არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარცვალი, რომელმაც მსოფლიო შემოიარა

მარცვალი, რომელმაც მსოფლიო შემოიარა

მარცვალი, რომელმაც მსოფლიო შემოიარა

ამბავი ერთი კაცის შესახებ, რომელმაც ყავის ნორჩი ხის მიმართ უჩვეულო თავდადება გამოავლინა, შეიძლება აღიწეროს როგორც „ყავის ხის გამრავლების ისტორიაში ყველაზე საუცხოო ფურცელი“, — ნათქვამია წიგნში „ყველაფერი ყავის შესახებ“. იმ პატარა მცენარემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყავის მრეწველობის განვითარებაში, რომლის წლიური შემოსავალიც, ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენის“ თანახმად, 70 მილიარდი დოლარია და რომელსაც, მსოფლიო ბაზარზე დოლარით ვაჭრობის მიხედვით, მხოლოდ ნავთობის მრეწველობა უსწრებს წინ.

ყავის საოცრად ლამაზი ისტორია ეთიოპიის მთიანეთში, ველური ყავის სამშობლოში, იწყება. ველური ყავისგან წარმოიშვა არაბული ყავა, რომლის მარცვლისგანაც მზადდება მთელ მსოფლიოში წარმოებული ყავის ორი მესამედი. მაგრამ ზუსტად როდის დაიწყეს მოხალული ყავის გამოყენება, უცნობია. ასეა თუ ისე, XV საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე არაბული ყავა უკვე მოჰყავდათ. ყავის თესლის ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, 1616 წელს ჰოლანდიელებმა შეიძინეს ან ხეები, ან ამ მცენარის თესლი. მათ მალე ყავის პლანტაციები გააშენეს ცეილონსა (შრი–ლანკა) და იავაზე, რომელიც დღეს ინდონეზიის ნაწილია.

1706 წელს ჰოლანდიელებმა ყავის ნორჩი ხე იავადან ამსტერდამის (ნიდერლანდები) ბოტანიკურ ბაღში ჩაიტანეს. მცენარემ იქ კარგად გაიხარა. აქედან ის გემით წაიღეს ჰოლანდიის კოლონიებში — სურინამსა და კარიბის კუნძულებზე. 1714 წელს ამსტერდამის მერმა ყავის ხის ერთი ნერგი საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV–ს მისცა. მეფემ იგი პარიზის სამეფო ბაღის, „ჟარდენ–დე–პლანტის“, ორანჟერეაში დარგო.

ფრანგებს ძალიან უნდოდათ ყავით ვაჭრობა. მათ იყიდეს ყავის თესლი და ხეები და ისინი კუნძულ რეიუნიონზე ჩაიტანეს. მცენარემ იქ არ გაიხარა და, ზოგიერთი სანდო წყაროს თანახმად, მხოლოდ ერთი ხე გადარჩა. მიუხედავად ამისა, გადარჩენილი ხის 15 000 თესლი 1720 წელს დათესეს და თანდათანობით პლანტაცია გააშენეს. ამ ხეებს იმდენად აფასებდნენ, რომ მის გამნადგურებლებს სიკვდილით სჯიდნენ! ფრანგები ყავის მოშენებას კარიბის კუნძულებზეც ცდილობდნენ, მაგრამ მათი პირველი ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ფრანგმა საზღვაო ოფიცერმა გაბრიელ მატიე დე კლიემ, რომელიც პარიზში შვებულებით იმყოფებოდა, თავის მისიად ჩათვალა, საფრანგეთიდან დაბრუნებისას მარტინიკაზე, საკუთარ მამულში ჩაეტანა ეს ხე. მან 1723 წლის მაისში პარიზიდან ეს მცენარე თავის ხომალდზე აიტანა და საფრანგეთიდან გაემგზავრა.

