რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ შეერთებულ შტატებში „ყოველ წელს ოთხიდან დაახლოებით ერთ ადამიანს, სულ მცირე, ამა თუ იმ სახის ერთი ფსიქიკური მოშლილობა აღენიშნება, ცხოვრების რომელიმე პერიოდში კი დაახლოებით ორიდან ერთ ადამიანს ექმნება იგივე პრობლემა“ („საიენს ნიუსი“, აშშ).
▪ 2004 წლის სექტემბერში ქარიშხალ „ივანის“ შედეგად მექსიკის ყურეში წარმოქმნილი, სულ მცირე, 24 ტალღის სიმაღლე 15 მეტრს აღემატებოდა. უდიდესი ტალღის სიმაღლე 27, 7 მეტრი იყო (ჟურნალი „საიენსი“, აშშ).
▪ მანქანის მართვისას მობილური ტელეფონებით სარგებლობა (თუნდაც მძღოლი მიკროფონის საშუალებით ლაპარაკობდეს) ოთხჯერ ზრდის ისეთი ავარიების ალბათობას, რომელთა შედეგადაც ადამიანს დასახმარებლად საავადმყოფოსთვის მიმართვა მოუწევს (ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი).
▪ ბიბლიის მთარგმნელთა დასახმარებლად გამოცემული ერთი ახალი კატალოგის სიაში შეტანილია 6 912 ცოცხალი ენა („ნიუ-იორკ ტაიმზი“, აშშ).
▪ თუმცა ორსულ ქალებსა და დედებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვებს, აფრთხილებენ, რომ ამ დროს სიგარეტის მოწევა საზიანოა მათი შვილებისთვის, პოლონელი ქალების 30 პროცენტი მაინც ეწევა (ჟურნალი „ზდროვიე“, პოლონეთი).
სიმდიდრისადმი დამოკიდებულება
ავსტრალიის ინსტიტუტმა გამოიკვლია სიმდიდრისადმი ხალხის დამოკიდებულება და აღმოჩნდა, რომ 20-დან მხოლოდ 1 ავსტრალიელი მილიონერი მიიჩნევს საკუთარ თავს წარმატებულად, აღნიშნავს „ეი-ბი-სი ნიუს ონლაინი“. ამ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, კლივ ჰამილტონის, სიტყვების თანახმად, „რაც უფრო მდიდარი ხდება ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აკმაყოფილებს თავისი შემოსავალი“. მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანთა მხოლოდ 13 პროცენტია სრულიად კმაყოფილი. ჰამილტონი ამბობს: „ადამიანს გებადება კითხვა, რატომ ცდილობს ხალხი სხვა ყველაფერზე მეტად ფინანსური წარმატების მიღწევას, მაშინ როდესაც ფაქტები ცხადყოფს, რომ სხვა ფაქტორები უფრო უწყობს ხელს ადამიანის კარგად ყოფნას“.
ორბიტაზე მოძრავი „ნაგავი“
„წარმოიდგინეთ, რა აღმაშფოთებელი იქნებოდა, თუ მძღოლები საწვავის გამოლევის შემდეგ მანქანებს ქალაქის ქუჩებში დატოვებდნენ“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. მაგრამ მსგავსი რამ ხდება მწყობრიდან გამოსული ხელოვნური თანამგზავრების შემთხვევაში, რაც იმის საშიშროებას ზრდის, რომ ახალი კოსმოსური ხომალდი შეიძლება შეეჯახოს ორბიტაზე მოძრავ ამ „ნაგავს“. გამოთვლილია, რომ გეოსტაციონარულ ორბიტაზე მოძრაობს 60 სანტიმეტრზე მეტი სიგანის მქონე დაახლოებით 1 120 ობიექტი. სხვადასხვა სიმაღლეზე ორბიტაზე დატოვებულ ობიექტთაგან ყველაზე საშიში მწყობრიდან გამოსული 32 ბირთვული რეაქტორია.
იარაღი და ომი
ცივი ომის დამთავრების შემდეგ იარაღით ვაჭრობა შემცირდა. მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იარაღით ვაჭრობამ კვლავ იმატა. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, 2004 წელს მსოფლიო მასშტაბით სამხედრო ხარჯებმა ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს თანხა მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ყველა მამაკაცზე, ქალსა და ბავშვზე რომ გადანაწილებულიყო, თითოეულს 162 დოლარი შეხვდებოდა. აღნიშნული ინსტიტუტის მონაცემებით, 2004 წლის განმავლობაში 19 კონფლიქტი მიმდინარეობდა და თითოეულ მათგანში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ კონფლიქტებიდან 16 უკვე ათ წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს.
მანქანები, რომლებშიც ორგვარი საწვავის გამოყენება შეიძლება
დღეს ბრაზილიაში გაყიდულ მანქანათა ერთ მესამედში ორგვარი საწვავის გამოყენებაა შესაძლებელი, — ნათქვამია ჟურნალ „ვეჟაში“. ეს მანქანები მუშაობენ ბენზინზე და შაქრის ლერწმისგან მიღებულ სპირტზე, ან ამ ორი სითხის ერთმანეთთან ნებისმიერი პროპორციით შეზავების შედეგად მიღებულ საწვავზე. 2003-დან 2004 წლამდე სპირტის საწვავით ვაჭრობა 34 პროცენტით გაიზარდა. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული გარემოს დაცვასთან. მძღოლთა უმრავლესობას, უბრალოდ, სპირტის საწვავი შედარებით იაფი უჯდება. მანქანები, რომლებშიც ორგვარი საწვავის გამოყენებაა შესაძლებელი, იცავს „მომხმარებელს საწვავის კრიზისისგან და ფასების ცვალებადობისგან, — ამბობს ბრაზილიის ინფრასტრუქტურის ცენტრის დირექტორი რაფაელ შიდტმენი. — თუ სპირტის ფასი მოიმატებს, ადამიანს მის ნაცვლად შეუძლია ბენზინი იყიდოს და პირიქით“.