რატომ არის ასე იშვიათი ნამდვილი სიყვარული?
რატომ არის ასე იშვიათი ნამდვილი სიყვარული?
რომანტიკული ურთიერთობების შესახებ დღეს უამრავ რჩევას იძლევიან. ფსიქოლოგები და კონსულტანტები წყვილებს რჩევებს სთავაზობენ. ამ საკითხის გარშემო ხშირად მიდის მსჯელობა სატელევიზიო გადაცემებშიც.
ინტერნეტის ვებ–გვერდებზე უამრავი რჩევაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული. ვინმემ შეიძლება გირჩიოთ, „პროფესიონალ მაჭანკლებს“ ან ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებს მიმართოთ, რომლებიც „საინტერესო და საოცარ საიდუმლოებებს“ გაგანდობენ. მათ გარდა, უამრავ რჩევას მოისმენთ ფსიქოთერაპევტებისგან, ფსიქოლოგებისა თუ ასტროლოგებისგან.
გარდა ამისა, სიყვარულის თემაზე უამრავი წიგნი და ჟურნალი იყიდება, რომლებიც მკითხველს ფანტაზიებით კვებავს. მაგალითად, ერთი წიგნი გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია ნებისმიერს შევაყვაროთ თავი. სხვა წიგნში კი შემოთავაზებულია რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიპოვოთ საუკეთესო პარტნიორი ერთ თვეში. მათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს დიდი დროა, ერთი წიგნი უკეთეს ვარიანტს სთავაზობს — კერძოდ, როგორ შეუძლიათ 90 წუთში ან უფრო ნაკლებ დროში თავდავიწყებით შეაყვარონ ვინმეს თავი.
რჩევების უმეტესობა ფასიანია. თუმცა ბევრს ორმაგი საფასურის გადახდა უწევს. ისინი რჩევის მისაღებად ფულს იხდიან; და როდესაც ამ რჩევის გათვალისწინებას სასურველი შედეგი არ მოაქვს, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ეს მათ ემოციური ტკივილის ფასად უჯდებათ.
მაგრამ არსებობს სახელმძღვანელო, რომელშიც საუკეთესო რჩევებია მოცემული. მათი გამოყენების შემთხვევაში არასდროს დარჩებით იმედგაცრუებულნი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს წიგნი საკითხს სწორ შუქში განიხილავს და არ გვისახავს ფანტაზიებზე დაფუძნებულ არარეალურ იმედებს. თუმცა დიდი ხნის წინათ დაიწერა, ამ წიგნის რჩევები დღემდე პრაქტიკულია, რადგან მის ავტორს სიბრძნისა და სიყვარულის გამოვლენაში ბადალი არ ჰყავს. შესაძლოა
თქვენ უკვე გაქვთ ეს წიგნი — ბიბლია. რა წარმომავლობაც უნდა გვქონდეს და რა გარემოშიც უნდა ვიყოთ აღზრდილები, ბიბლია გვაწვდის ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას სიყვარულის შესახებ; თანაც მისი რჩევების მიღება ყოველგვარი საფასურის გარეშე შეიძლება.გავხდებით ყველასთვის მოსაწონები, თუ ბიბლიის რჩევებს გამოვიყენებთ? არა. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ყველას თვალში ვერ ვიქნებით მოსაწონნი და ყველას გულს ვერ მოვიგებთ. ადამიანს ძალით ვერ შევაყვარებთ თავს (ქებათა ქება 8:4). და მაინც, ბიბლიური რჩევების გამოყენებით შესაძლებელია სხვებთან თბილი ურთიერთობის განვითარება, თუმცა ეს დიდი დროისა და ძალისხმევის ფასად დაგვიჯდება. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში იქნება საუბარი, მაგრამ თავდაპირველად გავიგოთ, რატომ არის დღეს ნამდვილი სიყვარული ასე იშვიათი.
