არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხანდაზმულობით გამოწვეული პრობლემებით ცხოვრება

ხანდაზმულობით გამოწვეული პრობლემებით ცხოვრება

ხანდაზმულობით გამოწვეული პრობლემებით ცხოვრება

„ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი, მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე; სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ“ (ფსალმუნები 89:10). 3 000 წლის წინანდელ ამ სიმღერაში პოეტურად არის ნათქვამი, რომ წელთა სიმრავლესთან დაკავშირებული პრობლემები საუკუნეებს ითვლის. მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევების მიუხედავად, ხანდაზმულობით გამოწვეული ზოგიერთი შეზღუდვა დღესაც არის „გასაჭირისა და ტანჯვის“ მიზეზი. რა შედის „გასაჭირსა და ტანჯვაში“ და როგორ უმკლავდება ზოგი ხანდაზმული ამ სირთულეებს?

ხანდაზმული და გონებამახვილი

„ყველაზე ძალიან დაუძლურების მეშინია“, — ამბობს 79 წლის ჰანსი. სხვა ხანდაზმულების მსგავსად, ჰანსს ის აღელვებს, რომ გულმავიწყი არ გახდეს. მას აწუხებს, რომ კარგავს კონტროლს იმაზე, რასაც ძველი დროის ერთმა მწერალმა ხატოვანი ენით „ოქროს თასი“ უწოდა და რაც ძვირფას ტვინსა და მასში შენახულ მეხსიერებაზე მიუთითებს (ეკლესიასტე 12:6). ჰანსს აინტერესებს: „ნორმალურია ხანში შესვლასთან ერთად მეხსიერების დაქვეითება?“

თუ თქვენც ჰანსის მსგავსად გავიწყდებათ სახელები ან გაინტერესებთ, არის თუ არა მეხსიერებაში ასეთი ჩავარდნები სერიოზული გონებრივი დაქვეითების დასაწყისი, გარწმუნებთ, რომ გულმავიწყობა ყველა ასაკს ახასიათებს და გონებაში მიმდინარე ცვლილებები, რასაც ხანდაზმულები განიცდიან, ჩვეულებრივ, არ არის დემენცია (ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა) *. მაშინ როცა მეხსიერებაში გარკვეული ცვლილებები ჩვეულებრივია ხანდაზმულობის ასაკში, „ხანდაზმულთა უმრავლესობა სიცოცხლის ბოლომდე სრულად აკონტროლებს საკუთარ გონებას“, — წერს ნიუ-იორკის (აშშ) სტატენის კუნძულის უნივერსიტეტთან არსებული კლინიკის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მაიკლ ლევი.

მართალია ახალგაზრდები უფრო სწრაფად იხსენებენ კონკრეტულ ფაქტებს, ვიდრე ხანში შესულები, მაგრამ, „თუ დროს არ დაუნიშნავთ, — ამბობს ნევროპათოლოგი რიჩარდ რესტაკი, — ხანდაზმულები, ჩვეულებრივ, იმდენს მაინც გაიხსენებენ, რამდენსაც ახალგაზრდები“. ფაქტობრივად, სათანადო განათლებითა და ვარჯიშით ხანდაზმულის ჯანმრთელი გონება განაგრძობს სწავლას, ახსოვს ნასწავლი და ზოგ უნარს იუმჯობესებს კიდეც.

მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები — რის მკურნალობაა შესაძლებელი?

რის გაკეთება შეიძლება, თუ ვინმეს მეხსიერებასთან დაკავშირებით უფრო სერიოზული პრობლემები აქვს? ამ შემთხვევაშიც კი, ავტომატურად არ უნდა დავასკვნათ, რომ მას დემენცია სჭირს. სხვა დაავადებებმა, რომლებიც წლებს სდევს თან და მკურნალობას ექვემდებარება, შეიძლება მეხსიერებასთან დაკავშირებული სირთულეები და გონების მოულოდნელი არევა გამოიწვიოს. ხშირად მსგავს მოშლილობას „ხანდაზმულობისა“ და „დაუძლურების“ იარლიყს აკრავენ და ზოგჯერ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ექიმს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ეს არა მხოლოდ დამამცირებელია ხანდაზმული პაციენტებისთვის, არამედ მათ იმის საშუალებასაც ართმევს, რომ სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღონ. როგორ მოშლილობებთან შეიძლება გვქონდეს საქმე?

