არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიყვარულის მოთხოვნილება

სიყვარულის მოთხოვნილება

სიყვარულის მოთხოვნილება

დიდი ხნის წინათ ერთ ქალაქში, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ცხოვრობდა გასათხოვარი გოგონა, სახელად ლეა. ის არ გამოირჩეოდა სილამაზით, მისი უმცროსი და რახელი კი შესახედაობით ძალიან ლამაზი იყო.

რახელი ერთ ახალგაზრდა მამაკაცს შეუყვარდა. მას იმდენად ძლიერი გრძნობა გაუჩნდა, რომ მზად იყო, შვიდი წელი ემსახურა რახელის მამისთვის, რათა სანაცვლოდ მისი ქალიშვილი შეერთო ცოლად. მაგრამ ქორწილის ღამეს სიმამრმა რახელის ნაცვლად სიძეს ლეა მიუყვანა. ჩვენთვის ცნობილი არ არის, რას ფიქრობდა ლეა მამამისის მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ, მაგრამ მას უეჭველად ეცოდინებოდა, რომ ასეთი ქმედება ვერ ჩაუყრიდა მტკიცე საფუძველს ბედნიერ ქორწინებას.

როდესაც სიმართლეს ფარდა აეხადა, ახალმა სიძემ დიდი უკმაყოფილება გამოთქვა. სიმამრმა აუხსნა მას, რომ მათი ტრადიციით, უმცროსი ქალიშვილის უფროსზე ადრე გათხოვება არ იყო მიღებული. ამგვარად, ლეა დააქორწინეს მამაკაცზე, რომლის პირველი სიყვარული რახელი, მისი და, იყო. რამხელა ტკივილს იგრძნობდა ლეა, როდესაც დაინახავდა, რომ მის მეუღლეს მთელი არსებით რახელი უყვარდა! ლეას არასდროს ჰქონდა გამოცდილი რომანტიკული ურთიერთობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ქორწილის დღესთან დაკავშირებულ სასიამოვნო მოგონებებზე. ალბათ, რა ძლიერ იქნებოდა ლეა მოწყურებული ისეთ სიყვარულს, როგორიც რახელს ჰქონდა. მას შესაძლოა არაერთხელ უგრძნია მეუღლის მხრიდან სიცივე და იგნორირება. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ლეა ვერაფერს გახდებოდა *.

ლეას გრძნობები დღეს ბევრისთვის ნაცნობია. ყველას გვაქვს სიყვარულის მოთხოვნილება. შესაძლოა ჩვენც გვაქვს ძლიერი სურვილი, რომ გვერდით მოსიყვარულე მეუღლე გვყავდეს; ან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდეთ მშობლების, შვილების, და-ძმებისა თუ მეგობრების მხრიდან. შეიძლება ლეას მსგავსად, ჩვენც ვამჩნევთ, რომ სხვების მიმართ სიყვარულს ავლენენ, მაშინ როცა ასეთი რამ ჩვენ არ განგვიცდია.

თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან გვსმენია სასიამოვნო რომანტიკული ისტორიები ქალ-ვაჟის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდებათ და სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად ცხოვრობენ. ამ ამაღლებულ გრძნობას უმღერიან მომღერლები, პოეტები კი ხოტბას ასხამენ მას. მაგრამ ერთმა მკვლევარმა ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერა: „ამ ქვეყანაზე არაფერზე ამყარებენ ისეთ დიდ იმედებს, როგორც სიყვარულზე, და ისე ხშირად არაფერს მოაქვს გულგატეხილობა, როგორც სიყვარულს“. მართლაც, ახლო ურთიერთობებს, ხანგრძლივი სიხარულის ნაცვლად, ხშირად დიდი გულისტკივილი და იმედგაცრუება მოაქვს. ზოგ ქვეყანაში დაქორწინებულთა დაახლოებით 40 პროცენტი ეყრება ერთმანეთს, ბევრი მათგანი კი, ვინც ჯერ არ არის განქორწინებული, თავს არ თვლის ბედნიერად.

ამასთანავე, ბევრ ქვეყანაში იზრდება ისეთი ოჯახების რიცხვი, სადაც მარტოხელა მშობლები არიან ან გამუდმებული უსიამოვნებებია. ასეთ ოჯახებში ბავშვები დიდ გულისტკივილს განიცდიან. პატარებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ თბილი, მოსიყვარულე ოჯახური გარემო, სადაც მათ ემოციურ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. ამიტომ იბადება კითხვები: რატომ ქრება სიყვარული? საიდან შეგვიძლია გავიგოთ უფრო მეტი ამ ფასდაუდებელი თვისების შესახებ? ეს კითხვები განხილული იქნება მომდევნო სტატიებში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ეს ისტორია ჩაწერილია ბიბლიაში, „დაბადების“ 29-ე და 30-ე თავებში.