არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თქვენ შეგიძლიათ ჰპოვოთ ნამდვილი ბედნიერება!

თქვენ შეგიძლიათ ჰპოვოთ ნამდვილი ბედნიერება!

თქვენ შეგიძლიათ ჰპოვოთ ნამდვილი ბედნიერება!

მსოფლიოში, როგორც ჩანს, ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერება ძვირადღირებული და ბოლო მოდელის მანქანის შეძენას, დიდ საბანკო ანგარიშს, კარიერას, დიდ სახლსა და უახლეს ელექტრომოწყობილობებს მოაქვს. გარდა ამისა, ზოგს ბედნიერება ვერ წარმოუდგენია მიმზიდველი ან ათლეტური აღნაგობის გარეშე. და მაინც, მატერიალურ ნივთებსა და ფიზიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული ბედნიერება?

როგორც ჟურნალ „ტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, „უამრავი სახის გამოკვლევა ტარდება ბედნიერებასთან, ოპტიმიზმთან, დადებით განწყობასა და ჯანსაღ აზროვნებასთან დაკავშირებით“. ბევრს აოცებს ასეთი გამოკვლევების შედეგები. ფაქტები კვლავაც ცხადყოფს, რომ ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფული, დიდება ან გარეგნული სილამაზე ბედნიერებას მოუტანს, თავს იტყუებენ. ფაქტობრივად, ასეთები ცხოვრებას ისეთ საძირკველზე აგებენ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დეპრესიამდეც კი მიიყვანოს.

შეერთებულ შტატებში ბევრი არასდროს ყოფილა ისეთი მდიდარი, როგორც დღეს. „მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ამას ბედნიერება არ მოუტანია“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმში“. ცხადია, იმავეს თქმა შეიძლება სხვა ქვეყნებში მცხოვრებლებზეც. ეკონომიკური აღმასვლის მიუხედავად, ჩინეთში შემაშფოთებლად მატულობს მათი რიცხვი, რომლებიც თავს უბედურად თვლიან. ჩინეთში „15–დან 34–წლამდე ასაკის ადამიანების სიკვდილის მიზეზი უმეტესწილად“ თვითმკვლელობა ხდება, აღნიშნულია ერთ კვარტალურ გამოცემაში (Access Asia). როგორც ჩანს, ასეთი ტენდენციის ხელშემწყობი ერთ–ერთი ფაქტორი მოზარდებზე ქვეყნიერების ზეწოლაა, ქვეყნიერებისა, რომელიც წარმატების გასაღებს კარიერის შექმნასა და მატერიალურ კეთილდღეობაში ხედავს.

აშკარაა, რომ მატერიალური კეთილდღეობა ვერ ამცირებს საწუხარსა და სტრესს; სინამდვილეში, პირიქით ხდება. „ჩვენი ემოციური და ფსიქიკური არასტაბილურობის ძირითადი მიზეზი დღევანდელი ცხოვრებაა“, — ნათქვამია ერთი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის ანგარიშში. ანალიტიკოს ვან ვიშარდის აზრით, რომელიც საზოგადოების განვითარების საკითხებს სწავლობს, „ბევრი კომპანია დღეს სულ უფრო მეტად ინტერესდება თანამშრომელთა ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობის დაზღვევით“.

სწრაფად ცვალებადი მსოფლიო ბავშვებზედაც კი ახდენს გავლენას. დღეს 8 წლის ბავშვებისთვის გამოიცემა წიგნები, რომლებიც „ასწავლის მათ, როგორ ამოიცნონ სტრესის სიმპტომები და როგორ დასძლიონ ის“, — აღნიშნავს ვიშარდი. ერთი საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, დასავლეთის ზოგ ქვეყანაში ყოველ წელს კატასტროფულად, 23 პროცენტით, იზრდება დეპრესიით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი, ასევე „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა რიცხვი, რომლებიც ანტიდეპრესანტებს იღებენ“.

დღევანდელი საზოგადოება შიშში ცხოვრობს და ეს მხოლოდ ეკონომიკური არასტაბილურობით არ არის გამოწვეული. მზარდი პოლიტიკური და რელიგიური ექსტრემიზმის გამო ბევრი საგონებელში ვარდება, რადგან მათ არ იციან, რას მოუტანთ ხვალინდელი დღე. არსებობს გამოსავალი?

დაახლოებით 2 000 წლის წინათ, იესო ქრისტემ მიუთითა სიცოცხლის გზაზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი მშფოთვარე ცხოვრებისგან. ამ გზაზე სიარული სტრესის შემცირებაშიც დაგვეხმარება. იესოს სწავლებაში მარტივი, თუმცა ღრმა ჭეშმარიტებაა ჩადებული. მან თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). დიახ, იესომ მოუწოდა თავის მსმენელებს, ყურადღება კაცობრიობის უდიდეს მოთხოვნილებაზე გადაეტანათ. ეს არის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ანუ ჭეშმარიტების ცოდნა ღვთისა და კაცობრიობისადმი მისი განზრახვების შესახებ.

როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ჭეშმარიტებას შეუძლია დაგვეხმაროს იმის გარჩევაში, თუ რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი და რა — არა. ეს კი ბედნიერებას მოგვიტანს და ჩვენი ცხოვრებაც აზრით აღსავსე გახდება. რადგან სულიერი ჭეშმარიტება ღვთის განზრახვებს გვიმხელს, ის მომავლის იმედსაც გვისახავს.

[ჩანართი 3 გვერდზე]

მატერიალურ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული ბედნიერება?