეძლო მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი შავად მესახებოდა“ *.

მნიშვნელოვანია ლოცვა

დონა თითქოს ჩიხში მოექცა. ერთი მხრივ, ის გრძნობდა, რომ ღვთის დახმარება სჭირდებოდა. მეორე მხრივ, მას ეგონა, რომ ღმერთი კეთილგანწყობით არ მოეკიდებოდა მანამ, სანამ საკუთარი სხეულის დასერვას არ შეწყვეტდა. რა დაეხმარა დონას? მაგალითად, ის ფიქრობდა 1 ნეშტთას 29:17–ზე, სადაც იეჰოვას გულთამხილველი ეწოდება. დონა ყვება: „იეჰოვა ხედავდა ჩემს გულს, რომ მსურდა შემეწყვიტა საკუთარი სხეულის დასერვა. საოცარი შედეგები გამოიღო იეჰოვასთვის ლოცვით მიმართვამ. ნელ–ნელა უფრო და უფრო მეტი გადაწყვეტილებით ვივსებოდი, მიმეტოვებინა ეს ცუდი ჩვევა“.

ფსალმუნმომღერალი დავითი, რომლისთვის უბედურება უცხო არ იყო, წერდა: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას“ (ფსალმუნები 54:23). იეჰოვამ იცის, თუ როგორ იტანჯები. უფრო მეტიც, ‘ის ზრუნავს შენზე’ (1 პეტრე 5:7). თუ გული მსჯავრს გდებს, გახსოვდეს, რომ ღმერთი ‘შენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის’. მას ესმის, თუ რატომ აყენებ საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს და რატომ გიჭირს ამ ჩვევის მიტოვება (1 იოანე 3:19, 20). თუ ლოცვით მიმართავ მას და ეცდები, შეწყვიტო საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება, ის ‘შეგეწევა’ (ესაია 41:10).

რა უნდა ქნა, როდესაც ერთხელ მიტოვებული ეს ცუდი ჩვევა კვლავ თავს იჩენს? ნიშნავს ეს, რომ სრული მარცხი განიცადე? არავითარ შემთხვევაში! იგავების 24:16–ში ნათქვამია: „შვიდჯერ დაეცემა მართალი, მაგრამ ადგება“. დონა ამ ბიბლიურ მუხლზე დაფიქრების შემდეგ ამბობს: „მე შვიდზე მეტჯერ დავეცი, მაგრამ იმედი არ გადამიწურავს“. დონამ საკუთარ მაგალითზე დაინახა, რომ მნიშვნელოვანია, ფარ–ხმალი არ დაყაროს. ასევე მოიქცა კარინა. „ხანდახან ძველი ჩვევა თავს მახსენებს, მაგრამ ამას კრახად კი არ აღვიქვამ, არამედ დროებით დაბრკოლებად და მზად ვარ, თავიდან დავიწყო ბრძოლა იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება“, — ამბობს ის.

როდესაც სხვა სახის დახმარებაა საჭირო

იესო ამბობდა, რომ ‘ავადმყოფებს ექიმი სჭირდებათ’ (მარკოზი 2:17). ხშირად აუცილებელია კვალიფიციურ სპეციალისტთან მისვლა, რათა დადგინდეს, საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ჩვევა რაიმე მოშლილობით ხომ არ არის განპირობებული. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება მკურნალობა *. ჯენიფერმა გადაწყვიტა, მიეღო ასეთი დახმარება; მას აგრეთვე მხარში ედგნენ მოსიყვარულე ქრისტიანი ზედამხედველები. „უხუცესები ექიმები არ არიან, მაგრამ ისინი ძალიან დამეხმარნენ, — ამბობს ის. — ზოგჯერ ისევ მიჩნდება სურვილი, საკუთარ თავს ფიზიკური ზიანი მივაყენო, მაგრამ იეჰოვასა და კრების დახმარებით, აგრეთვე ამ პრობლემასთან გასამკლავებელი მეთოდების გამოყენებით შემიძლია მოვთოკო ეს სურვილი“ *.

დარწმუნებული იყავი, რომ პრობლემებთან გასამკლავებლად შენ უფრო კარგი მეთოდის ათვისება შეგიძლია, ვიდრე საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაა. ილოცე ფსალმუნმომღერალივით: „ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს“ (ფსალმუნები 118:133, სსგ). ცხადია, კმაყოფილებას მოგანიჭებს და პირადი ღირსების გრძნობა გაგიჩნდება, როდესაც შეძლებ ამ ჩვევის საბოლოოდ მიტოვებას.

