როგორ ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული?
როგორ ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული?
რა დაგეხმარებათ იმაში, რომ სხვების სიყვარული დაიმსახუროთ და იპოვოთ ნამდვილი სიყვარული, და არა მხოლოდ რომანტიკული? სიმდიდრე და გარეგნობა ხომ არა?
ხშირად როგორც მამაკაცები, ისე ქალები რეკლამისა და მასმედიის გავლენაში ექცევიან და სიყვარულის პოვნის საშუალებად სიმდიდრესა და გარეგნობას მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, როცა ადამიანი საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს; მაგრამ დროთა განმავლობაში სილამაზე ქრება და, ამდენად, ის არ არის მყარი და მუდმივი ურთიერთობის გარანტი. იმავეს თქმა შეიძლება სიმდიდრეზეც. ნამდვილი სიყვარული რომ ვიპოვოთ, სხვების მიმართ უანგარო სიყვარული უნდა გამოვავლინოთ. „გაეცით და მოგეცემათ“, — გვირჩევს იესო (ლუკა 6:38). მარტივად რომ ვთქვათ, თუ გინდათ, რომ სხვებს უყვარდეთ, თავად უნდა ავლენდეთ სიყვარულს.
რა დაგეხმარებათ ამაში? ღვთის წმინდა სულით აღძრული პავლე მოციქული პასუხს გვცემს ამ კითხვაზე. პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ნამდვილი სიყვარული ძლიერი, მოქმედი გრძნობაა; ასეთი სიყვარულით აღძრული ადამიანი ემოციებით კი არ მოქმედებს, არამედ მისთვის ძირითადი აღმძვრელი ძალა სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. პავლე წერს: „სიყვარული სულგრძელია და კეთილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უსამართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1 კორინთელები 13:4—7).
რას გრძნობთ, როდესაც ვინმე კეთილია თქვენ მიმართ ან არ ღიზიანდება თქვენ მიერ დაშვებულ უმნიშვნელო შეცდომებზე? არ გიზიდავთ ისეთი ადამიანი, რომელიც გულწრფელად არის თქვენით დაინტერესებული და ადვილად არ ბრაზდება? ან მაშინაც კი მზად არის, გაპატიოთ და არ შეიცვალოს თქვენდამი დამოკიდებულება, როცა ამის გაკეთება არც ისე ადვილია?
თქვენც ასე მოექეცით სხვებს! იესომ აღნიშნა: „ამიტომ, ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ყოველთვის ადვილი არ არის სიყვარულის გამოვლენა, მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად. თუნდაც იმიტომ რომ, თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ცხოვრების თანამგზავრს და მომავალ მეუღლეს უფრო მეტად ეყვარებით. აგრეთვე დიდ ბედნიერებას განგაცდევინებთ იმის კეთება, რაც სწორია და რითაც სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა გამოიხატება. დიახ, „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
უზენაესისგან ისწავლეთ სიყვარული
იეჰოვა ღმერთი, რომელიც თავად სიყვარულია, სრულყოფილ ცოდნას ფლობს ამ ამაღლებული გრძნობის შესახებ (1 იოანე 4:8). სწორედ სიყვარული უბიძგებს მას იმისკენ, რომ ამ თვისების გამოვლენა ასწავლოს მათ, ვისაც ამის ძლიერი სურვილი აქვს. მოდი განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური პრინციპი, რომლებიც დაგვეხმარება ნამდვილი სიყვარულის პოვნაში.
