არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘მინდა ღმერთს ვემსახურო, სანამ მოვკვდები’

‘მინდა ღმერთს ვემსახურო, სანამ მოვკვდები’

‘მინდა ღმერთს ვემსახურო, სანამ მოვკვდები’

მაიმი ფრის ბიოგრაფია

ლიბერიაში 1990 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო. ქვეყანაში ბრძოლა იყო გაჩაღებული, რის გამოც 12 წლის მაიმი და მისი ოჯახის წევრები სახლიდან ვერ გადიოდნენ. ისინი ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში ცხოვრობდნენ. „აფეთქების ხმა გავიგონეთ, — გვიყვება მაიმი. — მეზობლის სახლს ჭურვი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი ჩვენს სახლსაც მოედო“. მაიმს, დედამისსა და ბიძამისს ბრძოლის ქარცეცხლში მოუწიათ გაქცევა.

„უეცრად, რაღაც მომხვდა“, — იხსენებს მაიმი.

„რა მოგივიდა?“ — მკითხა დედამ.

„მგონი ტყვია მომხვდა!“ — ვუპასუხე მე.

მაიმი მიწაზე დავარდა და ლოცვა დაიწყო: „ღმერთო, გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა. მგონი ვკვდები, მაგრამ მინდა გემსახურო, სანამ მოვკვდები“. ამის შემდეგ მან გონება დაკარგა.

რადგან მეზობლებს მაიმი მკვდარი ეგონათ, უნდოდათ, ის ახლომდებარე სანაპიროსთან დაემარხათ. მაგრამ მაიმის დედა დაჟინებით ითხოვდა, რომ ის ადგილობრივ საავადმყოფოში წაეყვანათ. სამწუხაროდ, საავადმყოფო სავსე იყო დაჭრილებით და საკმარისი მედპერსონალიც არ ჰყავდათ. მაიმის ბიძა, რომელიც დაჭრილი იყო, იმავე საღამოს მოკვდა. მაიმი გადარჩა, მაგრამ წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა.

მაიმის ფარული სისხლდენა დაეწყო და საშინელი ტკივილები ჰქონდა. ოთხი თვის შემდეგ ექიმებმა, როგორც იქნა, რენტგენი გადაუღეს, რათა დაენახათ, სად იყო ტყვია გაჩერებული. ის გულსა და ფილტვებს შორის აღმოჩნდა. ოპერაციის გაკეთება ძალიან სარისკო იყო, ამიტომ დედამ გადაწყვიტა, ის ბალახებით მკურნალ ექიმთან წაეყვანა. მაიმი იხსენებს: «ექიმმა სამართებლით გაკვეთა ჭრილობა და ტყვიის ამოღება პირით სცადა. „აი, ტყვია“, — თქვა მან, — და ტყვია პირიდან გამოიღო. ექიმს ფული გადავუხადეთ და წამოვედით».

ექიმმა მოგვატყუა. რენტგენმა აჩვენა, რომ ტყვია ისევ სხეულში იყო. მაიმმა და დედამისმა ისევ იმ მკურნალ ექიმს მიაკითხეს. მან დაარწმუნა ისინი, რომ სხეულში ტყვია აღარ იყო და რენტგენი ამას მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ აჩვენებდა. ისინი მოთმინებით ელოდნენ აღნიშნული დროის გასვლას. ამ პერიოდში მაიმი ტკივილის გამაყუჩებელ სხვადასხვა საშუალებას იღებდა. ცხრა თვის შემდეგ მაიმმა რენტგენი კვლავ გადაიღო. ტყვია ისევ სხეულში იყო. მკურნალი ექიმი გაიქცა.

18 თვე იყო გასული, რაც მაიმს ტყვია სხეულში ჰქონდა. ნათესავმა ის შემლოცველთან წაიყვანა. ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდა, მან კონკრეტული დღე დაუსახელა, როცა ან დედამისი მოკვდებოდა, ან მაიმი. მაიმი მაშინ 13 წლის იყო. მან თქვა: „ძალიან ბევრს ვტიროდი. თუმცა, როცა ეს დღე დადგა, არც ერთი ჩვენგანი არ მომკვდარა“.

ამის შემდეგ ბიძამ მაიმი ეკლესიის წინამძღოლთან წაიყვანა. როგორც წინამძღოლმა თქვა, ხილვაში ნახა, რომ მაიმის პარალიზება გამოწვეული იყო არა ტყვიით, არამედ ჯადოთი, რომელიც მას გაუკეთეს. ის დაჰპირდა მაიმს, რომ თუ გარკვეულ რიტუალებს შეასრულებდა, ერთ კვირაში შეძლებდა სიარულს. მაიმი იხსენებს: „ოკეანის წყლის აბაზანებს ვიღებდი, ვმარხულობდი და ყოველ ღამით რამდენიმე საათი მიწაზე ვგორაობდი. მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა. ჩემი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“.

