როგორ მოვერიდო სექსთან დაკავშირებულ უხამს საუბრებსა და მოქმედებებს სკოლაში?
ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ მოვერიდო სექსთან დაკავშირებულ უხამს საუბრებსა და მოქმედებებს სკოლაში?
„მოსწავლეები ყოველდღე სექსზე ლაპარაკობენ. გოგოები თვითონ სთავაზობენ ბიჭებს და მათ პირდაპირ სკოლაში აქვთ სექსუალური კავშირი“ (აილინი, 16 წლის).
„ჩემს სკოლაში ჰომოსექსუალისტები სხვა მოსწავლეების თვალწინ სჩადიან უზნეობას და არაფრის არ ერიდებათ“ (მაიკლი, 15 წლის) *.
გამუდმებით სექსზე ხომ არ ლაპარაკობენ შენი კლასელები? იქნებ ზოგი ლაპარაკით არც კმაყოფილდება? თუ ასეა, შეიძლება დაეთანხმო ერთ გოგოს, რომელმაც სკოლაში ყოფნა „პორნოგრაფიული ფილმის გადასაღებ ადგილზე მუშაობას შეადარა“. ფაქტია, რომ სკოლაში ბევრ ახალგაზრდას რეგულარულად სთავაზობენ სექსზე საუბარს ან სექსუალური კავშირის დამყარებასაც კი.
შეიძლება მოგისმენია, როგორ ლაპარაკობენ შენი კლასელები სექსუალურ ურთიერთობებზე, რომელთაც არანაირი ემოციური კავშირი არ ახლავს თან. ზოგჯერ სექსუალურ კავშირს ისინი ამყარებენ გაცნობისთანავე, ზოგჯერ კი საერთოდ უცხოსთან, რომელსაც ინტერნეტში „შეხვდნენ“. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანი ერთია — ურთიერთობა სიყვარულის გარეშე. 19 წლის დანიელა ამბობს: „ამ დროს ორი ადამიანი, არც მეტი, არც ნაკლები, ემონება ფიზიკურ მოთხოვნილებებს“.
გასაკვირი არაა, რომ სექსუალურ თემებზე საუბარი პოპულარულია სკოლებში. ერთმა 17 წლის გოგონამ სკოლის გაზეთში დაწერა: «ყოველი შაბათ-კვირის შემდეგ დერეფნებში გაცხოველებით ყვებიან „ახალ ამბებს“ სქესობრივი კავშირის დამყარებაზე. ამხანაგები დაუფარავად ესაუბრებიან ერთმანეთს წვრილმანებზე».
თუ ბიბლიური ნორმებით ცხოვრებას ცდილობ, შეიძლება გარიყულად იგრძნო თავი მათ გარემოცვაში, ვინც გამუდმებით სექსზე საუბრობს. თუ არ შეუერთდები მათ, შეიძლება დაცინვის მსხვერპლი გახდე. გარკვეულწილად, ეს მოსალოდნელიცაა, რადგან ბიბლიის თანახმად, მათ, ვისაც არ ესმის შენი ცხოვრების წესი, შეიძლება ‘დაგგმონ’ (1 პეტრე 4:3, 4). და მაინც, არავის სიამოვნებს, როცა სხვები დასცინიან. როგორ შეგიძლია უარი თქვა სქესობრივ კავშირზე და მოერიდო ამაზე საუბარს? რის გაკეთება შეგიძლია, რომ საკუთარი პოზიციის გამო არ დაკარგო ღირსების გრძნობა? უპირველესად, უნდა იცოდე, რატომაა ეს ცდუნება ასეთი ძლიერი.
გაერკვიე, რა დგას შენი გრძნობების უკან
მოზარდობის პერიოდში განიცდი დიდ ცვლილებებს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. ამ დროს განსაკუთრებით ძლიერია სექსუალური სურვილები. დარწმუნებული იყავი, რომ ეს სავსებით ნორმალურია. ასე რომ, თუ სკოლაში ძლიერ ლტოლვას განიცდი საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ, ნუ დაასკვნი, რომ ეს შენი ზნეობრივი ნაკლის მაჩვენებელია ან არ შეგიძლია ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება. შენ შეძლებ სიწმინდის შენარჩუნებას, თუ მოინდომებ!
