მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
კანის კიბო — როგორ დავიცვათ თავი? (8 ივნისი, 2005 [რუს.]) სტატიათა ამ სერიაში ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა მოცემული. დერმატოლოგიის კლინიკაში მთავარ ექიმად ვმუშაობ. ვისურვებდი ჟურნალის დამატებითი ეგზემპლარების მიღებას თანამშრომლებისთვის.
კ. ვ. (დანია).
ამ სტატიების წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე, ექიმისთვის მიმემართა და დამედგინა, რატომ მქონდა ზურგზე სიმსივნური წარმონაქმნი. გასინჯვის შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ ეს შეიძლება კანის ავთვისებიან სიმსივნეში, კარცინომაში, გადაზრდილიყო. სასწრაფო ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ზომების დაუყოვნებლად მიღებაში სწორედ ეს სტატიები დამეხმარა.
შ. მ. (იაპონია).
მე-7 გვერდზე მოცემული ჩარჩოს წაკითხვის შემდეგ ჩემს ექიმს ვთხოვე, გავესინჯე. ავთვისებიანი მელანომას დიაგნოზი დამისვეს, დასაწყისი სტადია მქონდა. როგორც სტატიაში იყო აღნიშნული, მელანომათი დაავადებულს დასაწყის სტადიაში თუ არ უმკურნალებენ, ამან შეიძლება პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს. ჩემი ექიმის და ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი ასეთი კარგი სტატიების დახმარებით სიკვდილს გადავურჩი. ძალიან დიდი მადლობა!
ლ. ს. (შეერთებული შტატები).
ვიქტორინა მთელი ოჯახისთვის (8 მაისი, 2005 [რუს.]) ადრე მხოლოდ იმ სტატიებს ვკითხულობდი, რომლებიც მომწონდა. მაგრამ როდესაც „გამოიღვიძეთ!“-ის ფურცლებზე რუბრიკა „ვიქტორინა მთელი ოჯახისთვის“ დაიბეჭდა, მთელი ჟურნალი წავიკითხე, რათა ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. მალე ჩვევად მექცა მთელი ჟურნალის წაკითხვა.
ი. ჟ. (რუსეთი).
ძალიან მომეწონა ეს გვერდი. ის სახალისოც იყო და იმის გათვითცნობიერებაშიც დამეხმარა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღებით ვიკითხო სტატიები.
დ. ს. (დიდი ბრიტანეთი).
ახალგაზრდების შეკითხვები. . . რატომ მიზიდავენ ქრისტიანისთვის შეუფერებელი ადამიანები? (8 აგვისტო, 2005) მართალია, უკვე ათი წელია, ‘ბევრს ვშრომობ უფლის საქმეში’, მაგრამ არ ვიცი, როგორ აღმოვფხვრა ჩემში ეს ნაკლი (1 კორინთელები 15:58). ვხედავ, რომ ჯერ კიდევ არა ვარ ემოციურად მომწიფებული და მიჭირს ამ პრობლემის გადაჭრა. მადლობას ვუხდი იეჰოვას ასეთი სტატიებისთვის, რომლებიც გვეხმარება სწორად მოვიქცეთ ამ სისტემაში.
ჯ. ფ. (შეერთებული შტატები).
ამ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ არ უნდა ავარიდოთ თავი იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც არ არიან გაცნობილნი ბიბლიურ ჭეშმარიტებას. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ? დასაშვებია, ქრისტიანს ახლო ურთიერთობა სურდეს ურწმუნოსთან? განა ეს შემაშფოთებელი არ არის?
დ. პ. (შეერთებული შტატები).
„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: ეს სტატია არ მოუწოდებს ქრისტიანებს იმისკენ, რომ ახლო ურთიერთობა განავითარონ ურწმუნოებთან. რა სიტუაციაშიც უნდა ვიყოთ, ყოველთვის გონივრულია ბიბლიის შემდეგი პრინციპით ხელმძღვანელობა: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). თუმცა ეს არ ნიშნავს ურწმუნოებთან ურთიერთობის სრულებით გაწყვეტას. როგორც სტატიაში იყო ხაზგასმული, ბიბლია მოგვიწოდებს, „ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ — არა მარტო მათ, ვინც ჩვენს რწმენას იზიარებს (გალატელები 6:10). ქრისტიანული მსახურების არსი ის არის, რომ გულწრფელად დავინტერესდეთ ადამიანებით, ღირსეულად და პატივისცემით მოვეპყროთ მათ. იესომ ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. რასაკვირველია, ის ახლო ურთიერთობას არ ამყარებდა მათთან, ვისაც არ სურდა ღვთის ნების შესრულება (იოანე 15:14). მაგრამ, ამავე დროს, ის არ ერიდებოდა ადამიანებს. მან იცოდა, როგორ ესაუბრა მათთან. ეს იესოს ეფექტური ქადაგების შესაძლებლობას აძლევდა (მაგალითისთვის იხილეთ ლუკას 7:36—50–ში ჩაწერილი შემთხვევა). იესოს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია პატივისცემით მოვეპყროთ მათ, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას. ჩვენი მიზანია, ‘კეთილგონიერნი ვიყოთ და ყველასთან რბილი ხასიათი გამოვავლინოთ’ (ტიტე 3:2).