მრავალს „სიყვარული გაუნელდება“
„ამ სისტემის აღსასრულთან“ დაკავშირებით იესომ ზუსტად იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ჩვენს დღეებში. მან აღნიშნა, რომ იქნებოდა უკანონობა და ომები, რაც სრულიად ეწინააღმდეგება სიყვარულს. იესომ აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ ‘ბევრი გასცემდა და შეიძულებდა ერთმანეთს და მრავალს გაუნელდებოდა სიყვარული’ (მათე 24:3—12). განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ადამიანებს შორის ცივდება ურთიერთობები და ოჯახებშიც კი შეიმჩნევა ნამდვილი სიყვარულის ნაკლებობა?
იესოს გარდა პავლე მოციქულმაც დაწვრილებით აღწერა „ბოლო დღეებში“ მცხოვრები ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებები. მან დაწერა, რომ ადამიანები იქნებოდნენ „საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4). ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანების მხრიდან ასეთი თვისებების გამოვლენა.
დაფიქრდით, თუ იზიდავს ვინმეს ამაყი, უმადური, ორგული, ცილისმწამებელი და მოღალატე ადამიანები? ისურვებდით ეგოისტ, ფულის ან სიამოვნების მოყვარულ ადამიანებთან ახლო ურთიერთობას? ეგოისტი ადამიანები ურთიერთობებს სიხარბესა და პირად ინტერესებზე აგებენ და, თუ სხვების მიმართ ინტერესს ავლენენ, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ რაღაც გამორჩენა ნახონ. გონივრულია გავითვალისწინოთ ბიბლიაში მოცემული რჩევა: „ასეთებს ზურგი აქციე“ (2 ტიმოთე 3:5).
ასევე ბიბლიაში ყურადღება მახვილდება, რომ ბოლო დღეებში ადამიანები ‘თბილ გრძნობებს იქნებოდნენ მოკლებულები’ ანუ, როგორც ბიბლიის ერთ თარგმანშია ნათქვამი, „ოჯახებში სითბოს ნაკლებობა იქნებოდა“. სამწუხაროდ, იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც სწორედ ასეთ ოჯახებში იზრდებიან. ხშირად ბავშვები მასმედიის საშუალებით იგებენ, რა არის სიყვარული. მაგრამ სწორ წარმოდგენას გვიქმნის მასმედია სიყვარულზე, რომელიც კარგ ურთიერთობებს ჩაუყრიდა საფუძველს?
წარმოსახვითი თუ ნამდვილი?
მეტ–ნაკლებად უმრავლესობა ექცევა მასმედიის გავლენაში. ერთი მკვლევარი წერს: „ბავშვობიდან გარემოცულნი ვართ სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობის ამსახველი ზღაპრული სტერეოტიპებით, რომელთა დანგრევაც ძალიან რთულია. ასეთი სტერეოტიპები ხშირად გვევლინება ტელევიზიის, რადიოს, ფილმების, ესტრადის, წიგნების, ჟურნალების, სარეკლამო რგოლებისა თუ თვით საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით“. ის აგრეთვე ხსნის: „მასმედია სიყვარულისა და სექსუალური ურთიერთობების არარეალურ სურათს გვიქმნის და ეს იმდენად ღრმად იბეჭდება ჩვენს ცნობიერებაში, რომ მისგან სრულიად გათავისუფლება რთულია.
როდესაც რეალობას ვაწყდებით, უკმაყოფილონი ვართ როგორც პარტნიორით, ისე საკუთარი თავით“.უდავოა, რომ წიგნები, ფილმები და ესტრადა იშვიათად წარმოაჩენს ნამდვილი სიყვარულის არსს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი მიზანი ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ გაართონ ადამიანები და არა ასწავლონ მათ რაიმე სასარგებლო. სწორედ ამიტომ გამოსცემენ ფანტაზიებით გაჯერებულ ლიტერატურას დიდი ტირაჟით, რაც კარგი შემოსავლის წყარო ხდება. სამწუხაროდ, ადვილად შეიძლება დაიბნე და რეალობა ვერ განასხვავო ფანტაზიისგან. ამიტომ არის, რომ ხშირად ბევრი იმედგაცრუებული რჩება, როცა მათი ურთიერთობები ისე არ ვითარდება, როგორც რომანებშია აღწერილი. როგორ შეგვიძლია განვასხვავოთ ფანტაზია რეალობისგან, წიგნებში აღწერილი სასიყვარულო ისტორიები ნამდვილი სიყვარულისგან? მოდი ახლა ერთმანეთს დავუპირისპიროთ წარმოსახვითი და ნამდვილი სიყვარული.
