არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთი დღე ჩერნობილში

ერთი დღე ჩერნობილში

ერთი დღე ჩერნობილში

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის უკრაინიდან

დაახლოებით 20 წლის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. 1986 წლის 26 აპრილს ოთხიდან ერთ-ერთ რეაქტორზე ავარია მოხდა. ადამიანის მიზეზით გამოწვეულ თუ სტიქიურ უბედურებათა შორის ყველაზე უარესის შემდეგაც კი შესაძლებელია მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება და ნაგებობების კვლავ აშენება. მაგრამ ამ ავარიის შედეგად გარემოზე ცუდი გავლენა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იგრძნობა.

ბოლო წლების განმავლობაში, ყოველ 9 მაისს, ამ ატომურ ელექტროსადგურთან ახლომდებარე ქალაქების ყოფილი მკვიდრნი თავიანთ მიტოვებულ სახლებს ინახულებენ. ზოგჯერ ისინი მშობლიურ ქალაქებში დაკრძალვებზე ჩადიან. იქ მიდიან მეცნიერებიც, რათა შეისწავლონ, თუ რა ცვლილებები გამოიწვია რადიაციამ. გარდა ამისა, უკრაინის ტურისტული კომპანიები ბოლო წლებში ორგანიზებას უწევენ ამ ტერიტორიაზე ერთდღიან ექსკურსიებს.

„ნიუ-იორკ ტაიმზის“ 2005 წლის ივნისის ერთ-ერთ ნომერში, პირველ გვერდზე მოცემულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მოკლე „ექსკურსია პრიპიატში ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის“ *. პრიპიატი არის პატარა ქალაქი, რომელიც ატომური ელექტროსადგურიდან 3 კილომეტრში მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 45 000 იყო; ქალაქი XX საუკუნის 70-იან წლებში დაარსდა. მაგრამ ის, როგორც სხვა მრავალი ქალაქი, ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ დაცარიელდა. რადიაციის მომატების გამო ასეთ ადგილებში ცხოვრება აიკრძალა. როდესაც ავარია მოხდა, ანა და ვიქტორ რუდნიკები შვილებთან ერთად პრიპიატში დაახლოებით ერთი წლის გადასულები იყვნენ *.

ბევრად პატარა ქალაქი ჩერნობილი (ამ სახელს ატარებს ატომური ელექტროსადგურიც) რეაქტორებიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინათ ამ ქალაქის ყოფილ მკვიდრთ ნება დართეს, ყოველწლიურად სწვეოდნენ მშობლიურ ქალაქს. ვინაიდან ჩერნობილი, ფაქტობრივად, რუდნიკების მშობლიური ქალაქია, ისინიც ჩადიან ხოლმე იქ. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, თუ როგორ ვეწვიეთ რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეუღლე მათთან ერთად ამ ადგილებს.

საზარელი სურათი

უკრაინის დედაქალაქ კიევიდან გეზი ჩრდილოეთისკენ ავიღეთ. გავიარეთ პატარა ქალაქები, სადაც სახლები გზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული; ეზოებში ტიტები ყვაოდა და ხალხი ბოსტანში ფუსფუსებდა. ქალაქებს შორის გადაჭიმული იყო სიმინდის, ხორბლისა და მზესუმზირის ყანები.

გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავკვეთეთ უხილავი საზღვარი. გზაზე არავითარი წარწერა არ იყო, მაგრამ საზღვარი იგრძნობოდა. გზის გასწვრივ მდებარე ქალაქებში უჩვეულო სიჩუმეს დაესადგურებინა. მიტოვებულ სახლებში ფანჯრის მინები ჩამსხვრეული იყო, კარებს კი ბოქლომები ედო. ეზოებში ყველგან სარეველა ბალახი იყო მოდებული.

აკრძალულ ზონაში შევედით; იგი რეაქტორიდან დაახლოებით 30-კილომეტრიან რადიუსს მოიცავს. „ამ ქალაქებში რადიაციის დონე მაღალია, — გვეუბნება ანა. — მრავალი ქალაქიდან და სოფლიდან 150 000-ზე მეტი ადამიანი ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონში გადავიდა საცხოვრებლად“.