დაფიქრდი:

▪ საკუთარი სხეულის დასერვის ნაცვლად, რა შეგიძლია გააკეთო, როდესაც ემოციურად თავს ცუდად გრძნობ?

▪ ვის შეგიძლია გაუზიარო შენი გრძნობები, თუ ეს პრობლემა გაქვს?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში ზოგიერთი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 6 საკუთარი სხეულისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით (რა შედის მასში და რა იწვევს ასეთ ქმედებას) მეტი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 2006 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“–ის სტატიაში „ახალგაზრდების შეკითხვები . . . რატომ ვაყენებ საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს?“

^ აბზ. 14 საკუთარი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა რომ გაგიადვილდეს, კარგია ზოგჯერ დაწერო, თუ რას გრძნობ. ფსალმუნების დამწერ მამაკაცებს არაერთხელ დაუფლებიათ ძლიერი გრძნობები და მათ არაერთხელ გამოუხატავთ სინდისის ქენჯნა, რისხვა, იმედგაცრუება თუ მწუხარება. ამის მაგალითების ხილვა შეგიძლია მე–6, მე–12, 41–ე, 54–ე და 68–ე ფსალმუნებში.

^ აბზ. 20 ზოგჯერ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ჩვევა არის სხვა მოშლილობების, მაგალითად დეპრესიის, ბიპოლარული მოშლილობის, აკვიატებული მდგომარეობის ნევროზის ან კვებითი მოშლილობების შედეგი. „გამოიღვიძეთ!“ მკითხველებს არ ურჩევს რომელიმე კონკრეტული მეთოდით მკურნალობას. ქრისტიანების მიერ შერჩეული მკურნალობის მეთოდი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბიბლიურ პრინციპებს.

^ აბზ. 20 „გამოიღვიძეთ!“–ის ძველ ნომრებში მოცემული იყო სტატიები ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება ხშირად იყოს საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების მიზეზი. მაგალითად, იხილე სტატიათა სერია „ემოციური მოშლილობა — როგორ ვძლიო მას?“ (2004 წლის 8 იანვარი [რუს.]); „დახმარება დეპრესიაში მყოფი მოზარდებისთვის“ (2001 წლის 8 სექტემბერი) და „რა იწვევს კვებით მოშლილობას?“ (1999 წლის 22 იანვარი [რუს.]); აგრეთვე სტატია: „ახალგაზრდების შეკითხვები . . . ალკოჰოლიკი მშობლები — როგორ გავუმკლავდე ამ პრობლემას?“ (1992 წლის 8 სექტემბერი [რუს.]).

[ჩარჩო/სურათი 20 გვერდზე]

როგორ დავეხმაროთ მათ, ვინც საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს აყენებს?

როგორ შეგიძლია დაეხმარო ოჯახის წევრს ან მეგობარს, რომელიც საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს აყენებს? ის ძალიან საჭიროებს სანდო ადამიანს; ამიტომ კარგი იქნებოდა, დაგენახვებინა, რომ მზად ხარ მის მოსასმენად. ეცადე, იყო „ნამდვილი მეგობარი“, რომელიც „გასაჭირისთვის იბადება“ (იგავები 17:17, აქ). თავიდან შეიძლება ძალიან მძაფრი რეაქცია გქონდეს და დაუყოვნებლივ მოსთხოვო მას, მიატოვოს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება. მაგრამ ასეთი მიდგომა ჩამოგაშორებს ამ ადამიანს. გარდა ამისა, საკმარისი არ არის მხოლოდ იმის თქმა, რომ მან შეწყვიტოს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება. საჭიროა ღრმად წვდომის უნარი, რათა მას თავის პრობლემებთან გასამკლავებელი სხვა (და არა საკუთარი სხეულის დასერვა) საშუალების გამონახვაში დაეხმარო (იგავები 16:23, აქ). საჭიროა აგრეთვე დრო. ასე რომ, მოთმინება იქონიე. იყავი „სწრაფი . . . მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19).

თუ ახალგაზრდა ხარ, არ იფიქრო, რომ თავად შეძლებ ასეთი ადამიანისთვის დახმარების გაწევას. გახსოვდეს, შეიძლება მიზეზი რაიმე პრობლემა ან მოშლილობა იყოს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. აგრეთვე საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებამ შეიძლება სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე, თუმცა ადამიანი შეიძლება თავის მოკვლას სულაც არ ფიქრობდა. ამიტომ გონივრული იქნებოდა, მისთვის გერჩია, თავისი პრობლემა მოწიფული, მზრუნველი უფროსი ადამიანისთვის გაენდო.

[სურათები 19 გვერდზე]

ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანისთვის გულის გადაშლა და ლოცვა.