ოჰ, ეს მოუხელთებელი მუფლონი!
ოჰ, ეს მოუხელთებელი მუფლონი!
გაზაფხულის ერთ ადრიან დილას სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილები და რუკებითა და ფოტოაპარატებით აღჭურვილები ვსხდებით მანქანაში. ჩვენ მივემართებით პაფოსის ტყისკენ, რომელიც კუნძულზე კვიპროსზე მდებარე ტროოდოსის მთაგრეხილზეა. იმედია, გაგვიმართლებს და შევძლებთ მოუხელთებელი მუფლონის ნახვას. იცით, რა ცხოველია მუფლონი?
მუფლონი მიეკუთვნება გარეული ცხვრის ერთ-ერთ სახეობას, რომლის მონათესავე სახეობებიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ბინადრობენ. ჩვენს ინტერესს განსაკუთრებით იწვევს მუფლონი, რომელიც კვიპროსშია გავრცელებული; როგორც ამბობენ, ის ირემივით ლამაზია და თხასავით მარდი. ზოოლოგები მას Ovis gmelini ophion-ს უწოდებენ, ხოლო კვიპროსელები — „აგრინოს“. ამ ცხოველის ნახვა მხოლოდ შორეულ მთაგორიან ადგილებში შეიძლება.
ჩვენ შარაგზიდან გადავუხვიეთ და გეზი მთისწინეთისკენ ავიღეთ, შემდეგ კი მშვენიერ ველზე აღმოვჩნდით. მთის ფერდობი პატარა სოფლებია განლაგებული, რომელთა გაყოლებაზეც მშვენიერი წალკოტებია. მალე ჩვენი მანქანა უსწორმასწორო გზაზე აღმოჩნდა და რამდენიმე ადგილზე ციცაბო კალთის ნაპირს მივუახლოვდით. როგორც იქნა, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, მეტყევეთა ადგილსამყოფელს. აღმოვჩნდით 60 000-ჰექტრიან პაფოსის ტყის შუაგულში, სადაც ფიჭვი და კედარია გავრცელებული. ჩვენ ყავა შევუკვეთეთ და ანდრესთან, მწვანე უნიფორმაში გამოწყობილ მეტყევესთან, გავაბით საუბარი. ის დიდი აღტაცებით საუბრობდა მუფლონების შესახებ.
მისი თქმით, მუფლონი ყველაზე დიდი გარეული ძუძუმწოვარაა კვიპროსში. ძველად კუნძული სავსე იყო მუფლონებით. ეს გარეული ცხვარი მრავალ ბერძნულ-რომაულ მოზაიკაზეც არის გამოსახული. შუა საუკუნეების ლიტერატურაში კი აღწერილია, თუ როგორ ნადირობენ ამ ცხოველზე მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლები პაფოსის ტყეში.
სანამ შემოღობილ ადგილამდე მიგვიყვანდა, ანდრე დაწვრილებით მოგვიყვა მუფლონის შესახებ. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თოფის გამოგონებასთან ერთად საგრძნობლად შემცირდა ამ ცხოველის რაოდენობა. მდგომარეობა მაშინ შეიცვალა, როდესაც 1938 წელს ცხოველების დაცვის მიზნით კვიპროსის კანონმდებლობაში შესწორება შეიტანეს. მეტყევეები და პოლიცია ბრაკონიერების წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ერთი წლის შემდეგ კი მონადირეებს ტყეში შესვლა აეკრძალათ. ამ ცვლილებებისა და 60-იანი წლების შემდეგ გატარებული ზომების შედეგად მუფლონების რიცხვი გაიზარდა.
ჩვენი პირველი შეხვედრა
როგორც კი ანდრესთან ერთად ღობეს მივუახლოვდით, ბუჩქებისა და ხეების ყურადღებით თვალიერება დავიწყეთ. ანდრემ გვანიშნა, რომ ჩუმად ვყოფილიყავით, რადგან ის-ის იყო მთის ფერდობს ვუახლოვდებოდით. სწორედ მაშინ დავინახეთ,
როგორ ძოვდა ბალახს სამი ზრდასრული დედალი მუფლონი მზით გამთბარ მინდორზე; მათთან ერთად ორი ახალშობილი მუფლონიც იყო. ზრდასრული მუფლონი დაახლოებით 90 სანტიმეტრი სიმაღლისაა; ბეწვი ღია ყავისფერი აქვს, რომელიც მუცლის არეში კიდევ უფრო ღიავდება.ტყის მცენარეები, რომლითაც მუფლონი იკვებება, წელიწადის ამ დროს უხვად არის. ამდენად, ეს ზრდასრული მუფლონები იმდენად იყვნენ დაკავებულნი ნორჩი ბალახის ძოვით, რომ საერთოდ არ გვაქცევდნენ ყურადღებას. მათგან განსხვავებით, ახალშობილებმა წინ და უკან ხტუნაობა შეწყვიტეს და ჩვენკენ რამდენიმე ნაბიჯის გადმოდგმას შეეცადნენ. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა. მაგრამ, როგორც კი ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმა გაიგეს, შეშინდნენ და თვალის დახამხამებაში ყველანი ტყეში გაუჩინარდნენ.
