აუხსენით თქვენს გოგონას, რა არის მენარქე
აუხსენით თქვენს გოგონას, რა არის მენარქე
სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდის სხეულში მრავალი ცვლილება ხდება. გოგონების ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებიდან ერთ-ერთი არის მენარქე, რომელიც შეიძლება განიმარტოს როგორც „პირველი მენსტრუაციის მოსვლა“.
მენარქის მოსვლის პერიოდი გოგონასთვის შეიძლება სტრესული იყოს; ამ დროს ხშირად მას ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ეუფლება. სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული სხვა მრავალი ცვლილების მსგავსად, ამან შეიძლება მოზარდი შეაცბუნოს. მრავალ გოგონას ეშინია და ნერვიულობს, როდესაც მენსტრუაცია ეწყება და, უმეტესწილად, ამის მიზეზი მის შესახებ არასწორი ინფორმაციაა, უფრო ხშირად კი — ინფორმაციის ნაკლებობა.
გოგონებს, რომლებმაც იციან, თუ რა არის მენარქე, ხშირად ნაკლები სტრესი აქვთ პირველი მენსტრუაციის დროს. მაგრამ გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მრავალ გოგონას არა აქვს სათანადო ცოდნა. ერთი გამოკითხვის თანახმად, რომელიც 23 ქვეყანაში ჩატარდა, გამოკითხულთა დაახლოებით მესამედმა აღნიშნა, რომ მათთან მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე არავის უსაუბრია მენარქეზე. თუ გოგონა გათვითცნობიერებული არ არის ამ საკითხში, არ იცის, როგორ მოიქცეს მენსტრუაციის დაწყებისას.
ყველაზე არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ გოგონები, რომლებსაც არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ მენსტრუაციასა თუ მენარქეზე. ერთი გამოკითხვის დროს, ქალებმა თავიანთი პირველი მენსტრუაციის აღწერისას გამოიყენეს ისეთი სიტყვები როგორიცაა: „პანიკა“,
„მტკივნეული“, „უხერხულობის გამომწვევი“ და „შიშისმომგვრელი“.სისხლის დანახვისას, ჩვეულებრივ, ადამიანს შიშის გრძნობა ეუფლება, რადგან სისხლდენა, ჩვეულებრივ, ტკივილთან და ტრავმასთან ასოცირდება. ამგვარად, რთული არ არის იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება სათანადო ახსნის გარეშე ქვეყანაში გავრცელებულმა სტერეოტიპებმა, ლეგენდებმა ან, უბრალოდ, ამ საკითხზე ლაპარაკის უგულებელყოფამ ადამიანს არასწორი წარმოდგენა შეუქმნას და მან მენსტრუაცია დაავადებად, ტრავმად ან რაღაც სამარცხვინოდ მიიჩნიოს.
საჭიროა გოგონას უთხრათ, რომ მენსტრუაციის დროს სისხლდენა ნორმალურია და ეს ნებისმიერ ჯანმრთელ გოგონას აღენიშნება. თქვენ, როგორც მშობელს, შეგიძლიათ შვილს ნებისმიერი მღელვარება და შიშის გრძნობა გაუქარწყლოთ. როგორ?
მშობლის როლი მნიშვნელოვანია
არსებობს მენსტრუაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მრავალი წყარო; მაგალითად, სკოლის მასწავლებლები, ჯანდაცვის მუშაკები, ლიტერატურა და საგანმანათლებლო ფილმებიც კი. მრავალმა მშობელმა შენიშნა, რომ ამ წყაროებიდან გოგონები მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ მენსტრუაციის ფიზიოლოგიისა და ამ პროცესის დროს საჭირო ჰიგიენის შესახებ. და მაინც, გოგონებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვები და მოთხოვნილებები, რომელთაც ზემოხსენებული წყაროები ვერ დაუკმაყოფილებენ. მაშინაც კი, როდესაც გოგონამ იცის, თუ როგორ მოიქცეს მენსტრუაციის დროს, ხშირად მან არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ პროცესთან დაკავშირებულ ემოციებსა და გრძნობებს.
დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და ამ დროს საჭირო ემოციური მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლიათ ბებიებს, უფროს დებს და, განსაკუთრებით, დედებს. უმეტესწილად, მენსტრუაციასთან დაკავშირებულ საკითხებში გოგონები დედებს მიმართავენ.
