არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

როგორ ვიპოვოთ და შევინარჩუნოთ სამსახური? (8 ივლისი, 2005 [რუს.]) მადლიერი ვარ სტატიაში მოცემული რჩევისთვის. გონივრულია, უარი არ ვთქვა შემოთავაზებულ სამუშაოზე მაშინაც კი, თუ ის პრესტიჟული არ არის. ამას წინათ გადავწყვიტე, სრულ განაკვეთზე მუშაობის ნაცვლად ნახევარ განაკვეთზე მემუშავა, რათა ქრისტიანული მსახურებისთვის მეტი დრო დამეთმო. მაგრამ ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი წუნია. ამიტომ შემოთავაზებულ სამუშაოზე დავთანხმდი. ეს არ ითვლება პრესტიჟულ სამუშაოდ, მაგრამ მაკმაყოფილებს. ერთ-ერთი დადებითი მხარე ის აქვს, რომ გონებრივად არ მღლის და სახლში დაბრუნების შემდეგ, ბიბლიის პირადი შესწავლისას მეტად ვარ კონცენტრირებული.

მ. ი. (იაპონია).

პირველი მაისი — რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს თქვენთვის? (8 მაისი, 2005) ვარ საშუალო სკოლის მოსწავლე. პირველი მაისის დღესასწაულს ყოველ წელს აღნიშნავენ ჩემს სკოლაში. ამ პერიოდში იმართება გენერალური რეპეტიცია, რომელსაც სკოლის ყველა მოსწავლე უნდა დაესწროს. მე ვესწრებოდი ამ რეპეტიციას, ჩემი და კი უარს ამბობდა, რადგან სინდისი ნებას არ რთავდა. ამ სტატიის დახმარებით დავრწმუნდი, რომ ჩემი და მართალი იყო. მსურს, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. სტატია დროული იყო!

ქ. ს. (აშშ).

ავადმყოფობის დროს ნუ დაკარგავთ იუმორის გრძნობას! (22 აპრილი, 2005 [რუს.]) ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საკვერცხის კიბოთი ვიტანჯები. რამდენჯერმე გამიკეთეს ოპერაცია და ჩამიტარეს ქიმიოთერაპია. და კონჩის მსგავსად, ვცდილობ, მხარი დავუჭირო კრების წევრებს და, შეძლებისდაგვარად, არ გავაცდინო არც ერთი შეხვედრა თუ კონგრესი. კიბო საშინელი დაავადებაა. მადლიერი ვარ, რომ კონჩი დაგვეხმარა იმის დანახვაში, თუ როგორ უნდა შევხვდეთ იმას, როცა ექიმი ინფორმაციას გვაწვდის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით. კონჩის შემთხვევამ ძალიან გამამხნევა!

ბ. ფ. (აშშ).

კანის ტუბერკულოზით ვიყავი დაავადებული, მოგვიანებით კი ამნეზია დამემართა. ვცდილობდი, არ დამეკარგა იუმორის გრძნობა. ახლახან კუჭის მწვავე ანთების გამო საავადმყოფოში დამაწვინეს, მაგრამ შევინარჩუნე იუმორის გრძნობა. ვეთანხმები კონჩის სიტყვებს: „ავადმყოფობის დროს ხუმრობის ხასიათზე არ ხარ. მაგრამ უნდა ეცადო, არ დაკარგო იუმორის გრძნობა“.

მ. ა. (ვენესუელა).

რა ხდება მსოფლიოში? (8 ივლისი, 2005 [რუს.]) მინდა აღვნიშნო, რომ რიჩარდ სალივანის შეხედულებებს, რომლებიც მოხსენიებულია სტატიაში „ვიტამინები და კიბო“, ბევრი დიეტოლოგი არ იზიარებს. როგორც სამეცნიერო ლიტერატურა, ისე არაერთი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ თქვენს სტატიაში ჩამოთვლილი ვიტამინების დახმარებით თავიდან აიცილებ კიბოს ზოგ დაავადებას, ან განიკურნები კიდეც მისგან. ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ ცალმხრივად გაშუქებული ინფორმაცია რეპუტაციას ულახავს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ს, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს მკურნალობის მეთოდის არჩევასთან დაკავშირებით.

ა. ბ. (ჰოლანდია).

„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: როგორც მკითხველმა აღნიშნა, გამოკვლევების თანახმად, სტატიაში მოხსენიებული ვიტამინები ზოგ შემთხვევაში, მართლაც, დადებითად მოქმედებს კიბოთი დაავადებულზე. ძალიან ვწუხვართ, რომ ამ სტატიამ გაუგებრობა გამოიწვია. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს მკურნალობის მეთოდის არჩევასთან დაკავშირებით. ის, რომ მკითხველს მკურნალობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაწვდით, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს. ჩვენ სხვადასხვა პუბლიკაციიდან მოგვყავს ციტატები ან სხვადასხვა დარგის სპეციალისტების აზრებს მოვიხსენიებთ, რომლებიც, ბუნებრივია, ერთმანეთისგან განსხვავდება. გვსურს, მკითხველი ინფორმირებული იყოს, რათა მკურნალობასთან დაკავშირებით შეძლოს გადაწყვეტილების მიღება.