ამ სანახაობით აღფრთოვანებულებმა გადავწყვიტეთ, ტყეში ფეხით გაგვევლო იმ იმედით, რომ სადმე მუფლონებს წავაწყდებოდით. ანდრეს ვარაუდით, მათი ნახვა გარიჟრაჟზე შეიძლებოდა, რადგან ეს ის დროა, როცა ცხოველები საჭმლის საძებნად ტყის განაპირა მხარეს ჩამოსვლას ბედავენ. რამდენადაც ჩვენ ველზე დარჩენას და კარვებში ღამის გათენებას ვაპირებდით, მთა, რომელიც ამ ველს გადმოჰყურებდა, მათ შესამჩნევად მოსახერხებელი ადგილი იქნებოდა. მუფლონების შესახებ ისიც გავიგეთ, რომ შედარებით თბილ სეზონზე ისინი ხშირად სტუმრობენ მაღალმთიან ადგილებს, ხოლო ზამთარში, როცა მთები თოვლით იფარება, საჭმელად ვარგისი მცენარეების მოსაძებნად დაბლა ჩამოდიან, იმ ტერიტორიაზეც კი, სადაც ტყე არ არის დაცული.
მუფლონები შემოდგომაზე წყვილდებიან. მთელი ზამთარი ისინი ჯოგებად დადიან, რომელშიც დაახლოებით 10—20 მუფლონია. გამრავლების შემდეგ, კერძოდ აპრილსა და მაისში, უფრო მცირე ჯოგებად იყოფიან. მაგალითად ისე, როგორც პირველად ვნახეთ. ზრდასრული მამალი მუფლონები, ჩვეულებრივ, ცალკე ბალახობენ.
ბუნების წიაღში
მომდევნო დღეს, ადრიანად ისევ აღმართს დავადექით. მანქანა მდელოზე დავაყენეთ და, სანამ მზე ამოვიდოდა, ტყისკენ ფეხით გავეშურეთ. ტყეში სამარისებური სიჩუმე იდგა და ხეები ნისლში იყო გახვეული. შევჩერდით, რათა ამ სიჩუმით დავმტკბარიყავით. მოულოდნელად წარმოსადეგი მამალი მუფლონი დავინახეთ, რომელსაც „ზამთრის სამოსი“ გასცვენოდა. ყელის ქვედა ნაწილს მუქი ბეწვი ფარავდა. მან თავი ამაყად დახარა, თავისი დაჟინებული მზერა ჩვენკენ მომართა და ყნოსვით შეეცადა იმის გაგებას, რა ხდებოდა მის ირგვლივ. მისი მსხვილი და ხვეული რქები დაახლოებით 40 სანტიმეტრი სიგრძის იქნებოდა. ეს მამალი მუფლონი წინა დღეს ნანახ დედალ მუფლონზე დიდი იყო, მისი წონა დაახლოებით 35 კილოგრამი მაინც იქნებოდა.
ჩვენ სულგანაბულები ვიდექით. მიუხედავად ამისა, ამ ეჭვიანმა და ფრთხილმა ცხოველმა, როგორც ჩანს, ჩვენი იქ ყოფნა იგრძნო, თავი აქეთ-იქით გააქნია და გაიქცა. იმან, რაც ამ ორ დღეში ვნახეთ და გავიგეთ, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. უფრო მეტად დავაფასეთ შემოქმედი, რომელიც ამბობს: „ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში“ (ფსალმუნები 49:10).
[სურათები 24, 25 გვერდებზე]
ევროპული მუფლონი და კვიპროსული მუფლონი (უკანა ფონზე).
[საავტორო უფლებები დაცულია 25 გვერდზე]
Top right: Oxford Scientific/photolibrary/Niall Benvie; European Mouflon: Oxford Scientific/photolibrary