განვაგრძეთ გზა და მივადექით სხვა ზონას, რომელსაც ძალიან მაღალი ეკლიანი მავთულის ღობე ჰქონდა შემოვლებული. მახლობლად ხისგან გაკეთებულ სადგურთან (იგი რაღაცით საბაჟოს ჰგავდა) გუშაგები კონტროლს უწევდნენ გზაზე ნებისმიერ მოძრაობას. გუშაგმა პასპორტები შეგვიმოწმა, ჩვენი მანქანა რეგისტრაციაში გაატარა და მხოლოდ შემდეგ გაგვიღო ჭიშკარი.

იქ გზის ორივე მხარეს მწვანედ შეფოთლილი ხეები იყო ჩამწკრივებული. ბუჩქები კი ხშირ ქვეტყეს ქმნიდა, რაც ნამდვილად არ შეესაბამებოდა აქაურობის შესახებ ჩემს წარმოსახვას; მე აქაურობა გადამწვარი ხეებითა და გამხმარი ბუჩქებით წარმომედგინა. მალე დავინახეთ თეთრი აგურის ნაგებობა, რომელზეც ცისფერი ასოებით ეწერა ქალაქის სახელი — ჩერნობილი.

ჩერნობილის შესასვლელთან იყო აფთიაქი. იქ ერთ დროს ვიქტორის დედა მუშაობდა. ჭუჭყიან, მტვრიან ფანჯარაზე ჯერაც ეკიდა აბრა, რომელზეც გახუნებული ასოებით სამუშაო საათები იყო აღნიშნული. ქალაქის ცენტრალურ პარკთან იდგა კულტურის სახლი. ანამ მოგვითხრო, თუ როგორ ისვენებდნენ იქ სამუშაოს შემდეგ ის და მისი თანაქალაქელები — უყურებდნენ სხვადასხვა მსახიობთა გამოსვლას. იქვე იყო კინოთეატრი „უკრაინა“, სადაც ბავშვები პაპანაქება სიცხის დროს დარბაზის სასიამოვნო სიგრილეში ფილმებს უყურებდნენ. მას შემდეგ უკვე დიდი ხანია, ჩაბნელებულ აუდიტორიაში აღარ გაისმის სიცილის ხმები და სიჩუმეა დასადგურებული. ანამ და ვიქტორმა თავიანთ სახლში მიგვიყვანეს, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობდა. ჭიშკართან შესასვლელი გაუსხლავ ხეებს ჩაეხერგა; სარეველა ბალახებით სავსე ეზოში ერთმწკრივად მივყევით ერთმანეთს კარისკენ, რომელიც უკვე კედელში გაკეთებულ ხვრელად ქცეულიყო.

სახლი შიგნიდან სრულიად გაპარტახებული იყო. ჟანგიან საწოლში, რომლისგანაც მხოლოდ კარკასიღა იყო დარჩენილი, ობმოკიდებული ლეიბი იდო. შპალერის ნაგლეჯები კედლებზე ჭუჭყიანი ყინულის ლოლუებივით ეკიდა. ანა შეჩერდა, რათა ნაგვით სავსე ოთახის ნაცვლად, თავისი ძველი ოთახი წარმოედგინა. „ყოველთვის მსურდა, დავბრუნებულიყავით და ყველაფერი ისე დაგვხვედროდა, როგორც დავტოვეთ, — დამწუხრებულმა თქვა მან. — ძალიან მტკივა გული, ჩვენს სახლს ასე გატიალებულს რომ ვხედავ; ვწუხვარ, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ქონება მოიპარეს!“

რუდნიკების სახლიდან გამოვედით და ქუჩას დავუყევით. ქუჩის ერთ კუთხესთან დავინახეთ ადამიანთა ჯგუფი; ისინი რაღაცაზე გაცხოველებით ლაპარაკობდნენ. დაახლოებით ნახევარი კილომეტრი გავიარეთ და მივადექით პარკს, რომელიც წყნარ, განიერ მდინარეს გადაჰყურებდა. წაბლის ხეების თეთრ ყვავილებს ნიავი არხევდა. 1986 წელს ამ კიბეებზე, რომლებიც დაბლა პირსამდე ეშვებოდა, ასობით ადამიანი ელოდებოდა გემს; ის მათ უბედურების ზონიდან გაიყვანდა.