რის თქმა შეიძლება მამებზე? გოგონებიდან ბევრს ერიდება მამასთან ამ საკითხზე საუბარი. ზოგს ურჩევნია, მამამ ყურადღება იმით გამოავლინოს, რომ გაუგოს ამ დროს, ხოლო სხვები ამჯობინებენ, რომ მამებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მრავალ ქვეყანაში იმატა მარტოხელა მამების რიცხვმა *. ამიტომ უფრო და უფრო მეტ მამას უწევს იმ სირთულესთან გამკლავება, რომ თავის გოგონას აუხსნას მენსტრუაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მამებმა უნდა იცოდნენ როგორც მენსტრუაციასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების, ისე გოგონას სხეულში მიმდინარე ემოციური და ფიზიკური ცვლილებების შესახებ. ამ საკითხში პრაქტიკული რჩევებისა და დახმარებისთვის მამებმა შეიძლება თავიანთ დედებს ან დებს მიმართონ.
როდის არის მართებული ამ საკითხზე საუბრის დაწყება
განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეასა და დასავლეთ ევროპის ზოგ ნაწილში, გოგონებს პირველი მენსტრუაცია, საშუალოდ, 12-13 წლის ასაკში ეწყებათ, თუმცა ის შეიძლება 8 წლის ასაკშიც დაეწყოთ და 16-17 წლის ასაკშიც. აფრიკისა და აზიის ზოგ ნაწილში მენარქის დაწყების საშუალო ასაკი შედარებით მაღალია. მაგალითად, ნიგერიაში გოგონებს მენსტრუაცია, საშუალოდ, 15 წლის ასაკში ეწყებათ. ამას განაპირობებს მთელი რიგი ფაქტორები; მაგალითად, გენეტიკური, ეკონომიკური, კვება, ფიზიკური აქტივობა და ის, თუ ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე ცხოვრობს ადამიანი.
უმჯობესია გოგონას მენარქეზე პირველი მენსტრუაციის დაწყებამდე ესაუბროთ. ამიტომ სხეულში მიმდინარე ცვლილებებსა და მენსტრუაციაზე ბავშვებს პატარაობიდანვე, შესაძლოა, 8 წლის ასაკიდანვე, უნდა ელაპარაკოს მშობელი. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს ძალიან ადრეა, მაგრამ თუ თქვენი გოგონა 8-დან 10 წლამდე ასაკისაა, ალბათ, მის სხეულში
ჰორმონების გამოყოფის ზრდის შედეგად უკვე იწყება სქესობრივად მომწიფების პროცესი. შეიძლება შენიშნოთ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებების გარეგნული გამოვლინებები; მაგალითად, გულმკერდის განვითარება და სხეულზე თმიანობის მომატება. გოგონების უმრავლესობა მენსტრუაციის დაწყების წინ სწრაფად მატულობს სიმაღლესა და წონაში.როგორ დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი
გოგონებს, რომლებიც მენსტრუაციის დაწყების ასაკში არიან, ხშირად აინტერესებთ, რა არის ის. ალბათ, სკოლაში სხვა გოგონებისგან გაუგიათ ამის შესახებ. მათ ებადებათ კითხვები, მაგრამ ბევრს უჭირს ამ კითხვების ზუსტად ჩამოყალიბება. შეიძლება მათ რცხვენიათ ამ საკითხზე საუბრის.
იმავეს თქმა შეიძლება მშობლებზეც. ჩვეულებრივ, დედები ესაუბრებიან შვილებს მენსტრუაციაზე, მაგრამ ხშირად ისინი ამისათვის სათანადოდ არ არიან მომზადებულები და უჭირთ ამ თემაზე საუბარი. შეიძლება თქვენც სწორედ ასე გრძნობთ თავს. ამიტომ, როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ მენარქესა და მენსტრუაციაზე საუბარი თქვენს გოგონასთან?