„მოგზაურობისას კლიეს თავისი ძვირფასი მცენარე ნაწილობრივ შემინულ ყუთში ჰქონდა მოთავსებული ისე, რომ ყავის ხეს შეეძლო მზის სხივების მიღება და, ამავე დროს, ღრუბლიან დღეებში სითბოც არ აკლდა“, — ნათქვამია ნაშრომში „ყველაფერი ყავის შესახებ“. ერთ–ერთი თანამგზავრი, რომელსაც, როგორც ჩანს, შურდა კლიესი და არ უნდოდა, რომ მას წარმატებისთვის მიეღწია, შეეცადა, ძალის გამოყენებით წაერთმია ეს ხე, მაგრამ უშედეგოდ. მცენარე გადარჩა. ყავის ხე გადაურჩა აგრეთვე ტუნისელ მეკობრეებს, ძლიერ ქარიშხალს და, რაც ყველაზე უარესი იყო, სასმელი წყლის უკმარისობას მაშინ, როდესაც ეკვატორულ ზონაში, სადაც ქარი სრულიად არ ქროდა, ხომალდმა სვლა შეანელა. „წყალი ისეთი დეფიციტი იყო, — წერდა დე კლიე, — რომ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იძულებული ვიყავი, ჩემი მწირი რაციონიდან მეწილადა წყალი ყავის ხისთვის, რომელსაც დიდი იმედით შევყურებდი და რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი“.

დე კლიეს ერთგულება დაჯილდოვდა. მისი ძვირფასი ტვირთი მარტინიკაზე უვნებელი ჩავიდა და მცენარემ იქაურ ტროპიკულ კლიმატში მშვენივრად გაიხარა. „ამ ერთადერთი მცენარის წყალობით მარტინიკადან ყავის თესლი უშუალოდ თუ შემოვლითი გზებით მოხვდა ამერიკის მთელ კონტინენტზე, გარდა ბრაზილიისა, საფრანგეთის გვიანისა და სურინამისა“, — ამბობს გორდონ რიგლი თავის წიგნში „ყავა“.

ამასობაში ბრაზილიამ და საფრანგეთის გვიანამაც მოისურვეს ყავის ხეების შეძენა. სურინამში ჰოლანდიელებს ისევ ჰქონდათ ამსტერდამიდან ჩამოტანილი ყავის ხიდან გახარებული ნერგები, მაგრამ მას დიდი გულმოდგინებით იცავდნენ. 1722 წელს საფრანგეთის გვიანამ ყავის თესლი მიიღო საშიში დამნაშავისგან, რომელიც სურინამში იყო გაქცეული და იქ რამდენიმე თესლი ჰქონდა მოპარული. საფრანგეთის გვიანამ თესლის სანაცვლოდ მას თავისუფლება და კვლავ უკან დაბრუნება აღუთქვა.

თავიდან ბრაზილიის მცდელობა, შეეძინა თესლი ან ნორჩი ყავის ხის მცენარეები, წარუმატებლად დამთავრდა. სურინამი და საფრანგეთის გვიანა სასაზღვრო ტერიტორიას ვერ იყოფდნენ და ბრაზილიას სთხოვეს, შუამავლის როლი შეესრულებინა. ბრაზილიამ თავის წარმომადგენლად საფრანგეთის გვიანაში ოფიცერი ფრანცისკო დე მელო პალეტა გაგზავნა; მას დაავალეს, გადაეჭრა საკამათო საკითხი და ყავის რამდენიმე ხეც ჩამოეტანა.

მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა და მთავრობის წარმომადგენელმა პალეტას გამოსამშვიდობებელი წვეულება გაუმართა. მადლობის ნიშნად მისმა მეუღლემ საპატიო სტუმარს საუცხოო თაიგული მიართვა. ყვავილებს შორის ჩამალული იყო ყავის თესლი და მცენარის ნორჩი ნერგები. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ 1727 წელს ყვავილების თაიგულიდან დაიბადა ბრაზილიის დღევანდელი მილიარდდოლარიანი ყავის მრეწველობა.

ამგვარად, 1706 წელს იავადან ამსტერდამში ჩატანილმა ყავის ნორჩმა ნერგმა და მისმა პარიზელმა „შთამომავალმა“ საწყისი მისცა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ამ მცენარის დამკვიდრებასა და გავრცელებას. რიგლი აღნიშნავს: „აქედან გამომდინარე, არაბული ყავის მთელი ინდუსტრია აგებულია მცენარეზე, რომლის გენეტიკური ფონდი საკმაოდ მწირია“.

დღეს 25 მილიონზე მეტ საოჯახო მეურნეობას დაახლოებით 80 ქვეყანაში 15 მილიონი ყავის ხე აქვს გაშენებული. მათი ნაყოფი კი ხვდება 2,25 მილიონ ყავის ფინჯანში, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობა ყოველდღიურად მიირთმევს.