გასულ წელს რუდნიკებმა პირველად მოინახულეს თავიანთი ყოფილი სახლი პრიპიატში. 19 წლის წინ, როდესაც ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, ისინი იძულებულნი იყვნენ, მშობლიური მხარე დაეტოვებინათ და სხვაგან ეცხოვრათ.

ჟამი დაფიქრებისა

2006 წლის აპრილში ავარიის მოხდენიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად, ჩერნობილში მრავალი დამკვირვებელი ჩავა. ბევრს ეს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ გულწრფელი სურვილის მიუხედავად, ადამიანებს არ შეუძლიათ, ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე დედამიწაზე წარმატებით იცხოვრონ (იერემია 10:23).

გასულ სექტემბერს გამოქვეყნდა მეცნიერული ანგარიში ჩერნობილის ტრაგედიის გადამოწმებული შედეგების შესახებ. გაეროს მონაცემების თანახმად, ავარიის შედეგად თავიდან 56 ადამიანი დაიღუპა და ვარაუდობდნენ, რომ რადიაციით გამოწვეული დაავადებებით საბოლოოდ მხოლოდ 4 000 ადამიანი დაიღუპებოდა. მანამდე კი ვარაუდობდნენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა 15—30 ათასს მიაღწევდა. 2005 წლის 8 სექტემბრის „ნიუ–იორკ ტაიმზში“ აღნიშნული იყო, რომ გაეროს ანგარიშზე „გავლენა იქონიეს გარემოს დაცვის გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც ცდილობდნენ, დაემალათ, თუ რა პოტენციურ საშიშროებას ქმნიდა ბირთვული აფეთქება“.

ვიქტორმა, რომელმაც შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, შესახებ ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ გაიგო, თქვა: «ჩვენ დათრგუნულნი აღარა ვართ, რადგან ვიცით, რომ ღვთის სამეფოს მმართველობისას მსგავსი საშინელებები არასოდეს მოხდება. მთელი გულით ველოდებით იმ დროს, როდესაც ჩერნობილის მახლობლად ჩვენი მშობლიური სახლის გარშემო ტერიტორია „ჭრილობებს მოიშუშებს“ და საუცხოო სამოთხის ნაწილი გახდება».

ბიბლია გვპირდება, რომ დედამიწაზე თავიდან არსებული სამოთხე აღდგენილი იქნება და მთელი პლანეტა სამოთხედ იქცევა, რაც მტკიცედ სწამს მილიონობით ადამიანს (დაბადება 2:8, 9; გამოცხადება 21:3, 4). მარტო უკრაინაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში 100 000-ზე მეტ ადამიანს გაუჩნდა ეს იმედი! თქვენც შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ნათელი მომავლის შესახებ იმედს, რომელიც ღვთის განზრახვის გაგების მსურველებს აქვთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ზოგიერთი წყაროს თანახმად, ამ ადგილებში მსგავსი მოკლე ვიზიტები უსაფრთხოა, მაგრამ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ არავის მოუწოდებს, რომ დაგეგმონ იქაურობის მონახულება.

^ აბზ. 5 იხილეთ 1997 წლის 22 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 12—15 (რუს.).

[ჩარჩო 16 გვერდზე]

ლიკვიდატორების პატივსაცემად აღმართული მონუმენტი

ეს დიდი მონუმენტი პატივს მიაგებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში იღებდნენ მონაწილეობას და, რომლებსაც ლიკვიდატორებს უწოდებდნენ. ამ ადამიანებმა ჩააქრეს ცეცხლი, დაბეჭდეს რეაქტორი და იქაურობა გაწმინდეს. მათი რიცხვი ასობით ათასს აღწევდა. ვარაუდობენ, რომ ავარიის შედეგად დაღუპული დაახლოებით 4 000 ადამიანიდან ზოგი უშუალოდ აფეთქების დროს მოკვდა, ხოლო დაღუპულთა უმეტესობა ლიკვიდატორი იყო.

[სურათები 15 გვერდზე]

ნაგებობა, რომელზეც მოცემულია ქალაქის სახელწოდება; ჩერნობილის კინოთეატრი

[სურათები 15 გვერდზე]

რუდნიკების სახლი ჩერნობილში.

[სურათები 16 გვერდზე]

ელექტროსადგური, სადაც ავარია მოხდა, რუდნიკების სახლიდან (პრიპიატი; ჩანართი) დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს.