არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწრაფო დახმარება ლონდონი

სასწრაფო დახმარება ლონდონი

სასწრაფო დახმარება ლონდონი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბრიტანეთიდან

„ჩვენი მიზანია, რვა წუთის განმავლობაში მივიდეთ ყველა სერიოზულად დაავადებულ თუ დაშავებულ ადამიანთან 1 600 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე ლონდონის ნებისმიერ წერტილში, — ამბობს ლონდონის სასწრაფო დახმარების ორგანიზების მენეჯერი რობ აშფორდი. — მიუხედავად იმისა, რომ გამოძახებათა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, ამ მიზანს 75 პროცენტზე მეტით ვაღწევთ“.

მდინარე ტემზას სამხრეთ სანაპიროზე, ვატერლოოს რკინიგზის სადგურთან მდებარე ლონდონის სასწრაფო დახმარების ცენტრის მიმღებ განყოფილებაში მიმიწვიეს. მსგავს ცენტრებს შორის ის ევროპაში უდიდესია და ყოველდღიურად დაახლოებით 3 000 ზარზე აგზავნის მედპერსონალს დასახმარებლად. ცენტრში ზარები შედის შვიდმილიონიანი ქალაქიდან, სადაც 300-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ. როგორ უმკლავდება მიმღებში მომუშავე 300 თანამშრომელი ასე რთულ სამუშაოს?

შესული ზარების კატეგორიებად დაყოფა

ვუყურებდი, თუ როგორ პასუხობდა ოპერატორი 999-ში, ანუ სასწრაფო დახმარების ცენტრში, შესულ ზარებს. ოპერატორი სწრაფად ადგენდა, თუ სად მდებარეობდა პაციენტი და რომელი იყო ახლომდებარე ქუჩები. კომპიუტერის ეკრანზე მაშინვე გამოჩნდა გზის რუკა. იმის განსასაზღვრავად, თუ ვისთან მივიდნენ პირველად, ოპერატორი სვამს მთელ რიგ კითხვებს: რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება? რა ასაკის და სქესის არიან ისინი? აქვთ თუ არა ცნობიერება დაკარგული? სუნთქავენ თუ არა? აღენიშნებათ თუ არა გულმკერდის არეში ტკივილები? სისხლდენა ხომ არა აქვთ?

ინფორმაციის შეტანის შემდეგ კომპიუტერი ავტომატურად ყოფს პაციენტებს კატეგორიებად: წითელი — დაუყოვნებელი დახმარებაა საჭირო, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; ყვითელი — მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ დაუყოვნებელი დახმარების გარეშე პაციენტი არ დაიღუპება; ან მწვანე — არც სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და არც მდგომარეობაა სერიოზული. ოპერატორი ამ მონაცემებს გადასცემს კოლეგებს, რომლებიც პაციენტთა დასახმარებლად მიდიან.

დახმარების აღმოჩენა ადგილზე

ცენტრს ემსახურება 395 მიკროავტობუსის ტიპის და 60 მსუბუქი მანქანა, რომლებიც მაშინვე გადიან დახმარების აღმოსაჩენად. გამოძახებაზე მიდის ის მანქანა, რომელიც თავისუფალია და შემთხვევის ადგილთან ყველაზე ახლოს არის. გამოძახებაზე ექიმის თანაშემწეები გადიან მოტოციკლებითაც; ეს მოსახერხებელია, რადგან ტრანსპორტის ამ საშუალებით ადვილია ისეთ ქუჩებში გადაადგილება, სადაც გადატვირთული მოძრაობაა. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში ექიმის თანაშემწეთა დასახმარებლად მზად არის 12 ექიმიც.

ჩემი იქ ყოფნის დროს ცენტრში ადგილობრივმა პოლიციამ დარეკა და თქვა, რომ ერთ გადატვირთულ გზატკეცილზე სერიოზული ავარია მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე შემთხვევის ადგილზე იყო მისული, მაგრამ პოლიციამ ცენტრში მაინც დარეკა. რატომ? იმიტომ რომ მედპერსონალი მზად ყოფილიყო დახმარებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ვერტმფრენით მათი მისვლა იქნებოდა საჭირო. ეს სხვებისგან გამორჩეული, წითელი ვერტმფრენი წელიწადში დაახლოებით 1 000 გამოძახებაზე მიფრინავს. ვერტმფრენში სხდებიან ექიმი და მისი თანაშემწე, რომლებსაც სერიოზულად დაშავებულები, ჩვეულებრივ, ლონდონის სამეფო საავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც დაუყოვნებლივ უწევენ ავადმყოფს დახმარებას.