გონების მოულოდნელად არევა შეიძლება გამოიწვიოს კვების უკმარისობამ, გაუწყლოებამ, ანემიამ, თავის დაზიანებამ, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმა, ვიტამინების ნაკლებობამ, მედიკამენტების გვერდითმა მოვლენებმა ან გარემოს შეცვლამ. მეხსიერების დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივმა სტრესმა, ასევე ინფექციებმა, რომლებიც ხანდაზმულობაში გონების არევას იწვევს. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება დეპრესიაც იყოს მეხსიერების დაკარგვისა და გონების არევის მიზეზი. ამიტომ, „არავითარ შემთხვევაში უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ გონების არევის ხშირი გამოვლინებები და არ უნდა ვიფიქროთ, რომ მდგომარეობა უიმედოა“, — გვირჩევს დოქტორი ლევი. კარგი სამედიცინო გამოკვლევა პაციენტს დაეხმარება გაიგოს, თუ რა იწვევს ამ სიმპტომებს.

დეპრესიასთან გამკლავება

დეპრესია უცხო არ არის ადამიანებისთვის, მათ შორის ღვთის ერთგული მსახურებისთვისაც. დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს ურჩია: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“ (1 თესალონიკელები 5:14). ჩვენს დაძაბულ დროში ეს რჩევა კიდევ უფრო აქტუალურია. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად დაუდგენელი რჩება, რომ ხანდაზმულებს დეპრესია აქვთ ან ის სხვა დაავადებაში ერევათ.

ვინაიდან ფართოდ არის გავრცელებული არასწორი წარმოდგენა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები უფრო დათრგუნულები და ნაღვლიანები ხდებიან, სიმპტომები შეიძლება ხანში შესვლას დააბრალონ როგორც სხვებმა, ისე თავად ხანდაზმულებმა. „მაგრამ ეს ასე არ არის, — ნათქვამია ერთ წიგნში, — ხანდაზმულებში გავრცელებული დეპრესია არ არის ასაკის მატებით გამოწვეული ნორმალური პროცესი“ (Treating the Elderly).

ხანგრძლივი კლინიკური დეპრესია — ჩვეულებრივი სევდისა და მოწყენილობისგან განსხვავებით — სერიოზული დაავადებაა, რომელსაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს; ის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს. მკურნალობის გარეშე დატოვებული დეპრესია შეიძლება იმდენად გაუარესდეს და ქრონიკულში გადავიდეს, რომ ზოგი უიმედო პაციენტი თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს. დოქტორ ლევის სიტყვების თანახმად, უბედურება ის არის, რომ ხანდაზმულებში დეპრესია „ყველა ფსიკიქურ დაავადებაზე ადვილად იკურნება, მაგრამ ყველა სხვა მოშლილობაზე მეტად უქმნის სიცოცხლეს საფრთხეს“. თუ დეპრესია გრძელდება, პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ისეთ ექიმთან მკურნალობა, რომელიც კარგად იცნობს ამ მოშლილობას (მარკოზი 2:17) *.

დეპრესიაში მყოფთ შუძლიათ დარწმუნდნენ იმაში, თუ „რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკობი 5:11). ის „ახლოს არის გულმოდრეკილებთან“ (ფსალმუნები 33:19). მართლაც, მან ყველაზე უკეთ იცის „ჩაგრულების ნუგეშისცემა“ (2 კორინთელები 7:6).