რომანტიკულ ისტორიებში აღწერილი სიყვარული და რეალური სურათი
თუმცა წიგნებსა თუ ფილმებში სასიყვარულო ისტორიები მრავალნაირი სახითაა წარმოდგენილი, მათი მთავარი არსი, ანუ ის, რასაც სიყვარულის ფორმულას უწოდებენ, თითქმის უცვლელი რჩება. ერთ ჟურნალში ნათქვამია: „რომანებს, ძირითადად, ერთი მთავარი აზრი გასდევს: ვაჟი ეცნობა გოგონას; ისინი ერთმანეთს შორდებიან; ბოლოს კი ვაჟი იბრუნებს თავის გულის სწორს. ეს ფორმულა იმდენად შთამბეჭდავია, რომ რა დროში და გარემოშიც არ უნდა ვითარდებოდეს სიუჟეტი, ის ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს“ („Writer“). მოდი დაწვრილებით განვიხილოთ ეს პოპულარული ფორმულა.
ვაჟი ეცნობა გოგონას: წარმოსადეგი პრინცი ხვდება მშვენიერ გოგონას და მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ერთი ცნობილი მწერალი დამწყებ რომანის ავტორებს ურჩევს: „მეტი ეფექტის მოსახდენად კარგი იქნება, თუ რომანის გმირებს ერთი ნახვით შეაყვარებთ ერთმანეთს“.
ერთი ნახვით შეყვარება ისეთ აზრს ატარებს, რომ, თითქოს, ნამდვილი სიყვარული უბრალოდ გრძნობაა ან ემოცია; და ის იმდენად ძლიერია, რომ გულის სწორთან შეხვედრისას უცაბედად წარმოიქმნება და არ საჭიროებს არც ძალისხმევას და არც მასთან გაცნობას. მაგრამ ნამდვილი სიყვარული გრძნობაზე გაცილებით მეტს ნიშნავს. თუმცა გრძნობებიც მნიშვნელოვანია, სიყვარული პრინციპებსა და ფასეულობებს ემყარება. ეს გრძნობა არასდროს ნელდება, პირიქით ის უფრო ღრმავდება და მტკიცდება (კოლოსელები 3:14).
გარდა ამისა, საჭიროა დრო, რომ ადამიანებმა ერთმანეთი კარგად გაიცნონ. თუ ფიქრობთ, რომ ერთი ნახვით შესაძლებელია სრულყოფილი პარტნიორის პოვნა, როგორც ამას რომანები აღწერს, ეს იმედგაცრუებამდე მიგიყვანთ. უფრო მეტიც, თუ მაშინვე დაასკვნით, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვეთ, ამით შეიძლება საკუთარ თავს რეალური სურათის დანახვის საშუალება არ მისცეთ. შესაფერისი პარტნიორი რომ შეარჩიოთ, უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ მოზღვავებულ გრძნობებს აყოლა და საპირისპირო სქესის ადამიანით მოხიბვლა. ასე რომ, ნუ იჩქარებთ! არაერთი გამოკვლევით დადგინდა, რომ არასწორად გაკეთებული არჩევანი უარყოფითად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე, გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და თვით სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც.
ქალ–ვაჟი შორდება ერთმანეთს: ბოროტი იტაცებს მშვენიერ გოგონას და ციხე–კოშკისკენ მიაქროლებს. პრინცი მზადაა, მრავალი ხიფათი გამოიაროს თავისი სატრფოს დასაბრუნებლად. ამერიკის მწერალთა კავშირის წევრი აღნიშნავს: „რომანებში,
ძირითადად, ასეთი სიუჟეტი უნდა ვითარდებოდეს: ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდებათ და ისინი იბრძვიან ამ სიყვარულისთვის“. ძირითადად, რომანებში საბოლოოდ ყველაფერი კარგად მთავრდება, რაც მკითხველებისთვის უცხო არ არის. გარეშე ფაქტორით გამოწვეული დაბრკოლებები დაძლეულია.რეალურ ცხოვრებაში კი პრობლემებს, ჩვეულებრივ, არა მარტო გარე ფაქტორები განაპირობებს, არამედ წყვილებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებებიც. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფული, სამსახური, ნათესავები და მეგობრები. პრობლემები მაშინაც იჩენს თავს, როცა წყვილი ერთმანეთის მოლოდინს არ ამართლებს. რომანებში წარმოდგენილ გმირებს სერიოზული ნაკლი არ გააჩნიათ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ასე როდია. ნამდვილი სიყვარული ძალისხმევას მოითხოვს, რათა თავი გავართვათ აზრთა სხვაობითა და ისეთი ფაქტორებით გამოწვეულ უთანხმოებებს, როგრიცაა განსხვავებული წარმომავლობა, სურვილები და პიროვნული თვისებები. სიყვარული მოითხოვს თანამშრომლობას, თავმდაბლობას, სირბილეს, მოთმინებასა და სულგრძელობას — თვისებებს, რომელთა განვითარებაც ყოველთვის ადვილი არ არის (1 კორინთელები 13:4—7).
ვაჟი იბრუნებს სატრფოს: პრინცი ამარცხებს ბოროტს და ათავისუფლებს მშვენიერ გოგონას. ისინი ქორწინდებიან და სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად ცხოვრობენ. ერთი რედაქტორი დამწყებ მწერლებს ურჩევს: „რომანებს აუცილებლად კარგი დასასრული უნდა ჰქონდეს... უნდა დაკმაყოფილდეს მკითხველის სურვილი — ბედნიერი წყვილი ერთად უნდა დარჩეს“. აქედან გამომდინარე გასაგებია, იშვიათად რატომ მოიხსენიებენ რომანის ავტორები იმას, თუ რა ხდება ქორწინებიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ. დროთა განმავლობაში უთანხმოებები და მრავალი სხვა სირთულე იჩენს თავს, რამაც შეიძლება გამოსცადოს წყვილის ურთიერთობა. როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, ამ გამოცდას ბევრი წყვილი ვერ უძლებს, რაც მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება.
დიახ, სასიყვარულო ისტორიებში ყველაფერი მარტივად ხდება, რეალურ ცხოვრებაში კი ნამდვილი სიყვარული დიდი ძალისხმევის ფასად მიიღწევა. ფანტაზიასა და რეალობას შორის სხვაობის დანახვა დაგეხმარებათ იმაში, რომ არ იყოთ მიამიტები და არ გქონდეთ არარეალურის მოლოდინი. შედეგად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ და არ ინანებთ. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ნამდვილი, უანგარო სიყვარული და როგორ დავიმსახუროთ სხვების სიყვარული.
[ჩანართი 5 გვერდზე]
ვინც ნაკლებად ავლენს სიყვარულს, ის ნაკლებადაც უყვართ.
[ჩანართი 7 გვერდზე]
რეალობისგან განსხვავებით, სასიყვარულო ისტორიებში ყველაფერი მარტივად ხდება.
[ჩარჩო/სურათი 6 გვერდზე]
რომანებში წარმოდგენილი გმირები
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად რომანებში გადახდილი თანხა მილიარდ დოლარს აჭარბებს. გაყიდული რბილყდიანი წიგნების დაახლოებით ნახევარი რომანებია. ამერიკის მწერალთა კავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, მკითხველთა დაახლოებით 90 პროცენტს ქალები შეადგენენ. მათ ყველაზე მეტად სამი რამ იზიდავთ რომანის გმირებში: მამაკაცებში ფიზიკური სიძლიერე, წარმოსადეგი გარეგნობა და ინტელექტი, ქალებში კი — გონიერება, ძლიერი ხასიათი და სილამაზე.
[სურათები 6, 7 გვერდებზე]
მასმედია იშვიათად წარმოგვიდგენს ნამდვილ სიყვარულს.