არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილი ბედნიერების რეცეპტი

ნამდვილი ბედნიერების რეცეპტი

ნამდვილი ბედნიერების რეცეპტი

გემრიელი კერძის მოსამზადებლად კარგი რეცეპტი და კარგი მზარეულია საჭირო. იმავეს თქმა შეიძლება ბედნიერებაზეც. ბედნიერების მიღწევა მხოლოდ ერთ ფაქტორზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ბევრზე. ესენია: სამუშაო, გართობა, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა და სულიერი საქმეებით დაკავება. მაგრამ არსებობს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტორებიც, როგორიცაა ჩვენი შეხედულებები, სურვილები და მიზნები.

რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ბედნიერების რეცეპტის შედგენა ჩვენ არ გვიწევს. რატომ? ჩვენმა შემოქმედმა შესანიშნავი სახელმძღვანელო გვიბოძა. ეს არის ბიბლია, რომელიც დღეისათვის, მთლიანად თუ ნაწილობრივ, 2 377 ენასა და დიალექტზეა ნათარგმნი. ამ მხრივ, მას მსოფლიოში ბადალი არა ჰყავს!

ბიბლიის თარგმანის ამდენ ენასა და დიალექტზე არსებობა იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთი დაინტერესებულია ადამიანების ბედნიერებითა და სულიერი კეთილდღეობით (საქმეები 10:34, 35; 17:26, 27). „მე ვარ . . . დამმოძღვრავი სასიკეთოდ“, — ამბობს ღმერთი. თუ დავიცავთ მის მცნებებს, ის გვპირდება, რომ ჩვენი მშვიდობა „მდინარესავით“ იქნება (ესაია 48:17, 18, სსგ).

ღვთის ეს დანაპირები გვახსენებს წინა სტატიაში ციტირებულ იესოს სიტყვებს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). სულიერს მოწყურება ზერელე ღვთისმოსაობას არ ნიშნავს. პირიქით, ის მთელ ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ეს ნიშნავს იმის დიდ სურვილს, ვუსმინოთ ღმერთს და ვისწავლოთ მისგან, რადგან გვესმის, რომ მან გაცილებით მეტი იცის ჩვენ შესახებ, ვიდრე ჩვენ ვიცით საკუთარ თავზე. „ბიბლია რომ ღვთის სიტყვაა, ყველაზე მეტად იმით ვრწმუნდები, რომ ცხოვრებაში ბიბლიური სწავლებების გამოყენებას წარმატებები მოაქვს“, — ამბობს ერორი, რომელიც 50 წელზე მეტია, რაც ბიბლიას იკვლევს. მაგალითად, განვიხილოთ ბიბლიაში მოცემული პრაქტიკული რჩევები სიმდიდრისა და სიამოვნების ძიებასთან დაკავშირებით.

გონივრული რჩევა ფულთან დაკავშირებით

„ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“, — თქვა იესომ (ლუკა 12:15). დიახ, ადამიანის ღირსება, განსაკუთრებით ღვთის თვალში, იმით არ განისაზღვრება, თუ რა თანხა აქვს მას საბანკო ანგარიშზე. ფაქტობრივად, სიმდიდრისკენ სწრაფვას ხშირად თან ახლავს მღელვარება, რაც სიხარულს გვაკარგვინებს და გვართმევს დროს, რომელიც შეგვეძლო უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად გამოგვეყენებინა (მარკოზი 10:25; 1 ტიმოთე 6:10).

ამერიკელი ფსიქოლოგის, რიჩარდ რინის, აზრით, რაც მეტად ეძებს ხალხი კმაყოფილებას მატერიალურ ნივთებში, მით ნაკლებად პოულობს მას. ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, სოლომონმა, თქვა: „ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:9, სსგ). ეს სიტუაცია შეიძლება შევადაროთ ქავილს, რომელსაც კოღოს ნაკბენი იწვევს. რაც მეტს ვიქავებთ, მით მეტად გვექავება, სანამ ნაკბენი წყლულად არ გადაიქცევა.

ბიბლია მოგვიწოდებს, გავისარჯოთ და ჩვენი შრომის ნაყოფით დავტკბეთ (ეკლესიასტე 3:12, 13). ასე მოქცევით, უფრო ავიმაღლებთ პირადი ღირსების გრძნობას, რაც ბედნიერების კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა, სასარგებლო გართობასაც შეუძლია სიამოვნება მოგვანიჭოს. მართალია, ცხოვრებით რომ დავტკბეთ ფული საჭიროა, მაგრამ გამდიდრება ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზნად არ უნდა იქცეს.