დიდი ხნის ლოდინისა და სირთულეების შემდეგ კვალიფიცირებული ექიმების დახმარებით მაიმს, როგორც იქნა, ტყვია ამოუღეს. ის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უძლებდა საშინელ ტკივილებს. მაიმი იხსენებს: „ოპერაციის შემდეგ ტკივილმა გამიარა და უფრო თავისუფლად ვსუნთქავდი. თუმცა წელს ქვემოთ მთლად პარალიზებული აღარა ვარ, ფეხზე დგომა მხოლოდ სპეციალური მოწყობილობის დახმარებით შემიძლია“.

მაიმი იეჰოვას მოწმეებს ხვდება

ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მაიმის დედა იეჰოვას ორ მოწმეს შეხვდა. მან მოწმეები სახლში დაპატიჟა, რადგან იცოდა, რომ მისი ქალიშვილი ბიბლიას კითხულობდა. მაიმმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მას კვლავ საავადმყოფოში მოუწია დაბრუნება და მოწმეებს ვეღარ შეხვდა.

მიუხედავად ამისა, მაიმს ბიბლიისადმი ინტერესი არ განელებია. როცა ეკლესიის წინამძღოლმა დახმარება შესთავაზა, მას უარი არ უთქვამს. საკვირაო სკოლის დროს ერთ-ერთმა სტუდენტმა მასწავლებელს ასეთი კითხვა დაუსვა: „იესო ღვთის თანასწორია?“

„დიახ, ისინი თანასწორნი არიან, მაგრამ იესო მთლად ღვთის თანასწორი არ არის“, — უპასუხა მასწავლებელმა.

„თანასწორიც არის და არც არის? ვერაფერი გავიგე. აქ რაღაც შეცდომაა“, — გაიფიქრა მაიმმა. ის დაეჭვდა, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას სწავლობდა და შეწყვიტა ეკლესიაში სიარული.

1996 წელს მონროვიაში ისევ არეულობა დაიწყო. მაიმმა ოჯახის კიდევ ორი წევრი დაკარგა. მის სახლს მეორედ გაუჩნდა ცეცხლი. რამდენიმე თვის შემდეგ მას ორი მოწმე შეხვდა, რომლებიც კარდაკარ მსახურობდნენ. მან ბიბლიის შესწავლა განაგრძო. როცა კრების შეხვედრას პირველად დაესწრო, გაოცდა, რომ ყველა, მათ შორის კრების უხუცესები, სამეფო დარბაზის დასუფთავებაში იღებდა მონაწილეობას. იმავე წელს ის პირველად დაესწრო იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესს „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“.

„ამ კონგრესმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, — ამბობს მაიმი. — მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები სხვადასხვა ერიდან იყვნენ, ისინი გულწრფელ სიყვარულს ავლენდნენ ერთმანეთისადმი. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული“.

ღვთისადმი მსახურების სურვილის განხორციელება

1998 წელს ბრძოლა ისევ განახლდა, ამიტომ მაიმი და დედამისი იძულებულნი გახდნენ მეზობელ ქვეყანაში, კოტ-დ’ივუარში, გაქცეულიყვნენ. მათ თავი შეაფარეს ლტოლვილთა ბანაკს, სადაც 6 000 ლიბერიელი ცხოვრობდა. მაიმმა მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა განაგრძო და სწრაფად წაიწია წინ სულიერად. მალე მას სურვილი გაუჩნდა, რომ ნასწავლი სხვებისთვისაც გაეზიარებინა. სულიერ და-ძმებს მაიმი მსახურებაში ინვალიდის სავარძლით დაჰყავდათ. მას შესაძლებლობა მიეცა, სხვა ლტოლვილებისთვისაც ექადაგა.

შეზღუდული ჯანმრთელობის გამო მაიმისთვის ადვილი არ იყო სამეფო დარბაზში მისვლა, რადგან ის მისი საცხოვრებელიდან 6 კილომეტრით იყო დაშორებული. მიუხედავად ამისა, ის კრების ყველა შეხვედრას ესწრებოდა. 2000 წლის 14 მაისს მაიმს 190 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა მოუწია, რათა სპეციალურ ერთდღიან კონგრესს დასწრებოდა და ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად მონათლულიყო (მათე 28:19, 20). ბევრს თვალებზე ცრემლები მოადგა, როცა მაიმი პატარა მდინარეში ჩაიყვანეს და მონათლეს. წყლიდან ამოსულ მაიმს სიხარულისგან სახე უბრწყინავდა.

მაიმის მიზანია, პიონერი ანუ სრული დროით მქადაგებელი გახდეს და განაში, ლტოლვილთა ბანაკში, იმსახუროს. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა მაიმის დედამაც დაიწყო და ახლა ისიც უზიარებს სხვებს, რაც ისწავლა. ორივენი მოუთმენლად ელიან ღვთის მიერ დაპირებულ დროს, როცა „ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება“ (ესაია 35:5—7).

[სურათი 22 გვერდზე]

ტყვია, რომელიც მაიმს ამოუღეს.

[სურათი 23 გვერდზე]

მაიმის ნათლობა პატარა მდინარეში.

[სურათი 23 გვერდზე]

ბიბლიის შესწავლა მაიმის დედასთან, ემასთან.