უსარგებლობის გრძნობა საზიანოა

სამი ათას წელზე დიდი ხნით ადრე ერთგული მეფე დავითი ლოცულობდა: „ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ“ (ფსალმუნები 70:9). მსგავსი გრძნობები ოცდამეერთე საუკუნეშიც არ არის უცხო ხანდაზმულებისთვის, რომელთაც ეშინიათ, რომ ისინი მეტად აღარავისთვის იქნებიან საჭირონი. სუსტი ჯანმრთელობით გამოწვეული შეზღუდვები ხელს უწყობს არასრულფასოვნების გრძნობის გაჩენას, იძულებით პენსიაში გასვლა კი ძირს უთხრის პირადი ღირსების გრძნობას.

მაგრამ ჩვენ შევძლებთ პირადი ღირსების გრძნობის შენარჩუნებას, თუ კონცენტრირებას იმაზე მოვახდენთ, რის გაკეთებაც შეგვიძლია და არა იმაზე, რის გაკეთებასაც ვეღარ შევძლებთ. ამასთან დაკავშირებით გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში შემდეგი რჩევა იყო მოცემული: „განაგრძეთ ოფიციალური თუ არაოფიციალური განათლების მიღება, მონაწილეობა მიიღეთ საზოგადოებრივ და რელიგიურ საქმიანობებში“. ერნესტი, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, იეჰოვას მოწმეა და პენსიაში გასვლამდე პურის მცხობლად მუშაობდა. ერნესტი იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ‘განაგრძოს განათლების მიღება’. სამოცდაათი წლის ასაკში მან გადაწყვიტა, შეეძინა კომპიუტერი და მისი გამოყენება ესწავლა. როგორ მოახერხა მან ეს, როცა მის ასაკში ბევრს აშინებს ტექნიკა? ის გვიხსნის: „რადგან ასაკში ვარ, უპირველსად, ამით ჩემს მეხსიერებას ვუწყობ ხელს. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნიკა ბიბლიის გამოკვლევასა და ქრისტიანულ კრებაში აქტიურად ყოფნაში მეხმარება“.

სასიამოვნო საქმის კეთება ავსებს ხანდაზმულთა მრავალ მოთხოვნილებას — ისინი გრძნობენ, რომ საჭირონი არიან, აქვთ კმაყოფილების გრძნობა და, ამასთანავე, დამატებითი შემოსავალიც. ბრძენმა მეფე სოლომონმა აღნიშნა, რომ ღვთისგან კურთხევაა „მხიარულება და სიკეთის ქმნა თავის სიცოცხლეში. და თუ რომელიმე ადამიანი ჭამს და სვამს და ხედავს სიკეთეს მთელ თავის ნაშრომში“ (ეკლესიასტე 3:12, 13).

გააკეთეთ იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ

მრავალ ქვეყანაში ხანდაზმულები გადასცემენ ცოდნას მომავალ თაობებს; აგრეთვე მათ ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს უნერგავენ. მეფე დავითმა დაწერა: „მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს მკლავს მომავალ თაობას და ყველა მომავალს — შენს სიძლიერეს“ (ფსალმუნები 70:18).

მაგრამ, როგორ შეიძლება მოიქცეს ხანდაზმული, თუ ჯანმრთელობის ან მდგომარეობის გამო ძალიან არის შეზღუდული? ასეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება სარა, რომელიც 79 წლისაა. ის იეჰოვას მოწმეა. მან თავისი გულისტკივილი ქრისტიან უხუცესს გაუზიარა. უხუცესმა შეახსენა სარას ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპი, რომ „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს“ (იაკობი 5:16). „წლების განმავლობაში, — აუხსნა უხუცესმა, — შენ ახლო ურთიერთობა განივითარე იეჰოვა ღმერთთან. ახლა კი, როცა ჩვენთვის ლოცულობ, ჩვენც ვსარგებლობთ ამ ახლო ურთიერთობით“. შემდეგ მან უთხრა: „სარა, ჩვენ გვჭირდება შენი ლოცვები“. სარა ძალიან გაამხნევა ამ სიტყვებმა.