გართობას თავისი ადგილი აქვს

სულიერის დაფასება დაგვეხმარება, უდიდესი სარგებლობა მივიღოთ გართობა-დასვენებისგან და ცხოვრების სხვა სასიამოვნო წუთებიდან. იესო სიამოვნებით დადიოდა წვეულებებზე (ლუკა 5:29; იოანე 2:1—10). მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ იყო მისი სიხარულის ძირითადი წყარო. უდიდეს სიხარულს მას სულიერი საქმეების კეთება ანიჭებდა, რაშიც ადამიანებისთვის ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ სწავლებაც შედიოდა (იოანე 4:34).

სოლომონ მეფემ გადაწყვიტა, გამოეცადა ბევრი რამ, რაც სიამოვნებას მიანიჭებდა. მას უნდოდა, ენახა, მოუტანდა თუ არა ეს ყოველივე ბედნიერებას. „მოდი, გამოვცდი მხიარულებას და მივეცემი სიამეს“, — თქვა მან. სოლომონი არ დაკმაყოფილებულა იმით, რომ მხოლოდ ზედაპირულად გამოეცადა ეს ყოველივე. ის სიამეს მიეცა, ანუ სიამოვნებაში ჩაეფლო. რა გრძნობა დაეუფლა მას ყოველივე ამის შემდეგ? „ესეც ამაოება ყოფილა“, — დაწერა მან (ეკლესიასტე 2:1, სსგ).

ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიამოვნებას ბედნიერების მოტანა შეუძლია, ჩვეულებრივ, გულგატეხილები რჩებიან, რადგან მათ სიცარიელისა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ეუფლებათ. დამკვირვებლებმა სიამოვნების მოყვარულები იმ ადამიანებს შეადარეს, რომლებიც სულიერი საქმეებით არიან დაკავებულნი და, რომლებსაც დამაკმაყოფილებელი სამუშაო და ძლიერი ოჯახები აქვთ. მათ აღმოაჩინეს, რომ სიამოვნების მოყვარულები ნაკლებად არიან ბედნიერები.

იყავით გულუხვნი და მადლიერნი

ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრონ, ბედნიერი ადამიანები სხვებით არიან დაინტერესებულნი და მათდამი გულუხვობას ავლენენ. „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). გულუხვობაში მხოლოდ მატერიალურის გაღება არ იგულისხმება. უფრო მეტად დასაფასებელი ის არის, როცა სხვებისთვის, განსაკუთრებით ოჯახის წევრებისთვის, ჩვენს დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ. ბედნიერებისა და ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად მეუღლეებმა დრო უნდა გამოუყონ ერთმანეთს. მშობლებმაც საკმაოდ დიდი დრო უნდა დაუთმონ შვილებს — ესაუბრონ, დაარიგონ და სიყვარული გამოავლინონ მათდამი. მათ, რომლებიც ასეთი სახით ავლენენ გულუხვობას ერთმანეთისადმი, უფრო მტკიცე და ბედნიერი ოჯახები აქვთ.

მეორე მხრივ,‘ხართ მადლიერნი’, როცა თქვენდამი ავლენენ გულუხვობას, იქნება ეს მატერიალური სახით თუ ძვირფასი დროისა და ენერგიის გაღებით? (კოლოსელები 3:15). მადლიერების გამოვლენა ძალიან დადებითად იმოქმედებს სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე და ჩვენც უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს. განა გული სიხარულით არ გევსებათ, როცა ვინმე თქვენდამი გულწრფელ მადლიერებას ავლენს?

მადლიერების გამოვლენა იმაშიც გვეხმარება, რომ ვიფიქროთ იმ კურთხევებზე, რომლებსაც ვიღებთ. რივერსაიდის (კალიფორნიის შტატი) უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით ხალხს სთხოვა, ეწარმოებინა „მადლიერების დღიური“, რომელშიც მოიხსენიებდნენ ყველაფერს, რისთვისაც მადლიერნი იყვნენ. დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ, ისინი ცხოვრებით უფრო კმაყოფილნი იყვნენ.

რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ აქედან? როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყოთ, იფიქრეთ იმ კურთხევებზე, რომლებსაც ყოველდღიურად იღებთ. ბიბლიაც მოგვიწოდებს ამისკენ: „ყოველთვის ხარობდეთ . . . ყველაფრისთვის მადლობლები იყავით“ (1 თესალონიკელები 5:16, 18). რასაკვირველია, ასე რომ მოვიქცეთ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გავიხსენოთ ის კარგი, რაც ჩვენთვის გაუკეთებიათ. რატომ არ დაისახავდით ამას მიზნად?

