არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

როგორც ვარაუდობენ, გასულ წელს 200 მილიონი ადამიანი, მსოფლიოს მოსახლეობის 5 პროცენტი, რომელთა ასაკიც 15-დან 64-წლამდე მერყეობს, ნარკოტიკების უკანონო მომხმარებელი იყო (2005 WORLD DRUG REPORT, UNITED NATIONS OFFICE ON DRUGS AND CRIME).

▪ გამოკვლევების თანახმად, იმ მოზარდების შემთხვევაში, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ძალადობის მოწმენი ხდებიან, ორჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავადაც მიმართონ ძალადობას (ჟურნალი „საიენსი“, აშშ).

▪ სან-პაულუს (ბრაზილია) ერთ საავადმყოფოში, ერთი წლის განმავლობაში, მათგან, ვისაც მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, 16,8 პროცენტი 35 წლამდე ასაკის მანდილოსანი იყო. დიაგნოზის დასაწყის სტადიაში დასმის შემთხვევაში კიბოთი დაავადებულთა 90 პროცენტს გამოჯანმრთელების შანსი აქვს (FOLHA ONLINE, ბრაზილია).

მოწყენილობასთან ბრძოლა

გაზეთი „ვანკუვერ სანი“ იუწყება, რომ სპეციალისტები მოწყენილობას „ჩვენი დროის ერთ-ერთ სერიოზულ დაავადებად“ მიიჩნევენ. ერთი გამოკვლევის თანახმად, „ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ყოველი ოთხი ადამიანიდან სამს ცხოვრებაში სიახლეების შეტანის დიდი სურვილი აქვს“. ზემოხსენებული გაზეთი მკითხველებს სთავაზობს მოწყენილობასთან ბრძოლის საშუალებებს: „გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება“, „ისწავლეთ რაიმე ახალი“, „დაკავდით საქმით, რომელსაც სხვებისთვის სარგებლობა მოაქვს“, „ივარჯიშეთ. . . ისეირნეთ“, „ეძებეთ მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობები“.

თანამედროვე მონობა

„მთელ მსოფლიოში, სულ მცირე, 12, 3 მილიონ ადამიანს იძულებით უწევს მუშაობა“, — იუწყება გაერთიანებული ერების შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო). როგორც ვარაუდობენ, მათგან 2, 4 მილიონზე მეტი ტრეფიკინგის მსხვერპლია. იძულებითი სამუშაოების რიცხვს ეკუთვნის პროსტიტუცია, სამხედრო სამსახური და ისეთი სამუშაოები, რომელთა შესრულებისთვისაც ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს იღებენ, ვინაიდან გამომუშავებული თანხა ვალების დაფარვას ხმარდება. შსო-ს გენერალური დირექტორის ხუან სოუმავიას განცხადებით, იძულებითი შრომით „ილახება ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები“.

პირველი სრული ბიბლია კრეოლურ ენაზე

„ავსტრალიაში დასრულდა ბიბლიის პირველი სრული თარგმანი ადგილობრივ მკვიდრთა ენაზე“, — იუწყება გაზეთი „სიდნეი მორნინგ ჰერალდი“. კრეოლურ ენაზე ახალი თარგმანის გამოცემა 2007 წელს იგეგმება. ის ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ავსტრალიის შორეულ ტერიტორიებზე მცხოვრები დაახლოებით 30 000 აბორიგენის განათლებას. „ამ პროექტზე მუშაობა 27 წელია, რაც მიმდინარეობს“, — ნათქვამია გაზეთში. გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების მონაცემებით, «2004 წელს გამოიცა „ახალი აღთქმის“ 22 ახალი თარგმანი». მთლიანი ბიბლიის ან მისი რომელიმე ნაწილის წაკითხვა დღეს 2 377 ენასა თუ დიალექტზეა შესაძლებელი.

ტემპერატურა ავტოსადგომებზე დატოვებულ მანქანებში

როგორც ერთი ჟურნალი (Pediatrics) იუწყება, 2004 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი ტემპერატურის გამო 35 ბავშვი დაიღუპა ავტოსადგომებზე დატოვებულ მანქანებში. გამოკვლევების თანახმად, როდესაც გარეთ ტემპერატურა 30°C-მდე იზრდება, მანქანაში სიცხემ შეიძლება 57—68°C-ს მიაღწიოს. მაშინაც კი, როცა გარეთ 22 გრადუსია, ავტოსადგომზე დაყენებულ მანქანაში 15—30 წუთში ტემპერატურა შეიძლება კიდევ 22 გრადუსით გაიზარდოს. თუ ფანჯარას 4 სანტიმეტრით დაუწევთ, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება. ეს იგივეა, რომ კონდიციონერი ჩართოთ და ძრავა გამორთოთ. ზემოხსენებულ ჟურნალში მოცემული სტატიის ავტორების თქმით, საჭიროა საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.