გოგონები, რომლებიც იმ ასაკს უახლოვდებიან, როდესაც მენსტრუაცია უნდა დაეწყოთ, იგებენ მარტივ და კონკრეტულ ინფორმაციას. ასეთ ინფორმაციაში შედის ის, თუ რამდენად ხშირად ემართებათ მენსტრუაცია, რამდენ ხანს გრძელდება ის და რა რაოდენობით სისხლს კარგავს ამ დროს ქალი. ამგვარად, მენსტრუაციის შესახებ პირველი საუბრებისას უმჯობესია, გოგონას ყურადღება გაუმახვილოთ იმაზე, თუ როგორ მოუაროს თავს. გარდა ამისა, შეიძლება იმის ახსნაც დაგჭირდეთ, თუ როგორ იგრძნობს თავს გოგონა ამ დროს ან რის მოლოდინი უნდა ჰქონდეს.
მოგვიანებით შეგიძლიათ დაწვრილებით აუხსნათ მენსტრუაციის ფიზიოლოგია. ხშირად ამ თემასთან დაკავშირებული მასალები შეგიძლიათ მოიძიოთ ჯანდაცვის მუშაკებთან, ბიბლიოთეკებსა და წიგნების მაღაზიებში. ასეთი ინფორმაცია დაგეხმარებათ, დაწვრილებით აუხსნათ ბავშვს ყველაფერი. ზოგი გოგონა არჩევს, თავად წაიკითხოს ასეთი ლიტერატურა. სხვებისთვის კი შეიძლება უკეთესი იყოს, რომ დედამ წაუკითხოს ეს მასალა.
სასაუბროდ მყუდრო ადგილი შეარჩიეთ. დაიწყეთ მარტივიდან — ილაპარაკეთ ზრდასა და მომწიფებაზე. შეგიძლიათ უთხრათ: „მალე შენც დაგემართება ის, რაც ყველა გოგონას მოსდის და რაც სავსებით ნორმალურია. იცი, რას ვგულისხმობ?“ ან დედამ შეიძლება შვილს პირადი გამოცდილება გაუზიაროს; მაგალითად უთხრას: „შენხელა რომ ვიყავი, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რას განიცდის ქალი, როდესაც მენსტრუაცია აქვს. სკოლაში მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობდით ამ თემაზე. შენც გილაპარაკია ამ საკითხზე მეგობრების წრეში?“ გაიგეთ, თუ უკვე რა იცის ბავშვმა მენსტრუაციაზე და შეუსწორეთ ნებისმიერი არასწორი შეხედულება. მზად იყავით იმისათვის, რომ შეიძლება
პირველი საუბრისას ბევრი რამის ან თითქმის ყველაფრის ახსნა დაგჭირდეთ.როგორც ქალს, ეჭვგარეშეა, გექნებოდათ საკუთარი განცდები მენარქესთან დაკავშირებით; ამიტომ შეგიძლიათ პირადი გამოცდილება გაუზიაროთ შვილს. გაიხსენეთ, რის გაგება გჭირდებოდათ? რის გაგება გინდოდათ? რა ინფორმაცია დაგეხმარათ? ეცადეთ, იყოთ გაწონასწორებულნი, როდესაც მენსტრუაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე ლაპარაკობთ. მზად იყავით კითხვებზე პასუხების გასაცემად.
რჩევების მიცემა მხოლოდ ერთხელ როდია საჭირო
მენსტრუაციასთან დაკავშირებით შვილთან მხოლოდ ერთხელ საუბარი არ კმარა. საჭირო არ არის ერთ საუბარში განიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი. ერთ ჯერზე მიწოდებულმა ზღვა ინფორმაციამ გოგონა შეიძლება დააბნიოს. ბავშვები ყველაფერს თანდათანობით სწავლობენ. აგრეთვე, შეიძლება ერთი და იმავე ინფორმაციის რამდენჯერმე გამეორება დაგჭირდეთ. ასაკის მატებასთან ერთად გოგონები უფრო კარგად სწვდებიან დეტალებს.
კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი ის არის, რომ მოზარდობის პერიოდში გოგონებს მენსტრუაციისადმი დამოკიდებულება ეცვლებათ. რაც უფრო მეტ გამოცდილებას იძენს გოგონა მენსტრუაციასთან დაკავშირებით, მით მეტი საფიქრალი და კითხვა უჩნდება. ამიტომ საჭიროა განაგრძოთ გოგონასთან ამ თემაზე საუბარი და მის კითხვებზე პასუხების გაცემა. ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხებზე, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია და თქვენი შვილის ასაკსა და გაგების უნარს შეესაბამება.
