ნამდვილად ჯვარს აცვეს იესო?
ბიბლიის თვალსაზრისი
ნამდვილად ჯვარს აცვეს იესო?
ჯვარი ერთ-ერთი აღიარებული რელიგიური სიმბოლოა. მილიონობით ადამიანი მას მიიჩნევს წმინდა სათაყვანებელ საგნად, რომელზეც იესო აწამეს. კათოლიკე მწერალმა და არქეოლოგმა ადოლფ დიდრონმა თქვა: „ჯვრის თაყვანისცემა იესოს თაყვანისცემას გაუტოლდა. ამ წმინდა ხის საგანს თითქმის ისე ეთაყვანებიან, როგორც ღმერთს“.
ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ლოცვისას ჯვარი მათ ღმერთთან აახლოებს. სხვები მას ამულეტად იყენებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის ბოროტებისგან დაიცავს მათ. თაყვანს უნდა სცემდნენ ქრისტიანები ჯვარს? ნამდვილად ჯვარს აცვეს იესო? რას ვიგებთ ბიბლიიდან ამის თაობაზე?
რისი სიმბოლოა ჯვარი?
ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე ძველი ბაბილონელები ჯვარს ნაყოფიერების ღმერთის, თამუზის, სიმბოლოდ იყენებდნენ. ჯვრის თაყვანისმცემლობა ეგვიპტეში, ინდოეთსა და ჩინეთშიც იყო გავრცელებული. საუკუნეების შემდეგ ისრაელებმა იეჰოვასადმი თაყვანისცემა იმით შებღალეს, რომ თაყვანს სცემდნენ ცრუ ღვთაება თამუზს. ბიბლია თაყვანისცემის ასეთ ფორმას „სისაძაგლეს“ უწოდებს (ეზეკიელი 8:13, 14).
მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებში იმ საგნის აღსანიშნავად, რომელზეც იესო მოკლეს, გამოყენებულია ბერძნული სიტყვა „სტავროს“ (მათე 27:40; მარკოზი 15:30; ლუკა 23:26). სიტყვა „სტავროს“ ბოძის ან ძელის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. თავის წიგნში „ჯვარი — არაქრისტიანული სიმბოლო“, ჯონ პარსონსმა განმარტა: «ბერძნული ორიგინალის ენაზე შესრულებული ახალი აღთქმის ხელნაწერებში ერთ წინადადებასაც ვერ იპოვით იმის დასადასტურებლად, რომ „სტავროსი“, რომელზეც იესო აწამეს, სხვა მოყვანილობის იყო; რომ აღარაფერი ვთქვათ ურთიერთგადამკვეთ ორ ბოძზე, რომელსაც ჯვრის ფორმა ჰქონდა».
საქმეების 5:30-ში პეტრე მოციქულმა მოიხსენია სიტყვა „ქსილონ“, რაც „სტავროსის“ სინონიმია და ნიშნავს „ხეს“. ეს სიტყვა ურთიერთგადამკვეთ ჯვრის ფორმის ორ ბოძზე კი არ მიუთითებს, არამედ ჩვეულებრივ ვერტიკალურ ბოძზე ან ხეზე. ის აზრი, რომ იესო ჯვარზე აწამეს, ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა იესოს სიკვდილიდან დაახლოებით 300 წლის შემდეგ გაავრცელეს. მაგრამ ასეთი თვალსაზრისი სიტყვა „სტავროსის“ მნიშვნელობის დამახინჯებით იყო განპირობებული და ადამიანურ ტრადიციას ემყარებოდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ ძველ ნახატზე გამოსახულია, როგორ სჯიან რომაელები დამნაშავეებს ხის ვერტიკალურ ბოძზე.
„თავი დაიცავით კერპებისგან“
ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, მართებულია თუ არა თაყვანისმცემლობაში იმ საგნის გამოყენება, რომელზეც იესო მოკლეს. რაც უნდა ყოფილიყო მკვლელობის იარაღად გამოყენებული — ვერტიკალური ბოძი, ჯვარი, სარი, შუბი თუ სხვა ნებისმიერი რამ — განა ასეთი საგანი უნდა გამოიყენებოდეს თაყვანისმცემლობაში?
დავუშვათ, თქვენი საყვარელი ადამიანი მხეცურად მოკლეს და იარაღი, რომლითაც მკვლელობა იყო ჩადენილი, სასამართლოს წინაშე ნივთიერ მტკიცებულებად იქნა წარდგენილი. ნუთუ მოისურვებდით, ამ იარაღის მფლობელი გამხდარიყავით, სურათები გადაგეღოთ და მისი ეგზემპლარები გაგევრცელებინათ? გააკეთებდით ამ იარაღის სხვადასხვა ზომის ასლს და გააფორმებდით მას ძვირფასი ლითონებით ან ქვებით? გამოიყენებდით ასეთ იარაღს კომერციული მიზნებისთვის და მიჰყიდიდით მას, როგორც თაყვანისცემის საგანს, ნათესავებსა და მეგობრებს? ალბათ, თქვენ კატეგორიულ უარს იტყოდით ამაზე! სინამდვილეში, სწორედ ასე ხდება, როცა ადამიანები თაყვანის საცემად ჯვარს იყენებენ.
გარდა ამისა, თაყვანისმცემლობაში ჯვრის გამოყენება არაფრით განსხვავდება გამოსახულებების თაყვანისცემისგან, რასაც ბიბლია გმობს (გამოსვლა 20:2—5; მეორე რჯული 4:25, 26). იოანე მოციქულმა, ქრისტიანული სწავლებების თანახმად, თანამორწმუნეებს ურჩია: „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21). ქრისტიანები ამ რჩევას მაშინაც კი ითვალისწინებდნენ, როცა რომის არენაზე სიკვდილს თვალებში უყურებდნენ.
პირველი საუკუნის ქრისტიანები დიდად აფასებდნენ იესოს მიერ მსხვერპლად გაღებულ სიცოცხლეს. თუმცა ჭეშმარიტი ქრისტიანები თაყვანის საცემად არ იყენებენ საგანს, რომელზეც იესო იყო მოკლული, ისინი იხსენებენ ქრისტეს სიკვდილს, რადგან ამით ღმერთმა ცოდვილი კაცობრიობის ხსნაზე იზრუნა (მათე 20:28). ამ მსხვერპლით გამოვლენილი ღვთის აღმატებული სიყვარული ენით აუწერელ კურთხევებს — მათ შორის მარადიულ სიცოცხლეს — მოუტანს ჭეშმარიტების მოყვარულთ (იოანე 17:3; გამოცხადება 21:3, 4).
[სურათი 12 გვერდზე]
ზოგ ძველ ნახატზე გამოსახულია, როგორ სჯიან რომაელები დამნაშავეებს ხის ვერტიკალურ ბოძზე.
[საავტორო უფლებები დაცულია 12 გვერდზე]
Rare Books Division, The New York Public Library, Astor, Lenox and Tilden Foundations