პარადოქსია, მაგრამ დღეს პრობლემა ის გახლავთ, რომ ყავას იმაზე მეტს აწარმოებენ, ვიდრე საჭიროა. მდგომარეობას ართულებს პოლიტიკა, ეკონომიკა და გავლენიანი კარტელები, რომელთა ჩარევის შედეგად ზოგ ქვეყანაში ყავის მომყვანები ღარიბები ან უკიდურესად ღარიბებიც კი არიან. ეს საოცარია, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, თუ წარმოვიდგენთ, დაახლოებით 300 წლის წინათ როგორ უზიარებდა დე კლიე ამ მცენარის პატარა ნერგს თავის, ისედაც შეზღუდულ წყლის რაციონს.

[ჩარჩო/სურათი 20 გვერდზე]

ყავის ორი ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობა

«ყავის დაუმუშავებელი მარცვლები არის იმ ხის თესლი, რომელიც ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მასში ყავის, სულ მცირე, 60 სახეობაა გაერთიანებული, — ნათქვამია ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“. — სავაჭრო მიზნებისთვის გამოიყენება ამ მცენარის ორი სახეობა — არაბული ყავა (მსოფლიოში წარმოებული ყავის ორი მესამედი) და ყავა რობუსტა (ამ ყავაზე მოდის ყავის ინდუსტრიის ერთი მესამედი)».

რობუსტასგან მიღებულ ყავას მკვეთრი მწარე გემო დაჰკრავს და, ჩვეულებრივ, მას ხსნადი ყავის დასამზადებლად იყენებენ. ამ სახეობის ყავის ხე სხვებთან შედარებით მეტი პროდუქტიულობით გამოირჩევა და დაავადებებისადმი გამძლეა. ხის სიმაღლე დაახლოებით 12 მეტრს აღწევს და ორჯერ აღემატება გაუსხლავი, შედარებით ნაზი და ნაკლებად მსხმოიარე არაბული ყავის ხის სიმაღლეს. რობუსტა შეიცავს 2, 8 პროცენტამდე კოფეინს, მაშინ როდესაც არაბულ ყავაში კოფეინის შემცველობა არასოდეს აღემატება 1, 5-ს. თუმცა არაბულ ყავას 44 ქრომოსომა აქვს, ხოლო რობუსტასა და ყავის სხვა სახეობებს 22, შესაძლებელია არაბული ყავის ზოგი სახეობის ყავასთან შეჯვარება და ჰიბრიდის მიღება.

[ჩარჩო/სურათი 20 გვერდზე]

ყავის „მონათვლა“

მე-17 საუკუნეში, როდესაც ევროპაში პირველად შეიტანეს ყავა, ზოგიერთი კათოლიკე მღვდელი მას სატანის სასმელს უწოდებდა. მასში ისინი ღვინის პოტენციურ შემცვლელს ხედავდნენ; ღვინო კი, მათი აზრით, ქრისტეს მიერ იყო განწმენდილი. მაგრამ, როგორც ამბობენ, „რომის პაპმა კლემენტ VIII-მ გასინჯა ეს სასმელი და მისი მოყვარული გახდა“, — ნათქვამია წიგნში „ყავა“. მან ყავასთან დაკავშირებული რელიგიური დილემა იმით გადაჭრა, რომ ის „მონათლა“ და, ამგვარად, კათოლიკეებისთვის მისაღები გახადა.

[ჩანართი/რუკა 18, 19 გვერდებზე]

(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

როგორ გავრცელდა ყავის ხე მსოფლიოში?

1. 1400 წლისთვის ეთიოპიაში დაიწყეს არაბული ყავის მოყვანა.

2. 1616 წელს ჰოლანდიელებმა მოიპოვეს ყავის ხეები ან თესლი.

3. 1699 წელს ჰოლანდიელებმა ყავის ხეები იავასა და ოსტინდოეთის სხვა კუნძულებზე ჩაიტანეს.

4. 1700 წლისთვის ყავის მოყვანა დაიწყეს ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე.

5. 1718 წელს ფრანგებმა ყავა კუნძულ რეიუნიონზე ჩაიტანეს.

6. 1723 წელს ყავის ხე დე კლიეს საფრანგეთიდან მარტინიკაზე ჩააქვს.

7. 1800 წლისთვის ყავა მოჰყავთ ჰავაიზე.

[საავტორო უფლებები]

წყარო: წიგნი “Uncommon Grounds”

[სურათი 18, 19 გვერდებზე]

მარტინიკაზე მიმავალი გაბრიელ მატიე დე კლიე თავის სასმელ წყალს ყავის ხეს უზიარებს (1723 წელი).

[საავტორო უფლებები დაცულია 19 გვერდზე]

Map: © 1996 Visual Language; De Clieu: Tea & Coffee Trade Journal