გამოავლინეთ ინიციატივა
მაგრამ რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ თქვენი გოგონა ამ საკითხისადმი თითქოს ინტერესს არ ავლენს? შეიძლება მას ერიდება პირად საქმეებზე ლაპარაკი. ან შესაძლოა მას დრო სჭირდება, რომ თავი უხერხულად არ იგრძნოს და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად საჭირო სიტყვები გამონახოს. მან შეიძლება ისიც კი თქვას, რომ უკვე იცის ყველაფერი, რის ცოდნაც სჭირდება.
შეერთებულ შტატებში მეექვსეკლასელების გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ გოგონების უმეტესობა მენარქესთან დაკავშირებულ საკითხებში საკუთარ თავს საკმაოდ გათვითცნობიერებულად თვლიდა. მაგრამ კითხვების დასმის შედეგად აღმოჩნდა, რომ გოგონებს საკმაოდ მწირი ცოდნა ჰქონდათ და მათ სიმართლედ მიიღეს ის მცდარი შეხედულებები, რომლებიც მათ კულტურაში არსებულ სტერეოტიპებსა და ლეგენდებზე იყო დაფუძნებული. ასე რომ, მაშინაც კი, როდესაც შვილი გეუბნებათ, რომ უკვე იცის ყველაფერი მენარქეზე, საჭიროა მაინც ელაპარაკოთ ამ თემაზე.
საჭიროა თქვენ წამოიწყოთ მოკლე საუბარი მენსტრუაციაზე და ისინი განაგრძობენ. ამ თემაზე საუბარი თქვენი, როგორც მშობლის, მოვალეობაა. მიუხედავად იმისა, ესმის თუ არა ამ მომენტში თქვენს გოგონას ასეთი საუბრის აუცილებლობა, მას სჭირდება თქვენი დახმარება. შეიძლება იმედგაცრუებას გრძნობდეთ და თავი არაკომპეტენტურად მიგაჩნდეთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. მოთმინება იქონიეთ. დროთა განმავლობაში თქვენი გოგონა აუცილებლად დააფასებს თქვენს ძალისხმევას და მიხვდება, თუ რა დიდი დახმარება გაუწიეთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 12 2003 წელს იაპონიაში მარტოხელა მამების ყველაზე დიდი რიცხვი დაფიქსირდა. შეერთებულ შტატებში ყოველი 6 მარტოხელა მშობლიდან 1 მამაკაცია.
[ჩანართი 11 გვერდზე]
უმჯობესია გოგონას მენარქეზე პირველი მენსტრუაციის დაწყებამდე ესაუბროთ.
[ჩარჩო 13 გვერდზე]
როგორ უნდა დაელაპარაკოთ თქვენს გოგონას მენსტრუაციაზე?
❖ გაიგეთ, უკვე რა იცის ამ საკითხთან დაკავშირებით. შეუსწორეთ არასწორი შეხედულებები. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა თქვენ და თქვენს გოგონას მენსტრუაციასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია.
❖ გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება. მენარქესთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების გახსენებითა და გაზიარებით შვილს საჭირო ემოციურ მხარდაჭერას გაუწევთ.
❖ მიეცით პრაქტიკული რჩევები. ჩვეულებრივ, გოგონები სვამენ კითხვებს: „რა უნდა გავაკეთო, თუ მენსტრუაცია სკოლაში დამეწყება?“, „რა გამოვიყენო ამ დროს?“, „როგორ გამოვიყენო ისინი?“
❖ აუხსენით მარტივად. მასალა გოგონას ასაკისა და უნარის შესაბამისი უნდა იყოს.
❖ მხოლოდ ერთხელ საუბრით ნუ დაკმაყოფილდებით. ესაუბრეთ გოგონას მანამ, სანამ მენარქე დაეწყება და ასეთი საუბრები, საჭიროების შემთხვევაში, მას შემდეგაც განაგრძეთ, რაც მენსტრუაცია დაეწყება.
[სურათი 12, 13 გვერდზე]
იყავით გულისხმიერი. თქვენს გოგონას შეიძლება ეუხერხულება პირად საკითხებზე საუბარი.