როგორც სარამაც დაინახა, მრავალი ხანდაზმულისთვის ლოცვა ღირებული და მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომელიც მათ შეუძლიათ დღითა თუ ღამით სხვების სასარგებლოდ გამოიყენონ (კოლოსელები 4:12; 1 ტიმოთე 5:5). ამავე დროს, ასეთი ლოცვები ეხმარება ერთგულ ხანდაზმულებს, რომ დაუახლოვდნენ „ლოცვების მომსმენ“ იეჰოვას (ფსალმუნები 65:2, აქ; მარკოზი 11:24).

ხანდაზმულები, რომელთა შესაძლებლობებიც შეზღუდულია, მაგრამ მდიდარი გამოცდილება აქვთ, ფასდაუდებელნი არიან გარშემო მყოფთათვის. ისინი ადასტურებენ, რომ „დიდების გვირგვინი ჭაღარაა, სიმართლის გზაზე იპოვება იგი“ (იგავები 16:31).

სრულიად ბუნებრივია დავინტერესდეთ: რას გვიმზადებს მომავალი წლების მატებასთან ერთად? რეალურად შესაძლებელია, რომ შემდგომ წლებში უკეთესი ცხოვრების იმედი გვქონდეს?

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ზოგი მკვლევარი აცხადებს, რომ „65 წელს გადაცილებულ ადამიანთა 90%-ზე მეტი დემენციით არ არის დაავადებული“. დემენციის მკურნალობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ „გამოიღვიძეთ!“-ის 1998 წლის 22 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიათა სერიაში სათაურით „ალცჰეიმერის დაავადება — ტკივილის შემსუბუქება“ (რუს.).

^ აბზ. 13 „გამოიღვიძეთ!“ მხარს არ უჭერს რომელიმე კონკრეტული სამედიცინო მკურნალობის მეთოდს. ქრისტიანებმა უნდა შეამოწმონ, ბიბლიურ პრინციპებს ხომ არ არღვევს მათ მიერ არჩეული მკურნალობის მეთოდი. იხილეთ „გამოიღვიძეთ!“–ის 2004 წლის 8 იანვრის ნომერში სტატიათა სერია სათაურით „ემოციური მოშლილობები — როგორ გავუმკლავდეთ მათ?“ (რუს.).

[ჩანართი 5 გვერდზე]

დღევანდელ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ხანდაზმულები ხშირად თავს მიტოვებულად გრძნობენ.

[ჩარჩო/სურათი 7 გვერდზე]

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ხანდაზმულებს?

გაუფრთხილდით მათ ღირსებას. „უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო. პირიქით, მოკრძალებით შეაგონე როგორც მამას . . . უფროსი ასაკის ქალს — როგორც დედას“ (1 ტიმოთე 5:1, 2).

ყურადღებით მოუსმინეთ. „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19).

გამოავლინეთ თანაგრძნობა. „ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი. ბოროტის გამკეთებელს ბოროტით არ გადაუხადოთ და მლანძღველს ლანძღვით არ უპასუხოთ“ (1 პეტრე 3:8, 9).

დაუკვირდით, გამხნევება ხომ არ სჭირდებათ. „დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“ (იგავები 25:11, აქ).

ჩართეთ თქვენს საქმიანობებში. „სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ“ (რომაელები 12:13).

შესთავაზეთ პრაქტიკული დახმარება. „თუ ვინმეს ქვეყნიერებაში საარსებო საშუალება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს, მაგრამ თანაგრძნობის კარს უკეტავს, როგორღა რჩება მასში ღვთის სიყვარული? შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:17, 18).

იყავით სულგრძელნი. „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12).

ხანდაზმულებზე ზრუნვით ღვთის ნორმებისადმი პატივისცემას ვავლენთ, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „პატივი ეცი მოხუცებულს“ (ლევიანები 19:32).

[სურათი 6 გვერდზე]

კარგმა სამედიცინო გამოკვლევამ შეიძლება დიდი სამსახური გაგვიწიოს.