მოზარდობისთვის ჩვეული გრძნობების გარდა, არის კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდე. არასრულყოფილების გამო ყველა ადამიანი მიდრეკილია არასწორისკენ. პავლე მოციქულმაც კი გულახდილად თქვა: „ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“. პავლემ დაწერა, რომ არასრულყოფილების გამო „საწყალ ადამიანად“ თვლიდა თავს (რომაელები 7:23, 24). მაგრამ მან გაიმარჯვა ბრძოლაში და ეს შენც შეგიძლია!
გაუგე თანაკლასელებს
როგორც ზევით იყო აღნიშნული, შენი თანაკლასელები შეიძლება მთელ დროს სექსზე საუბარში ატარებენ ან იკვეხნიან „სექსუალური მიღწევებით“. ასეთ საზიანო გავლენას უნდა მოერიდო (1 კორინთელები 15:33). მეორე მხრივ, თანაკლასელები მტრებად არ უნდა მიიჩნიო. რატომ?
შენს კლასელებსაც ისეთივე გრძნობები აქვთ, როგორიც შენ. ისინიც მიდრეკილნი არიან არასწორი მოქმედებებისკენ. მაგრამ, შენგან განსხვავებით, ზოგი მათგანი შეიძლება „უფრო სიამოვნებათა მოყვარულია, ვიდრე ღვთისა“. ან შესაძლოა ისეთ ოჯახში აღიზარდნენ, სადაც ოჯახის წევრები „თბილ გრძნობებს მოკლებულები“ არიან (2 ტიმოთე 3:1—4). ზოგს შეიძლება მოსიყვარულე მშობლის ხელი აკლდა ან ზნეობრივ ღირებულებებს არავინ უნერგავდა (ეფესოელები 6:4).
შენ გაქვს სიბრძნის მიღების საშუალება ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, შენმა კლასელებმა კი შეიძლება არ იციან, რა ზიანი მოაქვს საკუთარი სურვილების აყოლას (რომაელები 1:26, 27). ეს შეიძლება იმას შევადაროთ, რომ მათთვის მშობლებს მიეცათ კარგი მანქანა და გაეშვათ გადატვირთულ გზატკეცილზე, ისე რომ ტარება არ ესწავლებინათ. მანქანის ტარება მათ წუთიერ სიამოვნებას მიანიჭებდა, მაგრამ უბედურება გარდაუვალი იქნებოდა. მაგრამ რის გაკეთება შეგიძლია, თუ თანაკლასელები სექსზე იწყებენ ლაპარაკს შენი თანდასწრებით ან ცდილობენ უზნეო საქციელში ჩაგაბან?
გაექეცი უხამს ლაპარაკს
თუ შენი თანაკლასელები უზნეობაზე იწყებენ ლაპარაკს, შეიძლება გინდოდეს მოსმენა ან საუბარში ჩაბმაც კი უბრალოდ იმიტომ, რომ მათ თვალში არ დამცირდე. მაგრამ დაფიქრდი, რა შთაბეჭდილებას დაუტოვებ მათ ამით. თუ მათი ლაპარაკით დაინტერესდები, იქნება ეს იმის მაჩვენებელი, თუ ვინ ხარ და როგორ ადამიანად გსურს ყოფნა?
როგორ უნდა მოიქცე, თუ ხედავ რომ ლაპარაკი უზნეო თემისკენ მიდის? უნდა ადგე და წახვიდე (ეფესოელები 5:3, 4). ბიბლიაში წერია: „გონიერმა დაინახა ბოროტი და გაერიდა“ (იგავები 22:3). საუბარს თუ შეწყვეტ და გაერიდები, ეს გონიერების მაჩვენებელი იქნება და არა უზრდელობის.
სულაც არ უნდა იგრძნო თავი უხერხულად იმის გამო, რომ არ ებმები უხამს საუბარში. უეჭველია, რომ არსებობს საკითხები, რაზეც ყოველგვარი უხერხულობის გარეშე აერიდებოდი საუბარს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ არ გაინტერესებს ან არ გინდა ამაზე ლაპარაკი. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ შენი კლასელები იწყებენ ლაპარაკს
შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზებაზე. დადგებოდი და მოისმენდი მათ გეგმებს? ასეთ შემთხვევაში შეიძლება თანამონაწილედ ჩაგთვალონ. ამიტომ გონივრულია, გაეცალო მათ. ასევე მოიქეცი, როდესაც ლაპარაკი სექსთან დაკავშირებული თემებისკენ მიდის. ხშირად ამის გაკეთება ისე შეიძლება, რომ არც მათზე მაღლა მდგომად მოაჩვენო თავი და დაცინვასაც გადაურჩე.ბუნებრივია, რომ ყოველთვის არაა შესაძლებელი გარიდება. მაგალითად, სექსზე საუბრის დაწყებას შეიძლება მერხთან შენ გვერდით მჯდომი ცდილობდეს. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლია თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ უთხრა, რომ ხელი არ შეგიშალოს. თუ ეს არ ჭრის, შეგიძლია ბრენდასავით მოიქცე. ის ამბობს: „მასწავლებელს ვთხოვე, რომ სხვა მერხთან გადავესვი“.