2004 წელს კიდევ ერთი სიახლე დაინერგა — ლონდონის ჰიტროუს აეროპორტს ემსახურება მედპერსონალი, რომლებიც ველოსიპედებით გადაადგილდებიან და მათი მომსახურების ზონაში შედის უესტ-ენდის ტერიტორიაც. აღნიშნულ პასუხისმგებლობას ასრულებენ სასწრაფო დახმარების ლაბორანტები და ექიმის თანაშემწეები; ამგვარად იქმნება იმის შესაძლებლობა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები სხვა გამოძახებებისთვის იყოს გამოთავისუფლებული. სასწრაფო დახმარების ველოსიპედი აღჭურვილია ცისფერი შუქით და სირენით; მას აგრეთვე აქვს ორი კონტეინერი, რომლებშიც 35 კილოგრამი ტვირთი ეტევა. მასში, ჩვეულებრივ, სხვა საჭირო საგნებთან ერთად არის დეფიბრილატორი, ჟანგბადის ბალიში და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

ველოსიპედებით დახმარების აღმოჩენის დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ ეს ნამდვილად საჭირო იყო. ჰიტროუს მე-4 ტერმინალში 35 წლის ქალი გახდა ცუდად და სუნთქვა შეწყვიტა. მედიცინის ორი მუშაკი წამებში გაჩნდა შემთხვევის ადგილზე; ქალს ჟანგბადი მისცეს და მაშინვე გაცოცხლების პროცედურას შეუდგნენ. შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით მაშინვე უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანეს. გამოჯანმრთელების შემდეგ ამ ქალბატონმა სიცოცხლის გადარჩენისთვის მედმუშაკებს პირადად გადაუხადა მადლობა.

უფრო მეტი ადამიანის სამსახურში

როდესაც ადამიანი, რომელიც 999-ში რეკავს დახმარებისთვის, ინგლისურად არ ლაპარაკობს, მას თარჯიმანთან აერთებენ. რთულია, იმის განსაზღვრა, თუ რომელ ენაზე ლაპარაკობს ადამიანი, რადგან ამ დროს აღელვების ან სტრესის გამო ჩქარა ლაპარაკობს.

სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირებით ხალხისთვის განათლების მისაცემად მომზადდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი DVD-ზე, რომელსაც ინგლისური ტიტრები აქვს დართული. მისი გამოშვების მიზანი იყო სამხრეთ აზიიდან ჩასული ლონდონელები წაეხალისებინა, „ესწავლათ, თუ როგორ გაეკეთებინათ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი“, — ნათქვამია „ლას ნიუსში“, რომელიც ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ არის გამოცემული. ფილმში აგრეთვე ნაჩვენებია, თუ რა ხდება, როდესაც 999-ში ზარი შედის.

ინგლისის დედაქალაქში მცხოვრები მრავალი ეროვნების ადამიანი მადლიერია, რომ მაშინვე იღებენ სასწრაფო დახმარებას, სჭირდება ეს ერთ ადამიანს თუ მრავალს, მიწის ქვემოთ თუ მიწის ზემოთ. ლონდონის სასწრაფო დახმარების თანამშრომლების შესახებ ერთმა ექიმმა აღნიშნა: „ისინი საუკეთესოდ ფლობენ თავიანთ პროფესიას“. ეს იმ მრავალი მედპერსონალის შესახებ ნათქვამი შესანიშნავი სიტყვებია, რომლებიც მსოფლიოში უდიდეს სასწრაფო დახმარების ცენტრში მსახურობენ — ცენტრში, რომელიც უფასოდ ემსახურება ადამიანებს.

[ჩარჩო 11 გვერდზე]

სირთულეები და არასასიამოვნო ფაქტები

სასწრაფო დახმარების სათანადოდ მომსახურება ბრკოლდება, როდესაც 999-ში რეკავენ ინფორმაციის მისაღებად ან მსუბუქი სირთულის დაავადების ან დაზიანების დროს, აგრეთვე, როდესაც შეცდომით ხვდებიან ამ ნომერზე ან რეკავენ, უბრალოდ, გასართობად. კიდევ უარესია ის, თუ პაციენტები ან სხვები, მათ შორის პაციენტის ოჯახის წევრები, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი აყენებენ დასახმარებლად მისულ მედპერსონალს. ამ ადამიანთა ამგვარად მოქმედება შეიძლება სტრესით ან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებით იყოს გამოწვეული. ამის მიზეზი, შესაძლოა ისიც იყოს, რომ, მათი აზრით, მედპერსონალმა მისვლა ძალიან დააგვიანა. ერთი ხელის მოსმით ამ პრობლემათა გადაჭრა შეუძლებელია, მაგრამ ხალხის გათვითცნობიერება ხელს უწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

[სურათი 10 გვერდზე]

ცენტრი ყოველდღიურად მედპერსონალს დაახლოებით 3 000 გამოძახებაზე გზავნის.

[საავტორო უფლებები დაცულია 10 გვერდზე]

All photos: Courtesy of London Ambulance Service NHS Trust