სიყვარული და იმედი — ბედნიერების გასაღები

ჭეშმარიტებაა, რომ დაბადებიდან სიკვდილამდე ადამიანი სიყვარულს საჭიროებს. სიყვარულის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს. და მაინც, რა არის სიყვარული? ეს სიტყვა დღეს სხვადასხვანაირად განიმარტება. სიყვარულის აღსაწერად ბიბლია ხატოვან გამოთქმებს იყენებს: „სიყვარული სულგრძელია და კეთილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უსამართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1 კორინთელები 13:4—8).

ჭეშმარიტი სიყვარული მართლაც რომ უანგაროა! რადგან „თავისას არ ეძებს“, სიყვარული სხვების ბედნიერებას საკუთარზე წინ აყენებს. სამწუხაროდ, ასეთი სიყვარულის ნაკლებობა დღეს უფრო მეტად შეიმჩნევა. ამ სისტემის აღსასრულის შესახებ წარმოთქმული უდიდესი წინასწარმეტყველებისას იესომ თქვა, რომ ‘მრავალს სიყვარული გაუნელდებოდა’ (მათე 24:3, 12; 2 ტიმოთე 3:1—5).

მაგრამ ასეთი მდგომარეობა მარადიულად არ გაგრძელდება, რადგან ეს შეურაცხყოფს შემოქმედს, რომელიც სიყვარულის განსახიერებაა! (1 იოანე 4:8). ახლო მომავალში ღმერთი მოსპობს სიძულვილით სავსე, ხარბ ადამიანებს. ის მხოლოდ მათ გადაარჩენს, რომლებიც ისწრაფვიან, ზემოთ აღწერილი სიყვარული განივითარონ. შედეგად, მთელ დედამიწაზე მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს. ბიბლიის დანაპირები უსათუოდ შესრულდება: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:10, 11).

წარმოიდგინეთ, ყოველი დღე უამრავ სიხარულს მოგვიტანს! განა გასაკვირია, რომ ბიბლია გვეუბნება: „იხარეთ იმედში“? (რომაელები 12:12) გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ იმ საუცხოო იმედის შესახებ, რასაც ღმერთი მორჩილ კაცობრიობას ჰპირდება? ამისათვის, გთხოვთ, წაიკითხოთ მომდევნო სტატია.

[ჩანართი 7 გვერდზე]

„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

[ჩარჩო 5 გვერდზე]

წარმატებულ ადამიანთა ისტორიები— შეესაბამება სინამდვილეს?

ზოგჯერ ვისმენთ ისტორიებს იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ წარმოუდგენელი სირთულეები გადალახეს და დიდძალი სიმდიდრე მოიპოვეს. „მსგავსი ისტორიები ხშირად იმის დასადასტურებლად მოჰყავთ, რომ ადამიანს ბედნიერი ბავშვობაც რომ არ ჰქონდეს, მაინც შეუძლია ნებისმიერი სირთულე გადალახოს და ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს. თუმცა, როგორც ფაქტები ცხადყოფს, საეჭვოა, რომ ამ ადამიანებმა იპოვეს ბედნიერება. ისინი უბრალოდ გამდიდრდნენ“, — ნათქვამია ამერიკაში გამომავალი პუბლიკაციის „სან-ფრანცისკო ქრონიკლ“-ის ერთ-ერთ სტატიაში, რომელშიც ბედნიერებაზე იყო საუბარი.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

ბედნიერება კარგი ჯანმრთელობის საწინდარია

კარგი განწყობა საუკეთესო წამალია. „ბედნიერება, იმედი, ოპტიმიზმი და კმაყოფილების გრძნობა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დააავადების, დიაბეტის, ჰიპერტონიის, გაცივებისა და სასუნთქი გზების ინფექციების, შემთხვევებს“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმში“. გარდა ამისა, ჰოლანდიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ცხრა წლის განმავლობაში სიკვდილიანობამ 50%-ით იკლო იმ ასაკოვან ადამიანებში, რომლებიც დადებით განწყობას ინარჩუნებდნენ.

ბოლომდე ნათელი არ არის, როგორ მოქმედებს დადებითი განწყობა ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა, გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ხალისიან და ოპტიმისტურ ადამიანებს სტრესის ჰორმონის — კორტიზოლის — ნაკლებობა აღენიშნებათ. ეს ჰორმონი, როგორც ცნობილია, აქვეითებს იმუნურ სისტემას.

[სურათი 5 გვერდზე]

როგორც კარგი რეცეპტით შეიძლება გემრიელი კერძის მომზადება, ასევე ღვთიური ხელმძღვანელობის მიყოლითაა ბედნიერების მიღწევა შესაძლებელი.