იყავი გამჭრიახი
ადრე თუ გვიან შენს თანაკლასელთაგან ზოგი დაინტერესდება, რატომ არ უერთდები მათ უხამს საუბრებში. თუ კითხვებს დაგისვამენ, პასუხის გაცემისას გამჭრიახობა გამოავლინე. გასათვალისწინებელია, რომ ზოგი გასამასხარავებლად გეკითხება და არა იმისთვის, რომ ნამდვილად აინტერესებს შენი თვალსაზრისი. მაგრამ თუ ხედავ, რომ თანაკლასელი გულწრფელად გისმევს კითხვებს, თავისუფლად ესაუბრე მას შენს რწმენაზე. კლასელებს იმის გაგებაში რომ დაეხმარონ, თუ რაოდენ სასარგებლოა ბიბლიური ნორმებით ცხოვრება, ბევრი იყენებს წიგნს „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ *.
იყავი გაბედული
როგორ უნდა მოიქცე, თუ რომელიმე თანაკლასელი იმდენად თავხედია, რომ ცდილობს, შეგეხოს ან გაკოცოს? თუ ერთხელ მისცემ საშუალებას, შეიძლება მან განაგრძოს ასე მოქმედება. ბიბლია მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელმაც უზნეო ქალს საშუალება მისცა, მისთვის კოცნა დაეწყო. ქალი მას გამომწვევად ელაპარაკებოდა. რით დამთავრდა ყველაფერი? ეს ახალგაზრდა მამაკაცი „მაშინვე გაჰყვა უკან, როგორც ხარი დასაკლავად რომ მიდის“ (იგავები 7:13—23).
ამის საპირისპიროდ, დაფიქრდი, როგორ მოიქცა მსგავს სიტუაციაში იოსები. მისი ბატონის ცოლი დაჟინებით ცდილობდა მის ცდუნებას, მაგრამ იოსები გაბედულად უარყოფდა მის გამოწვევას. როცა ერთხელაც ქალი ჩაეჭიდა მას, იოსებმა გაბედულად იმოქმედა და გაიქცა (დაბადება 39:7—12).
თუ რომელიმე თანაკლასელი ან სხვა ნაცნობი ცდილობს, შეუფერებელი მიზნით შეგეხოს, შეიძლება საჭირო იყოს, რომ იოსების მსგავსად მტკიცე ზომები მიიღო. ალენი ამბობს: „თუ ბიჭი ცდილობს, შემეხოს, ვეუბნები, რომ გაჩერდეს. თუ მაინც თავისას აგრძელებს, ვუყვირი, რომ ხელი გააჩეროს“. თავისი სკოლის ახალგაზრდების შესახებ აილენი დასძენს: „ისინი პატივს არ გცემენ, სანამ არ აიძულებ“.
შენც დაიმსახურებ თანაკლასელთა პატივისცემას, თუ არ შეუერთდები მათ უხამს საუბრებში, თავაზიანად აუხსნი შენს პოზიციას და, როცა საჭირო იქნება, გაბედულად უარყოფ მათ „შემოტევებს“. გარდა ამისა, კმაყოფილი იქნები საკუთარი თავით. და რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას მოწონებას დაიმსახურებ! (იგავები 27:11).
დაფიქრდი:
▪ რა შეგიძლია გააკეთო, უხამს საუბრებს თავი რომ აარიდო?
▪ რას იტყვი და გააკეთებ, თუ თანაკლასელი გადაგეკიდება?
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 22 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 27 გვერდზე]
თუ საუბარი უხამს თემაზე გადადის, უბრალოდ, გაერიდე.
[სურათი 28 გვერდზე]
გაბედულად აღუდექი წინ უზნეო „შემოტევებს“.