‘იყავით სწრაფი მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში’ (იაკობი 1:19). ერთმა გამოკვლევამ, რომელშიც 20 000-ზე მეტი წყვილი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მათ შორის ყველაზე ბედნიერებად თავს ისინი თვლიდნენ, რომელთა ცხოვრების მეგზურებიც კარგი მსმენელები იყვნენ. ურთიერთობის დროს აზრთა გაცვლა-გამოცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. სოციოლოგიის დარგში მომუშავე ერთმა პროფესორმა დაწერა: „თავს მარტო იგრძნობ, თუ ისეთ ადამიანთან გექნება ურთიერთობა, რომელმაც არ იცის, რას განიცდი; და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში იქნები, თუ მან იცის, რას განიცდი, მაგრამ არ სურს, გაგიგოს“. ეს პროფესორი დასძენს, რომ რადიკალურად განსხვავებულ წყვილებს შორისაც კი „ეს განსხვავება უმნიშვნელო ხდება, თუ მეუღლე თანაგრძნობით ეკიდება თავის მეორე ნახევარს და ცდილობს გაუგოს მას“.
„თქვენ ჩვენში კი არა ხართ ვიწროდ, არამედ თქვენს სათუთ გრძნობებში. . . გაფართოვდით“ (2 კორინთელები 6:12, 13). რაც უფრო მეტი ადამიანის მიმართ ვავლენთ სიყვარულს, მით უფრო მეტ სარგებლობას ვიღებთ. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ გამოცემულ ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „არაერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ის ადამიანები, რომლებიც ემოციურ მხარდაჭერას გრძნობენ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და გარშემომყოფებისგან, უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან და უფრო დიდხანს ცხოვრობენ“.
„ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრაელები 10:24, 25). ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს გარშემომყოფი საზოგადოება. როდესაც ისეთ ადამიანებთან გაქვთ ურთიერთობა, რომლებიც ნამდვილ ქრისტიანულ სიყვარულს ავლენენ, საკუთარი თვალით ხედავთ, თუ როგორ ვლინდება ეს თვისება და თავად სწავლობთ მის გამოვლენას. იეჰოვას მოწმეები ერთმანეთს შორის სწორედ ასეთი სიყვარულის გამოვლენას ცდილობენ, რადგან იციან, რომ იესოს ჭეშმარიტი მოწაფეები ამით ამოიცნობიან (იოანე 13:35). იეჰოვას მოწმეები სიხარულით გიწვევენ თავიანთ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასასწრებად.
თუ ფიქრობთ, რომ სხვებს არ უყვარხართ, გულს ნუ გაიტეხთ და მკაცრად ნუ განსჯით საკუთარ თავს. გახსოვდეთ, რომ იეჰოვას კარგად ესმის თქვენი. გაიხსენეთ პირველ სტატიაში მოხსენიებული ლეა. იეჰოვამ არ დატოვა ის უყურადღებოდ და ის ექვსი ვაჟისა და ერთი ქალიშვილის დედა გახდა — ეს დიდი საჩუქარი იყო, რადგან იმ დროს ბავშვების ყოლა დიდ კურთხევად ითვლებოდა. უფრო მეტიც, ლეას ყველა ვაჟი ისრაელის ტომთა წინაპარი გახდა (დაბადება 29:30—35; 30:16—21). რა მანუგეშებელი იქნებოდა ლეასთვის ღვთის მხრიდან ასეთი სიყვარულის გამოვლენა!
ღვთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში არავინ იქნება სიყვარულს მოკლებული. პირიქით, საზოგადოებაში ნამდვილი სიყვარული გამეფდება (ესაია 11:9; 1 იოანე 4:7—12). ამიტომ მოდი ახლავე დავამტკიცოთ, რომ ძლიერ გვსურს ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება და განვავითაროთ სიყვარული, რომლის გამოვლენასაც ბიბლია გვასწავლის და რომელსაც სრულყოფილად ავლენს მისი ავტორი, იეჰოვა. დიახ, ნამდვილი სიხარული რომ განვიცადოთ, მხოლოდ სხვებისგან კი არ უნდა ვიგრძნოთ სიყვარული, არამედ ჩვენც უანგაროდ უნდა გამოვავლინოთ სხვების მიმართ ეს გრძნობა (მათე 5:46—48; 1 პეტრე 1:22).
[ჩარჩო 8 გვერდზე]
„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
[სურათი 8 გვერდზე]
თუ გსურთ, სხვებს უყვარდეთ, თავად გამოავლინეთ სიყვარული.